სამარხი თეთრყურძნიანი, ხარისხიანი სასუფრე ვაზის ჯიშია, შენახვისა და ტრანსპორტირების კარგი უნარით.
წარმოშობა: გურია
სახელწოდება შერქმეული აქვს შენახვის განსაკუთრებული უნარის გამო. გარეგნული და გემური თვისებებიდან გამომდინარე სამარხი ხარისხიან სასუფრე ყურძნის ჯიშად ითვლება. გააჩნია შენახვისა და ტრანსპორტირების კარგი უნარი.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსურ ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური, თეთრი ფერის, საკმაოდ სქელი და მკვრივკანიანი, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. გემო – სასიამოვნო და ტკბილი.
სამარხი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 192 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19. 5% , ხოლო მჟავიანობა – 8.8 გ/ლ-ს.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე: მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში