„ჭურისთავი“

ჭურისთავი, ადათი, ტრადიცია, მარანი

შრომისმოყვარეობის გამო სიმდიდრის გარდა სტუმართმოყვარეობითაც განთქმული იყო სასულიერო მოღვაწის დავით ხარშილაძის მრავალსულიანი ოჯახი იმდროინდელი საჩხერის საზოგადოებაში. „იმდროინდელობაში“ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი იგულისხმება.

მის ეზოში, რომელიც თითქმის ერთ ჰექტარ ფართობს მოიცავდა, მუდამ ხალხმრავლობა სუფევდა.

ღარიბ-ღატაკნი ლუკმა-პურით სულისმოსათქმელად მოდიოდნენ, შეძლებულები კი საქეიფოდ და სალაღობოდ.

მასპინძლის შეთავაზებაზე – სუფრა სად გავშალოთო – უმეტესწილად, ჭურისთავს არჩევდნენ.

ტოპონიმი „ჭურისთავი“, ზოგადად იმერეთში, ადგილს ჰქვია მარნის წინ, სადაც, ღია სივრცეში, ჭურებია ჩაყრილი.

სუფრის ირგვლივ სამფეხა სკამებზე, ეგრეთწოდებულ ჯორკოებზე, ჩამომსხდართ ქვევრების სასულე ლერწმებიდან ამომდინარე დამაჭრებული ღვინის გაზს შეზავებული ახალშეკმაზული ქოთნის ლობიოს სურნელი აბრუებდათ. ლამაზ სადღეგრძელოებს და სიმღერებს სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე ბჭობა ენაცვლებოდა.

ჭურისთავი, ადათი, ტრადიცია, მარანი

მამის სასულიერო მოღვაწეობა ერთხანს ვაჟიშვილებმა გააგრძელეს, ეგრეთწოდებულ „შიდა ეზოში“ ხუთ ოჯახად გამრავლებული შემდგომი თაობები კი, გასაგები მიზეზების გამო, საერო მოღვაწეობაზე გადავიდნენ. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვასილი, ერთადერთი „სოფლის მწერალი“. ხელოვნების ნიმუშებს ჰგავდა ორიგინალური „შრიფტით“ მის მიერ ჩაწნულ-ჩაგვირისტებული დოკუმენტები, წერილები, მიმართვები…

იცვლებოდა დრო, უცვლელი იყო ხარშილაძეების ოჯახური ადათ-წესები, რომელთა მიხედვითაც:

მედიდური არ უნდა იყო. არავის დაჰყურო ზემოდან. გული აჩვენე სტუმარს, მეზობელს, ნაცნობს თუ უცნობს;

სახლი, კარ-მიდამო, ჭურისთავი, მარანი, ეზო, აფთიაქივით მუდამ სუფთა გქონდეს;

კრეფის დროს ყურძენი ჩაყარე მხოლოდ ხის ჭურჭელში (კალათი, გოდორი). ნუ დატენი, ფაქიზად, უხმაუროდ მოათავსე საწნახელში;

ჭურისთავი, ადათი, ტრადიცია, მარანი

არავითარი რეზინის ჩექმა! წურვა – შიშველი ფეხებით. მუხლებამდე შარვლის ტოტებაკაპიწებულმა მწურავმა ნახევარი კალაპოტი საპონი მაინც უნდა გადაილიოს ფეხებზე.

როცა „წინაპართაგან წავიდა ყველა და „დავითისეულ ოჯახს მარტოდენ ვასილის ასული ფაცო შემორჩა ერთადერთი ჩვილით, ეს შთაგონებები შაქარივით ილექებოდა პატარა, მიამიტი, კაფანდარა მაიას მეხსიერებაში.

ცნობილ ექიმს, ქალბატონ ფაცოს, სოფლის ამბულატორიის უფროსს, აღარ ეცალა ოჯახური ტრადიციებისათვის. იგი გორისის და კიდევ ახლომდებარე ექვსი სოფლის მოსახლეობას ემსახურებოდა,   თუმცა ოჯახს ხალხმრავლობა მაინც არ აკლდა – საღამოს ჯარზე ავადმყოფები უცდიდნენ დაღლილ-დაქანცულ ექიმს და ისიც, ჩვეული გულმოდგინებით სინჯავდა, აიმედებდა, ურჩევდა, ხელმოკლეებს, რეცეპტთან ერთად, წამლის ფულსაც აძლევდა.

აბა რა-ის ხომ სახელგანთქმული დასტაქრის, საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის ივანე გომართელის ერთგვარ პროფესიულ მემკვიდრეთაც ითვლებოდა! სხვათა შორის ამბულატორიასაც გომართელისეულ სახლში ედო ბინა.

სკოლის დამთავრების შემდეგ მეექვსე თაობის ერთადერთი წარმომადგენელი მაიაც გაუფრინდა ოჯახს. ქიმიკოსი რომ გახდა, მალევე ბედი მშვენიერ ჭაბუკს, ჭეშმარიტი ქართველი რაინდის თვისებების მქონე ნუგზარ ჩხეიძეს დაუკავშირა, თბილისში დამკვიდრდა, შვილებითა და შვილიშვილებით დაიხუნძლა.

„უკანასკნელი მოჰიკანი“ ფაცოც მიებარა იმქვეყნიურ სასუფეველს და კარ-მიდამოსაც, თანდათანობით, შეეპარა უკაცრიელობის შამბნარი.

აი, სწორედ მაშინ ამოტივტივდნენ მაიას მეხსიერებიდან ის შეგონებანი და მოსვენება არ მისცეს. ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით შეაპარა მეუღლეს ჩანაფიქრი და მოსალოდნელზე უფრო მალე დაძლია მისი ორჭოფობა.

ჭურისთავი, ადათი, ტრადიცია, მარანი

ჩამოვიდნენ, ხელი შეავლეს სახლს, მარანს, ახლით შეცვალეს ეზოს დაზიანებული რაგვი, ისევ ააშრიალეს სიმინდის ყანა, ვენახი, ავ თვალს არდასანახვები ბოსტანიც გააშენეს. პომიდვრის, კიტრის, ლობიოს, კარტოფილის მოსავლითაც ამარაგებენ შვილებს, მეზობლებსაც არგებენ ხოლმე ცოტა რაღაცას.

ერთ რამედ ღირს თვალებგაბრწყინებული მაიას მოსმენა, როცა მიღწეულზე და სამომავლო გეგმებზე მოგვითხრობს:

_ მადა ჭამაში მოდისო – და აქაურობა რომ გამოვაცოცხლე, ტურისტული ატრაქციის შექმნაც გადავწყვიტე. სახელი, ბიძაშვილმა, ჟურნალ „გზის“ თანამშრომელმა ირმამ შემარჩევინა: „ჭურისთავზე“ უკეთესი რა უნდა იყოს, ეგ ადგილი მეც ხომ ბავშვობის სანეტარო ხანას მაგონებსო.

ჭურისთავი, ადათი, ტრადიცია, მარანიეს ტოპონიმი მეც მიცოცხლებს წარსულს და სასიამოვნოდ მახსენებს ბევრ რამეს, განსაკუთრებით – დედაჩემის ღვიძლი დეიდაშვილის, ერის მოჭირნახულე პოეტის მუხრან მაჭავარიანის სტუმრობებს. ხშირად მოჰყავდა მეგობარი, ცნობილი არქეოლოგი ჯურხა ნადირაძე. ჭურისთავზე ამჯობინებდნენ ხოლმე პურის ჭამას. აქ მოვისმინე პირველად მუხრანის ბაგეთაგან ჯურხაზე დიდებული ლექსი. შინაარსით ვიტყვი: მე ცაში ვეძებ საქართველოს, შენ კი მიწაში და ორივე ვიპოვოთო.

მართლაც იპოვეს. ერთმა ქართული პოეტური სიტყვის შესაძლებლობების უმაღლეს დონეზე გამომზიურებით, მეორემ – საირხის ნაქალაქარში, მოდინახის ფერდობებზე უნიკალური არქეოლოგიური სამკაულების აღმოჩენებით.

მეც „ჩემს“ საქართველოს ვეძებ ოჯახური ტრადიციების აღორძინებაში და, მგონი, ვიპოვე კიდეც.

მევენახეობის ტრენინგები გავიარე. აქ დამიდასტურეს ღვინის დაყენების მამა-პაპური წესების საგრძნობი უპირატესობა, მათი აღორძინების აუცილებლობა.

ძველ ნარგავებს ახლები მივუმატე. ასწლოვანი კაკლის ხე, რომელიც ეზოს თითქმის ნახევარს ჩრდილავდა, გახმა. მის ადგილზე ამავე ჯიშის ნერგი უნდა დავრგო. ყურძნისთვის სპეციალური ყუთები შევიძინე. ჭურები მოვსანთლე. სახლს მინაშენი გავუკეთე ისე, რომ ძველი ექსტერიერი არ დამირღვევია. სასტუმროდ გამოვიყენებ. ათამდე სტუმრის დაბინავება ახლაც შემიძლია შესაბამისი კომფორტული მომსახურებით.

ეთნოლოგიურ მუზეუმად ვაქციე მინიმუმ ორსაუკუნოვანი მუხის ბეღელი. მნახველები ძალიან ინტერესდებიან აქ მოთავსებული ხის გობებით, საჩეჩელით, ბათმანებით, კოდებით, სპილენძის ქვაბებით, თუნგულებით…

ფანჩატურიც გავაკეთე. ხეების ჩრდილშია მიმალული. აქვეა ძველებური ურემი, კევრი…

ჭურისთავი, ადათი, ტრადიცია, მარანი

ვიზიტორებს არ ვუჩივი. რამდენჯერმე უცხოელთა ჯგუფსაც ვუმასპინძლე. ვმონაწილეობ ღვინის ფესტივალებში. მოსწონთ ჩემი ძელშავი, საფერავი, ჭაჭის არაყი.

ამაყი ვარ, რომ ჩემს ეზოში მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის მიერ ორგანიზებული შემოქმედებითი საღამოთი გაიცნო ფართო საზოგადოებამ შესანიშნავი ჭიათურელი პოეტი და მსახიობი, ქალბატონი შორენა პაპიძე.

ცნობილი რეჟისორის ნინო ყოლანდრიას დოკუმენტურ ფილმში ჩემი ატრაქციაც აისახება… ოქტომბრის დასაწყისში ფილმის დასასრულის გადაღების მასპინძლობის დიდად სასიამოვნო პატივიც მე მარგო. გადაიღებს რთველის და ყურძნის წურვის პროცესებს. პრეზენტაციის გამართვაც საჩხერეში უნდა. ამის პრეტენზია მეც მაქვს, ასე რომ…

ასე რომ, დავით ხარშილაძის ძირძველი ეზო და ოჯახური ადათ-წესები გაცოცხლებულია:

ჭური სთავზე ისევ იკრიბებიან მოქეიფენი;

ჭურისთავი, ადათი, ტრადიცია, მარანი

ვეებერთელა თხილის (საოცარია  ავტორი) და ცაცხვის საწნახელებზე ისევ ჩამდგარან მუხლებამდე შარვლის ტოტებაკაპიწებული მწურავები;

ისევ იჟღენთება ჰაერი მაჭრით, ლობიოს, მწვადის, ხაჭაპურის სურნელებით;

ისევ ისმის ხალხური სიმღერები: „მასპინძელ კარგად მასპინძლობს“, „ვენაცვალე ჩვენს მასპინძელს, მარნის კარი უჭრიალებს“, „ახალი ჩექმა გაცვითა მარანში სიარულითა“, ქართული მევენახეობის ნამდვილი ჰიმნი – „ვაზო, ქართველი კაცის დიდებავ“, რომლებსაც ჭურ-მარანი და ღვინის პროდუქტებიც სიამოვნებით ისმენენ, რადგან, მაიას აზრით, ისინიც ცოცხალი ორგანიზმებია;

და, რაც მთავარია, ისევ ხალხმრავლობაა!

როცა იქაურობა ღამის ბინდში მიწყნარდება, „დიდი სახლის დიდი დიასახლისის“ წარმოდგენით, ეზოში წინაპართა აჩრდილები შემოდიან, მთელი ღამე დაბორიალობენ, სისხამზე კი ისევ თავიანთ ძვალთშესალაგებს უბრუნდებიან. და…

იწყება მაიას შემოქმედებითი, საქმიანი, შრომატევადი ახალი დღე.

საჩხერიდან, ზურაბ თურმანიძე, სექტემბერი, 2021 წ.

თქვენი რეკლამა