ღვინის ტურიზმის მე-8 მსოფლიო კონფერენციას სომხეთი უმასპინძლებს. ამის შესახებ სომხეთის ტურიზმის კომიტეტი იუწყება.
წყაროს ცნობით, კონფერენცია UNWTO-სთან (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია) ერთობლივად მოეწყობა და 11-დან 13 სექტემბრამდე ერევანში გაიმართება.
„ეს ყოველწლიური კონფერენცია უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ღვინის ტურიზმის ექსპერტებს ერთად იმუშაონ და მოძებნონ ახალი გზები თემებში მდგრადი ტურიზმის პოპულარიზაციისთვის“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
კონფერენციას დაესწრებიან როგორც დარგის ექსპერტები, ასევე გლობალური და სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციის პროგრამა მოიცავს ვიზიტს არენის მღვიმეში, რომელიც მოწმობს სომხური მეღვინეობის 6000 წელზე მეტი ხნის ისტორიას.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) არის გაეროს სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია მდგრადი და ინკლუზიური ტურიზმის პოპულარიზაციაზე. ამ ორგანიზაციის წევრია 150-ზე მეტი ქვეყანა.
სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2023 წელს სომხეთში 14,1 მილიონი ლიტრი ღვინო იყო წარმოებული.
წყარო: finport.am