კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
კივი (აქტინიდია) ფოთოლმცვენი, ორსახლიანი (გაყოფილ-სქესიანი) ლიანა მცენარეა. იშვიათად გვხვდება ერთსახლიანიც (სახეობების მიხედვით). მამრობითი და მდედრობითი ეგზემპლარები თითქმის ერთდროულად ყვავილობენ.
საყვავილე კვირტები მარტისათვის განიცდის განვითარებას და შეიმჩნევიან ფოთლის უბეებში. მათი განვითარება ნელა მიმდინარეობს. ადგილისა და კლიმატური პირობების მიხედვით, სრულ ყვავილობაში შედიან მაისის დასაწყისიდან მაისის შუა რიცხვებამდე.
აქტინიდიის მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია დამტვერიანებაც. რაც უფრო ინტენსიურია დამტვერიანებით გაჯერება, მით მეტია სამეურნეო ეფექტიც (საერთო მოსავალი, ერთი ნაყოფის მასა).
კივის ფოთლის ზედაპირი გლუვია, ტყავისებური და უფრო მუქი მწვანე შეფერილობის, ვიდრე ქვედა, რომელიც დაფარულია უამრავი ბუსუსებით. შემოდგომის ბოლოს დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით ფოთლის ყუნწზე წარმოიქმნება სპეციალური განმაცალკევებელი შრე, რომელზედაც შემდგომ მიმდინარეობს ფოთოლცვენა. ამ მომეტიდან მცენარე მოსვენების სტადიაშია.
ყვავილი ყვითელია, 5 ჯამის ფოთოლაკით. მამრობითი სქესის ყვავილები შედარებით პატარა ზომისაა, გააჩნია რედუცირებული, ატროფირებული ბუტკო. მდედრობითი ყვავილების ბუტკო შედარებით დიდია, ნახევარსფეროსებრი და ბრტყლად მჯდომარე, რომელიც გარშემორტყმულია საკმაოდ გრძელ ფეხებზე მჯდომი სტერილური მტვრის მარცვლებით. ყვავილები წარმოიქმნებიან ყლორტის 2-8 ფოთლის უბეში და უმეტესად შეკრებილია პატარა ყვავილებში 4-5 ან მეტი ყვავილით, რაც დამოკიდებულია მცენარის ჯიშზე და სქესზე.
ნაყოფი დაფარულია ეპიდერმისით, რომელიც მას იცავს ლპობისგან. ნაყოფის ცენტრში მთელს სიგრძეზე მდებარეობს ოდნავ გახევებული მოთეთრო ფერის გულგული. სხმოიარობს მტევნებად ან ცალ-ცალკე; ფორმების მიხედვით ის შეიძლება იყოს აგრეთვე სუსტი ან ძლიერი შებუსული.
რბილობი ზურმუხტოვან-მომწვანო ფერისაა, რომელიც შეიცავს რადიალურად განლაგებულ 800-დან 1000-მდე თესლს, რომელიც განპირობებლია განაყოფიერების ხარისხით.
თესლები წიპწაა, ოდნავ შებრტყელებული ფორმის. შეფერილობა ღია-ყავისფერიდან მუქყავისფერამდე. მცენარის ფესვთა სისტემა ზედაპირულია – იგი ნიადაგში საშუალოდ 40-60 სმ-ის სიღრმეზე ვრცელდება. ფესვი მთავარღერძაა.
აქტინიდიის ნაყოფი, ზრდის პირობებისა და ჯიშის მიხედვით 6-9სმ სიგრძის, 4-5სმ სიგანის, წონით 45-150 გრ-ს ტოლია. ნაყოფის მომწიფებისას კანის ბუსუსები კვდება და უმრავლესობა ცვივა. ჯიშების მიხედვით ნაყოფები ფორმა მრგვალი, ოვალური ან წაგრძელებულია.
კულტურის ზოგადი დახასიათება
დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი
კლიმატის მიმართ აქტინიდიის შეგუების დიაპაზონი საკმაოდ დიდია. სახეობებისა და ჯიშების მიხედვით, კულტურა გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროპიკულიდან ზომიერი ზონის თვით ჩრდილო საზღვრებამდე.
