საძოვრის მთელი ტერიტორია იყოფა უბნებად, რომელზედაც უნდა მიემაგროს გარკვეული ნახირი ან ფარა.
სასურველია ბანაკთან ახლო მდებარე ნაკვეთები გამოყოფილი იქნას 5-6 თვის ასაკის მოზარდებისათვის, მაწოვარა და მაკეობის მეორე ნახევარში მყოფი დედებისათვის, მაღალპროდუქტიული ფურებისათვის.
უბანი თავის რიგად, იყოფა ნაკვეთებად. გაძოვება მათზე განსაზღვრული მორიგეობით და თანმიმდევრობით ხდება და უკვე გაძოვნილ ნაკვეთში დაბრუნება ბალახის აღმოცენებამდე არ შეიძლება. თითოეული ნაკვეთის გაძოვება შეიძლება მოხდეს 3-5 ჯერ (დამოკიდებულია რაიონზე და ბალახის აღმოცენების ინტენსივობაზე).
ნაკვეთმორიგეობითი ძოვება თავისუფალ უწესრიგო გაძოვებასთან შედარებით უფრო ეფექტურია, ვინაიდან ზრდის საძოვრის პროდუქტიულობას 25-30 %-ით. საერთოდ ტერიტორიის დაყოფა ნაკვეთებად დამოკიდებულია ამა თუ იმ რაიონის კლიმატურ პირობებზე.
ნაკვეთმორიგეობით ძოვებას თავისი უპირატესობა აქვს ვეტერინარულ-სანიტარული თვალსაზრისითაც. ამ დროს ავადმყოფი ცხოველების გამონაყოფები, თუ ასეთები საერთოდ ნახირში აღმოჩნდნენ, გროვდებიან განსაზღვრულ ნაკვეთზე და, მაშასადამე, ინფექცია და ინვაზია აღარ გავრცელდება მთელი საძოვრის ფართობზე.
აუცილებლობის დროს, დაავადებული ნაკვეთი შეიძლება ამოღებული იქნას საძოვრიდან და იზოლაცია გაუკეთდეს მას ისე, რომ არ დაირღვეს საძოვრის ბრუნვის მსვლელობა. მზის სხივები, ქარი, გაშრობა და სხვა იმოქმედებენ სენმოდებულ ნაკვეთზე მყოფ მავნე აგენტებზე, რაც, ზოგ შემთხვევაში, სრულიად საკმარისია მათი მთლიანი მოსპობისათვის.
ნაკვეთმორიგეობითი სისტემა კარგი საშუალებაა პარაზიტულ ჭიებთან ბრძოლის საქმეში. ავადმყოფი ცხოველების განავალში გამოყოფილი ჭიის მურები 5-6 დღის შემდეგ იძენენ ინვაზიურობას და შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში ცხოველების დაინვაზირება.
ამრიგად, დაავადების ასაცდენად ცხოველები უნდა მოვაცილოთ დასნებოვნებულ ტერიტორიას არა უგვიანეს 5-6 დღეში და უკან დავაბრუნოთ არა უადრეს 1 წლისა.
ნაკვეთმორიგეობითი ძოვება საძოვრის ტკიპებისაგან გაწმენდისა და ძროხის პიროპლაზმოზებით დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.
თუ სოფელს ტკიპებისაგან თავისუფალი ტერიტორია არა აქვს, მაშინ სასურველია მთელი ტერიტორიის ორ ნაკვეთად დაყოფა. პირველ წელს საქონელი ძოვს ერთ ნაკვეთზე, მეორე ნაკვეთი იზოლირებულია. 7 თვის განმავლობაში ტკიპები მისიურად იღუპებიან შიმშილისაგან.
მეორე წელს, საძოვრული პერიოდის პირველ ნახევარში საქონელი იმყოფება მხოლოდ მეორე (ტკიპებისაგან გაწმენდილ) ნაკვეთზე. მესამე წელს საქონელი ძოვს მთელ ტერიტორიაზე.
ფურებისათვის ძოვების რეჟიმი ყალიბდება პირობებისდა მიხედვით დღეღამის საათების სწორად განაწილებით. ძროხა ბალახს ჭამს დაახლოებით 10 საათის განმავლობაში, ამიტომ მათთვის ძოვების უკეთეს დროდ უნდა ჩაითვალოს დილისა და საღამოს საათები.
შუდღის საათები, განსაკუთრებით სიცხესა და პაპანაქებაში, როდესაც ყველაზე მეტად დაფრინავენ ბუზანკალები, სისხლის მწოვარა ბუზები და მწერები, გამოყენებული უნდა იყოს დასასვენებლად. თუ ძლიერმა სიცხეებმა შეამცირეს ძოვების დრო, მაშინ უნდა შემოვიღოთ ღამის ძოვება.
ძროხების და ცხვრების ძოვებისას მწყემსი წინ უნდა მიუძღვოდეს გაშლილად მიმავალ ჯოგს, აწესრიგებდეს მის წინსვლას და თანდათან გადაყავდეს გაუძოვებელ ნაკვეთზე.
თავისუფალი ძოვება ეფექტურია. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის გამოყენებული უნდა იქნას საძოვარი ოდნავ ნესტიანი, ხშირი ნორჩი ბალახეულით დაფარული. ოდნავ სინესტე მათ ჩლიქებზე ისე არ მოქმედებს, როგორც ძლიერი სიცხე.
ძალზე საპასუხისმგებლოა ძოვება ზამთრის პერიოდში, როდესაც იყენებენ არა მარტო დაუფარავ, არამედ თოვლით დაფარულ საძოვრის მასივებსაც. უკანასკნელ შემთხვევაში ცხოველები იძულებული არიან მოიპოვონ (მოქექონ) თოვლის ქვეშ გასული წლის ბალახი. საკვების მოპოვების ასეთი უნარი აქვთ ცხენებს, ცხვრებს, უპირატესად აბორიგენულ ჯიშებს და მათი დაბალი გენერაციის ნაჯვარებს (ჰიბრიდებს).
კულტურული ჯიშები და მათი ნაჯვარები ცუდად იტანენ ზამთრის საძოვრული შენახვის მკაცრ პირობებს, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ რაიონში დაშვებულია ასეთი საძოვრების გამოყენება ნაზმატყლიანი ცხვრებისათვის.
ძროხის საძოვრად სამხრეთ რაიონებში იყენებენ თოვლით დაუფარავ საძოვრებს. ზამთრის საძოვრებზე მომთაბარეობისათვის შერჩეულ უნდა იქნეს ისეთი ცხოველები, რომლებსაც შეუძლიათ აიტანონ იქ არსებული კლიმატური პირობები. ამ მიზნით უვარგისია ხნიერი, ავადმყოფი, ცუდად გამოკვებილი და ჯანდაგი, სუსტი კონსტიტუციის, ჩლიქების ავადმყოფობით დაავადებული და აგრეთვე ინფექციურ დაავადებაზე არაკეთილსაიმედო მეურნეობებიდან გამოსული ცხოველები.
შერჩეული ცხოველები ექვემდებარებიან ვეტერინარულ-სანიტარულ და პროფილაქტიკურ დამუშავებას. ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე უნდა მოდიოდეს – 0,5 (მინიმალური) – 2,5 ჰექტარი საძოვარი.
ქეა საერთაშორისო კავკასიაში /ეკოლოგიურად უსაფრთხო მეცხოველეობა/.
იხილეთ აგრეთვე: საძოვრები – კულტურული საძოვრის მოწყობა და გამოყენება