ორპინგტონის ჯიშის ქათამი – პროდუქტიულობა, დადებითი და უარყოფითი მხარეები

ორპინგტონი, ქათმის, ჯიში

შინაური ქათმების სახორცე და საკვერცხე პროდუქტიულობის მახასიათებლები უმეტესად ურთიერთ საპირისპიროა. რაც უფრო მაღალია კვერცხის წარმოება, მით უფრო ნაკლები ხორცი მიიღება და პირიქით.

უნივერსალური ჯიში ამ ორი მახასიათებლის ოპტიმალური ბალანსის მატარებელია. ორპინგტონის ჯიშის შემთხვევაში, ქათამი კვერცხის კარგით წარმოებით გამოირჩევა და ამასთან კარგია მეხორცული მახასიათებლებითაც.

ორპინგტონის ჯიშის ქათმის ისტორია

ამ ჯიშის მოშენებაზე მუშაობა XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქალაქ ორპინგტონში (კენტის საგრაფო) დაიწყო.

ამ ჯიშის გამოჩენა მთლიანად სელექციონერის, უილიამ კუკის დამსახურებაა, მან მიზნად დაისახა ისეთი ჯიშის გამოყვანა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა ინგლისური მეფრინველეობის სტანდარტებს. სხვა საკითხებთან ერთად მისი ამოცანა იყო მასიური, არა ყვითელი, არამედ თეთრი კანის მქონე ფრინველის მიღება, რაც, ინგლისელი გურმანების თანახმად, უფრო შეესამებოდა გემრიელი ქათმის კონცეფციას.

ორპინგტონის ქათამს საფუძვლად დაედო იმდროინდელი რამდენიმე მოწინავე ჯიში, კერძოდ, პლიმუთოროკი, მინორკა და ლანგშანი. სელექციური შერჩევის საწყისი ეტაპი მინიმუმ 30 წელი გაგრძელდა, ჯიშის საბოლოო გამოყვანა კი თავად კუკის გარეშე მოხდა. მიუხედავად ამისა, იგი იყო ის, ვინც ამ  სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი შეასრულა.

მთლიანობაში, ორპინგტონის ჯიშის 11 ფერის სახესხვაობა მიიღეს.

ახალი ჯიშმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ბრიტანელ ფერმერებს შორის, რადგან მას კარგი პროდუქტიულობა და ორიგინალური გარეგნობა ჰქონდა.

ორპინგტონი, ჯიში, ქათამი

ორპინგტონის ჯიშის ქათმის აღწერა

ჯიშის გარეგნობის ყველაზე თვალსაჩინო თვისებაა ფრინველების მასიურობა. ამ ქათმებს ძალიან ძლიერი კონსტიტუცია კუბისმაგვარი სხული აქვთ, რომელი უხვი ბუმბულითაა დაფარული.

ორპინგტონს აქვს პატარა მომრგვალო თავი, რომელიც მამლების შემთხვევაში სწორმდგომი ფოთლისებური ქედით მთავრდება. ძლიერი ოდნავ მოხრილი კისერი, ზურგი გრძელი და ძალიან ფართოა, დაკუნთული. გულმკერდიც უჩვეულოდ ძლიერი და ფართოა. ფრთები მოკლეა.

ორპინგტონის ჯიშის პროდუქტიულობა

იმის გამო, რომ ორპინგტონის უნივერსალურ ჯიშია, ხორცისა და კვერცხის პროდუქტიულობის მაჩვენებლები კარგია, თუმცა თვითეული ისე გამორჩეული არაა, როგორც უფრო სპეციალიზებულ ჯიშებში.

მიმოხილვების თანახმად, ორპინგტონი ძალიან სწრაფად არ იზრდება, მაგრამ სამაგიეროდ მათ შეუძლიათ სოლიდურ წონას მიაღწიონ: ზრდასრული ქათმის წონა საშუალოდ დაახლოებით 3-4 კგ-ია, მამლის – 4-5 კგ.

კვერცდებაც საკმაოდ ნორმალურია, თუმცა გამორჩეული არ არის. კვერცხდების პირველ წელს, ქათამი საშუალოდ 160-დან 180 კვერცხს იძლევა. მეორე წელს  წარმოება მცირდება 130-140 კვერცხამდე. კვერცხი საშუალო ზომისა (55-60 გ), ღია ყავისფერი ან კრემისფერი ნაჭუჭით.

ორპინგტონი, ჯიში, ქათამი

ჯიშის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები

ინგლისელი ორპინგტონის ქათამი ძირითადად მოყვარულ მეფრინველეებშია პოპულარულია.

ისინი ამ ფრინველს ასეთი მახასიათებლებისთვის აფასებენ:

→ უნივერსალურობა. იმის გამო, რომ ორპინგტონები თანაბრად უზრუნველგვყოფენ საკმარისი რაოდენობით ხორცითა და კვერცხით, ისინი ოპტიმალურია საკარმიდამო ნაკვეთის მქონე მეფრინველეებისთვის, სოფლის მოსახლეს არ დასჭირდება ერთდროულად რამდენიმე ჯიშის მოშენება (ცალკე მეხორცული, ცალკე მეკვერცხული).

→ მასიურია. ეს ჯიში საინტერესოა იმის გამოც, რომ სადღესასწაულო კერძის მომზადება ერთ ქათმით არის შესაძლებელი.

→ მშვიდი ხასიათი. ძალიან კარგია, რომ ამხელა ქათმებს დაბალანსებული ხასიათი აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წონის გამო, უამრავი პრობლემა შეიძლება შეექმნას მეპატრონეებს. საბედნიეროდ, ორპინგტონი მშვიდი და უფრო მეტიც ფლეგმატურია.

ორპინგტონი, ჯიში, ქათამი

ჯიშის უარყოფითი მხარეები

რამდენადაც ჯიში მოყვარულ მეფრინველეებს მოსწონთ, იმდენად გვერდს უვლიან მეწარმეები, მცირე ფერმერებიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ მსხვილი მეფრინველეობის მეურნეობებზე, უპირატესობას სხვა უფრო პროდუქტიულ ჯიშებს ანიჭებენ.

ეს გამოწვეულია შემდეგი უარყოფითი მხარეებით:

→ ნელი ზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ ორპინგტონის ჯიშის ქათმები სწრაფად არ იზრდება, სამრწეველო მეფრინველეობის მეურნეობაში მათი ხორცის თვითღირებულება საკმაოდ მაღალია.

→ ქონის დაგროვებისკენ მიდრეკილება. ამ მახასიათებლის გამო, რაციონის გაზრდით შეუძლებელია ზრდის ტემპის სტიმულირება. წონა უბრალოდ ქონში მიდის და კუნთოვანი მასის ზრდის აჩქარება არ ხდება.

→ კვერცხის დაბალი წარმოება (მეკვერცხულ ჯიშებთან შედარებით). ამ ინდიკატორის თვალსაზრისით უფრო პროდუქტიული ჯიშების არსებობის გამო, ორპინგტონების გამოყენება ნაკლებად მომგებიანია.

მალხაზ ხაზარბეგიშვილი
„აგროკავკასიის“ მთ. რედაქტორი.

*სტატიას აქვს საინფორმაციო ხასიათი, ემსახურება ჯიშის გაცნობას და ქათმების ყიდვა-გაყიდვასთან კავშირი არ აქვს.

იხილეთ აგრეთვე: ქართული ჩალისფერი ქათამი

თქვენი რეკლამა