მცენარის ფესვთა სისტემას შეუძლია უკიდურესად კრიტიკული ტემპერატურების გადატანა (-18°С მდე). აქტინიდია ვერ ეგუება ჭარბტენიან ნიადაგებს, გრუნტისა და გამდინარე წყლების ნიადაგის ზედაპირთან ახლო დგომას იგი კნინებდა და მალე იღუპება.
ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურე, რომლის დროსაც ხდება აქტინიდიის აქტიური ზრდა წარმოადგენს 20-25°С-ის ფარგლებში. მცენარე მოსვენების სტადიაში დაუზიანებლად იტანს -14°С-მდე ყინვას, ხოლო ცალკეული ვეგეტატიური ორგანოების მოყინვები აღინიშნება -16°С-ზე.
აქტინიდიის ნაყოფების დამწიფების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე გავლენას ახდენს ჰაერის აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. მასზე მოთხოვნილების ზღვრები საშუალოდ 3500-4500°С-ის ფარგლებში მერყეობს. მისი უკმარობა ან სიჭარბე გავლენას ახდენს ნაყოფების ზრდა განვითარებასა და ხარისხზე.
კივის მოთხოვნილება ნიადაგების მიმართ ნაკლებად განსხვავდება სხვა ხეხილოვნების მოთხოვნილებებისგან. იგი კარგად ვითარდება მექანიკური შედგენილობის მსუბუქ ან საშუალო, ჰუმუსით მდიდარ არაჭარბტენინ ნიადაგებზე, სადაც pH მერყეობს 6-7-ის ფარგლებში.
ყვავილების განაყოფიერების პერიოდში ძლიერი წვიმები ან უხვი ნამი უარყოფითად მოქმედებს განაყოფიერებასა და ნაყოფის გამონასკვაზე. გამონასკვული ნაყოფების განვითარების ინტენსიობა დამოკიდებულია ნიადაგში ტენის რაოდენობასა და ჰაერის ფარდობით ტენიანობაზე. თუ ეს ორი ფაქტორი უკმარისია ნაყოფები წყვეტენ ზრდას და ანახლებენ მას ამ ფაქტორების ოპტიმუმის დადგომის თანხვედრილად. ტენის ნაკლებობა უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფების ხარისხზეც.
ქიმიური შემადგენლობა
კივის ნაყოფების დახვეწილ არომატს განსაზღვრავს მასში შემავალი ორგანული მჟავები, ალდეჰიდები, ფენოლები, შაქრები. კივი ასევე მდიდარია ვიტამინების კომპლექსით (C, B1, B2, A, P) და სხვა მინერალური მარილებით, მიკროელემენტებით.
კივის გავრცელებული ჯიშები
• ჰაივარდი
ახალზელანდიური წარმოშობის ჯიშია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგანაც აგრონომიული მახასიათებლებით კარგად ესადაგება ჩვენს ბუნებრივ ეკოლოგიურ მაჩვენებლებს. მას აქტინიდიის ჯიშების მსოფლიო სორტიმენტში ძირითადი ადგილი უკავია.
აქტინიდიის სხვა ჯიშებთან შედარებით ჰაივარდი მთელი რიგი დადებითი თვისებებით ხასიათდება: მსხვილი ნაყოფი, ნაყოფის ერთგვაროვნება და უხვმოსავლიანობა. მსხმოიარობაში შედის მე-3-4 წელს.
ერთწლიანი ტოტები მომწვანო-მუქი ფერისაა, ფოთლები, ძირითადად, მომრგვალო ფორმის, წაწვეტებული, ზოგჯერ, მობლაგვო წვეროთი. ყვავილედში, იშვიათად 2_3 კრემისფერი ყვავილია. გვირგვინის ფოთლები მრგვალი ან ელიფსური, მოყვითალო-მომწვანო ფერის.
ნაყოფი – მსხვილი, მომრგვალო-ელიფსური ფორმის. ნაყოფის საშუალო მასა 80 გრ-ია. დაფარულია ნაზი ბუსუსებით, რომელიც იოლად სცილდება. რბილობი ფაშარი, ჩალისფერი, ბრჭყვიალა ღია ფერის, მომჟავო-მოტკბო გემოთი.
• ბრუნო
მიღებულია ახალ ზელანდიაში. გავრცელდა წინა საუკუნის 20-იან წლებში. ერთწლიანი ლიანები რუხი ფერისაა, ფოთლები-მრგვალი ნავისებრწაგრძელებულიი, სხვა ჯიშებისაგან განსხვავებით 7,5-სმ დიამეტრის, რომელიც ინტენსიური მწვანე შეფერილობისაა. რბილობი წვნიანი, ღია მომწვანო_მოწითალო ელფერით, მომჟავო-მოტკბოა.
ჯიში საშუალო შენახვისუნარიანია. მსხმოიარობს დარგვიდან მე 3_4 წელს. მწიფობაში შედის ოქტომბრის ბოლოს.
• მონტი
მიღებულია ტე-პუნკში (ახალი ზელანდია) 1950 წელს. ლიანაა. ერთწლიანი გახევებული ტოტები სხვა ფორმებისაგან განსხვავებით, უფრო ღია ფერისაა.
ფოთოლი, ჩვეულებრივ, მომრგვალო ან წაწვეტებული ფორმის, ხშირად ბლაგვი წვეროთი, რადიუსი 8 სმ-მდე. ყუნწის სიგრძე საშუალოდ 5,2 სმ-ია. ყვავილები შეკრებილი 2-3 ყვავილით, ზოგჯერ ერთეულად.
ნაყოფი საშუალო ზომით, ელიფსური ან მსხლისმაგვარი ფორმისაა, საშუალოდ 6,4 სმ. სიგრძითა და 16,8 ს.მ დიამეტრით. ნაყოფის საშუალო წონა 65 გრ-ია. ღია რუხი ფერის კანი დაფარულია მაგარი ბუსუსებით. რბილობი მოწითალო_მომწვანო ფერისაა, მოტკბო_მომჟავო გემოთი. ნაყოფი მწიფდება ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში.
ადგილი თესლბრუნვაში
კივის პლანტაციის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ჭარხალი, სტაფილო და ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
კივისათვის ოპტიმალური წინამორბედი კულტურებია პარკოსანი და მარცვლოვანი სასოფლოსამეურნეო მცენარეები.
ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა
რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (pH).
კივისათვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა სუსტი გაეწრებული და ალუვიური ნიადაგები. ასევე სასურველია შეირჩეს ქარებისაგან დაცული ადგილები, მიზანშეწონილია ნაკვეთის ახლოს სარწყავი წყლის არსებობა. გასაშენებლად ვარგისია მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის სუსტი მჟავე, ან ნეიტრალური რეაქციის ნიადაგები. ნიადაგი 1-1,5 მეტრის სიღრმეზე თავისუფალი უნდა იყოს გრუნტის წყლის სიახლოვისაგან.
კივის წარმოება შესაძლებელია თუ ნიადაგის არე pH 4,0-დან 7,0-მდეა, უკეთესია (5,5-7.0).
იმ შემთხვევაში, თუ კივის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის კივის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.
ნიადაგის ძირითადი დამუშავება
ნიადაგის წინასწარი შერჩევისა და ზედაპირული მოსწორების შემდეგ ხვნას აწარმოებენ პლანტაჟური წესით 50-60სმ სიღრმეზე. ხვნის წინ სასურველია ნიადაგში შევიტანოთ მინერალური და ორგანული ნივთიერებები: 300კგ ფოსფორი, 200კგ კალიუმი და 40-50 ტონა ნაკელი ჰექტარზე გაანგარიშებით. დამუშავებას აწარმოებენ ზაფხულსა და შემოდგომაზე.
ფერდობებზე, იქ, სადაც ნიადაგის პირველადი დამუშავება მექანიზირებულად შეუძლებელია, დასარგავად წინასწარ მონიშნულ ადგილებში იღებენ 60სმ სიღრმისა და 50სმ სიგანის ორმოებს.. მასში შეაქვთ 10კგ გადამწვარი ნაკელი, 200გ ფოსფორი და 100გ კალიუმის ნაზავი. ნაკელს, ნიადაგს და სასუქს კარგად ურევენ, ნაზავით ორმოს ავსებენ და ჭიგოთი მონიშნავენ მცენარის დარგვის ადგილს.
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.
კივისათვის დამახასიათებელია ზედაპირული ფესვების განვითარება, რის გამოც ის ვერ იტანს ნიადაგის ხშირ დამუშავებას. აქედან გამომდინარე ფესვთა სისტემის გავრცელების არეში ნიადაგი მუდმივად დაფარული უნდა იყოს ბალახით ან მულჩით. ასევე შესაძლებელია მცენარის ფესვის ყელიდან 1 მ-ის დაშორებით 4-5 წეილიწადში ერთხელ ნიადაგის მსუბუქი კულტივაცია, ხოლო ფერდობებზე ნიადაგის მსუბუქი დამუშავება-აჩეჩვა ფიწლით – ორგანული და მინერალური სასუქების შეტანის ფონზე.
გასათვალისწინებელია რომ ფესვთა სისტემის გავრცელების არეში (ძირებში) მჭრელი ბარით ნიადაგის ღრმა დამუშავება დაუშვებელია.
ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება
ძირითადი დამუშავების შემდეგ ანუ პლანტაჟის შემდეგ ხდება ნიადაგის სტანდარტულ სიღრმეზე გადახვნა, ნიადაგის გაფხვიერება – დადისკვა და მოსწორება იმ თვალსაზრისით, რომ ზედაპირზე ადგილი არ ჰქონდეს წყლის დგომას. გრუნტის წყლებისა და მოსული ატმოსფერული ნალექის ნაკვეთიდან გაყვანის მიზნით ეწყობა სადრენაჟო ქსელები არსებული წესის მიხედვით.
პლანტაციის გაშენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გასასვლელი გზების რაციონალური სქემა, დრენაჟირების ეფექტური სისტემა და ქარსაფარი ზოლების გაშენების შესაძლებლობა. ვაკე ადგილებზე სასურველია ყოველ 200 მეტრში დაირგოს ქარსაფარი მცენარეები (წიწვოვანი+ფოთლოვანი) ამასთან აქტინიდიის შპალერების განლაგება უნდა იყოს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ასეთ შემთხვევაში მცენარეების მიერ მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მზის სხივების ენერგია, ასევე გაბატონებული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარების დროს ჰაერის ფენა იოლად გადაადგილდება რიგთაშორისებში და მცენარეები დაცული იქნება დაზიანებისაგან.
ფერდობ ადგილებზე აქტინიდიის შპალერების განლაგება უნდა იყოს ჰორიზონტალური, ფერდობის გარდიგარდმო. ასეთი განლაგების შემთხვევაში მცენარის მიერ რაციონალურად იქნება გამოყენებული განათებისა და მზის ენერგიის წყარო, ამასთან ფერდობების ნიადაგები დაცული იქნება ეროზიული მოვლენებისაგან. ნაკვეთების დაპროექტების პროცესში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სარწყავი წყლის სიახლოვე, რადგან როგორც ტენიანი, ასევე მშრალი სუბრტროპიკული ზონის პირობებისათვის აუცილებელი იქნება მცენარეების პერიოდული მორწყვა. ნიადაგის დამუშავებას აწარმოებენ ზაფხულსა და შემოდგომაზე.
დარგვა – კივის პლანტაციის გაშენება
ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება. შემოდგომაზე იღებენ 60 სმ სიღრმისა და 50 სმ სიგანის ორმოებს. შეაქვთ 10 კგ. გადამწვარი ნაკელი, 200 გრ. ფოსფორი და 100 გრ. კალიუმის ნაზავი. ნაკელს, ნიადაგს და სასუქს კარგად ურევენ, ნაზავით ორმოს ავსებენ და ჭიგოთი მონიშნავენ მცენარის დარგვის ადგილს.
ნერგის მომზადება. კივის გამრავლება ხდება, როგორც თესლით (საძირეების მისაღებად) ისე ვეგეტაციურად (კალმით) და ოკულირებით ანუ მყნობით.
პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება მისი კალმებით გამრავლება, რაც ჯიშური თვისებების შენარჩუნებას უწყობს ხელს, თუმცა ამ შემთხვევაში კალმების დაფესვიანების მაჩვენებელი 40-60 %-ს არ აღემატება. ამიტომ, ბოლო წლებში ხშირად მიმართავენ მის მყნობას. ამ დროს მამრობითი მცენარის ვარჯში (კალამში) მდედრობითი მცენარის კვირტს ამყნობენ და დამყნილ კალამს ათავასებენ პოლიეთილენის პარკში, წინასწარ მომზადებულ სუბსტრატში. ნერგების გამოყვანის ეს მეთოდი ეხლა პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება. ასეთი მეთოდით მიღებულ ნამყენიდან ერთ-ორ წელიწდში შესაძლებელია მივიღოთ სრულფასოვანი ნერგი.
პლანტაციის გასაშენებლად უმეტესად გამოიყენება დაფესვიანებული, ან ნათესარებზე მყნობით მიღებული 2-3 წლიანი ნერგები.
დარგვის სქემები. აქტინიდიის ბაღების გასაშენებლად მიმართავენ გაადგილების სამ ძირითად სქემას: კვადრატულს, სწორკუთხოვანს და ჭადრაკულს.
ამ სქემების მიხედვით მცენარეთა და რიგთაშორის მანძილებია:
• კვადრატული: 4 მეტრი მცენარეებს შორის და 4 მეტრი რიგებს შორის (ამ წესით გაშენებისას ერთ ჰა-ზე ეტევა 600 მცენარე);
• სწორკუთხოვანი: 4 მეტრი მცენარეებს შორის და 5 მეტრი რიგებს შორის (ამ წესით გაშენებისას ერთ ჰა-ზე ეტევა 500 მცენარე);
• ჭადრაკული: 4 მეტრი მცენარეებს შორის და 4 მეტრი რიგებს შორის (ამ წესით გაშენებისას ერთ ჰა-ზე ეტევა 600 მცენარე).
კივისთვის აუცილებელია მყარი საყრდენი – 2 მ -იანი რკინის, რკინაბეტონის ან ხის ბოძი. დარგვის დრო. ოქტომბერი, ნოემბერი, მარტი, აპრილი.
ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება
ორგანული სასუქებიდან აქტინიდიისათვის ხელსაყრელია გაშენებამდე 80-100 ტონა ნაკელის შეტანა ჰექტარზე ნიადაგის წინასწარი დამუშავების პერიოდში. მსხმოიარობის პერიოდში სასურველია 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელის შეტანა მცენარის ირგვლივ შტამბისაგან მოცილებით, ასევე საუკეთესო ორგანულ სასუქს წარმოადგენს დაბალი მჟავიანობის შემცველობის ტორფი. ასევე გაშენებისათვის ნიადაგის დამუშავებისას საჭიროა მინერალური სასუქების ნიადაგის ანალიზით დადგენილი დოზების შეტანა.
კივის პლანტაციაში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.
საორიენტაციოდ კი ყოველწლიურად საჭიროა კივის პლანტაციაში, თითოეულ ძირზე შეტანილი იქნას მინერალური და ორგანული საკვები ელემენტები შემდეგი რაოდენობებით:
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.
კივის ტენით უზრუნველყოფა
კივი ტენის მოყვარულია, ამიტომ მისი პლანტაცია უნდა გაშენდეს სარწყავ ადგილებში. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე. ყველაზე მეტად კივი წყლისადმი მომთხოვნია ახალი ნაზარდების გამოჩენიდან ყლორტების მეორე გასხვლამდე (მაისი-აგვისტო).
კვლებში მიშვებით მორწყვა უმჯობესია ჩატარდეს საღამოს საათებში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არსებობს მორწყვის წვეთოვანი სისტემა, მორწყვა შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში. მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე არის 350-400 კუბ./მ.
მოსავლის აღება-შენახვა
კრეფის ვადები დიდადაა დამოკიდებული ნაყოფის სიმწიფის ხარისხზე. განასხვავებენ ასაღებ, ტექნიკურ (ტექნოლოგიურ), სამომხმარებლო და ფიზიოლოგიურ სიმწიფეს. ზოგჯერ სამომხმარებლო და ტექნიკური სიმწიფის პერიოდები ერთმანეთს ემთხვევა.
კივის ნაყოფის კრეფისათვის იდეალური დროის განსაზღვრა რთულია, რადგან იგი, სხვა ხილისგან განსხვავებით, მომწიფებისას არ განიცდის შეფერილობის არსებით ცვლილებას, თუმცა შეინიშნება დამწიფების ფიზიოლოგიის განმსაზღვრელი ზოგიერთი ფიზიკო-ქიმიური პროცესების სხვადასხვაგვარი გამოვლინება. მაგ: მცირდება ნაყოფის სიმაგრე, მეჩხერდება და გაწმენდისას ადვილად ცვივა ეპიდერმისზე არსებული ბუსუსები, მცირდება სახამებლის შემცველობა, იზრდება ასკორბინის მჟავას, შაქრის რაოდენობა, აგრეთვე შაქრის შემცველობის თანაფარდობა ნაყოფის მჟავიანობასთან.
მოსავლის აღების ვადებზე დიდ გავლენას ახდენს ნაყოფების მოყინვის საშიშროება. ქვეყნებში, სადაც მოყინვის საშიშროება დაბალია, ნაყოფებს ტოვებენ დედა მცენარეზე სამომხმარებლო სიმწიფის მიღწევამდე. აღსანიშნავია, რომ მოსავლის ნაადრევი აღება და ხელოვნურად დამწიფების დაჩქარება აუარესებს ხილის ხარისხს.
ჩვენს კლიმატურ პირობებში მიუღებელია როგორც ნაყოფის დედა მცენარეზე დატოვება, ისე მოსავლის ორ ეტაპად აღებაც. სასურველია კრეფა ჩატარდეს ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე, თუმცა, ჯიშობრივი თავისებურებებისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, კრეფის ვადები, შესაძლებელია 10-15 დღით გადაიწიოს.
კივის ნაყოფები იკრიფება არა სამომხმარებლო, არამედ ტექნიკური სიმწიფის ფაზაში, როცა ისინი ცალკეულ ზონისთვის დამახასიათებელ სიმწიფის ინდექსს მიაღწევენ. შემდგომი დამწიფება სამომხმარებლო სიმწიფის მიღწევამდე მიმდინარეობს შენახვის პერიოდში.
ოპტიმალური მოსავლის პირობებში საშუალოდ ერთ ჰექტარზე შესაძლებელია დამზადდეს 20-25 ტონა ნაყოფი. საქართველოს სუბტროპიკული ზონის სხვადასხვა მიკროეკოლოგიური ზონების მიხედვით მოსავლიანობა შესაძლებელია მერყეობდეს ჰექტარზე 10-20 ტონის ფარგლებში.
შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: მიწისზედა გრილ სათავსოში 85-87% მიწისქვეშ სარდაფში 90-92%. შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა 1-2°С-ია.
კივის სხვლა-ფორმირება
კივის მცენარის ვარჯის მოვლა ერთ-ერთი ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებაა, რის შედეგადაც ძლიერდება ყლორტწარმოქმნა, რომელზედაც ისახება მომავალი წლის მოსავლისათვის საყვავილე კვირტები, უმჯობესდება აერაცია ვარჯის შიგნით, ძლიერდება მზის ინსოლაცია, რაც მაღალხარისხოვანი ნაყოფების განვითარებას უწყობს ხელს და ზრდის შრომის ნაყოფიერებას კრეფისას.
კივის მცენარის გასხვლის თავისებურებანი შეიძლება ორ პერიოდად დაიყოს:
1. გასხვლა მსხმოიარობაში შესვლამდე, ანუ მაფორმირებელი გასხვლა;
2. გასხვლა მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ.
მაფორმირებელი გასხვლა
გასხვლის პირველი პერიოდი იწყება დარგვის პირველი წლიდან სამ წლამდე. ამ პერიოდში გასხვლის ამოცანაა საშუალება მიეცეს მცენარეს განივითაროს ძლიერი შტამბი და გვერდითი ღერო-ტოტები.
ჰორიზონტალური შპალერის წესით ახლად დარგული აქტინიდიის მცენარეების პირველი გასხვლა ტარდება ერთწლიანი ნაზარდის გადაჭრით ფესვის ყელიდან 2 კვირტზე პირველი მაფორმირებელი გასხვლის ფონზე მცენარეები ივითარებენ საკმაო მოცულობის ვეგეტატიურ ნაწილებს. რაც შეეხება ჯიშებს შორის განსხვავებას, ბიომასის წარმოქმნაში, შეინიშნება მისი უმნიშვნელო მატება ჰაივარდის სასარგებლოდ.
T-ს მაგვარი კონსტრუქციის საყრდენების პირობებში გასხვლის მეორე-მესამე წელს სასურველია შტამბმა 1,8მ-2,0მ-ს მიაღწიოს, რადგან ვარჯის ჰორიზონტალური განლაგების და ფორმირების მიზნით გვერდითი ნაზრდების ძირითადი მასა 1,8მ სიმაღლის შტამბის ზემოთ უნდა იწყებოდეს გასხვლის შედეგად მცენარეზე ვითარდება ორი ან მეტი ნაზარდი, საიდანაც ვტოვებთ ერთ ძლიერ ყლორტს და ვაცლით დანარჩენს.
