მთრთოლავი ვერხვი (Populus Tremula L, Осина, Тополь дрожащий) – ტირიფისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მთრთოლავი ვერხვი საყოველთაოდ ცნობილი 30 მეტრამდე სიმაღლის ხეა, მომწვანო-მონაცრისფრო ქერქით, რომელიც ღეროს ქვედა ნაწილში საკმაოდ ღრმანაღარებიანია.
ყლოტები ზრდის დასაწყისში შებუსვილია, შემდგომ კი შიშველი, ბლაგვად დაკუთხული, გლუვკანიანი. კვირტები წებოვანია.
ფოთლები დასაწყისში ნაცრისფერბუსუსიანია, შემდეგ კი შიშველი. დაგრძელებულ ყლორტებზე ფოთლები კვერცხისებრ-სამკუთხაა, ბოლო წვეტიანი, კიდედაკბილული. დამოკლებულ ტოტებზე ფოთლები მომრგვალოა, კიდეტალღისებრდაკბილული. ფოთლები ხეშეშია.
საქართველოში ფართოდაა გავრცელებული 1800-2100 მ სიმაღლეზე ზღვის დონდან. იგი საკმაოდ ფართოდ ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეა, ამიტომ დაბლა ბარშიც 600 მეტრამდე ჩამოდის, ხოლო მთაში 2300 მეტრზეც კარგად იზრდება.
მერქანი ფართოდაა გამოყენებული ასანთის წარმოებაში. სინათლის მოყვარული, გვალვისა და სიცივის ამტანი ჯიშია. ამ თვისებების წყალობით იგი ადვილად იკავებს გაშიშვლებულ ადგილებს, მაგრამ ამასთან ნაძვის, სოჭის და წიფლის დასახლების შემთხვევაში დროთა განმავლობაში ვეღარ იტანს ამ ჯიშების ხეების დამჩრდილავ გავლენას და კორომის შემადგენლობიდან თანდათანობით ითიშება.
სასურველი ჯიშია სუბალპური ზონის გატყევებისათვის. ქერქი მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარია და ტყის გასათრიმლად გამოიყენება.
წარსულში გამოიყენებოდა სამკურნალოდაც შარდის ხუთვის, სურავანდის, სიფილისის და ციებ-ცხელების დროს. მის ფოთლებსა და ყლორტებს მრავალი სახეობის შინაური და გარეული ცხოველი ჭამს.
სამკურნალოდ, ახლაც, მთრთოლავი ვერხვის ქერქსა და კვირტებს იყენებენ, რომელიც შეიცავს მთრთოლავ ნივთიერებებს, მწარე ანგლიკოზიდებს (პოპულინი და სალიცილინი), ბენზონის მჟავას, კაროტინს, ვიტამინ C-ს და სხვ.
კვირტებისგან სპირტის ზემოქმედებით მიღებული ექსტრაქტის გამოკვლევით ცხადი გახდა, რომ მას ბაქტერიოციდული მოქმედების თვისება აქვს ზოგიერთი საშიში მიკრობის მიმართ (ოქროსფერი სტაფილოკოკი, ნაწლავების ტიფის გამომწვევი ბაქტერიები და სხვ.).
ქერქის ნაყენით ხალხური მედიცინა მკურნალობს კუჭაშლილობას, ხველას, ციებ-ცხელებას და სვამენ მას როგორც მადისმომგვრელ საშუალებას. მთრთოლავი ვერხვის ახლად გამოწურული წვენის სველ საფენებს იდებენ გველის ნაკბენზე.
კვირტებს ოფლმდენ საშუალებად იყენებენ, ხოლო ქერქის გამონახარშს ვენერიული დაავადებების დროს. ზოგჯერ მთრთოლავი ვერხვის კვირტებს იყენებენ საშარდე ბუშტის დაავადებების (ცისტიტი, შარდშეუკავებლობა), აგრეთვე ბუასილის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის სამკურნალოდ.
გარეგან საშუალებად იყენებენ წყლულებისა და დამწვრობათა მკურნალობაში.
ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.