შავი მოცხარი (Ribes Nigrum L.) – სამკურნალო თვისებები

მოცხარი, სამკურნალო

შავი მოცხარი (ლათ. Ribes Nigrum L.) 1,5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, 3-5 ნაკვთიანი სურნელოვანი ფოთლებით, რომელნიც ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი უფრო მკრთალი, ძარღვების გაყოლებით ბუსუსიანი.

ყვავილები მოწითალო რუხია, ფართო ზარისებრი, სიგანეში 1 სმ-მდე, შეკრებილია თავჩაქინდრულ მტევნად, ნაყოფები შავია, იშვიათად შავი-მონაცრისფრო, ბურთისებრ მრგვალი.

ყვავის მაის-ივნისში, ზოგან უფრო ადრეც. ნაყოფები შეიცავს შაქრებს,  თავისუფალ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, ღვინის),  პექტინურ ნივთიერებებს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, P, B1 და A ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით.

ამ მხრივ იგი მხოლოდ ასკილსა და აკტონდიას ჩამორჩება, ნაყოფები იჭმება ხილად, აგრეთვე ხარშავენ მურაბას, ხილფაფას, კისელს, კომპოტს და ამზადებენ გამაგრილებელ სასმელებს.

მაღალ ტემპერატურაზე ვიტამინი C იშლება, ამიტომ შესანახად შაქრის ფხვნილში ურევენ და ისე ინახავენ, ნაყოფებს ტემპერატურული დამუშავების გარეშე. 

შავი მოცხარის ნაყოფები და ფოთლები გამოიყენება ავიტამინოზის დროს. ხალხურ მედიცინაში ნაყოფებს იყენებენ ოფლმდენ, კუჭაშლილობის საწინააღმდეგო და შარდმდენ საშუალებად, ფოთლებს კი რევმატიზმის სამკურნალოდ, ოფლმომგვრელად, დიათეზის საწინააღმდეგოდ.

შავი მოცხარის ნაყოფს იყენებენ აგრეთვე სისხლნაკლულობის, მადის მოსაგვრელად, ხველების დროს. ხალხურ მედიცინაში შავი მოცხარის ნაყოფებისა და ფოთლების გამონახარშს იყენებენ ხველების, ჰიპერტონიის, რევმატიზმის წინააღმდეგ, აგრეთვე როგორც ოფლმომგვრელ და შარდმდენ საშუალებას.

ფოთლებისა და კვირტების ნაყენი გამოიყენება როგორც სუსტი გამხსნელი, სიყვითლის და სისხლნაკლულობის საშუალება. ზოგჯერ ნაყოფების, ფოთლების და ქერქის ნაყენს იყენებენ ნივთიერებათა ცვლის მოშლის, გაციებისა და ყივანა ხველის, საშარდე ბუშტის დაავადების და თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ. კუჭის წყლულის დროს ნაყოფების წვენს სვამენ.

შავი მოცხარის ფოთლებს, კვირტებს და ნაყოფებს, ეთერზეთთან ერთად, დეზინფექციის თვისებები გააჩნია, ფოთლებისა და ნაყოფების პრეპარატი სპობს დიზენტერიის ჩხირებს.

შავი მოცხარის, ჟოლოს და მოცვის ფოთლები ასკილის ნაყოფთან ერთად ვიტამინის კომპლექსის შემცველობისაა. ამიტომ იგი საუკეთესო საკვებად ითვლება ადრე გაზაფხულზე ავიტამინოზის დროს.

mockhari-smorodinyi-chernoy-92

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ აგრეთვე: შავი მოცხარი – დარგვა, გამრავლება, გასხვლა-ფორმირება

თქვენი რეკლამა