გამოცდილი მებაღეები პლანტაციას სანერგეში ფორმირებული ნერგებით აშენებენ ამ პერიოდში მცენარე უკვე დარგვის პირველსავე წელს ახერხებს ძირითადი შტამბის ფორმირებას, რითაც 1-2 წლით ჩქარდება ბაღის ექსპლოატაციაში შესვლა.
სამრეწველო ნარგაობაში ერთშტამბიანი აქტინიდიის ფორმირების ძირითად უპირატესობად მაინც ზედა ჰორიზონტზე ვარჯის შემმოსავი ტოტების რაციონალური და თანაბარზომიერი განლაგება უნდა ჩაითვალოს, რითაც იოლდება ვარჯის ფორმირებისა და შემდგომი მოვლის ღონისძიებათა ჩატარება, უმჯობესდება აერაცია, განათება და იზრდება მცენარის პროდუქტიულობა.
გასხვლა მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ
ძირითადი კრიტერიუმი, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ მებაღეები მსხმოიარე ტოტების მონაცვლეობაზე, შემდეგია:
• ნაყოფმსხმოიარე ტოტების ყოველწლიური განახლება ე.ი. ყველა ტოტის მოცილება;
• ყოველ 2-3 წლის შემდეგ ნაყოფმსხმოიარე ტოტების განახლება;
• ნაყოფმსხმოიარე ტოტების (25-30%) ყოველწლიური განახლება, ნაწილისა კი შემდგომ წლებში.
ამდენად, აქტინიდიის საზამთრო-მაფორმირებელი გასხვლების ჩატარება სხვა ხეხილოვანი კულტურებისაგან განსხვავებით არსებითი მნიშვნელობა აქვს
მწვანე გასხვლები
მწვანე გასხვლების ძირითადი დანიშნულებაა სავეგეტაციო პერიოდში მეორადი ნაზარდების (ნამხრევები) მოცილება და ხვიარა წვეროების წაჩქმეტა, რათა თავიდან ავიცილოთ მათი ინტენსიური ზრდა.
მწვანე გასხვლები ხელს უწყობს სანაყოფე ტოტებისა და კვირტების ადრე ფორმირებას. ადრეული ტოტები, რომლებიც წარმოიქმნება ბოლო კვირტებიდან, იჭრება მწვანე ოპერაციის დროს. პრაქტიკულად ნაზარდზე ბოლო ნაყოფის შემდეგ უნდა დარჩეს მხოლოდ 5-10 ფოთოლი მეორადი ნაზარდებიდან ყლორტის გამორჩევა უნდა ჩატარდეს ფრთხილად, ისე რომ არ დაირღვეს მცენარის ფიზიოლოგიური წონასწორობა.
აქვე გასათვალისწინებელია ის მომენტიც, თუ საყრდენების როგორი ფორმაა აქტინიდიისათვის გამოყენებული (ჰორიზონტალურშპალერული, T-ს მსგავსი, ბრტყელი, თუ გვირაბისებური), იცვლება ვარჯის ფორმირების წესები, რაც უპირველეს ყოვლისა გამომდინარეობს მცენარის დატვირთვის ხასიათიდან.
გასხვლის ვადები
იმის გამო, რომ აქტინიდიას ადრე გაზაფხულზე ახასიათებს წვენის ინტენსიური მოძრაობა, მძიმე მაფორმირებელი გასხვლები უჯობესია ჩატარდეს მცენარის მოსვენების პერიოდში. თბილ რეგიონებში (აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლი) შესაძლებელია გასხვლები ჩატარდეს ნაყოფის აღების შემდეგ ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის პირველ ნახევარში, ცივ ზონებში კი ადრე გაზაფხულზე თებერვალ – მარტში.
რეკომენდებულია აქტინიდიის მწვანე გასხვლების ჩატარება სავეგეტაციო პერიოდში 2-3-ჯერ, მცენარის ზრდა-განვითარების თავისებურებებიდან და მიკროეკოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე.
შემდგენლები: ვახტანგ გოლიაძე; ცისანა ცეცხლაძე; მარიეტა თაბაგარი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები.
მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.