პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, სათემო ფორუმი გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის შემაჯამებელი სათემო ფორუმი გაიმართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ანთაძემ და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა გახსნეს.
სათემო ფორუმში 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) მერიების, საკრებულოების, სათემო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„პროექტის ფარგლებში, ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემები ინერგება საქართველოს 11 მდინარის აუზში, იზრდება სახელმწიფოს ეროვნული შესაძლებლობები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზის, ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების პროგნოზირებისა და პრევენციის მიმართულებით; ასევე ინერგება საფრთხეების მართვის ეფექტიანი სისტემა და იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროექტის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საზოგადოების განათლებისა და ცნობიერების დონის ამაღლება“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შემაჯამებელ ფორუმზე მონაწილეებმა განიხილეს პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, დასრულებული და მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები, საფრთხის რუკები, თემის მართვის გეგმების მომზადების პროცესი, პროექტის ფარგლებში შემუშავებული თემის მართვის გეგმები, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული ნაპირდაცვითი ღონისძიებები და ,,კლიმატის ელჩების” ახალგაზრდული ინიციატივები.
ფორუმზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ პირველი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლამ, ხოლო მეორე – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდას საჯარო სკოლამ დაიკავა. კონკურსში „შექმენი უსაფრთხო თემი“ გამარჯვებულები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სათემო ორგანიზაცია „იმედი“ და გორის მუნიციპალიტეტის სათემო ორგანიზაცია „ქალი და განვითარება“ გახდნენ.
კონკურსში „კლიმატმეგობრული ბაღი“ პირველ ადგილზე ხობის მუნიციპალიტეტის N2 საბავშვო ბაგა-ბაღი და მეორე ადგილზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის საბავშვო ბაღი გავიდნენ.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.