
ყაზახეთის ორგანული სოფლის მეურნეობის მწარმოებლები ექსპორტზე სუბსიდიებს ითხოვენ.
ყაზახეთის მაჟილისმა (პარლამენტის ქვედა პალატა) ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე, შპს „დიკანშის“ წარმომადგენელმა, სტანისლავ იზმოდენოვმა, გააჟღერა ის პრობლემები, რომლებსაც ყაზახი მწარმოებლები ორგანული პროდუქციის ექსპორტის დროს აწყდებიან.
„მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის ორგანული პროდუქტები ხარისხით წარმატებით კონკურენციას უწევს ევროპულ პროდუქტებს, ლოჯისტიკა კვლავ სუსტია. ამჟამად ყაზახეთი ლოჯისტიკისთვის სუბსიდიებს გამოყოფს ავღანეთისთვის, ირანისთვის, ჩინეთისთვის და პორტებისთვის გემით საქონლის შემდგომი ტრანსპორტირებისთვის. თუმცა, ევროპისთვის სუბსიდიები არ არის გათვალისწინებული. ევროპაში მიწოდების ღირებულება მუდმივად იზრდება. თუ გვსურს ორგანული პროდუქტების ევროპაში ექსპორტის სტაბილურად განვითარება, მაშინ აუცილებელია ლოჯისტიკური ხარჯების ნაწილობრივი კომპენსაციის დანერგვა“, – ციტირებს „კაზინფორმი“ ს. იზმოდენოვს.
მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა მზესუმზირის ექსპორტის გადასახადს უკავშირდება.
„მზესუმზირის ექსპორტის გადასახადი საბაჟო ღირებულების 20%-ს შეადგენს. გადასახადი თანაბრად ვრცელდება როგორც ჩვეულებრივ, ასევე ორგანულ ნედლეულზე. ეს ხელს უშლის ორგანული თესლის ექსპორტს, რომლის წილიც მზესუმზირის მთლიანი ექსპორტის 1%-ზე ნაკლებია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორგანულ პროდუქტებს ცალკე მიდგომა უნდა ჰქონდეს, მაგალითად, გადასახადის შემცირება ან სრული გაუქმება. ეს შეინარჩუნებს ფერმერებისა და გადამამუშავებლების მოტივაციას, გააგრძელონ მუშაობა ამ ძვირადღირებულ და ეკოლოგიურად მნიშვნელოვან სექტორში“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ასევე, მისი თქმით, აუცილებელია შიდა ბაზარზე სიტუაციის რეგულირება. ყაზახი ფერმერებს მაღალი ხარისხის ორგანული ხორბალი მოჰყავთ, თუმცა ევროპული ბაზრის გადაჭარბებული გაჯერების გამო, პროდუქციის ნაწილი ყაზახეთში რჩება და შემცირებულ ფასებში იყიდება. ამიტომ, ექსპერტის აზრით, აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერით ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შიდა ბაზრის განვითარება.
იხილეთ აგრეთვე: რა არის ორგანული სოფლის მეურნეობა