ერთდროულად სასარგებლო და გემრიელი, იასამნისფერი და წითელი კარტოფილის მოყვანა ახალციხელმა ფერმერმა ზურაბ სადათიერაშვილმა 2019 წელს დაიწყო. ამბობს, რომ უხვმოსვლიანი სახეობები არ არის, თუმცა მათი სასარგებლო თვისებები მათივე ღირებულებას განსაზღვრავს და ჩვეულებრივ თეთრ კარტოფილზე ბევრად მეტი ღირს.
მეკარტოფილეობას ზურაბ სადათიერაშვილმა 12 წლის წინ დაიწყო. ყოველწლიურად, დაახლოებით, 6 ჰექტარზე თესავს კარტოფილს, მოსავალს კი ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.
ორი წლის წინათ გადაწყვიტა ყანის ნაწილი ფერადი კარტოფილისთვის დაეთმო. დაახლოებით 30 მეასედზე დათესა იისფერი და წითელი კარტოფილი და ამბობს, რომ კმაყოფილია: „ვკითხულობდი ამ კარტოფილზე, ვნახე, რომ დიეტურია, აფერხებს დაბერების პროცესს, ამცირებს ათეროსკლეროზს და მისი სასარგებლო თვისებების გამო დავინტერესდი. თესლის შემოტანა სხვა ფერმერებმაც მთხოვეს და დავიწყეთ მოყვანა. ორი სხვადასხვა ფერის კარტოფილი მომყავს, წითელი და იასამნისფერი. თვისებებით ორივე, თითქმის, ერთნაირია და თეთრი კარტოფილისგან განსხვავდება.“
როგორც ზურაბი ამბობს, ასეთი ფერადი კარტოფილი ჯერ სამცხე-ჯავახეთში პოპულარული არ არის, ამიტომ ძირითადად თბილისში აბარებს. ეს სახეობები უხვი მოსავლიანობით არ გამოირჩევა. მაგალითად, შარშან 10 მეასედიდან 3 ტონა კარტოფილი მიიღო.
„გასულ წელს, 10 მეასედზე მეთესა და 3 ტონამდე მოსავალი მივიღე, თეთრი რომ დამეთესა მივიღებდი 5 ტონას, მაგრამ ფერადს ფასი მეტი აქვს. თუ თეთრი კილოგრამი 80 თეთრი ღირს, იისფერი კარტოფილი ჩემგან კილოგრამი 3-4 ლარად მიაქვთ, თავად კი 6-7 ლარად ყიდიან“.
ფერმერი ამბობს, რომ ფერადი კარტოფილის ორივე სახეობა გემოვნური თვისებებით ერთნაირია, თუმცა მისი გემოვნება დამოკიდებულია დანიშნულებაზე: „რომელი კერძისთვის ვიყენებთ კარტოფილს, ესაა მთავარი. მაგალითად, თუ შესაწვავად არის საჭირო, თეთრიც და ფერადიც გემრიელია. რაც შეეხება სალათებს, იქ ფერადი კარტოფილი უფრო ლამაზია და დეკორაციული, ასევე შეიძლება იასამნისფერი და წითელი პიურეს მომზადებაც. ჩვენ ოჯახში ორივე სახეობას ვიყენებთ“.
ფერადი კარტოფილის დათესვა და გამოყენება საქართველოში რამდენიმე წელია დაიწყეს, სამცხე–ჯავახეთში ერთეული ფერმერი თესავს, მცირე ტერიტორიაზე. ზურაბ სადათიერაშვილის თქმით, იისფერმა კარტოფილმა ჯერ პოპულარობა ვერ პოვა. მთელს მსოფლიოში ის მხოლოდ 1% ითესება და ძირითადად სარესტორნო ბიზნესი მოიხმარს. თეთრი კარტოფილის უფრო მოსავლიანია და შესაბამისად, მისი მოხმარებაც მეტია – 99%.
„ფერადი კარტოფილის რეალიზაცია ცოტა ჭირს, მარტივად არ გადის ბაზარზე. ზოგჯერ ფერმერები მირეკავენ, კითხულობენ და ვატან, თუმცა თესლის ნახვა არ ჭირს, უცხოეთიდან შემოდის ძირითადად სათესლე მასალა და შეძენა შესაძლებელია. არა მგონია, რომ სამცხე-ჯავახეთში მასობრივად დაიწყონ ასეთი კარტოფილის დათესვა. შარშან რამდენიმე ფერმერმა წაიღო ჩემგან თითო ტომარა, ზოგს ვაჩუქე, ზოგმა იყიდა და შეიძლება ამათ ჰქონდეთ ახლა“.
ასეთ ფერად კარტოფილს ძირითადად იყენებენ ის ადამიანები, რომლებსაც სპეციფიკური დიეტა ესაჭიროებათ.
– იგი არ შეიცავს სახამებლის დიდ რაოდენობას შესაბამისად, რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის მქონდე ადამიანებისთვის და სიმსუქნისკენ მიდრეკილებისათვის.
– იასამნისფერი კარტოფილი დიდი რაოდენობით კაროტინოიდებს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ამ კარტოფილის გამოყენება კარგია ვირუსების პერიოდში, რადგან მასში ისეთი ნივთიერებები შედის, რომლებიც იმუნიტეტსაც აძლიერებს და ორგანიზმის ცხოველქმედებასაც უწყობს ხელს.
– ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, იასამნისფერი ან ვარდისფერ კარტოფილი, ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლძარღვების კედლების გამაგრება. გარდა ამისა, ამცირებს ათეროსკლეროზის და ონკოლოგიური დაავადების გაჩენის რისკს.
– ასეთ კარტოფილში შემავალი ანტოციანები აფერხებს ადამიანის ორგანიზმში დაბერების პროცესს. იასამნისფერი კარტოფილი ხელს უწყობს წონაში კლებას, არეგულირებს წნევას და აუმჯობესებს მხედველობას.
– იასამნისფერი კარტოფილი თავისი შემადგენლობით განსხვავდება და ორგანიზმის განახლებას, მასში ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გააქტიურებას უწყობს ხელს.
„ეს არაჩვეულებრივი კარტოფილია. აქამდე ჩვენ ვხვდებოდით მხოლოდ გარედან იასამნისფერ კარტოფილს, ოღონდ შიგნიდან იყო თეთრი. ამ კარტოფილს კი რომ გაჭრი, შიგნიდანაც იასამნისფერია. პიურეც კი ფერადი გამოდის“, – ამბობს ზურაბ სადათიერაშვილი.
ფერმერი გამოირჩევა განსხვავებული ბოსტნეულის საცდელი მოყვანით. ამბობს, რომ გასულ წლებში მაგალითად ფერად სტაფილოებს თესავდა.
„მეთესა იასამნისფერი სტაფილო. ესეც გემრიელი და საინტერესო იყო, ასევე თეთრი, სტაფილოსფერი და წითელი სტაფილოებიც მქონდა, მაგრამ შემდეგ შევწყვიტე მოყვანა, იმიტომ, რომ არ იყო კონკრეტული მომხმარებელი, სადმე რომ ჩამებარებინა“.
მომავალში, ზურაბ სადათიერაშვილი მეურნეობის გაფართოებასა და ფერადი კარტოფილის უფრო დიდ სექტორზე მოყვანას გეგმავს.
თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე.