თუშური ცხვარი – ქართული ცხვრის ჯიში

2791 Views

თუშური ცხვარი გამოყვანილია მთაბარობის ექსტრემალურ პირობებში, ქართველი მეცხვარეების, უსახელო სელექციონერების მიერ საუკუნეების მანძილზე განხორციელებული მიზანმიმართული გადარჩევისა და შერჩევის საფუძველზე.

ამ ჯიშის საწყისი ფორმა იყო მჭლეკუდიანი ძველი ქართული ცხვარი, რომელსაც სასელექციო მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე უჯვარებდნენ უხეშმატყლოვან, ცხიმკუდიან ცხვრებს.

დღეს არსებული სახით თუშური ცხვრის გამოყვანა დათარიღებულია XIII-XIV საუკუნეებით.

მთელი წლის მანძილზე საძოვრულმა შენახვამ და ყოველწლიურად საზამთროდან საზაფხულო საძოვრებამდე და უკან 200-500 კმ მანძილზე გადარეკვის მძიმე პირობებმა ხელი შეუწყო თუშური ცხვრის კონსტიტუციის გამაგრებას და გარემო პირობებისადმი ტოლერანტობის გამომუშავებას.

ცხოველებს სხეული ჰარმონიულად აქვთ განვითარებული, თავი საშუალო ზომის, ნაზი, მსუბუქი და ბალნით საკმაოდ კარგად შებუსული; პროფილი ნერბებში სწორი, ვერძებში ოდნავ კეხიანი; ყურები საშუალო სიდიდის, რქები ვერძებში კარგად განვითარებული და დაგრეხილი, ნერბებში კი, ძირითადად, რკალისებრი ფორმისაა, სხეული საშუალო სიგრძის, ზურგისა და წელის ხაზი სწორი, მკერდი ღრმა და საკმაოდ განიერი, ფეხები გრძელი და შედარებით მსხვილი, ჩლიქები მაგარი, გავა ოდნავ დაქანებული, რომელიც მთავრდება კარგად განვითარებული ცხიმკუდით.

მიეკუთვნება უხეშმატყლოვანი ცხვრების ჯიშებს. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.

ზრდასრული ვერძების ცოცხალი მასა 60-70 კგ-ია. ნერბების კი 35-45კგ. ახალშობილი ბატკნის მასა 2,5-3 კგ- ის, 3,5-4 თვის ასაკში ასხლეტილების კი 12-19 კგ-ის ფარგლებში ცვალებადობს.

შემოდგომაზე, მთიდან გადმორეკვის წინ ნაიალაღარი ბატკნის ცოცხალი მასა მასა 25-35 კგ- ს აღწევს;

სხვა უხეშმატყლოვანი ცხვრების მსგავსად, ვერძებსა და ნერბებს პარსავენ წელიწადში ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ხოლო მოზარდს (ბატკანს) შემოდგომაზე.

ვერძების წლიური ნაპარსი 4-5 კგ-ს, ნერბების 2,5-3,5 კგ-ს, ხოლო ბატკნის შემოდგომის ნაპარსი 0,8-1,2 კგ-ს აღწევს.

უხეშმატყლოვან ჯიშებს შორის თუშური ცხვრის მატყლი ხარისხით ერთერთი საუკეთესოა და ფრაქციული შედგენილობითა და სინაზით ნახევრად უხეშ მატყლს უახლოვდება.

ის ფერად თეთრია და გამოირჩევა სიმაგრით, დრეკადობით, ელასტიურობით და ბზინვარებით (ლუსტროვნობით). კულულის საშუალო სიგრძეა 11-16 სმ, ცალკეულ შემთხვევაში კი აღწევს 30 სმ-ს. თივთიკის სიგრძე 6,5-9 სმ, გარდამავალი ბოჭკოების კი 7,5-10,5 სმ-ია.

საუკეთესო ტექნოლოგიური თვისებების გამო თუშური ცხვრის მატყლი გამოიყენება როგორც ხალიჩების, ასევე სხვადასხვა ქსოვილების დასამზადებლად.

1,5 წლის ჭედილების ნაკლავის გამოსავალი, მათი ნაკვებობიდან და დაკვლისწინა ცოცხალი მასიდან გამომდინარე, 43-48%-ის, ზრდასრული ცხვრების კი 40-47%-ის ფარგლებში ცვალებადობს.

ნერბების ლაქტაციის ხანგრძლივობა 150-170 დღეა, სარძეო პროდუქტიულობა კი 45-75 კგ-ა (რეკორდული მაჩვენებელია 165 კგ).

რძის უმეტესი ნაწილი იხარჯება ბატკნის გამოსაზრდელად, ხოლო სასაქონლო რძის რაოდენობა 15-20 კგ-ია. რძისგან ამზადებენ გუდის ყველს.

/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/
ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;

გამოყენებულია საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ფოტო.

75Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB