ლიმონის სამკურნალო თვისებები

ლიმონი, სამკურნალო, მცენარე

ლიმონის ნაყოფი შეიცავს – ლიმონის მჟავას, შაქარს, პექტინს, გლიკოზიდს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, ფიტოსტერინს, ფლავონოიდებს; A, C, E, D, P, B ჯგუფის და სხვა ვიტამინებს.

მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს და სხვა.

სასარგებლო ნივთიერებებით არანაკლებ გაჯერებულია ლიმონის ქერქი (ცედრა). მასში C ვიტამინი სამჯერ მეტია, ვიდრე რბილობში. ქერქში უხვად არის ციტრინიც. გარდა ამისა, ცედრა მდიდარია P ვიტამინით, გლიკოზიდებით.

ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.

ლიმონი სასარგებლოა ღვიძლის, ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სასუნთქი გზების ვირუსული პათოლოგიების, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, საერთო სისუსტის, ავიტამინოზის, თავის ტკივილის, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის, კანის და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს.

ლიმონი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და შრომის უნარზე. სკლეროზის მოახლოებისას გირჩევთ სისტემატიურად მიირთვათ ლიმონი და სვათ მისი ახალგამოწურული წვენი.

ლიმონის სურნელი კარგად მოქმედებს გონებრივი გადაღლის, ყურადღების გაფანტვის, აპათიის, დეპრესიისა და ჰორმონალური ბალანსის დარღვევის დროს. ის ნებისმიერი ადამიანის რაციონის აუცილებელი პროდუქტია.

ლიმონი მდიდარია ასკორბინის მჟავით, რაც ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ინფექციებისადმი. მისი წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, შაქარს, ლიმონის მჟავას; რბილობსა და ცედრაში კი არის პექტინები, ფიტონციდები, ეთერზეთები, კალიუმისა და სპილენძის მარილები და სხვა მიკროელემენტები.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლიმონის წვენი, რომელსაც იყენებენ ყოველგვარი გადამუშავების გარეშე. საყურადღებოა ისიც, რომ ლიმონის წვენი დაკონსერვების დროსაც ინარჩუნებს დიეტურ და სამკურნალო თვისებებს.

სამედიცინო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლიმონის ყვავილებიდან მიღებულ თაფლს, რადგან ის შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერებას – ციტრინს და თაფლის შაქარს – ლევულოზას. ციტრინი იცავს ადამიანის ორგანიზმს ათეროსკლეროზისაგან.

ლიმონის წვენი კარგია ციებ-ცხელების დროს, წყურვილის მოსაკლავად და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მას იყენებენ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ანთებების, შემცირებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტის, ნიკრისის ქარისა და კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

გარეგანი მოხმარებისათვის კი ლიმონის წვენს იყენებენ კანის სოკოვანი დაავადებებისა და ქავილის სამკურნალო მალამოსა და ლოსიონის დამზადების დროს.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი
ავტორ-შემდგენლები: ლიანა ჯიქია, რაისა ქარაია, ვანო პაპუნიძე, ვლადიმერ უგულავა, ტრისტან ჯობავა, ნონა მიქაია.

*ამა თუ იმ პროდუქტის სამკურნალოდ გამოყენებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

იხილეთ აგრეთვე: ლიმონის კულტურის აგროტექნოლოგია ღია გრუნტსა და ოთახის პირობებში

თქვენი რეკლამა