რაბათში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ორგანიზებით „პურის ფესტივალი“ გაიმართა. ღონისძიბის მიზანი ადგილობრივი ხორბლის ჯიშებისა და ტრადიციული პროდუქტების პოპულარიზაცია იყო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია, თუმცა მთავარ ადგილს იკავებდა ენდემური სახეობის ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თვალი ედევნებინათ საკონცერტო ნომრებისთვის და პარალელურად დაეგემოვნებინათ „ახალციხის წითელი დოლისა“ და „ჯავახური დიკას“ ფქვილისგან გამომცხვარი მესხური პური: სომინი, თითიანი, ქადები და ქადა–ხაჭაპურები.
„მაქვს ახალციხის წითელი დოლისგან გამომცხვარი პური, რომელსაც სასარგებლო თვისებები აქვს, ძალიან ყუათიანია. ამ ხორბლის თესლი გადმოგვცა ასოციაცია „ელკანამ“, რომლის შემდეგაც შევძელით თესლის გამრავლება და დღეს უკვე ტრადიციულ ფურნეში ვაცხობ მესხურ პურს: თითიანს, სომინს, ქადა–ხაჭაპურს, ქადებს და ინტერნეტის საშაულებით ვყიდი. ასევე გვაქვს ენდემური ხორბლის ჯიში „ჯავახური დიკა“, რომელიც ასევე ცხობის წარმოებაში ჩავუშვით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჯიშები მცირემოსავლიანია, მაგრამ ყუათიანია და პური გემრიელი, ამიტომ ძალიან ბევრი შეკვეთა გვაქვს“, – ამბობს ფერმერი ზაზა ივანიძე, რომელსაც მეურნეობა ახალციხის სოფელ ღრელში აქვს.
გარდა პურისა, ფესტივალზე ფერმერებმა სხვა ტრადიციული ნაწარმიც წარმოადგინეს.
„მესხურ სომინთან და ქადასთან ერთად გამოვიტანეთ ტრადიციული „ტენილი ყველი“, რომელსაც უძრავი ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული. ამ ყველს ახალციხის სოფელ ჭობარეთში ვაკეთებთ. გვაქვს საოჯახო მეურნეობა და თითქმის 10 წელია „ტენილ ყველს“ ვყიდით“, – ამბობს მეწარმე ალუდა ჯვარიძე.
მესხურ ტრადიციულ ცომეულს ადგილზე ამზადებდა მარინე ნარიაშვილი: „საოჯახო სასტუმრო „ედემი“ გვაქვს და პოპულარიზაციას ვუწევთ მესხურ სამზარეულოს. ახლა ვაცხობ რძეში მოზელილ ბიშებს, რომელიც ძველი მესხური კერძია“.
ტრადიციული მესხური სამზარეულოსა და ადგილობრივი ფერმერების გარდა, ფესტივალზე იმყოფებოდნენ ასოციაცია „ელკანას“ წევრები საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც. მათ საკუთარ ბიომეურნეობაში შექმნილი პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი:
„ვარ დევნილი ცხინვალიდან, ამჟამად ვცხოვრობ თეთრიწყაროს სოფელ კოდაში, სამინისტრომ დამაფინანსა და მაქვს ჩემი პატარა ბიომეურნეობა. ნახევარ ჰექტარზე ჟოლო დავრგე და გამოფენისთვის მოვამზადე მისი ნაწარმი: წვენები, ჯემები და ჟოლოს არაყი. ვარ „ელკანას“ წევრი და ეს ნაწარმი ჩამოვიტანე ფესტივალზე“, – ამბობს ფერმერი ინგა ბერუაშვილი.
ფესტივალის ორგანიზატორის, ასოციაცია „ელკანას“ ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი ადგილობრივი პურის, ხორბლისა და სხვა ტრადიციული პროდუქტებისა თუ ნაწარმის პოპულარიზაცია იყო.
თავად ასოციაცია კი უკვე 26 წელია მუშაობს, რომ საქართველოში ხელი შეუწყოს ადგილობრივი და ორგანული ანუ ეკოლოგიური პროდუქციის წარმოებას. ორგანიზაცია ფერმერებს ეხმარება, რომ საკუთარი მეურნეობები ორგანულ აგროწარმოებად აქციონ.
„ჩვენს ასოციაციას, „ელკანას“ სამცხე–ჯავახეთში აქვს ნაკვეთი, სადაც თავმოყრილია ხორბლის ადგილობრივი ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, როგორებიცაა მაგალითად: „ახალციხური წითელი დოლი“, რომლის გამრავლებაზე ჩვენ 15 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და დღესდღეობით უკვე გამრავლებული და გადარჩენილია იგი. ფერმერებთან თესლი დარიგებულია და გადარჩა არა მხოლოდ სამცხე–ჯავახეთში, არამედ კახეთსა და ქართლშიც უკვე თესავენ, ახლა ვმუშაობთ ადგილობრივი ენდემური სახეობის „ჯავახური დიკას“ გამრავლებაზე, ასევე ვამრავლებთ „ჩელტა ზანდურს“ „მახა ხორბალს“ ეს ჯიშები ყველა ენდემურია“, – განმარტავს „ელკანას“ პროგრამის მენეჯერი თამაზ დონდუა.
მისივე თქმით, ასოციაცია არა მხოლოდ ხორბლის ჯიშებზე, არამედ უკვე მივიწყებული პარკოსანი კულტურების აღდგენასა და გამრავლებაზეც მუშაობს: „ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ადგილობრივი პარკოსანი კულტურების გამრავლება, როგორიცაა ძაძა, მუხუდო, ცულისპირა. ეს ის კულტურებია, რომლითაც ჩვენი წინაპრები იკვებებოდნენ, სანამ ლობიო შემოვიდოდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდეს და გამრავლდეს. ფერმერებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დათესონ. ვურიგებთ და ვათესვინებთ, შემდეგ ვეხმარებით ასევე გაყიდვასა და რეალიზაციაში, რომ დამატებითი შესაძლებლობა გაუჩნდეთ“.
კულტურების გადარჩენისათვის ასოციაციამ თესლი დაახლოებით 100 ფერმერს უკვე დაურიგა. ფესტივალის მეშვეობით კი სწორედ მათ მიერ ამ თესლის გამრავლებით მიღებული შედეგის ჩვენება სურდათ: „ფერმერებმა, რომლებმაც უკვე მოსავალი მოიწიეს, შეძლეს და წარმოადგინეს თავიანთი პროდუქცია. ეს იმისთვის არის, რომ პოპულარული გახადონ და დააინტერესონ მომხმარებელი, რომ მომავალში მაგალითად „წითელი დოლისგან“ გამომცხვარი პური მომხმარებელმა იყიდოს, ან თუნდაც ეს ადგილობრივი პარკოსნები შეიძინოს. გაიგონ, რომ არსებობს ასეთი პარკოსნები და არ ვართ მარტო ლობიოზე დამოკიდებული“, – ამბობს თამაზ დონდუა.
ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკვებ პროდუქტებთან ერთად, წარმოდგენილი იყო გასართობი და საკონცერტო ნომრები: ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, გამოფენები, თოჯინების თეატრი და სხვა.
ღონისძიების მართვაში ასოციაცია „ელკანას“ მხარს უჭერდა სამცხე–ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცი DMO.
თაკო ფეიქრიშვილი