ნაცარი ბუნებრივი სასუქი და მცენარეთა დაცვის საშუალება

2372 Views Comment Off

სასუქების და შხამქიმიკატების სიძვირე იძულებულს ხდის სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებს, სულ უფრო ხშირად მიმართონ ადგილობრივ ნედლეულს. ამ ნედლეულთა შორის ნაცარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

იგი ძვირფასი მინერალური სასუქია, რომელიც მიიღება სხვადასხვა ორგანული ნივთიერების წვით. შეიცავს, როგორც ძირითად მაკროელემენტებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი), ასევე მიკროელემენტებსაც (რკინა, ბორი, სპილენძი).

იგი ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც კალიუმიანი სასუქი და ნიადაგში შეიტანება 5-10 ცენტნერი ჰექტარზე. ნაცარში კალიუმის შემცველობა 10-დან 30 პროცენტამდე მერყეობს, ხოლო კალციუმის შემცველობა, ზოგ შემთხვევაში, აღემატება კალიუმის შემცველობას და იგი მჟავე ნიადაგების ნეიტრალიზაციისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.

ნაცარში საკვები ნივთიერებების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის საწვავიდანაა ის მიღებული. უფრო ძვირფასია მინდვრის კულტურების ნაცარი, ნაკლებ ძვირფასია მერქნის და კიდევ უფრო ნაკლები _ ტორფის, ნაკელის, ქვანახშირის ნაცარი.

ნაცარში არ არის ქლორი, ამიტომ ის ცვლის კალიუმიანი სასუქების გამოყენებას ისეთი კულტურების განოყიერების დროს, რომლებიც ვერ ეგუებიან სასუქში ქლორის შემცველობას. მაგალითად: კარტოფილი, თამბაქო, კიტრი, სტაფილო, ბოლოკი, ჭარხალი.

ყვავილობის პერიოდში ნაცრის გამოყენებაზე კარგად რეაგირებენ ყაბაყი, გოგრა და პამიდორი.

ნაცარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჭარხლის კულტურისთვის. ნაცრის გამოყენება შეიძლება ყველანაირ ნიადაგებზე, გარდა მომლაშო ნიადაგებისა. ნაცრის გამოყენების ეფექტურობა იზრდება მისი ნაკელთან, ტორფთან და ნეშომპალასთან ერთად შეტანის დროს.

წვიმის წყლის მოქმედებით, ნაცარში შემავალი კალიუმის მარილი იხსნება და ირეცხება. ამიტომ, საჭიროა ნაცრის შენახვა დახურულ და მშრალ ფარდულში.

გაზაფხულზე მინდვრად ნაცრის გატანა დასავლეთ საქართველოში საჭიროა ფარცხვის წინ. ის მინდვრად თანაბრად უნდა მოიბნიოს.

ზამთრის ცივ დღეებში ღუმელი უფრო აქტიურად «მუშაობს», ყოველდღიურად გროვდება ბევრი ნაცარი, რომელიც ძალზე სასარგებლოა ნაკვეთებისთვის. თავად განსაჯეთ: ნაცარი, აზოტის გარდა, შეიცავს ბაღისა და ბოსტნის მცენარეთა პრაქტიკულად ყველა მასაზრდოებელ ელემენტს. ღუმელის ნაცარი განსაკუთრებით მდიდარია კალიუმით, რომელიც გამძლეობას მატებს ნაყოფს.

ძველი ჭეშმარიტებაა: მჟავე ნიადაგს მოკირვა უნდა, მაგრამ ბაღში კირის ხელაღებით შეტანა აფუჭებს ნაკვეთს. რით ამცირებენ მჟავიანობას? ისევ ღუმელის ნაცრით!

ნეშომპალა ან ნაკელშერეული ნაცარი კვალში შეაქვთ (100-200 გრამი კვადრატულ მეტრზე) გაზაფხულზე.

ნაცარი არამარტო კარგი სასუქია, არამედ მისი გამოყენება შეიძლება მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, ხახვს ხშირად აზიანებს ე.წ ხახვის ბუზის მატლი, რომელიც მაის-ივნისში ჩნდება. მატლის საწინააღმდეგოდ იღებენ ნაცარს და უმატებენ იმავე რაოდენობის ნაფტალინს ან თამბაქოს მტვერს. ამ ნარევს მოაბნევენ რიგთაშორის და ბოლქვებს შორის.

ნაცრით ებრძვიან კომბოსტოს ბუზსაც _ იღებენ ერთ წილ ნაფტალინს და ხუთ წილ ნაცარს, რომელსაც მოაბნევენ კომბოსტოს ღეროს გარშემო.

ბუგრისაგან კომბოსტოს დაზიანებულ ადგილებს შეასხურებენ ნაცარტუტს. ნაცარტუტის მოსამზადებლად საჭიროა ორი ჩაის ჭიქა ნაცარი, 10 ლიტრი წყალი, რომელსაც უნდა დავუმატოთ 50 გრამი საპონი.

ხეხილზე ბუგრის საწინააღმდეგოდ იყენებენ ნაცრის ნაყენს _ 300 გრამ ნაცარს გაცრიან, დაასხამენ ნახევარ ვედროზე ცოტა მეტ მდუღარე წყალს, შედგამენ ცეცხლზე და ადუღებენ 20 წუთს. როცა ნაყენი შეგრილდება, მას გაწურავენ და დაუმატებენ წყალს იმდენს, რომ 10 ლიტრამდე შესრულდეს. ამ ნაყენს შეასხურებენ ხეხილს. ნაყენს თუ დაუმატებთ 30გრ. შარდოვანას, ეფექტი უკეთესი იქნება.

შესხურება უნდა მოხდეს საღამოობით, ნაყენი ახალი მომზადებული უნდა იყოს. ამ ნაყენის საშუალებით შეგიძლიათ ებრძოლოთ კოლორადოს ხოჭოსაც.

gurianews.com
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB