კაკალი – მყნობა, ნერგის გამოყვანა

კაკალი, ნიგვზის ხე, ერთ-ერთი საუკეთესო მერქნიანი მცენარეა, რომლის, თითქმის, ყველა ნაწილი _ ფოთლიდან ფესვამდე, უნიკალური თვისებებით ხასიათდება, აქვს უძვირფასესი საკვები თვისებების ნაყოფი _ ნიგოზი და შესანიშნავი მერქანი, _ შეუცვლელი საავეჯო მრეწველობაში, ფოთლები, მაღალი ფიტოსანიტარული თვისებებით, სანიტარულ-ჰიგიენური მიზნებისთვის (აფრთხობს ბუზებს, ჩრჩილის პეპლების და სხვა მწერებს, მასში შენახული ხორბალი დიდხანს არ ფუჭდება და სხვა). ფოთლის და წენგოს ნახარში მაღალხარისხოვანი  საღებავების დასამზადებლად. ქართული სუფრის მშვენება უმწიფარი წენგოსაგან მოხარშული კაკლის მურაბა, გოზინაყი, ჩურჩხელა და სხვა.

კაკლის ნაწილები გამოიყენება, როგორც მცენარეულ, ისე ხალხურ მედიცინაში. ძირითადან მისი ფესვებიდან მზადდება ინდივიდუალურად შეკვეთილი თოფის ძვირფასი კონდახები და სხვა მრავალი.

კაკალი გავრცელებულია: ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მცირე აზიაში, კავკასიაში, არაბეთში, ავღანეთში, შუა აზიასა და ჩინეთში. საქართველოში ნაპოვნია გეოლოგიურ სამარხებში, რაც მის აბორიგენულ წარმოშობაზე მიუთითებს.

ლიტერატურაში, მათ შორის „ვეფხისტყაოსანში“ კაკალი ხშირად ბერძნული კაკლის სახელითაა ცნობილი, რაც, თითქოს, ერთგვარ გაუგებრობას ბადებს, ეს უფრო მის წარმოშობასთან კი არა და ნაყოფის რეალიზაციასთან უნდა იყოს დაკავშირებული. კაკალი ჩვენში სახეობრივი სიუხვითაც გამოირჩევა, იგი საქართველოს ისტორიის ნაწილიცაა. სოფელ მარტყოფში XX საუკუნის 60-იან წლებამდე ხარობდა უზარმაზარი კაკლის ხე, რომლის ჩრდილქვეშ, გადმოცემით, გიორგი სააკაძეს მარტყოფის ბრძოლის შემდეგ სპარსეთის ლაშქარზე გამარჯვების ნადიმი გადაუხდია.

საინტერესოა, რომ ქართველი კაცი ოდითგანვე მისდევდა სასურველი ჯიშისა და სახეობის ხეხილის მყნობას, რადგან იცოდა, რომ თესლიდან აღმოცენებულ ხეხილის ხე დედის თვისებებს სრულად ვერ ავლენს, ემართება 50-60%-იანი ე.წ. ჯიშობრივი გათიშვა, ანუ თესლიდან აღმოცენებული კაკლის ნაყოფი შეიძლება დედისას არ დაემსგავსოს.

მყნობის, ანუ მცენარის ვეგეტაციური გამრავლების შემთხვევაში, ნამყენი იმეორებს დედის, ანუ სანამყენე ხიდან აღებული კვირტის თვისებებს. გადახრა, თითქმის არ არსებობს, ან სრულიად უმნიშვნელოა.

დღეს უკვე მსოფლიოში კაკლის მყნობის რამდენიმე მეთოდი არსებობს: მილისებრი, ფარისებრი, კვირტით და ე.წ. ვაზისებრი.

კაკლის დასამყნობად შექმნილა სპეციალური სამარჯვები და ხელსაწყოები.

გასული საუკუნის 70-იან წლებში მოლდავეთში დაამუშავეს კაკლის ვაზისებურად მყნობის მეთოდი, რამაც. კარგი შედეგი გამოიღო. აღნიშნული მეთოდით მყნობისთვის მოლდავეთში მაშინ საჭირო ხელსაწყოც კი შეიქმნა. აღნიშნული მყნობის შედეგი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ კაკლის ნამყენი ნერგი, თესლისგან ამოსული ნერგისგან განსხვავებით (მსხმოიარობის დასაწყებად სჭირდება 8-10 წელიწადი)  მე-2, მე-3 წელიწადს მსხმოიარობს. ამასთან ნამყენის მსხმოიარობა თავიდანვე ინტენსიურია, როცა თესლიდან ამოსული ნერგის უხვმოსავლიანობა 20-30 წლის შემდეგ იწყება და 100-150 წელს გრძელდება. ნამყენისთვის მსხმოიარობის ხნოვანების ზედა ზღვარი დადგენილი არ არის.

საქართველოში კაკლის კვირტით, მილისებრი და ფარისებრი მეთოდით ამყნობენ ივლის-აგვისტოში. ამ პერიოდში დამყნილი და გახარებული კვირტები ორი-სამი კვირის შემდეგ იწყებს ზრდა-ვეგეტაციას და კვირტიდან გამოსული ნაზარდი 10-15 სმ. აღწევს, ასწრებს მომწიფებას და ადვილად იტანს გამოზამთრებას.

მყნობამდე წარმოებს საძირეების და სანამყენე მასალის მომზადება. მყნობისთვის ვარგის მასალად ითვლება ერთწლიანი ნაზარდი, რომლის ძირის სისქე (დიამეტრი) უნდა იყოს არანაკლებ 10-12 სანტიმეტრი. თუ ერთწლიანი ფესვ-ნერგის დიამეტრი ნაკლებია, გამოიყენება წინა წლების 2-3 წლის ნაზარდები, რომლებიც შემოდგომა ან ადრე გაზაფხულზე მიწისპირზე უნდა გადაიჭრას. თუ ფესვის ყელიდან რამდენიმე ნაზარდი წამოვიდა, საჭიროა ერთ-ერთი მათგანის, ყველაზე ძლიერის დატოვება. სანერგის კარგად მოვლის პირობებში, დარჩენილი ღერების დიამეტრი სასურველი 10-12 სმ. დიამეტრი იქნება.

სანამყენე კვირტების დასამზადებლად, საჭიროა სადედე ხეები შეირჩეს ახალ-გაზრდა 30-40 წლის კაკლებზე, ხოლო უფრო ხნიერების (80-100 წ.), საჭიროა წინასწარი გაახალგაზრდავება, ტოტების შეჭრა, გადაბელვა.

სანამყენედ შერჩეული კალმის სისქე უნდა იყოს საძირის სისქის თანაბარი, ან 2-3 მმ-ით მეტი. მყნობის წინ, საძირე კარგად უნდა გასუფთავდეს.

მყნობის პროცესში აჭრილი მილი კალმიდან საძირეზე სწრაფად უნდა იქნეს გადატანილი, რადგან კაკლის მერქანი სწრაფად იჟანგება. ამის გამო ჩვენთან აღნიშნული მყნობის შედეგები მეტისმეტად დაბალი იყო.

ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო-მეტყევეობის ინსტიტუტის მიერ „წითელი ხიდის“ სატყეო სასელექციო სანერგე მეურნეობაში გაშენდა ორანჟერია, კვალსათბურები და დაიწყო საქართველოში პირველად ვაზის მყნობის მეთოდით კაკლის და შემდეგ თუთის („საქართველო“) მყნობა. შედეგი შთამბეჭდავი გამოდგა, კაკლის 30-35 %, ხოლო თუთის 80-90% ნამყენმა იხარა. ამასთან ბატონმა გივი ვაწაძემ (სადგურის მაშინდელი დირექტორი) დაამუშავა და 1976-77 წლებში გამოსცა კაკლისა და თუთის კალმით მყნობის ინსტრუქცია.

საქართველოში ნამყენი კაკლის ნერგები სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტმა  1971-72 წლებში შემოიტანა ბულგარეთიდან, რომლებიც დაირგო აფხაზეთის ჯიშთა გამოცდის სადგურის ფართობებზე. ორი წლის შემდეგ ნერგები გადაიტანეს ზრდა-განვითარებაზე დაკვირვები მიზნით, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ინტენსიურად მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ, როგორც ადგილობრივ, ისე შემოტანილ ნერგებზე ყოველგვარი დაკვირვება შეწყდა.

სამყნობ საძირეებად გამოიყენება ერთი ან ორწლიანი კაკლის თესლნერგები, რომლის დიამეტრი ფესვის ყელიდან 5-7 სანტიმეტრი, ხოლო მალა შეადგენს 8-14 მმ. ამ ადგილზე წარმოებს ვაზისებრი მყნობა.

სანამყენედ თესლნერგების ამოღება ხდება დიდი სიფრთხილით, რომ არ დაზიანდეს ფესვთა სისტემა, განსაკუთრებით საშიშია გაგანიერებული სტაფილოსმაგვარი ღერძულა ფესვის დაზიანება, რადგან მისი დაზიანეა იწვევს ფაშარი მერქნის დალპობას, რის გამოც, სულ მალე, რამდენიმე წელიწადში, შეიძლება ნამყენი ნერგი დაიღუპოს.

ამოღებული საძირეები იმარხება ღრმად, ზემოდან ეყრება მიწა, მოიტკეპნება და ზამთარში ზემოდან 30-40 სმ სისქეზე ეფინება ნამჯა, ან თივა.

მყნობის წინ თესლნერგები ხარისხდება, მყნობისთვის ვარგის ფესვნერგს შეეჭრება გვერდითა ფესვები, ზოგჯერ თესლნერგს სამი-ოთხი ღერძულა ფესვი აქვს, რომლისგანაც იგი უნდა განთავისუფლდეს, დარჩეს მხოლოდ ერთი.

კვალსათბურიდან ნამყენი კაკალი მუდმივ ადგილზე გადასარგავად ვარგისია შემდეგი წლის შემოდგომისთვის.

/ტრისტან ჩერქეზიშვილი/
საქართველოს დამსახურებული მეტყევე.

იხილეთ აგრეთვე: კვირტით და კალმით მყნობა – მყნობის წესები

თქვენი რეკლამა