ფიჭვი (Pinus sylvestris L.) მარადმწვანე წიწვიანი ხეა ფიჭვისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 40 მ-მდე, სწორი ტანით, კონუსისებრი ან მომრგვალებული ვარჯით.
ქერქი მურა-წითელი ფერისაა, ტოტებზე მოყვითალო კვირტები მოგრძო-კვერცხისებრია, წამახვილებული, სიგრძით 6-12 სმ, ფისოვანი, გარშემო სამკუთხა-ლანცეტისებრი ქერქლით, გამჭვირვალე აპკისებური კიდით. წიწვები წყვილწყვილადაა განლაგებული, მონაცრისფრო-მწვანეა, ოდნავ მორკალული, სიგრძით 4-7 სმ, ყლორტებზე 2-3 წელი ჩერდება.
მამრობითი გირჩები მრავალრიცხოვანია, ყვითელი, შეკრებილია მიმდებარე ყლორტის ფუძესთან. მდედრობითი-მოწითალოა, ცალკეულად ან 2-3 იმავე ყლორტების წვეროებშია.
გირჩები 17 თვის მანძილზე მწიფდება, მოგრძო-კვერცხისებრი ფორმისაა, სიგრძით 7 სმ-მდე, ნაცრისფერი, ფრთიანი თესლებით.
ფიჭვი გავრცელებულია საქართველოს მთიანეთში, ბევრ ადგილას გვხვდება ფიჭვნარები. ფიჭვი კარგად ხარობს ღარიბ ქვიშნარ ნიადაგებში, მდინარეთა ხეობებში, ინტენსიურად იზრდება პირველი 30-40 წელი, ყოველწლიურად იმატებს 70-80 სმ. ცოცხლობს 350-400 წელი.
მედიცინაში სამკურნალოდ იყენებენ ფიჭვის კვირტებს, წიწვებს და ფისოვან გამონაყოფს, რომელიც ხის ტანის მექანიკური დაზიანების ადგილებზე გამოიყოფა. მისგან მზადდება კანიფოლი, სკიპიდარი და სხვა პროდუქტები.
ფიჭვის კვირტებს აგროვებენ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, მცენარეთა ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ, მშრალ ამინდში. ჭრიან მჭრელი დანით 2-3 სმ სიგრძის ყლორტის კენწრულ ნაწილს და აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში კარგი ვენტილაციის პირობებში. არ შეიძლება მათი გაშრობა თუნუქის სახურავიან სხვენზე, ან ღუმელებში, რადგან ხდება კვირტებიდან ფისების აორთქლება.
გამშრალი კვირტები გარედან მონაცრისფრო-მოვარდისფროა, გადატეხისას მწვანეა, ან მურა. აქვს მწარე გემო, არომატულია. ინახავენ გრილ, ჩაბნელებულ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ ქილაში ერთი წელი.
ფიჭვის კვირტები შეიცავს ეთეზეთს, ფისს, ასკორბინის მჟავას, ნაფტოქინონს, რუტინს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პინიპიკრინს. წიწვები შეიცავენ ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, უმნიშვნელო რაოდენობით ალკალოიდებს. ფისოვანი გამონაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთს, ტანიდებს, ფისოვან მჟავებს. ასკორბინის მჟავას რაოდენობა მეტია ორ და სამწლიან წიწვებში ზამთარში და ადრე შემოდგომით.
ფიჭვის კვირტებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების სამკურნალოდ. მათ გააჩნიათ ანტისეპტიკური თვისება და აქვთ ნახველის გამოყოფისა და მისი გაწოვის უნარი. მათგან დამზადებული ექსტრაქტები მოქმედებს ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე ბაქტერიოციდულად. აქვთ აგრეთვე სუსტი შარდმდენი და ნაღველმდენი თვისება.
ფისოვანი გამონაყოფისაგან დამზადებული სკიპიდარი გამოიყენება გარეგანად იშიასის, ნევრალგიის, მიოზიტისა და რევმატიზმის დროს, ხოლო სკიპიდარის ლინიმენტი იხმარება არტრიტების და სხვა ანთებითი პროცესების დროს.
ფიჭვის წიწვებისაგან მიღებული პრეპარატი ცინაბინი გამოიყენება კენჭოვანი დაავადების, თირკმლის ჭვალის დროს, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ნეფრიტებისა და ნევროზების დროს. ფიჭვის წიწვებისგან ამზადებენ ვიტამინებით მდიდარ პრეპარატებს, ნაყენებს, კონცენტრატებს ჰიპო და ავიტამინოზის პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის.
ფიჭვის კუპრი გამოიყენება მალამოების სახით კანის დაავადებების სამკურნალოდ (ფსორიაზი, ეგზემა). იგი შედის ვიშნევსკის მალამოს შემადგენლობაში.
ხალხურ მედიცინაში ფიჭვის კვირტების ნახარში გამოიყენება წყალმანკის, ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთების, რევმატიზმის დროს. იყენებენ აგრეთვე როგორც ნაღვლისმდენ საშუალებას. ფიჭვის მტვრისა და თაფლის ნარევს იყენებენ როგორც ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ასევე საერთო სისუსტის დროს ავადმყოფთა გასამაგრებელ საშუალებად.
ფიჭვის ნედლი წიწვებისაგან ვიტამინიან სასმელს ამზადებენ შემდეგნაირად: 50 გრ-მდე მთელ წიწვებს პატარა ულუფებით ყრიან მდუღარე წყალში (250 მლ), ადუღებენ 20 წუთი (გაზაფხულზე შეგროვებულ წიწვებს ადუღებენ 40 წუთი), გადაწურავენ, გემოს გასაუმჯობესებლად უმატებენ ცოტა ძმარსა და შაქარს. სვამენ დღის განმავლობაში ორ მიღებაზე.
ზამთრის პერიოდისათვის ფიჭვის წიწვების ნედლად შესანახად მის ტოტებს თოვლის ქვეშ ინახავენ ან ცივ ნაგებობაში 2 თვის განმავლობაში. შესაძლებელია საცხოვრებელ ბინაში წყალში ჩადგმული ტოტები შევინახოთ 10 დღის განმავლობაში. წიწვებისაგან დამზადებულ ექსტრაქტს იყენებენ აბაზანებში ნერვული და გულის სისხლძარღვთა დაავადების დროს.
ფიჭვის კვირტებისაგან დამზადებული ნახარში გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი და მადეზინფიცირებელი საშუალება ნახარშის მოსამზადებლად 10 გრ (1 სუფრის კოვზი) კვირტები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ან მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთი. შემდეგ ამოიღეთ ჭურჭელი, გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე (200 მლ) ანადუღარი წყლით. ნახარში შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, როგორც ამოსახველებელი და მადეზინფიცირებელი საშუალება.
ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალოდ ხმარობენ კვირტების ნახარშსა და ნაყენს ინჰალაციის სახით. ნაყენის მოსამზადებლად იღებენ 20 გრ კვირტს 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალზე.
ფიჭვის კვირტები წარმოადგენს ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალო ნაკრების შემადგენელ ნაწილს.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფიჭვის კვირტების სპირტიან ნაყენს ფილტვების ტუბერკულოზის დროს, მაგრამ მისი სპეციფიკურობის გამო იხმარება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის დროს.
ჰიპოკრატეს დროიდან დაწყებული დღემდე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყენებენ ფიჭვის წიწვების წყლიან ექსტრაქტებსა და ფიჭვის ფისებისაგან დამზადებულ სკიპიდარს ბრონქებისა და ფილტვების დაავადების დროს.
ხალხურ მედიცინაში ზემოთ აღწერილი წესით მომზადებული ნახარშების გარდა, ბრონქიტებისა, ანგინის, რევმატიზმის, გაცივების, იშიასის სამკურნალოდ შემდეგნაირად მომზადებულ ნაკრებს იყენებენ: 100 გრ ფიჭვის კვირტებს დაასხით 2,5 ლ წყალი, ხარშეთ მანამ, სანამ არ დადგება 0,5 ლ, ცხელი ნახარში გადაწურეთ და დაუმატეთ 250 გრ კრისტალური შაქარი, ხოლო გაცივების შემდეგ 250 გრ თაფლი. ბულგარელები მასში უმატებენ აგრეთვე 10 გრ დარიჩინს, 5 გრ მიხაკს და 1 მუსკატის კაკალს, სვამენ ყავის ფინჯნით – 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ავტორები: ს. ჩაგელიშვილი, მ. გოგორიშვილი
*გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით