კურკოვნებს ახასიათებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება: მსგავსი ერთკურკიანი წვნიანი ნაყოფები, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტების წარმოქმნის მაღალი უნარი, კვირტების ჯგუფურად განლაგება ყლორტის მუხლთან და სხვა.
ატამი
ატამი (Prunus Persica, მოძველებული დასახელება – Persica Mill ). ყველაზე გავრცელებული კურკოვანი კულტურაა მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას.
ატამი პატარა ტანის 3-4 მეტრიანი ხეა, ფესვთა სისტემა მიწის ზედაპირთან ახლოს ვითარდება. ფესვების ძირითადი მასა განლაგებულია 10-50 სმ-ის სიღრმეზე.
მსხმოიარობს მხოლოდ ერთწლიან ნაზარდებზე, ამიტომ მცენარის ასაკის მატებასთან ერთად მსხმოიარობის ზონა ინაცვლებს პერიფერიებზე და ვარჯის ცენტრი შიშვლდება. ამ ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე მოითხოვს ინტენსიურ გასხვლას.
ატამი სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა. ნაყოფების ნორმალურად მომწიფებისათვის საჭიროა 2500-დან 26000 აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. მინიმალური ტემპერატურა კი არ უნდა ეცემოდეს 20-220 დაბლა. ჯიშების უმეტესი ნაწილი არ მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას (თვითფერტილია).
მოსვენების პერიოდი ატამს მოკლე აქვს და გენერაციული კვირტები სწრაფად გადიან განვითარების ციკლს. ამის გამო, ატმის გენერაციული კვირტები ხშირად ზიანდება ზამთრის დაბალი ტემპერატურისა და გაზაფხულის წაყინვებისაგან.
ატამი ხასიათდება სიმწიფის სხვადასხვა პერიოდის ჯიშების მრავალფეროვნებით, ამიტომ შესაძლებელია ჯიშური კონვეირის შექმნა და ხილის წარმოება ივნისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე.
ატმის ჯიშებს ყოფენ 4 ჯგუფად (პუატოს კლასიფიკაცია)
1. ნამდვილი ატმები (საპობი) – შებუსული ზედაპირით;
2. პავიები (სახრავი) – შებუსული ზედაპირით;
3. ნექტარინები (საპობი) – შეუბუსავი ზედაპირით;
4. ბრუნიონები (სახრავი) – შეუბუსავი ზედაპირით.
ამჟამად მსოფლიოში მე-3 და მე-4 ჯგუფის ატმები გამოყოფილია ერთი ქვეჯგუფად და მას კრებით სახელს ნექტარინებს (ვაშლატამა) უწოდებენ.
ატამი ადრე შედის მსხმოიარობაში. მოსავალს იძლევა დარგვიდან მე-2-3 წელს, ხასიათდება ხანმოკლე სიცოცხლით (12-15 წელი), თუმცა ჯიშის, საძირისა და გარემო პირობებისაგან შესაბამისად შეიძლება იცოცხლოს 20-25 წლამდეც. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 20 – 25 ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ნექტარინების მოსავლიანობა ჩვეულებრივ 15-20 %-ით ნაკლებია მათთან შედარებით.
იხილეთ (დაკლიკეთ): ატმის დარგვა, ბაღის გაშენება და რამდენიმე ჯიში
ქლიავი
ქლიავი (Prunus domestica). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურკოვანი კულტურაა, ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. მიეკუთვნება Prunus -ის გვარს, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას.
ქლიავის მიწისზედა ნაწილების განვითარება ჯიშებისა და ეკოლოგიური პირობების მიხედვით ძლიერ ცვალებადობს – ბუჩქიდან დიდი ტანის ხეებამდე.
ქლიავი ითვლება ზამთარგამძლე, ტენისა და სინათლის მოყვარულ სახეობად, თუმცა სინათლის ნაკლებად მომთხოვნია ვიდრე სხვა კურკოვანი კულტურები.
ქლიავის სიცოცხლის ხანგრძლივობა ვაშლთან და მსხალთან შედარებით მცირეა. ახალგაზრდა ასაკში ქლიავი ძლიერ იზრდება, სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ კი ზრდას შედარებით ანელებს. ქლიავის ჯიშები შეიძლება მოითხოვდეს ჯვარედინ დამტვერვას ან თვითფერტილი იყოს.
ქლიავი მსხმოიარობს სხვადასხვა სიძლიერის ერთწლიან ტოტებზე, დეზებზე და სანაყოფე თაიგულზე. მოკლე წლიურ ტოტებზე საყვავილე კვირტები ცალკეულად არის განლაგებული, ხოლო უფრო ძლიერ ტოტებზე – უფრო ჯგუფურად.
ქლიავის ხეებზე შემჩნეულია, რომ წლიური ტოტების დამოკლებით საზრდელი კვირტების რაოდენობა მცირდება, ამის გამო სუსტი ზრდის ხეებზე განტოტვა წყდება, ვარჯი შიშვლდება და ხშირად სანაყოფე ტოტებიც ხმება.
შინაური ქლიავის ჯიშები ნაყოფის შეფერვის და ფორმის მიხედვით იყოფა შემდეგ ჯგუფებად: უნგრულები (მუქ ლურჯად შეფერილი, მოგრძო, თავში და ბოლოში შევიწროებული ნაყოფებით) – სტენლი, შავქლიავა, იტალიური უნგრულა, რენკლოდები (მომწვანო-მოყვითალი, მრგვალი ნაყოფებით) – ალტანის რენკლოდი, მწვანე რენკლოდი და კვერცხისებური ქლიავები (მსხვილი, კვერცხისებური ფორმის, ყვითელი ან წითელი ნაყოფებით – ვაშინგტონი, ჯეფერსონი) და სხვა.
ქლიავის ნარგაობა მსხმოიარობაში შედიან დარგვიდან მე-3-4 წელს. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში შეადგენს 15 – 17 ტონა/ჰა.
ხელსაყრელი პირობების დროს ბაღი საწარმოო ღირებულებას ინარჩუნებს 35-40 წელს, ცალკეული ხეები კი ცოცხლობს 50-70 წელსაც. ქლიავის ყველა ჯიშსა და სახეობას მეტ-ნაკლებად ახასიათებს ფესვის ამონაყრების განვითარება.
იხილეთ (დაკლიკეთ): ქლიავის ბაღის გაშენება, გასხვლა, მოვლა-პატრონობა
გარგარი
გარგარი (Prunus Armeniaca, მოძველებული სინონიმი – Armeniaca Mill) მსოფლიოს ყველა კუთხეში გვხვდება, თუმცა სხვა კურკოვანი კულტურებთან შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული.
ეს აიხსნება იმ ფაქტორით, რომ მისი წარმატებით მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც გაზაფხულის გვიანი წაყინვების საშიშროება ნაკლებია – ამ მიზეზით (ბევრგან) მაღალი მოსავლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 3-4 წელიწადში ერთხელ. გარდა ამისა, გარგარი მიმღებიანია ვერტიცილიოზური გახმობის მიმართ, რაც ხშირად მთელი ნარგაობის განადგურებას იწვევს.
გარგარი დიდი ტანის ხე მცენარეა. სიმაღლით 5-7 მეტრამდე და ზოგჯერ 10- 15 მეტრამდეც.
გარგარისათვის დამახასიათებელია ვეგეტაციის ადრეული დაწყება, კვირტების სწრაფი მომწიფება და ყლორტების წარმოქმნის მაღალი უნარი. ძალიან ხშირად ერთ სავეგეტაციო პერიოდში ხდება გვერდითი ყლორტების ორი გენერაცია. ამასთან ერთად, გარგარს ჩვეულებრივ აქვს ზრდის ორი, ხოლო გრძელ სავეგეტაციო პერიოდში – ზრდის სამი ტალღა. ეს განაპირობებს ახალგაზრდა მცენარეების ინტენსიურ ზრდას და მსხმოიარობაში ადრეულ შესვლას.
გარგარი თვითფერტილია, თუმცა მაღალი მოსავლის მისაღებად მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას.
გარგარი მსხმოიარობს სხვადასხვა ტიპის გენერაციულ ტოტებზე, ძლიერ, საშუალო და სუსტ ერთწლიან ნაზარდებზე, დეზებზე და სანაყოფე თაიგულებზე.
გარგარი ითვლება გვალვაგამძლე მცენარედ, ამასთან მომთხოვნია ნიადაგის აერაციული პირობების მიმართ.
გარგარის ბაღი მსხმოიარობაში შედიან დარგვიდან მე-3-4 წელს. საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 15 – 20 ტონა/ჰა. ხელსაყრელი პირობებში ბაღი საწარმოო ღირებულებას ინარჩუნებს 20-30 წელს.
იხილეთ (დაკლიკეთ): გარგარი – დარგვა, გასხვლა, მოვლა, ჯიშები
ბალი
ბალი (Prunus Avium, მოძველებული სინონიმი – Cerasus avium ) მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა ნაკლები ყინვაგამძლეობის გამო მისი წარმოების რაიონები შეზღუდულია. გარდა ამისა, მსოფლიოში შეიმჩნევა ფართობების შემცირების ტენდენცია, რაც კრეფის სიძნელით არის გამოწვეული.
ბალს ახასიათებს ძლიერი ზრდა, ყლორტების წარმოქმნის სუსტი და კვირტების გაღვიძების კარგი უნარი. ლიდერი ყოველთვის გამოკვეთილია, ტოტების განლაგება კი იარუსულია, ამიტომ ვარჯი კარგად განათებული და მეჩხერია.
ბალი მსხმოიარობს როგორც ერთწლიან ტოტებზე, ისე სანაყოფე თაიგულებზე. ბლის სანაყოფე თაიგულები 10-12 წლამდე ცოცხლობს. მეწლეობა არ ახასიათებს. ბლის ზოგიერთი ჯიში თვითგანაყოფიერებით იძლევა მოსავალს (დროგანა ყვითელი და სხვა), თუმცა ძირითადად ჯიშები მოითხოვენ ჯვარედინ დამტვერვას.
ბალი სინათლისმოყვარული მცენარეა, მოითხოვს ზომიერად თბილ კლიმატს და კარგად ეგუება კარბონატულ ნიადაგებს. ტენის სიჭარბის შემთხვევაში ნაყოფი ხშირად სკდება.
ნაყოფის რბილობის სიმკვრივის მიხედვით ბლის ჯიშები იყოფა ორ ჯგუფად:
• გინი, რომლის ნაყოფის რბილობი ნაზია და წვნიანი, ასეთი ჯიშები ვერ იტანს ტრანსპორტირებას და შენახვის უნარიც დაბალი აქვს;
• ბიგარო, რომლის რბილობი მკვრივია, კარგად იტანს ტრანსპორტს და შედარებით შენახვისუნარიანია.
ბლის სიმწიფის პერიოდი მოიცავს მაისის დასაწყისიდან ივლისის ბოლოს.
ბალი მოსავალს ძლიერ საძირეზე იძლევა დარგვიდან მე-4-6 წელს, ხოლო ნაგალა საძირეზე – მე-3 წელს. ბაღის საექსპლოატაციო ხანგრძლივობა – 25-35 წელია. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 10 – 15 ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ხოლო თანამედროვე ინტენსიურ ბაღებში – 20 – 25 ტონა/ჰა.
იხილეთ (დაკლიკეთ): ბალი – დარგვა, გასხვლა-ფორმირება, ბაღის გაშენება, რამდენიმე ჯიში
ალუბალი
ალუბალი (Prunus cerasus, მოძველებული სინონიმი – Cerasus vulgaris) გვხვდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა მისი წარმოება შეზღუდულია, ძირითადად აწარმოებენ გადამუშავების მიზნით, თუმცა გამოიყენება ნედლადაც.
ალუბალი წარმოადგენს ტანდაბალ ხეს ან ბუჩქს, რომელიც ივითარებს სფეროსებრ ვარჯს. ხშირად იძლევა ფესვის ამონაყარს. ძირითადად მსხმოიარობს გასული წლის ნაზარდზე, ნაკლებად თაიგულებზე.
ალუბალი ხასიათდება შეგუებულობის მაღალი დიაპაზონით – სითბოს მიმართ არა აქვს დიდი მოთხოვნილება, კარგად იტანს დიდ სიცხეს და ყინვაგამძლეობაც მაღალი აქვს (გავრცელებული ჯიშები დაუზიანებლად იტანენ -30 0C ტემპერატურას).
ალუბლის ჯიშების ერთი ჯგუფი მოსავალს იძლევა როგორც ჯვარედინი დამტვერვით, ასევე თვითგანაყოფიერებით (ლიუბსკაია, ქართული ალუბლები), ხოლო მეორე ჯგუფი მოითხოვენ მხოლოდ ჯვარედინდამტვერვას (ოსტჰეიმის გრიოტი, პოდბელსკი).
ნაყოფის შეფერვის მიხედვით ალუბლის ჯიშები იყოფა სამ ჯგუფად:
• მორელები ანუ გრიოტები, მუქი ნაყოფებით და შეფერილი წვენით;
• ამორელები – ვარდისფერი ნაყოფებით და შეუფერავი წვენით;
• დიუკები – ბლისა და ალუბლის ჰიბრიდები, მუქი მსხვილი ნაყოფებით.
ალუბალი მსხმოიარობაში შედის ადრე დარგვიდან მე-2-5წელს, ბაღის საექსპლოატაციო ხანგრძლივობა – 20-25 წელია. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 10 – 12 ტონა/ჰა-ზე შეადგენს.
იხილეთ (დაკლიკეთ): ალუბალი – დარგვა, მოვლა, გასხვლა, ბაღის გაშენება და ჯიშები
ავტორები: ზ. ბობოქაშვილი, კ. ძერია /მებაღეობა/