ღვედკეცი (ლათ. Periploca Graeca L) Asclepiadaceae-ს ოჯახში შედის. მხვიარა (ლიანა) ბუჩქია 30 მეტრამდე სიგრძის ღეროთი.
ღვედკეცი გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მეტად იგი მდ. ალაზნის ჭალებშია, დასავლეთში კი კოლხეთის დაბლობის ტყეებში იზრდება.
მის მოპირისპირედ განწყობილი ფოთლები კვერცხისებრ ლანცეტა ან ლანცეტა ელიფსურია, ხეშეში, ზემოდან უფრო მუქი მწვანე, ქვემოდან კი მკრთალი, ფოთლების კიდეები დაუკბილავია.
მომწვანო-იისფერი ყვავილები ნახევარქოლგისებრ ყვავილედებშია შეკრებილი და მაის-ივნისში იშლება. ყვავილედის საერთო ღერო ფოთლის იღლიიდან ამოდის ტოტის კენწრულ ნაწილში. წყვილი რკალისებრი ნაყოფი ფოთლურაა, რომელიც არცთუ იშვიათად წვერში ერთმანეთთანა შეზრდილი, ძირში კი, ჩვეულებრივ, ერთმანეთთანაა მიახლოებული.
ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება და შიგნითა მხრიდან მთელ სიგრძეზე სკდება და ბეწვიანი მრავალი თესლი თანდათან გამოსცვივა და ქარის საშუალებით ვრცელდება. ზღვის დონიდან 400-500 მეტრზე მაღლა თითქმის არ გვხვდება. სიცივეს უერ იტანს, ტიპიური მეზოფიტია და ნესტიან ადგილებზე კარგად ხარობს.
ლამაზი ყვავილებითა და ხასხასა მწვანე ფერის გამო ფრიად მიმზიდველი მცენარეა, საუცხოო მასალაა ვერტიკალური გამწვანებისათვის ტენით უზრუნველყოფილ ადგილებში.
მედიცინაში ღვედკეცის ქერქს იყენებენ, რომელსაც ადრე გაზაფხულზე, წვენის მოძრაობის დაწყებისთანავე ამზადებენ. იგი საგულე საშუალება გლიკოზიდ პერიპლოცინს შეიცავს, რომელიც სტროფანტინის მსგავსად გულის უკმარობისას გამოიყენება სისხლის მიმოქცევის მოშლის მძიმე მდგომარეობის დროს.
პერიპლოცინის თერაპევტული ეფექტი პულსის ცემის რიცხვის შემცირებაში, გულის კუმშვის გაძლიერებაში, სისხლის მიმოქცევის დაჩქარებაში, სულის ხუთვის შეგრძნების შემცირებასა და დიურეზის (შარდდენის) გადიდებაში გამოიხატება.
ღვედკეცის ქერქის ნაყენიც იმავე დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება, რისთვისაც პერიპლოცინს იყენებენ. სტროფანტინისაგან განსხვავებით პერიპლოცინი უფრო ხანმოკლე დროის განმავლობაში მოქმედებს.
პერპიპლოცინს გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარობის II-III სტადიაზე იყენებენ. აღინიშნება საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება. მცირდება სულის ხუთვის შეგრძნება, გულის ცემა, ხელს უწყობს ძილის აღდგენას. მკურნალობის დაწყებიდან 8-12 დღის შემდეგ ბევრ შემთხვევებში ქრება ციანოზი (სისხლის მიმოქცევის მოშლით გამოწვეული სილურჯე, კანის და ლორწოვანი გარსის გალურჯება). კლებულობს შეშუპება, მცირდება პულსის სიხშირე და დეფიციტი.
მოციმციმე არითმიის დროს ტაქტიკარდიის ინტენსივობა მცირდება.
არტერიული წნევა ჩვეულებრივ, ცოტათი იზრდება (სინდიყის სვეტის 20 მმ-მდე). არტერიული წნევის ნორმალიზება თან ახლავს საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, გულის კომპენსაციის აღდგენას. ამავე დროს, როგორც ზემოთ აღინიშნა, სისხლის მიმოქცევის სისწრაფეც იზრდება.
ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.