ადიგენის სოფელ არალში მცხოვრები თომა ფეიქრიშვილი 30 წელზე მეტია ფუტკარს უვლის. ერთი სკიდან შექმნილი საფუტკრე უკვე 80 სკამდე გაზარდა და სხვადასხვა სოფელში გადაანაწილა. ამბობს, რომ ფუტკრის ყიდვამდე აუცილებელია მისი სწორად შერჩევა და მოვლა.
67 წლის მეფუტკრე თომა ფეიქრიშვილ, პირველად ფუტკარს მეშვიდე კლასში გაეცნო. მაშინ არ იცოდა, როგორ უნდა მოევლო ამ განსაკუთრებული მწერისთვის, ამიტომ სცადა, საქმე ჯერ დაკვირვებით შეესწავლა, შემდეგ კი წიგნების მეშვეობით…
„მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ბაბუაჩემისეული ფუტკარი ბიძაჩემმა მოიყვანა და ჩვენს ეზოში დასვა. მის სახლთან ბაღები იწამლებოდა და სცადა ეს ერთი „გეჯა“ ფუტკარი, როგორც მაშინ ეძახდნენ „ერთი გობი“ გაქრობას გადაერჩინა. მამაჩემს ძველი მეფუტკრე მოჰყავდა ხოლმე მოსავლელად და ერთხელ სთხოვა, რომ ჩემთვისაც ესწავლებინა მეფუტკრეობა. მე უბრალოდ ვაკვირდებოდი იმ კაცს, რასაც აკეთებდა. დაკვირვებით ვერაფერი ვისწავლე, ამიტომ სხვისგან ვითხოვე წიგნი მეფუტკრეობის შესახებ, დავაკონსპექტე და იმით ვხელმძღვანელობდი. ამ საქმეში ხელს დედა მიწყობდა “.
ამბობს, რომ 1979 წელს საქართველოში იმ დროისათვის ფუტკრის ახალი დაავადება „ვაროატოზის ტკიპა“ გავრცელდა, რომელმაც ფუტკარი საგრძნობლად დააზიანა. იმ დროისათვის, სათანადო პრეპარატები შემუშვებული არ იყო, ამიტომ თომას დარჩენილი ორი ძირი ფუტკრის ოჯახიც დაავადების გამო გაუქრა.
მეფუტკრეობა თავის შემოსავლის წყაროდ 1990-იანი წლებიდან აქცია. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქვეყანაში სამუშაო ადგილები შემცირდა.
„1996 წელს, ნოემბერში ბაღში ვაშლს ვკრეფდი. ხალხის ხმა მომესმა, მივუახლოვდი და გავიგე, რომ ხის ფუღუროში ფუტკარი იყო, კაცებს თაფლი ამოეღოთ და ფუტკარს დაეკბინა. მეორე დღეს რომ მივედი, იმ ფუღუროზე ფუტკარი გუნდად იჯდა. კასრში ჩავბერტყე ფრთხილად, ზემოდან ტომრით გადავუკარი თავი და სახლში წამოვიყვანე. სკა მქონდა და ჩავსვი. მერე ბათუმში მომიწია წასვლა და იქ ვიყიდე თაფლიანი ფიჭები, თურმე ბათუმში ისეთ მცენარეზე იყო ნამუშევარი ფუტკარი, რომ იქიდან წამოღებული თაფლი ჩემი ფუტკრის კუჭმა ვერ აიტანა და ფუტკარი დამეხოცა. მომავალი წლიდან უკვე დავიწყე ზრუნვა იმაზე, რომ ისევ მეფუტკრეობას უნდა გავყოლოდი. ვიყიდე ერთი სკა ფუტკარი და დღემდე 80 სკამდე მოვამრავლე, თუმცა ერთ ადგილზე არ მყავს განლაგებული“, – ჰყვება მეფუტკრე.
რჩევები ფუტკრის შეძენისას
მეფუტკრე თომა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ სკის შეძენისას დამწყები მეფუტკრეები ყურადღებით უნდა იყვნენ და უმჯობესია თუ გამოცდილ მეფუტკრეებთან ერთად შეიძენენ ფუტკარს:
„ვურჩევდი ყველას, რომ ფუტკარი მაისში იყიდონ, იმიტომ, რომ ამ მწერში ზოგადად ძალიან ბევრი დაავადებაა, მაისში კი ყველა დაავადება იჩენს თავს. თუ დაავადებული ფუტკარი იყიდა და გამოუცდელია მეფუტკრე, დიდი შანსია, რომ ფუტკარი გაქრეს. უნდა იყიდოს ჯანმრთელი. ამიტომ უნდა შემოწმდეს რა დაავადებები აქვს“.
კიდევ ერთი რჩევაა განისაზღვროს რამდენ ჩარჩოიანია სკა:
„8 ჩარჩოზე მაინც უნდა იყოს ფუტკარი, რომ იმწელსვე გაამრავლო და შუაზე გაყო. გარდა ამისა, სკა ვიზუალური დათვალიერებისას, უნდა იყოს ნორმალური, კარგად შეღებილი და შიგ ჭია არ უნდა მუშაობდეს. როდესაც ხის სკაში ჭია მუშაობს, ფუტკარი ამაზე ღიზიანდება“.
გამოზამთრება
ყველაზე პასიური პერიოდი ფუტკრისთვის რა თქმა უნდა, ზამთარია. მეფუტკრე ამბობს, რომ ამ დროსაც აქცევს მწერებს ყურადღებას და იგებს, რამე ხომ არ უჭირთ: „მე ზამთარშიც მივდივარ და ვუსმენ ფუტკარს. ხმაზე ვიგებ, უჭირს თუ არა. როცა სკაზე დავაკაკუნებ, ფუტკარი ახმაურდება და თუ მალე დაწყნარდა, ნიშნავს, რომ ფუტკარი ჯანმრთელია და საკვების მარაგიც აქვს. თუ რამე უჭირს ის ძალიან გვიან წყნარდება“.
როგორც თომა ფეიქრიშვილი ამბობს, პირველი რაც აუცილებელია სწორად გამოსაზამთრებლად, სკაში საკმარისი საკვების დატოვებაა. „პირველ რიგში, ფუტკარს დაზამთრებისას უნდა ჰქონდეს თაფლის მარაგი, იმაზე მეტი, რაც სჭირდება, რათა ეკონომიურად არ მოიხმაროს. თითოეულ ჩარჩოზე კილონახევარი 2 კილომდე თაფლი უნდა დავტოვოთ და ასევე ჭეოც უნდა იყოს. მაგალითად თუ 8 ჩარჩოიანია სკა, 16 კილო თაფლი მაინც უნდა ჰქონდეს ფუტკარს“.
მისივე განმარტებით, დაუშვებელია სკიდან გამოსაზამთრებლად დატოვებული თაფლის ამოღება და მის ნაცვლად შაქრის სიროფის მიცემა.
„როცა შემოდგომით მეფუტკრე სიროფს აძლევს ფუტკარს გამოსაზამთრებლად და საჭირო რაოდენობით დატოვებულ თაფლს იღებს, ფუტკარი ვიტამინების გარეშე რჩება და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა იკლებს. შემოდგომით გამოჩეკილმა ფუტკარმა 6-7 თვე უნდა იცოცხლოს და „სიროფზე“ გამოზამთრებულს 5 თვის გატანაც კი უჭირს“.
გარდა კვებისა, ზამთარში ფუტკარს სითბოც სჭირდება – „მე ბალიშებით ვათბუნებ, მაგრამ დათბუნების დროს, მეფუტკრემ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჰაეროც დაუტოვოს თბილი ჰაერი რომ ამოვიდეს ზევით და ნესტი არ დაგროვდეს შიგ“.
გემოვნური თვისებები
მეფუტკრე ამბობს, რომ აუცილებელია ფუტკრისთვის მომთაბარეობა და თაფლის გემოვნური თვისებებიც სწორედ ამის მიხედვით იცვლება:
„თაფლის გემოვნური თვისებები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პირობებშია ფუტკარი, როგორია მზის სხივების ენერგია. რაც უფრო მაღლა მივდივართ ზღვის დონიდან, მცენარე ბუტკოს შესანარჩუნებლად უფრო მეტად ტკბილ ნექტარს გამოყოფს, ამიტომ ზაფხულში, გარდამავალ ზონასა და მის ზემოთ წასვლა უკეთესია. რადგან იქ სიგრილეა და თან ერთი ყვავილიდან აღებული ნექტრის რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე დაბალ ზონაში“.
პირადი გამოცდილება
თომა ფეიქრიშვილი საკუთარი გამოცდილებიდან ამბობს, რომ კარგი იქნება, მეფუტკრემ წინასწარ განსაზღვროს ფუტკრის განთავსების ადგილზე, რა ტიპის და ოდენობის მცენარე იზრდება. „მეფუტკრემ უნდა განსაზღვროს მოცემულ ადგილზე რამდენი სკა უნდა დასვას. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩემი აზრით, ჩვენს პირობებში არ არის ისეთი ადგილი, სადაც 25 სკაზე მეტის დასმა შეიძლება. იმიტომ, რომ ფუტკარი ძირითადად კილომეტრ–ნახევარი რადიუსით მუშაობს და სწორედ ამ რადიუსში 25 სკა ნორმალურია, რომ ფუტკარიც გამოიკვებოს და სასაქონლე თაფლიც მიიღო“.
ამბობს, რომ სკების რაოდენობის განაწილება ტერიტორიაზე მნიშვნელოვანია მთაბარობის დროსაც:“ერთხელ მოვხვდი ნინოწმინდის სოფელ სამებაში და დასახლებაში 800 სკა დავითვალე. ვფიქრობ, რომ სოფელში სადაც 800 სკა დგას, რაც უნდა მაღალი ღალიანობა იყოს, ფუტკარი ვერ შეძლებს ხარისხიანი თაფლის გაკეთებას. ბალანსი უნდა იყოს სკებს და ტერიტორიას შორის“.
შემოსავლიანობა
მეფუტკრეობას, რომ ადამიანის მიზიდვა და ამ საქმეზე „დაბმა“ შეუძლია, ამას თავად მეფუტკრეც ადასტურებს. „თუ ამ საქმეს ხელი მოკიდე, იმდენი შრომა სჭირდება, რომ სხვა საქმისთვის დრო აღარ გრჩება, მაგრამ სუფთა სამუშოა. მეფუტკრე საკმაოდ მცოდნე უნდა იყოს და პრაქტიკოსი, იმისთვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი მიიღოს, სწორად გამოიყვანოს დედები, რადგანაც პროფესიონალური საქმეა დედების გამოყვანა“, – ამბობს თომა ფეიქრიშვილი.
მისივე განმარტებით, მეფუტკრეობაში ყველაზე აქტიური პერიოდი მაისი-ივნისია. მანამდე კი, აპრილში, ფუტკრის წამლობაა საჭირო. ეს არის თვე, როცა ფუტკარი აქტიურია.
მეფუტკრე თომა ფეიქრიშვილი კოოპერატივ „ნექტრის“ წევრია. მასში ოთხი ფერმერია გაწევრიანებული.
თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი 2022წ.