გიორგი კვირიკაშვილის რამოდენიმე მესიჯი

92 Views Comment Off

გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე გამოკვეთა რამოდენიმე პრიორიტეტი:  სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, ბიზნესში სტარტაპების წახალისება, შერიგების პოლიტიკა, განათლება, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი,  საპენსიო ფონდი, სამართლიანობა, საზოგადოებაში პოლიტიზაციის ხარისხის  შემცირება…

სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება

«ეკონომიკური განვითარება და დასაქმება — ეს იქნება ჩვენი მომავალი მოღვაწეობის უმთავრესი ქვაკუთხედი, ამ მიმართულებაზე გაკეთდება ყველაზე მეტი აქცენტი და მინისტრთა კაბინეტის მთელი კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართული იქნება ამ ძირითადი პრიორიტეტის ირგვლივ. ამ პრიორიტეტის ასახვა მოხდება სახელმწიფო და დარგობრივ სტრატეგიებში, ამ პრიორიტეტს ექნება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გამოკვეთილი ქვეპრიორიტეტი. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება ქვეყანაში და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამების დანერგვა».

ბიზნესში სტარტაპების წახალისება

«წამოწყებული იყო არაერთი სახელმწიფო პროგრამა, მათ შორის, მეწარმეობის განვითარებისათვის, თუმცა, შედეგად მივიღეთ არსებული ბიზნესების მნიშვნელოვნად განვითარება, დამწყები ბიზნესი კი ვერ პოულობს საშუალებას საკუთარი იდეების დასაფინანსებლად საბანკო სექტორის და არსებული დაფინანსების წყაროების მეშვეობით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელი იქნება უახლოეს მომავალში ახალი პროგრამის წარმოდგენა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესში «სტარტაპების» შექმნას. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი უნდა იყოს გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ დამწყებმა ბიზნესმა, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ ძალიან საინტერესო იდეები და მე ვარ შეხვედრილი არაერთ ასეთ ადამიანს, შეძლონ თავიანთი იდეის განხორციელება და თავიანთი ბიზნესის განვითარება».

«სწორედ ამ გზით ჩვენ შევძლებთ მყარი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანია მოხმარების ზრდისთვისაც. ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება მინისტრთა კაბინეტისათვის უახლოეს პერსპექტივაში».

შერიგების პოლიტიკა

«ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ნაბიჯები შერიგების პოლიტიკის მიმართულებით, ვეცადოთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯები გადავდგათ, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. დრო მუშაობს იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დაიბრუნონ, იმის წინააღმდეგ, რომ ქართველებმა დაიბრუნონ აფხაზები და ოსები. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თამამი ნაბიჯები გადავდგათ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განწყობას, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც ქვეყანაში იქნება შექმნილი, ხელმისაწვდომი იქნება უპირველესად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის»

განათლება

«ეკონომიკური განვითარების მიღწვა შეუძლებელია ძალიან ფუნდამენტური და მნიშველოვანი რეფორმების გარეშე განათლების სისტემაში.»

გარემოს დაცვა

«რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით პროფესიონალური მოსამზადებელი ეტაპის გავლა და ამას ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ. მჯერა, რომ არ არსებობს ეკონომიკის განვითარება გარემოს ხარჯზე და პირიქით, უნდა იყოს სწორი ბალანსი გარემოს დაცვასა და ეკონომიკის განვითარებას შორის. ეს ორი რამ ერთმანეთთან პირდაპირ კორელაციაშია».

სოფლის მეურნეობა

«გვექნება ორი ძირითადი პრე მიმართულება. ერთი იქნება მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, სადაც იქნება დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სადაც მაქსიმალური მასშტაბის ეკონომია იქნება მიღწეული. მეორე მხრივ, კოოპერაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი, რათა ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურის გათვალისწინებით მივაღწიოთ ისეთ მოდელებს და ისეთი მასშტაბის ეკონომიას, როდესაც წვრილი მესაკუთრეები რჩებიან წვრილ მესაკუთრეებად, არ კარგავენ თავიანთ საკუთრებას და ამ გზით მიიღწევა მასშტაბის ეკონომია. ამის შესანიშნავი მაგალითები გვაქვს. შემიძლია დავასახელო რაჭაში ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანიის მაგალითი, როდესაც კომპანიამ შეძლო თანამედროვე წარმოების დაფუძნება ისე, რომ კერძო მესაკუთრეებს არ დაუკარგავთ საკუთრება თავის კერძო მიკრომეურნეობებზე და მხოლოდ და მხოლოდ სტანდარტის აწევით, სწორი ტექნოლოგიების შემოტანით და სწავლებით მიღწეული იქნა მასშტაბის ეკონომია და ეს კომპანია დღეს აწარმოებს ყველაზე თანამედროვე სტანდარტის ხორცპროდუქტებს»

ტურიზმი

«ვგეგმავთ მოსახლეობის, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ტურიზმის განვითარებაში და ამ მიმართულებით შემოვიღებთ კრიტერიუმებს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სოფლად, რაიონებში მცხოვრებლები მიიღებენ გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს. კერძოდ, საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა, კომლმა იმისთვის, რომ მან მიიღოს ტურისტული ნაკადიდან კონკრეტული რაოდენობა წლის განმავლობაში. ამ მიმართულებით ჩვენ ჩავრთავთ დაფინანსების მექანიზმებს, რათა ეს შედეგი მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღეთ».

«ჩვენ, მსოფლიო ბანკთან ერთად გავაკეთეთ ტურიზმის სექტორის წინასწარი ანალიზი და დაიწერა სტრატეგია, რომლის შემდგომი კონკრეტიზაცია განხორციელდება მთელი რიგი ქვე მიმართულებებით. ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩავატაროთ ძალიან დეტალიზირებული კვლევა იმ საჭიროებების, რა საჭიროებებიც არაორგანიზებულად შემოსული ტურისტს ხვდება ქვეყანაში შემოსვლისას და ამ საჭირობებზე დაყრდნობით გავაკეთოთ კიდევ უფრო დეტალიზირებული სამოქმედო გეგმა ტურიზმის განვითარების კუთხით. ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს ამ მიმართულებით. ერთ-ერთი არის ხორვატია, რომელიც წამყვანი ტურისტული ქვეყანა გახდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ხორვატიას ფრანგული კომპანიები დაეხმარნენ ამ მიმართულებით და ფრანგული კომპანიების მეშვეობით ხორვატიამ შეიმუშავა არამხოლოდ სტრატეგია, სამოქმედო გეგმაც და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ წამყვანი ფრანგული კომპანიები. სწორედ ამ გზით, ჩვენ გავაკეთებთ მსოფლიო ბანკის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის დეტალიზირებულ კვლევას და ეს არ დაიკავებს გრძელ ვადას. ძალიან აგრესიულად, ძალიან მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ, რათა უმოკლეს პერიოდში მივიღოთ ძალიან კარგი ხელშესახები შედეგი».

სამართლიანობა

«უმთავრესი, რისი მიღწევაც გვსურს არის ის, რომ მოსახლეობაში კიდევ უფრო გაძლიერდეს და დამკვიდრდეს სამართლიანობის განცდა. ჩვენი მთავრობა იქნება უპირველესი გარანტი იმისა, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჩვენ, მთავრობის წევრებს და პარლამენტარებს გვეკისრება ყველაზე მაღალი ვალდებულება, რომ დავიცვათ ყველა კანონი, ამიტომ, ამ მიმარულებით და ამ პრინციპების გატარებაში ვიქნებით ძალიან თანმიმდევრულები და მიზანდასახულები».

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია  

«უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულებით გაფორმებული რეფორმების განხორციელება. თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღწევა ევროპასთან და ამ მიმართულებით პროცესის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება. ნატო-ში ინტეგრირების კუთხით საქართველო გააგრძელებს არსებითი პაკეტის ეფექტიან დანერგვას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, როგორც თავსებადობის კუთხით, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით»

რუსეთი

«რაც შეეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, იმ პირობებში, რომ რუსეთი პატივს უნდა სცემდეს საქართველოს სუვერენიტეტს, მის გადაწყვეტილებებს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს».

საზოგადოებაში პოლიტიზაციის ხარისხის  შემცირება

«ჩემი ძალიან დიდი სურვილია ის კონფრონტაცია, პოლარიზაცია, რომელიც საზოგადოებაში არსებობს დასრულდეს. ჩვენ ყველანი გადავიქეცით ძალიან არასასურველი სპექტაკლის მოთამაშეებად, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიზაციის ხარისხი საზოგადოებაში შემცირდეს. იმისათვის, რომ ადამიანებმა ცოტა უფრო კეთილი თვალით შეხედონ ერთმანეთს და საზოგადოება გავამთლიანოთ».

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB