დიდყვავილა მაგნოლია

მაგნოლია, დეკორატიული, მცენარე

მაგნოლია (Magnolia), ოჯახი Magnoliaceae – მაგნოლიასებრნი გვარი აერთიანებს დაახლოებით 80 მარადმწვანე და ფოთოლმცვენ სახეობას. ხეები ან მაღალი ბუჩქებია მარტივი ფოთლებით.

ყვავილები ორსქესიანია, დიდი ზომის, სურნელოვანი; თეთრი, ვარდისფერი, ალისფერი და კრემისფერ-ყვითელი ფერის. ნაყოფი ნაკრები ფოთლურაა. თესლი შავია, ბრტყელი, ხორცოვანი ვარდისფერი ან წითელი საფარით.

დიდყვავილა მაგნოლია (Magnolia grandiflora)

ბოტანიკური აღწერა

ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება სუსტად დაჭაობებულ ნიადაგებსა და მდინარისპირა ტყეებში. მარადმწვანე ხეა. სიმაღლეში 30 მეტრამდე იზრდება, ხოლო მისი დიამეტრი 135 სმ-ს აღწევს.

აქვს ფართოპირამიდული ვარჯი და ღეროზე რუხი ან ღია ყომრალი, 2 სმ-მდე სისქის ქერქი; 15-25 სმ სიგრძის, ქვემოდან ჟანგისებრ ბუსუსებიანი, მბრწყინავი, ტყავისებრი ფოთლები. ყვავილი თეთრია, სიმსხოთი 20 სმ-მდე, განცალკევებული გვირგვინის ფურცლებითა და მათრობელა სუნით.

ნაყოფი გირჩისმაგვარია, 10-12 სმ სიგრძისა და 6-8 სმ სიგანის; თესლი წითელია, გრძელ ყუნწზე ჩამოკიდებული. ფოთლები, ყვავილები და ყლორტები შეიცავენ ეთერზეთებს.

მაგნოლია, დეკორატიული, მცენარე

აგროტექნიკა

ტენიან ნიადაგებზე სწრაფად იზრდება, ივითარებს მიწისპირამდე დაშვებულ ტოტებს, რომლებიც ხშირად ფესვიანდება და დამოუკიდებელ ხეებს წარმოქმნის.

აღმოსავლეთ საქართველოში დიდყვავილა მაგნოლიის ზრდა-განვითარება შეზღუდულია. 70-80 წლის ხნოვანებაში სიმაღლით 10-15 მეტრს და სიმსხოთი კი 25-30 სმ-ს არ აღემატება. ყინვებით არ ზიანდება. იტანს –12-150C ყინვას. ჩრდილის ამტანია.

უყვარს სუსტად დაჭაობებული და ღრმა ტენიანი ნიადაგები, კარბონატულ ნიადაგებს არ გაურბის; ატმოსფერულ და ნიადაგის ტენიანობას დიდ მოთხოვნილებას უყენებს. თბილისში იჩაგრება ტენის დეფიციტის გამო.

გამწვანებაში გამოყენება

კულტურაში შეტანილია XVIII წლიდან და გვხვდება ნაირგვარი ტიპის პირობებში. გამოიყენება ჯგუფური ნარგავებისა და ხეივნების შესაქმნელად, გაზონზე სოლიტერად და წყალსატევების ნაპირებზე დასარგავად.

მიმზიდველია დიდი თეთრი ყვავილებით, მუქი მწვანე ლაპლაპა ფოთლებით და სქლად შეფოთლილი ვარჯით. საქართველოში განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება ზღვისპირა რაიონებში.

მაგნოლია, დეკორატიული, მცენარე

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ შედგენაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე; ქეთევან გელაშვილი; მანანა ელბაქიძე.

იხილეთ აგრეთვე: დეკორატიული მცენარეები – ბაღის გაშენება, მოვლა, მყნობა, სხვლა-ფორმირება

თქვენი რეკლამა