დიდნაყოფა გოგრა
დიდნაყოფა გოგრას აქვს გრძელი მხოხავი ღერო და მძლავრი, ფართოდ დატოტვილი ფესვთა სისტემა. ფოთლები მომრგვალოა, თითქმის დაუნაკვთავი. ფოთლის ფირფიტა თეთრი ლაქების გარეშეა ან სუსტადაა გამოხატული. ყვავილი, სხვა გოგროვნების მსგავსად გაყოფილსქესიანი და ასიმეტრიულია.
ნაყოფი მრგვალი ან მობრტყოა, დიდი ზომის. კანი თხელია, მოთეთრო, ნაცრისფერი, რუხი, მოვარდისფრო ყვითელი, მოყვითალო-ნარინჯისფერი. თესლი რძისებრ თეთრია ან მოყვითალო, სუსტად გამოხატული არშიით.
დიდნაყოფა გოგრაში სახამებელი შეადგენს ნახშირწყლების უდიდეს ნაწილს, მისი რაოდენობა ყველაზე მაღალია სიმწიფის წინ (ნედლი წონის 16-20%). სახამებლის რაოდენობა შემდგომში თანდათან კლებულობს და შენახვის პერიოდში მთლიანად ქრება. დიდნაყოფა გოგრაში დიდი რაოდენობითაა კაროტინი, რომელზედაცაა დამოკიდებული ნაყოფის ხორცის და ყვავილების ფურცლების ყვითელი ფერი. რაც მეტია კაროტინის კონცენტრაცია ნაყოფში, მით უფრო ინტენსიურია რბილობის ფერი.
ზრდა-განვითარებისთვის მეტ სითბოს მოითხოვს, ვიდრე მაგარკანიანი გოგრა, ამიტომ ვრცელდება საქართველოს მებოსტნეობის მხოლოდ პირველ და მეორე ზონაში. ჩვენში მას უმთავრესად წმინდა სახით თესავენ კარგად განოყიერებულ ბოსტნებში და საკარმიდამო ნაკვეთებში. ეზოებში ის ხშირად მოჰყავთ ვერტიკალურად ღობეებზე, სახლის აივნებსა და სახურავებზე აშვებით. გაშლილ ადგილებში თესავენ ან რგავენ 3X1,55-2 მ-ზე ან სხვა სქემით და კვების არეზე.
მუსკატური (თაფლა) გოგრა
მუსკატურ გოგრას უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, ვიდრე დიდნაყოფას. მისი ნაყოფები მდიდარია შაქრებით – (საშუალოდ 8-10%) და კაროტინით (10-20 მგ%), მაგრამ მის გავრცელებას ხელს უშლის სითბოსადმი მაღალი მოთხოვნილება. აღნიშნულის გამო, ჩვენში გავრცელებულია ძირითადად თბილისის საგარეუბნო ზონაში (მარნეული, გარდაბანი), სადაც ცხელი და მშრალი ჰავაა.
მუსკატური გოგრის ნაყოფს აქვს 8-ის მაგვარი ფორმა. ამიტომ მას ხურჯინა გოგრასაც უწოდებენ. კანი თხელი, ყვითელი ან მოწითალო-მიხაკისფერია. ხშირად ნაყოფს თავიდან აქვს მომწვანო ბადისებური ან ზოლებიანი ნახატი, რომელიც თანდათანობით ერთმანეთს ერწყმის და ღებულობს მთლიან ჟანგმიწისფერს. თესლბუდე მოთავსებულია ნაყოფის ქვედა ნაწილში, ყელი მთლიანად ხორციანია (ბითუმია). თესლი წააგავს მაგარკანიანი გოგრის თესლს, ხშირად უფრო წვრილია. აქვს ოვალური ფორმა, მოთეთრო-მორუხო შეფერვა და მკვეთრად გამოხატული არშია. ითესება ან ირგვება 2-2,5X1,5-2 მ კვების არეზე.
მაგარკანიანი ანუ ხოკერა გოგრა
მაგარკანიანი გოგრა გვხვდება მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი დასავლეთში. მისი ნაყოფი საკმაოდ მდიდარია შაქრებით და კაროტინით, მაგრამ მოსავლიანობით და რბილობის სისქით ჩამორჩება დიდნაყოფა და მუსკატურ გოგრებს.
ამ სახეობის გოგრისათვის დამახასიათებელია მაგარი კანი, რომელიც შედგება სკლერენქიმური ქსოვილისაგან. მაგარი კანი ჯავშანივით იცავს ნაყოფს მექანიკური დაზიანებისაგან, ხელს უწყობს მის ტრანსპორტაბელობას და შენახვის ხანგრძლივობას.
გარდა ნაყოფის სიმკვრივისა, დიდნაყოფა გოგრისგან განსხვავებით, ფოთლის ფირფიტა უფრო მეტადაა დანაკვთული და მისი ზედა ნაწილი და ყუნწი დაფარულია უხეში, მჩხვლეტავი ქაცვებით. ნაყოფის ზომა, ფორმა და შეფერვა სხვადასხვაგვარია. შეიძლება იყოს მრგვალი, მობრტყო, მოგრძო ცილინდრული, ელიფსური და სხვა. ზედაპირის მთელ სიგრძეზე ხშირად გასდევს სხვადასხვა სიდიდის ამონაბორცვი. შეფერვა შეიძლება ჰქონდეს ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, ჟანგმიწისფერი. შეფერვა ჭრელი ან მთლიანია. თესლი საშუალო ზომისაა, ბრტყელი, ელიფსის ფორმის, გამოკვეთილი სქელი არშიით და ნისკარტით. თუმცა მაგარკანიან გოგრის ჯიშებში გვხვდება უკანო თესლებიც, რომელთა თესლს მხოლოდ ნისკარტთან აქვთ ოდნავ გამაგრებული კანი და დანარჩენ ნაწილს კი გადაკრული აქვს მეტად თხელი, სიფრიფანა აპკი.
მაგარკანიანი გოგრის გავრცელების ვერტიკალი უფრო მაღალია, ვიდრე დიდნაყოფა და მით უმეტეს მუსკატური გოგრის. ამიტომ ჩვენში მთიან ზონაშიც მოჰყავთ. გარდა გაშლილი ადგილებისა, ჩვენში ხოკერა გოგრა ხშირად მოჰყავთ სიმინდთან შეთესვით.
მოვლითი ღონისძიებები სხვა სახეობის გოგრების ანალოგიურია. მაგარკანიან გოგრებს მიეკუთვნება აგრეთვე ყაბაყი და პატისონი.