მსხალი – მორფოლოგიური ნიშნები და ბიოლოგიური თავისებურებები

მსხალი, ხეხილი, ხილი

მორფოლოგიური ნიშნები

ხე. მსხალი 7- 10მ სიმაღლის ხე მცენარეა. ფესვები ძირითადად 1.2 – 1,5მ სიღრმეზე აქვს განვითარებული. აქვს მკვეთრად გამოხატული ცენტრალური ღერო, სწორმდგომი, ან ნახევრად სწორმდგომი, რომელსაც ინარჩუნებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ჯიშები ხის ზრდის სიძლიერის მიხედვით არის სუსტი, საშუალო და ძლიერი ზრდის.

ვარჯი. მსხალი ივითარებს უმეტესად პირამიდალურ, ან განიერ პირამიდალურ ვარჯს. ბუნებრივად მსხლის ვარჯი კარგად ყალიბდება. იგი ნაკლებ ჩახშირებულია, განათებული და მტკიცეა. ხასიათდება მოწითალო-ყავისფერი ვიწრო ტოტებით.

შტამბი. შტამბის კანი მუქი ყავისფერი. ჯიშები განსხვავდებიან შტამბის ზომებით (სიმაღლე, სისქე).

ვეგეტატიური და სანაყოფე ტოტები. მსხლის კულტურის შემმოსავი ტოტები, ვაშლის ტოტებთან შედარებით უფრო მკვრივია და ახასიათებთ ხანგრძლივი სიცოცხლის უნარი (10-15 და ზოგჯერ 20 წელი). ისინი და ერთმანეთისგან განსხვავდებიან შეფერვით (მონაცრისფრო, მოწითალო-ყავისფერი, ღია ყავისფერი, მუქი ყავისფერი და სხვ.), მუხლთშორისების სიგრძით (მოკლე, საშუალო, გრძელი); ყლორტზე ვეგეტატიური კვირტების განლაგებით (ყლორტზეა მიკრული, ან გამოწეული); ვეგეტატიური კვირტების წვერის ფორმით (ბლაგვი,წვეტიანი, მომრგვალო და ზრდის კონუსის შეფერვით და შებუსვის ინტენსივობით (სუსტი, საშუალო, ძლიერი, არ აქვს შეფერვა) ჯიშების უმეტესობა მსხმოიარობს მეჭეჭა ტოტებზე და სანაყოფე ჩანთებზე.

ფოთოლი. მსხლის ფოთლები კვერცხისებური ფორმისაა, სიდიდის მიხედვთ ცვალებადობს (პატარა, საშულო და დიდი) სიგრძე 2,5-10სმ, სიგანე 3-5 სმ. ფირფიტის ზედაპირი მუქი მწვანე, პრიალა. ფოთლები განლაგებულია ყლორტზე მორიგეობით. ფოთლის ყლორტის მიმართ ფირფიტის მდებარეობა შეიძლება იყოს ზევით მიმართული, დაშვებული და ჰორიზონტალური. ფოთლები განსხვავდებიან ფირფიტის ფუძის ფორმით (წაკვეთილი, მახვილი, ბლაგვი), წვერის ფორმით (მახვილი, ბლაგვი, მომრგვალო) და სიგრძით (არ აქვს, მოკლე, საშუალო, გრძელი). ასევე განსხვავებულია ფოთლის კიდის დაკბილვა (ხერხკბილისებური, მრგვალად დაკბილული, დაკბილვის გარეშე და სხვ.) ყუნწის სიგრძე და სიმსხო ყუნწი – მოკლე (34 მმ-მდე), საშუალო (34-42 მმ), გრძელი 42 მმ-ზე მეტი.

ყვავილი. მსხლის ყვავილედი არის ფარის ტიპის, რომელიც შედგება 5-7 ყვავილისგან ყვავილი – თეთრი ფერის გვირგვინის ფურცლებით. თითოეულ ყვავილში არის ბუტკო და 18-22 მტვრიანა. ყვავილები განსხვავდებიან სიდიდით (სიგანე 5,0 -7.5სმ), გვირგვინის ფურცლების ფორმითა და სანაყოფე ორგანოების (ბუტკოს და მტვრიანების სიმაღლე) ერთმანეთთან განლაგებით.

ბიოლოგიური თავისებურებები

ზრდა და მსხმოიარობა. მსხლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 25-50 წელია.

ექსპლოატაციის პერიოდი შეადგენს 20-30 წელს და დამოკიდებულია ბაღის ტიპსა და საძირეზე. მსხალს ახალგაზრდა ასაკში, ვაშლთან შედარებით, ახასიათებს ძლიერი ზრდა და კვირტების წარმოქმნის კარგი უნარი.

მსხმოიარობის თავისებურების მიხედვით მსხლის ჯიშები დაყოფილია ჯგუფებად:

I ჯგუფი – ძლიერი ზრდის უნარის მქონე ჯიშები, რომლებიც მსხმოიარობს წკეპლებზე და ნაწილობრივ ერთწლიან ნაზარდებზე. ამ ჯიშებს ახასიათებს კვირტების სუსტი და ვეგეტატიური ყლორტების განვითარების მაღალი უნარი.

II ჯგუფი – საშუალო ზრდის უნარის მქონე (მხლის ჯიშების უმეტესობა), რომლებიც მსხმოიარობს მარტივ და რთულ მეჭეჭებზე და შუბებზე. ამ ჯიშებისთვის დამახასიათებელია საშუალო სიძლიერის ვეგეტატიური ნაზარდი და სანაყოფე ტოტების განვითარების კარგი უნარი.

III ჯგუფი – სუსტი ზრდის ჯიშები, რომლებიც მსხმოიარობს თესლოვნებისათვის დამახასიათებელ თითქმის ყველა ტიპის სანაყოფე ტოტებზე. მათ ახასიათებთ ვეგეტატიური ყლორტების წარმოქმნის საშუალო უნარი. ასაკის მატებასთან ერთად ვეგეტატიური ყლორტების წარმოქმნის უნარი სუსტდება და იზრდება სანაყოფე ტოტების (მეჭეჭა ტოტები და სანაყოფე ჩანთები) განვითარება.

დამტვერვა. მსხალი ჯვარედინმტვერია, ენტომოფილი მცენარეა. მსხლის ჯიშები პრაქტიკულად თვითსტერილურია. სამრეწველო ბაღებში ძირითად ჯიშებთან ერთად სავალდებულოა დამამტვერიანებელი ჯიშების გაშენებაც.

მსხლის ჯიშის უმეტესობა დიპლოიდურია (2n = 34). არსებობს რამდენიმე ტრიპლოიდური (3n= 51) ჯიში (Diel‘s butter pear, Pap körte), ასევე გვხვდება ახალი კულტივირებული ტეტრაპლოიდები (4n = 68) ჯიშები (Super Conference‘, Dayali).

სიმწიფის პერიოდი და მოსავალი. ჯიშები იყოფა საადრეო, საშუალო და საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშებად. მსხლის კულტურას მეწლეობა ნაკლებად ახასიათებს. საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა-ზე მერყეობს და  მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საძირეზე და შეადგენს 18- 30 ტონას.

ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

თქვენი რეკლამა