ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, გურიის ეროვნული პარკის საბოლოო საზღვრები მოინიშნა.
ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტი საჯარო განხილვის ფორმატში მოსახლეობას წარედგინა. გურიაში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა მხარის ადმინისტრაციის და ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივით ხორციელდება.
აღსანიშნია, რომ 2019 წლიდან კვლევები ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) თბილისის ოფისის მიერ, შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა – შეფასდა გურიის უნიკალური ბუნებრივი რესურსები, ეკოსისტემები, განხორციელდა საქართველოს და საერთაშორისო წითელი ნუსხის, CITES კონვენციით დაცული და ენდემური მცენარეთა სახეობები, ტყის და მდელოების ტიპები და მათი ეკოლოგიური მდგომარეობა, ჩატარდა ზოოლოგიური კვლევები, ასევე, ტურიზმის განვითარების პოტენციალის შეფასება.
გურიაში ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს უნიკალური ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების დაცვას, რეგიონის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის და რეგიონის მდგრად განვითარებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს.
შეხვედრას მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.