ჰემშინური ჯიშის ცხვარი საქართველოში

ჰემშირული, ცხვარი, აჭარაში

მოკლე ისტორიული ცნობები საქართველოში მოშენებული და გადაშენების პირას მდგარი ცხვრის ზოგიერთი ჯიშის შესახებ.

საქართველოს მეცხოველეობის და კერძოდ, მეცხვარეობის ისტორიის სათავეების კვლევის საქმეში უდიდესი როლი ეკუთვნის ახალი ქართული მეცნიერული ისტორიოგრაფიის ფუძემდებელს აკად. ი. ჯავახიშვილს და პროფ. მ.  რჩეულიშვილს. მათ გარკვეულ სინთეზში წარმოაჩინეს ბიოლოგიის, არქეოლოგიის, ისტორიისა და ზოოტექნიკური მეცნიერების მიღწევები და მათი მონაპოვარი მეცნიერული კვლევის ძირითადი დებულებებით მიუსადაგეს საქართველოში ცხვრის ჯიშების გენეზისის და მეცხვარეობის განვითარების ისტორიის საკვანძო საკითხებს.

აკად. ი. ჯავახიშვილის მიერ დადგენილია, რომ ქართველი ტომები უძველესი დროიდან მისდევდნენ მსხვილი და წვრილი რქოსანი პირუტყვის მოშენებას. ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე (მცხეთა-სამთავრო-არმაზი, კოლხეთი, დმანისი და სხვ.) ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები მოწმობს აქ ძლიერ განვითარებული მეცხვარეობის არსებობას.

პროფ. მ. რჩეულიშვილი გადმოსცემს, რომ საქართველოში მეცხოველეობის განვითარების ისტორია არ ამოიწურება მარტო იტორიული საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი მატერიალური მასალებით, და რომ, მისი ფესვები უნდა ვეძიოთ, უფრო მეტად სამხრეთით და შესაძლებელია, აღმოსავლეთითაც კი. ამდენად, საქართველოს მეცხვარეობის განვითარების ისტორია განხილულ უნდა იქნეს მთლიანი ამიერკავკასიისა და ჩრდილოეთკავკასიის მონაცემებთან კავშირში. საკუთარი მოსაზრებების გასამაგრბლად პროფ. მ. რჩეულიშვილი იმოწმებს პროფ. ბ. პიოტროვსკის, ურარტუს მეფეების – არგიშტის, მენუისა და  სარდურის, არგიშტის შვილის მატიანეებს, ჩრდ. კავკასიაში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების მონაცემებს (კ. სკალონი), რომლებიც ადასტურებენ მთლიანად კავკასიაში მეცხოველეობის სხვა დარგებთან შედარებით მეცხვარეობის უპირატეს განვითარებას.

ჰემშირული, ცხვარი, აჭარაში

საქართველოს მეცხვარეობის განვითარების შესახებ ძვირფას ცნობებს გვაწვდის მე-18 საუკუნის ცნობილი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი. მისი მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში მეცხვარეობის განვითარების მასტიმულირებელი ფაქტორი ყოფილა ალპური და ზამთრის საძოვრების დიდი ფართობების არსებობა.

ვახუშტის აღწერით, აღმოსავლეთ საქართველოში ცხვრის ყველაზე მცირე სულადობა ყოფილა მთიულეთში, კახეთში (თელავი, ყვარელი, გურჯაანი, ლაგოდეხი, აგრეთვე თანამედროვე ჯავის რაიონი, სურამის შემოგარენი და ქციაზე (ბორჯომი). უდიდეს განვითარებას მეცხვარეობამ მიაღწია (იმჟამად არსებული ადმინისტრაციული დაყოფით) – კაჭრეთის, საგარეჯოს, გარეუბნის (თბილისის), გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის და სხვა რაიონებში. მეცხვარეობა მნიშვნელოვნად იყო განვითარებული ასევე მთელს ქართლში, ჯავახეთში, თრიალეთში, მესხეთში, აგრეთვე უძველესი სამხრეთ საქართველოს რაიონებში.

ჰემშირული, ცხვარი, აჭარაში

საქართველოში ოდითგანვე ცნობილი იყო იმერული (უძველესი კოლხური ცხვრისაგან მიღებული) და თუშური ჯიშის ცხვარი.

თუშური ცხვრის მეტიზაციის პერიოდში ჩამოყალიბდა ორი ახალი ერთგვაროვანმატყლიანი ჯიშის ცხვარი: ქართული ნახევრადნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი (ჯიშის ავტორი პროფ. ა. ნატროშვილი) და ქართული ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი (ჯიშის ავტორი ზოოტექნიკოს-სელექციონერი ივ. ბაძოშვილი). თუმცა, უნდა აღინიშნოს , რომ ეს ჯიშები გადაშენების პირასაა და რამოდენიმე ეგზემპლარი მოძიებულ იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ და მათი აღდგენა-მოშენება მიმდინარეობს.

ჰემშირული, ცხვარი, აჭარაში

გარდა აღნიშნული ჯიშებისა, სულ ახლო წარსულში წარმატებით შენდებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჰემშინური ჯიშის ცხვარი. ეს ჯიში ქართული არაა და მეცნიერთა მიერ ღრმა მეცნიერული კვლევები არაა ჩატარებული (თუ არ ჩავთვლით აკად. მ. რჩეულიშვილის ამ ჯიშის მოკლე ექსპედიციურ შესწავლას). მ. რჩეულიშვილის გადმოცემით ეს ჯიში შემოუყვანიათ თურქეთიდან (ხოფა და რიზე) ბათუმსა და ქობულეთში გადმოსახლებულ მოსახლეებს (ეს უკანასკნელნი კი 300-400 წლის წინ გადმოუსახლებიათ ერზრუმიდან და ბაღდადიდან).

მ. რჩეულიშვილის ექსპედიციური შესწავლით ამ ჯიშის ნერბების სიმაღლე მინდაოში შეადგენს 64,95 სმ-ს, ხოლო ტანის ირიბი სიგრძე მინდაოს სიმაღლის 102,2%-ის ტოლია. გულმკერდი კარგად აქვს განვითარებული, მაგრამ ამ მაჩვენებლით ჩამორჩება თუშურისა და კავკასიაში მოშენებულ ცხვრის ჯიშებს.

ჰემშირული, ცხვარი, აჭარაში

ვერძები ხასიათდებიან კარგად განვითარებული სპირალური რქებით. რქების მოყვანილობით ჰემშინური ჯიშის ვერძები ეთანაბრება თუშურის, ვოლოშურის, კივირჯინულის(ანატოლია) და ცაკელის ჯგუფის სხვა ჯიშების რქების ფორმებს.

ცხიმკუდის სიგრძე საშუალოდ შეადგენს 38,7 სმ-ს და ანუ 59,6%-ია მინდაოს სიმაღლესთან. ზოგიერთ ინდივიდებში ცხიმკუდის სიგრძე აღწევს ჩლიქებამდეც კი, მაგრამ მიწას არასდროს არ ეხება, როგორც ესაა მაგალითად ვოლოშურ ცხვრებში. ცხიმკუდის ცხიმოვანი ნაწილი ოვალური ფორმისაა, სხვადასხვა ვარიაციებით და შეადგენს საშუალოდ 19,4 სმ-ს. რაც შეეხება ცხიმკუდის მჭლე ნაწილს, საშუალოდ შეადგენს 20,5 სმ-ს და ოდნავ გრძელია ცხიმოვანი ნაწილზე.

ჰემშინური ცხვრის მატყლი გრძელი და უხეშია. გარეგანი შესახედაობით მატყლი ძალიან წააგავს თუშური ცხვრის „ჯოხარის“, ხოლო შედარებით უხეში ბოჭკოების ნაზი ვარიაციებისა „ფამფარას“ ტიპს.

ცხვრის საერთო შესახედაობითა და მატყლის აგებულებით ჰემშინური ჯიშის ცხვარი ძალიან წააგავს ვოლოშურს, რაც მის გენეტიკურ წარმომავლობაზე მიუთითებს.

გაზაფხულზე ნერბების ცოცხალი მასა საშუალოდ შეადგენს 36, 87 კგ-ს.

ჰემშირული, ცხვარი, აჭარაში

როგორც ვთქვით, ჰემშინური ჯიშის ცხვარზე ღრმა მეცნირული შესწავლა არ ჩატარებულა და ეს ის მწირი მონაცემებია რაც ჩვენს მიერ იქნა მოპოვებული, და, რაც შესწავლილი აქვს პროფ. მ. რჩეულიშვილს.

2015-17 წწ-ში, როდესაც აჭარის ხშირი სტუმარი ვიყავი (გ. ბეღელური), ვაკვირდებოდი სოფლებში მეცხვარეობის მდგომარეობას. ჩვენდა სამწუხაროდ მხოლოდ ორ ადგილას ვნახე ჰემშინური ცხვარი: ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფ. დანისპარაულში და წავაწყდი საუკეთესო სულადობას, საზაფხულო საძოვრებიდან გადმორეკვისას აჭარის მკვიდრის, ფერმერ ხოზრევანიძის 100 სულიანი საუკეთესო ფარას. ბატონი ხოზრევანიძე ეკოემიგრანტია და საზამთროდ ცხვარი გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაჰყავდა. ჩვენდა სამწუხაროდ მასაც გაუყიდია მთლიანი სულადობა და ვინ იცის რომელ სასაკლაოზე აღმოჩნდა ეს საუკეთესო სანაშენო მასალა.

გ. ბეღელური, სოფლის მეურნეობის დოქტორი
ჯ. ლოლაძე, სპეციალისტი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი

გამოყენებული ლიტერატურა:

პაიკიძე თ., ბეღელური გ., აბულაშვილი მ. მოკლე ცნობები მეცხვარეობის განვითარების ისტორიიდან საქართველოში. საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი. შრომათა კრებული, ტ. LXIV, თბილისი, 2004 წ. Рчеулишвили М. Д. К истории овсеводства Грузиию. Тб., 1953 г.;

იხილეთ აგრეთვე: იმერული ცხვარი მსოფლიო გენოფონდის ნაწილია

თქვენი რეკლამა