მუშმულა – გამორჩეული ხილი, რომლის ნაყოფიც სავსეა ვიტამინებით

მუშმულა

მუშმულა ანუ იაპონური ზღმარტლი (ლათ. Eriobothrja japolica) – მარადმწვანე სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარეა, რომლის სამშობლო ჩინეთია.

ნაყოფს მრგვალი, ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვს, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი გემოთი. იაპონური ზღმარტლი მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს, რომლის სიმაღლე 6,0-7,0 მ აღწევს.

მუშმულა სუბტროპიკული ლამაზი დეკორატიული მცენარეა. მრავლდება თესლით და მყნობით. იგი მდიდარია A, D, B,E,C ვიტამინებით, ასევე შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, თუთია და სხვა. შაქრებს – -ფრუქტოზა, საქაროზა. ორგანულ მჟავეებს-ლიმონისა და ვაშლის მჟავას. ფიტონციდებს და მთრიმლავ ნივთიერებებს.

მუშმალას დამახასიათებელი ბიოლოგიური თავისებურებაა, გვიან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ყვავილობა (ნოემბერი-დეკემბერი-იანვარი), მცენარე საკმაოდ ყინვაგამძლეა, იტანს -140C-160C.

ნაყოფი მწიფდება ყველაზე ადრე მაის-ივნისში, როდესაც ხილი თითქმის არ არის შემოსული, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ კულტურისადმი ინტერესს, რბილობი წვნიანია, მომჟავო-მოტკბო გემოთი. ნაყოფში 1-4 – მდე მსხვილი მუქი-ყავისფერი თესლია.

ნიადაგის მიმართ მუშმულა არ არის დიდი მომთხოვნი, მაგრამ უკეთესად ვითარდება სტრუქტურულ, საკმაოდ ტენიან ნიადაგებზე. მუშმულას დასარგავად უნდა შეირჩეს თბილი და ქარისაგან დაცული ნაკვეთი. კარგია დარგვა შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, 6X6 მ კვების არით.

საოცარი შემადგენლობა აქვს არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ მუშმალას ფოთლებსაც. მათ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მუშმალას ფოთლებისგან დამზადებული ნაყენები და ნახარშები დიარეას, ასთმას, ბრონქიტებსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებებს კურნავს. აწესრიგებს სისხლში შაქრის რაოდენობას და შიმშილობის გრძნობას გაკარგვინებს. მოკლედ, რომ ვთქვათ მუშმალა დიეტური პროდუქტია.

  1. ებრძვის სურდოსა და გრიპს;
  2. კუჭ-ნაწლავს წმენდს შხამებისა და ტოქსინებისგან;
  3. აუმჯობესებს მხედველობას;
  4. აუმჯობესებს თირკმლების ფილტრაციის უნარს, ხსნის დისფუნქციის სიმპტომს;
  5. ებრძვის შაქრიან დიაბეტს (მისი ფოთლები შეიცავს ნივთიერება ტრიტერპენს და პოლისაქარიდს, რომლებიც სისხლში ინსულინის გამომუშავებას უწყობენ ხელს);
  6. მუშმალას გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს კანს ბაქტერიებისგან, ეხმარება უჯრედების განახლებას. ეფექტურია გულისრევის შეგრძნების დროს;
  7. თაფლთან შერეული რბილობი აუმჯობესებს სუნთქვას, ასუფთავებს ფილტვებს, საუკეთესოა გულისთვის და ხანგრძლივი ხველის დროს.

მუშმალის ნაყოფისგან ამზადებენ სპირტიან ნაყენს, ბრონქული ასთმისა და სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, ნაზავი ამსუბუქებს ხველებას, გამოდევნის სისველეს თირკმლებიდან, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. 5 ცალი მუშმალა კურკებიანად კარგად დაჩეჩქვეთ, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი თაფლი და 100 გრამი სპირტი ან ძლიერი არაყი, კარგად აურიეთ და ერთი კვირის განმავლობაში ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში შეინახეთ. შემდეგ ნაზავი გადაწურეთ და მიიღეთ 30 გრამი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

ავტორი: ლალი გოგინავა
„ელკანას” რჩევები ბიომეურნეებს.

*სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ აგრეთვე: მუშმულა – დარგვა, მოყვანა, გამრავლება, ჯიშები

თქვენი რეკლამა