ჭყორი, ბაძგი (Ilex ) ოჯახი Aquifoliaceae – ჭყორისებრნი გვარში გაერთიანებულია მარადმწვანე ხეები და ბუჩქები, რომლებსაც აქვთ მბრწყინავი, მუქი მწვანე ან ორფეროვანი ტყავისებური ფოთლები და კაშკაშა მიმზიდველი, თეთრი, ნარინჯისფერი, წითელი ან შავი ნაყოფები, რომლებიც მთელი ზამთრის განმავლობაში რჩება მცენარეზე.
კოლხური ჭყორი (Ilex colchica)
ბოტანიკური აღწერა
გავრცელებულია ზღვის დონიდან 1600 მ-მდე კავკასიის დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთ საქართველოში მისი გავრცელების აღმოსავლეთი საზღვარია ახმეტა და თელავის თავზე – მთა ცივი. ველურად გავრცელებულია აგრეთვე მცირე აზიაში.
ტანდაბალი მარადმწვანე ხე ან ბუჩქია, რომელიც კარგ გარემო პირობებში სიმაღლეში 8 მეტრს აღწევს. ყლორტები დაფარულია მწვანე, ღერო კი მუქი მონაცისფრო ქერქით.
ფოთლები ელიფსურია, ლანცეტისებრი, მოკლეყუნწიანი, მორიგეობით, იშვიათად მოპირისპირედ განწყობილი. ფოთლის ფირფიტა სქელი და ხორციანია. კიდეებზე შორი-შორს ამოკვეთილი და ბასრად დაკბილული, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა მხრიდან ღია მწვანე ფერის, მისი სიგრძე 4-12 სმ და სიგანე კი 2-8 სმ-ია.
წვრილი თეთრი ყვავილები იღლიურია, ქოლგა ან მტევანა ყვავილედში შეკრებილი. ნაყოფი კენკრაა, მუქი წითელი ფერის, შეიცავს 4-5 ერთთესლიან სამწახნაგოვან კურკას. თბილისის მიდამოებში გარეულად იზრდება საგურამოსა და მარტყოფის ტყეებში.
მცირე აგროტექნიკა
არ თხოულობს დიდ ყურადღებას. იზრდება ჰუმუსის შემცველ, ნებისმიერ კარგად დრენირებულ, ქვიშნარ ან თიხნარ ნიადაგზე. ეგუება ნახევრადჩრდილს, მაგრამ ორფეროვანი ფოთლების მქონე სახესხვაობები ფერთა კონტრასტს მზეზე უფრო ეფექტურად ავლენენ.
კარგად ექვემდებარებიან ფიგურულ კრეჭვას, მათგან მიიღება ლამაზი ტოპიარები. ამ პროცედურას ახორციელებენ ნაყოფმსხმოიარობის დასრულების შემდეგ. ორფერა სახესხვაობებს აჭრიან მწვანე ყლორტებს. იყენებენ ბონსაის მისაღებად.
დიდი ასაკის ეგზემპლარები ვერ იტანენ გადარგვას. ნორჩი ძირები კი შეიძლება გადაირგოს ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. უხვი და ეფექტური მსხმოიარობისათვის ბაღში რამდენიმე ძირი უნდა დაირგოს, რადგან მცენარე ჯვარედინად დამმტვერავია.
გამწვანებაში გამოყენება
პერსპექტიულია გამწვანებისათვის. შესანიშნავად გამოიყურება თავისუფლად მოზარდ და ფორმირებულ ცოცხალ ღობეებში; როგორც ცალკე, ისე ჯგუფებში.
პრაქტიკული თალსაზრისით ის საინტერესოა, როგორც ქარსაცავი ზოლებისთვის, ისე ზღვის სანაპიროზე გასაშენებლად (მარილისადმი მდგრადობის გამო). მისთვის კარგი პარტნიორებია: მაჰონია, ჰორტენზია, ჭანჭყატი და სხვ.
წყარო: „ბაღის დიზაინერი“ შედგენაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე; ქეთევან გელაშვილი; მანანა ელბაქიძე.
იხილეთ აგრეთვე: დეკორატიული მცენარეები – ბაღის გაშენება, მოვლა, მყნობა, სხვლა-ფორმირება