რა ფაქტორები ახდენს გავლენას მცენარის მიერ საკვები ნივთიერებების შეთვისებაზე?

საკვები, ნივთიერებები

საკვები ნივთიერებების შეთვისება მცენარის ზრდა-განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც შემდეგ სხვადასხვა ფიზიოლოგიური ფუნქციების სწორად და სრულფასოვნად წარმართვას უზრულველყოფს.

▪️ ნიადაგის pH:

ნიადაგის pH-ის დონე გავლენას ახდენს საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობაზე. მცენარეთა უმრავლესობა საკვებ ნივთიერებებს უკეთესად ითვისებს მსუბუქი მჟავა ან ნეიტრალური ბუნების მქონე ნიადაგებიდან. pH-ის უკიდურესი დონეები (როგორც მჟავა, ასევე ტუტე) ზღუდავს საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობას და საფრთხეს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს.

▪️ ნიადაგის სტრუქტურა:   

ნიადაგის სტრუქტურა, რომელიც განისაზღვრება ქვიშის, ლამისა და თიხის პროპორციებით, გავლენას ახდენს საკვები ნივთიერებების შეკავებასა და ჩარეცხვაზე. ქვიშიანი ნიადაგებისგან განსხვავებით თიხნარი ნიადაგები უკეთ ინარჩუნებს და იკავებს საკვებ ნივთიერებებს, თუმცა შესაძლოა ხელი შეუშალოს ფესვთა სისტემას, რომ მეტი ფართობი მოიცვას და უკეთ განვითარდეს. ნიადაგში, სადაც დაბალანსებულია აღნიშნული სტრუქტურული ერთეულები, უფრო ხელმისაწვდომია საკვები ნივთიერებებიც.

▪️ საკვები ნივთიერებების კონცენტრაცია:

ნიადაგში საკვები ნივთიერებების კონცენტრაცია პირდაპირ ახდენს გავლენას მათ ათვისებაზე. მცენარეები საკვებ ნივთიერებებს ფესვთა სისტემის მეშვეობით ითვისებენ. ნიადაგსა და ფესვის ზედაპირს შორის კონცენტრაციის გრადიენტი პროპორციულია ათვისების სიჩქარისა. მცენარის ჯანსაღი ზრდისთვის აუცილებელია საკვები ნივთიერებების საკმარისი კონცენტრაცია.

▪️ ტემპერატურა:

ტემპერატურა გავლენას ახდენს მცენარეთა უჯრედებში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე.  ოპტიმალური ტემპერატურის დიაპაზონი ხელს უწყობს ფერმენტულ აქტივობასა და საკვები ნივთიერებების შეთვისებას. ექსტრემალური ტემპერატურული პირობები კი ხელს უშლის ამ პროცესებს, რაც შესაბამისად, საკვები ნივთიერებების არასრულფასოვნად შეთვისებასა და მცენარის სტრესში ყოფნას იწვევს.

▪️ ტენიანობის დონე:

წყალი საკვები ნივთიერებების ნიადაგიდან მცენარის ფესვებამდე ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია. არასაკმარისმა ტენიანობამ შეიძლება შეაფერხოს საკვები ნივთიერებების მოძრაობა, მაშინაც კი, თუ ნიადაგში საკმარისი რაოდენობითაა საკვები ნივთიერებები. შესაბამისად, ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობის დონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია საკვები ნივთიერებების სრულფასოვნად ათვისებისთვის.

▪️ მიკრობული აქტივობა:

ნიადაგში არსებული სასარგებლო მიკროორგანიზმები აუმჯობესებენ საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობას, ისინი შლიან ორგანულ ნივთიერებებს და საკვები ნივთიერებები გადაჰყავთ მცენარისთვის მარტივად შესათვისებელ ფორმებში.

▪️ ფესვთა სისტემის სიჯანსაღე:

კარგად და სწორად განვითარებული მცენარის ფესვთა სისტემა პირდაპირ ახდენს გავლენას საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესზე და აუმჯობესებს მცენარის სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიურ მახასიათებლებს. არასრულფასოვნად განვითარებული, ან დაავადებული ფესვთა სისტემა კი რა თქმა უნდა, ზღუდავს საკვები ნივთიერებების შეთვისებას.

მცენარეთა შორის კონკურენცია:

ბუნებრივ ეკოსისტემებში შესაძლოა მცენარეთა შორის კონკურენციაც იყოს საკვები ნივთიერებებისთვის. უპირატესი იქნება ის მცენარე, რომელსაც უკეთ აქვს განვითარებული ფესვთა სისტემა. შესაბამისად, ის უფრო კარგად აითვისებს საკვებ ნივთიერებებს და მასში უკეთესად წარიმართება სხვადასხვა ბიოქიმიური პროცესებიც, რომელიც აუცილებელია სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის.

ნიადაგის პირობების, გარემო ფაქტორებისა და მცენარის სხვადასხვა მახასიათებლების ერთობლიობა განსაზღვრავს მცენარეებში საკვები ნივთიერებების შეთვისების ეფექტურობას. აღნიშნული ფაქტორების სწორად წარმართვით, ფერმერებს შეუძლიათ გააუმჯობესონ საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყონ მცენარის ჯანსაღ ზრდას. სასუქის გამოყენება არ არის პირდაპირი გარანტი, რომ მცენარე მას 100%-ით აითვისებს. ამიტომაც არის აუცილებელი, ზემოთ ხსენებული მახასიათებლები მუდმივად ვაკონტროლოთ, რითიც გავაუმჯობესებთ მოსავლიანობას და მოსავლის ხარისხს.

კონსულტაციისთვის მოგვმართეთ – იოტო აგრო | ნაყოფიერი აგრობიზნესისთვის www.ioto.ge | 0322 11 1717

თქვენი რეკლამა