მეცხოველეობის პრობლემები საქართველოში და მისი გადაჭრის გზები

მეცხოველეობა, ფერმა, პრობლემა, საქართველი

ყველა ფერმერს და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ-მიმწოდებელს მშვენივრად მოეხსენება, რომ დღეს საქართველოს აგრო სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, მეცხოველეობა, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია, თუმცა შეიძლება ითქვას რომ ის მოძრაობაშია და მისი წარმატების ფორმულა სწორად შრომაში, დროის და ფულის მაქსიმალურად მართლზომიერად დახარჯვაშია.

ქვეყანაში დაახლოებით 1 000 000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია, ეს დღევანდელი ჩემი ბლოგის ლაიტმოტივი იქნება.

სად ვართ?

მერძევეობის მიმართულებით საკმაოდ მძიმე სტატისტიკა გვაქვს, დაახლოებით ასეთი:

მეცხოველეობა, ფერმა, პრობლემა, საქართველი

სად არის თანამედროვე მსოფლიო?

ისრაელი

ბოლო მონაცემებით, ისრაელს ჰყავს 130 000 მდე მეწველი ფური, რომლის საშუალო წველადობა არის 11700-12500 ლიტრი რძე ერთ ლაქტაციაზე (305 დღე). ქვეყანა რომელსაც ძალიან მწირი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები აქვს და ცხოველთა საკვების ძირითადი ნაწილის იმპორტი უწევს, მაგალითად სილოსი და თივა უკრაინიდან შეაქვს.

იტალია

ქვეყანას, რომელიც განთქმულია ყველის ინდუსტრიით, ყველის ბანკითაც კი, სრულად აკმაყოფილებს თავის მოთხოვნებს და ნახევარ მსოფლიოს ამარაგებს მოცარელა და სხვა მსგავსი ტიპის ბრენდული ყველებით, ჰყავს 1 300 000 სული მეწველი ფური. საშუალო წველადობა 9500 დან 11500 ლიტრი რძე (305 დღე).

სტატისტიკით რომ აღარ გადავიღალოთ, უბრალოდ გავიხსენოთ რომ ჩვენ 1 000 000 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მათ შორის დაახლოებით 550 000 სული ფური გვყავს ;)

ხორცის წარმოებითაც ვერ ვართ დალხენილები, ბოლო 4 წლის ტენდენციებით.

არ უნდა გავიგოთ ისე რომ ვინმე წინააღმდეგია ექსპორტის, პირიქით! უბრალოდ რა იყო და რა შეიცვალა.

მიზეზი 1.

მოგეხსენებათ, აზერბაიჯანში საქართველოდან მოზვრების ექსპორტი საკმაოდ გავრცელებული და კარგი ბიზნესი იყო, წელიწადში დაახლოებით 40 დან 60 მილიონ დოლარამდეც კი გადიოდა, რაც სულადობაში დაახლოებით 50-70 ათასი სულის ფარგლებში მერყეობდა. დაახლოებით 4 წლის წინ (ცოტა ადრეც) დაიწყო გააქტიურება ერაყის მიმართულებით მოზარდის ექსპორტი. რა არის ამაში განსაკუთრებული? თუ აზერბაიჯანში გადიოდა 250-300 კილოგრამი და მეტი საქონელი, ერაყმა დაიწყო შეძენა 120-150 კილოანი საქონლის.

მიზეზი 2.

საქართველოში ბოლო პერიოდში გაიზარდა ხბოს ხორცის მოხმარება, რაც ასევე ხელის შემშლელი ფაქტორია. რატომ? ხბოს ხორცზე არის მოთხოვნა როცა ის 25-35 კილოგრამი ხორცი გამოდის მაქსიმუმ, ანუ თუ რომელიმე ქსელი ყიდის დღეში 10 სულ ხბოს, ჯამში 250-350 კილოგრამს დღეში, წლის ჭრილში ეს აღწევს დაახლოებით 100 000 კილოგრამ ხბოს ხორცის მოხმარებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იმ პატიოსან ბოჩოლას არ მოვუსრაფებთ სიცოცხლეს ნაადრევად და ვაცდით რომ გაიზარდოს 180-200 კილოგრამამდე, გამოვა რომ იმავე სულადობის ხბორებისგან ჩვენ მივიღებთ მინიმუმ 700 000 კილოგრამ ხორცს, ანუ ჩვენ ბაზრიდან ვაქრობთ 600 000 კილოგრამ ხორცს, ძალიან მარტივად, სულ რომელიმე ერთი სუპერმარკეტის ბაზაზე.

მიზეზი 3.

ზოგადად დაბალ პროდუქტიული და მკვეთრად გამოხატული სეზონური წველადობის „წყალობით“ წვრილი და საშუალო ფერმერებისთვის საქართველოში რძის წარმოება არამომგებიანია, რის გამოც ბევრმა ფერმერმა მიატოვა ან მკვეთრად შეამცირა ადგილობრივი სულადობა. ამას ხელს უწყობს მიგრაციის მაღალი დონეც რეგიონებშიც. სულადობა ბოლო 4-5 წელიწადში თითქმის 200 000 სულით არის შემცირებული.

რა არის გამოსავალი?

გამოსავალი 1.

ჯიშთა გაუმჯობესება და ადგილობრივი გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალური გაუმჯობესება. საქართველოს ბანკის ინიციატივითა და ხელშეწყობით 2019 წლის 2-5 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ კლერმონ ფერანში საქართველოდან მეცხოველე ფერმერების ნაწილი იმყოფებოდა გამოფენაზე, სადაც ვნახეთ თანამედროვე ჯიშების გენეტიკური პოტენციალის დღეისათვის მაქსიმალური მიღწევები. მაგალითად: ჰოლშტეინის ფური, რომლის შარშანდელი წლის მონაწველი იყო 14207 კგ რძე, რა თქმა უნდა ინტენსიური კვების და შენახვის პირობებში; ვიმყოფებოდით შაროლეს მეხორცული ჯიშის საქონლის ფერმაში ვიზიტზე, სადაც ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება საძოვრული პირობების გამოყენებით 16 თვის მოზარდი გაიყიდოს 750 კილოგრამის ფარგლებში, რომელთა ნაკლავი წონა გამოდის 480 კილოგრამი, ანუ დაახლოებით 65% იანი ხორცის გამოსავლიანობა!!! ეს მაშინ როცა ჩვენთან 16 თვის მეტნაკლებად მსგავს პირობებში გამოზრდილი მოზარდის ნაკლავი შეილება მაქსიმუმ 400 კილოგრამს იწონიდეს.

იკითხავთ ფასი იქ რა არის ხორცისაო, 3.7 ევრო არის საბითუმოდ ჩასაბარებელი ხორცის ფასი, რაც დაახლოებით 12.2 ლარი/კგ-ს შეადგენს, დამეთანხმებით ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩვენთან ამაზე გაცილებით ძვირი ფასია.

მეცხოველეობა, ფერმა, პრობლემა, საქართველი

გამოსავალი 2.

რძის წარმოების განსავითარებლად საჭირო და აუცილებელია თანამედროვე მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოყვანა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკვები ბაზის მომზადების გარეშე. საჭიროა სველი საკვები, სილოსი, რომლის წარმოების ტრადიცია და ცოდნა საკმაოდ იყო მივიწყებული საქართველოში, ნელა ნელა ეს ყინულიც დაიძრა ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, თუმცა უფრო მეტია საჭირო. მაგალითად საქართველოში შპს მექანიზატორს მოეპოვება 4 სილოსის ამღები კომბაინი და 1 თუ 2 კომბაინი არის კერძო პირების ხელში, მოგეხსენებათ ეს არ არის საკმარისი და საჭიროა მეტი ტექნიკა როგორც სილოსის, ისე სენაჟის დასამზადებლად.

მეცხოველეობა, ფერმა, პრობლემა, საქართველი

გამოსავალი 3.

საკმარისი ცოდნის მქონე კადრების ნაკლებობა. გასაგებია, რომ წლების განმავლობაში ვეტერინარის პროფესია არ იყოს „პოპულარული“, მაგრამ ფაქტია რომ დეფიციტის გამო მასზე მოთხოვნა იზრდება, საჭიროა ახალგაზრდა პერსპექტიული კადრების მოძიება და მათი წახალისება, გადამზადება და აღჭურვა შესაბამისად, რათა მათ შეძლონ ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნას ფეხი აუწყონ და ფერმერებს (ინვესტორებს) მისცენ რისკების თავიდან აცილების მყარი გარანტიები.

არავინ თქვას, რომ დღეს საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა მთავარი პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია რომ ინვესტიციას მისცე სწორი და მეტად გარანტირებული მიმართულება.

მეცხოველეობა, ფერმა, პრობლემა, საქართველი

გამოსავალი 4.

მეხორცული მიმართულებით გაცილებით მეტად უნდა მოხდეს ჯიშების გადახალისება და ადგილობრივი პირუტყვის გამოყენება სადედედ, მაგრამ მისგან რძის მიღების პერსპექტივა „უნდა დავივიწყოთ“. მას გაცილებით მეტი დოვლათის შექმნა, და ფულის მოტანა შეუძლია, მეტად შეუძლია დატვირთოს ადგილობრივი საძოვრები, რაც ფაქტიურად ჩვენი „სასარგებლო წიაღისეულია“, „ნავთობია“ რომელსაც ბუნება გვაძლევს და ჩვენ ის მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ვაქციოთ ბევრ ხორცად, შესაბამისად ბევრ ფულად!… FAO-ს მონაცემებით მსოფლიოში ხორცის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, იზრდება წარმოებაც, მაგრამ დეფიციტი მაინც შეადგენს 15-20%-ს საჭირო რაოდენობასა და ფაქტიურად წარმოებულს შორის.

მეცხოველეობა, ფერმა, პრობლემა, საქართველი

გამოსავალი 5.

საჭიროა მეტი მოძრაობა, მეტი სიახლის ნახვა, გაცნობა, ჩამოტანა ჩვენს პატარა საქართველოში, დანერგვა და სხვებისთვის სწავლება, გავრცელება!…

ჩვენთან სოფლის მეურნეობა იმ სტადიაზე, სადაც კონკურენცია არ არსებობს და მინიმუმ 20 წელი ვერ იარსებებს, ჩვენი იმდენი გვაქვს საშრომი და გასაკეთებელი. ამიტომ მეტი შრომა! მეტი დაფიქრება და გაანალიზება რომ ჩვენი შრომა იყოს შრომა და არა „წვალება“. ძალიან ცუდია ფრაზა როცა ადამიანს ეკითხები: „რას შვრები, როგორა ხარ?“ და პასუხია: „რავი, ვწვალობ…“ რას ჰქვია ვწვალობ? წვალება ტანჯვაა, შრომა კი აუცილებლად იქნება ეფექტის მომტანი, ამიტომ უნდა ვიმოძრაოთ, „არ გავჩერდეთ“.

ავტორი: ბექა გონაშვილი

კრედო ბანკი