გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
კანონპროექტი დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო.
კანონპროექტის მიღების შედეგად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევებისთვის დადგინდება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ასევე, ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედი კონკრეტული მოთხოვნების დარღვევისთვის და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაწესდება შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პროექტის თანახმად „ნარჩენების მართვის კოდექსის“ რეგულირების სფეროდან გამოვა ის ცხოველური ნარჩენები – ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები, რომლებიც „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ შესაბამისადაც რეგულირდება.
ცვლილებების თანახმად ნარჩენების მართვის ორგანიზაციებს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 5 000-დან 20 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ. ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემა 1000-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა 1000-დან 3000-ლარამდე ჯარიმას დაექვემდებარება. მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოთხოვნების შეუსრულებლობა კი 3000-დან 5000 ლარამდე ჯარიმას გაითვალისწინებს.
პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.