ნუში (Prunus dulcis, სინონიმი: Prunus Amygdalus) მრავალწლოვანი კაკალ ნაყოფიანების (Tree nuts) სამეურნეო ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელიც ბოტანიკური და მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით კურკოვნების ჯგუფს მიეკუთვნება და გენეტიკურად გაცილებით ახლოს დგას ატამთან, ვიდრე ისეთ ტრადიციულ კაკლოვან კულტურებთან, როგორიცაა კაკალი, თხილი, ფსტა, პეკანი და წაბლი.
ბუნებრივ ეკოსისტემებში ნუში წარმოადგენს საშუალო სიმაღლის (3-6 მეტრი) 20 – 30 -სმ დიამეტრის შტამბის მქონე მრავალწლოვან ფოთოლმცვივან ხეს ან ბუჩქს, რომელიც ინტენსიურად ივითარებს დედატოტებს და შემმოსავ ტოტებს. ხე ნაყოფების მოცემას იწყებს 3-5 წლის ასაკიდან, მოსავლიანობის პროდუქტიული პერიოდი 30-40 წელს შეადგენს, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა 100-120 წელს აღემატება.
ნუში ჩვენს ქვეყანაში უძველესი დროიდან არის ცნობილი, ისტორიული წყაროები ადასტურებენ რომ ნუშის ხე საქართველოს ბაღების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო. ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში – „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ სხვა ხილთან ერთად ნუშსაც ახსენებს: „ხოლო ხილი წალკოტთა მრავალნი, ნარინჯი, თურინჯი, ლიმონი, ყაისი, ჭერამი, ალუჩა, ტყემალი, ნუში, უნაბი, თუთა, .. “.
ნუშს საქართველოში იყენებდნენ როგორც ნედლად მოსახმარად, ასევე როგორც სამზარეულოს და კულინარიის ერთ-ერთ აუცილებელ ინგრედიენტად. მისგან ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ტკბილეულს, მათ შორის ჩურჩხელას და სხვ.
წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