სამკურნალო მცენარეული ნედლეულის შენახვა

ნედლეული

სამკურნალო მცენარეული ნედლეულის შენახვის ოპტიმალური პირობები.

რა მნიშვნელობა აქვს სამკურნალო მცენარეული ნედლეულის (სმნ) შენახვის პირობების დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი უცვლელობა როგორც გარეგნული სახით, ასევე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის მიხედვით და როგორ უნდა უზრუნველყოთ ნედლეულის შენახვის სწორი ორგანიზება.

ნედლეულის შენახვას თან სდევს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა (ბან) დაკარგვა, რასაც იწვევს სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში მიმდინარე ორი  მნიშვნელოვანი პროცესი: ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური.

შეგროვებისთანავე მცენარეულ ნედლეულში მიმდინარეობს მოქმედი ნივთიერებების ინტენსიური დაშლა, რასაც განაპირობებს ფერმენტების მოქმედება. ამ პროცესების შემცირება, შენელება ან სრულად შეჩერება შეიძლება შრობის პროცესში, რომელიც განაპირობებს არა მარტო ფერმენტების მოქმედების შეჩერებას, არამედ აჩქარებს შიდაუჯრედული ტენის მოცილების პროცესს, რითაც მცირდება მოქმედება ფერმენტებთან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შრობა ხელს უშლის ნედლეულში მიკროფლორის განვითარებას და მინიმუმამდე ამცირებს ქიმიური ჟანგვითი პროცესების მიმდინარეობას. მიუხედავად ამისა, გამშრალ მცენარეში მართალია ნელა, მაგრამ მაინც გრძელდება ნივთიერებების გარდაქმნა და დაშლა.

ამ პროცესების სიჩქარე დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე: ტენიანობა, ტემპერატურა, ჰაერის შემადგენლობა, სათავსოს განათება, სადაც ინახება სამკურნალო მცენარეული ნედლეული. ამ ფაქტორებიდან განსაკუთრებით არსებითია ტემპერატურის გავლენა.

ბიოქიმიური პროცესების ინტენსივობა იზრდება ტემპერატურის მომატებით გარკვეულ ფარგლებში, მაშინ როცა დაბალი ტემპერატურა უზრუნველყოფს შენახვისათვის სასურველ პირობებს. აქვე უნდა განვასხვაოთ შენახვა 0 გრადუსზე ზევით და 0 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე. ტემერატურა 00-ს ქვევით იწვევს უჯრედების გაყინვას, რის შედეგადაც იშლება მათი სტრუქტურა, ხოლო გალღობის შემდეგ ვითარდება ავტოლიზური პროცესები, რასაც მივყავართ მოქმედი ნივთიერებების დაშლამდე. შესაბამისად, სმნ შეიძლება შევინახოთ დაბალ ტემპერატურაზე, თუმცა დაუშვებელია მათი გაყინვა.

მიკრობიოლოგიური პროცესების გავლენა, უფრო სწორედ მიკროორგანიზმების მოქმედება ბან-ზე, არ არის საკმარისად შესწავლილი. თუმცა უკვე დადგენილია, რომ ზოგიერთი სახეობის სოკოები იყენებენ მცენარეთა მოქმედ ნივთიერებებს, როგორც საკვებ სუბსტრატს და ცხოველქმედების პროცესში გამოყოფენ ტოქსიკურ ნივთიერებებს. აქედან გამომდინარე, ნედლეული დაზიანებული სოკოებით, დაობებული სხვა მიკროორგანიზმებით უვარგისია გამოსაყენებლად.

არსებით გავლენას სმნ ხარისხზე გავლენას ახდენს საჰაერო გარემო. ჰაერის ჟანგბადი შედის ქიმიურ ურთიერთქმედებაში სხვადასხვა ნივთიერებასთან და იწვევს მათ დაჟანგვას. ჰაერის სუსტი აერაციის პირობებში, დაჟანგვისას გამოყოფილი სითბო და სინამე გროვდება ნედლეულის მასაში და იწვევს მის ჩახურებას, რაც ქმნის საუკეთესო პირობებს მიკროორგანიზმების განვითარებისათვის და იწვევს ნედლეულის გაფუჭებას. ამიტომ ნედლეულის შენახვისას აუცილებელია ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციის დახმარებით მუდმივი აერცვლის უზრუნველყოფა, რისი საშუალებითაც ხდება მუდმივი სინამისა და ტემპერატურის უზრუნველყოფა. ნედლეულის შენახვისას აუცილებელია ტენიანობის და ჰაერის ტემპერატურის კონტროლი, იატაკის და კედლების სინესტის შემოწმება.

სათავსოს განიავებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტემპერატურის უეცარ დაქვეითებას შეიძლება მოჰყვეს ზედმეტი დატენიანება ცივი ჰაერის გამო წვეთების სახით, რაც ილექება ნედლეულის ზედაპირზე, იწვევს მის დატენიანებას.

წვიმიან ამინდში არ არის რეკომენდებული შესანახი სათავსოს განიავება. განიავება მიზანშეწონილია, თუ გარეთ ჰაერი უფრო მშრალია, ვიდრე სათავსოში. მაღალი ტენიანობა ნედლეულში იწვევს მოქმედი ნივთიერებების რაოდენობის შემცირებას, განსაკუთრებით გლიკოზიდების და ალკალოიდების. განსაკუთრებით უარყოფითია მომატებული ტენიანობის გავლენა მიწისქვედა ორგანოებსა და ყვავილებზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს სათავსოს სწორ განათებას ნედლეულის შენახვისას. მზის სხივების პირდაპირი მოქმედებით მიმდინარეობს პიგმენტების დაშლა (ქლოროფილი, კაროტინოიდები, ანტოციანიდები). მცენარეთა მწვანე ნაწილები ფერს იცვლის, მუქდება, ქრება ყვავილების ნათელი ფერები, ნედლეული კარგავს სასაქონლო სახეს. სიბნელეში კი იქმნება საუკეთესო პირობები სვადასხვა მავნებლების განვითარებისათვის, ამიტომ აუცილებელია სმნ შესანახ სათავსოში ბუნებრივი განათება, თუმცა დაუშვებელია ნედლეულში პირდაპირი მზის სხივების მოხვედრა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო მცენარეული ნედლეულის შესანახი შენობის სანიტარულ მდგომარეობას და კეთილმოწყობას. ის უნდა იყოს სუფთა, მშრალი, დაცული მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან, შესაძლებელია იყოს განიავება, არ იყოს დაბინძურებული ბეღლის მავნებლებით და ტემპერატურა იყოს არაუმეტეს 10-120С.

ნედლეული ინახება ნორმატულ ტექნიკური დოკუმენტაციის (ნტდ) მოთხოვნის შესაბამისად. უმჯობესია დაუწვრილმანებელი ნაწილების შეფუთული სახით შენახვა. ასეთ მდგომარეობაში ძნელად ფუჭდება. ადვილია დაკვირვება ვარგისობაზე და ჰიგროსკოპული ნედლეული ნაკლებად ითვისებს სინესტეს. ჰიგროსკოპული ბალახები, ფოთლები და ნაყოფები ინახება მინის ან მეტალის ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით. ეთეროვანი ზეთების შემცველი ნედლეული უნდა იყოს იზოლირებული და კარგად შეფუთული.

ალიოშა ბაკურაძე, დალი ბერაშვილი.
სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დამზადების საფუძვლები

თქვენი რეკლამა