ხვნა, ნიადაგის ზედაპირული დამუშავების წესები

ხვნა, ნიადაგი, წესები

ხვნა და მასზე წაყენებული ძირითადი აგროტექნიკური მოთხოვნები

კულტურულ მცენარეთა მაღალი მოსავლის მისაღებად ნიადაგის დამუშავება უნდა ტარდებოდეს მაღალ აგროტექნიკურ ფონზე.

ამ სამუშაოთა შესრულებისას აგროტექნიკურ მოთხოვნათა დარღვევა მცენარეთა ზრდა განვითარების პირობების გაუარესებას იწვევს, რითაც მცირდება სასოფლო სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა.

  • ხვნის ძირითადი აგროტექნიკური მოთხოვნებია:

1. ბელტის სრული გადაბრუნება და დაშლა; მცენარეული ნარჩენების, კორდის, სარეველების, სასუქების სრულად ჩაკეთების და საერთოდ წინამორბედი კულტურების ნარჩენების ჩაკეთების ხარისხი. ნიადაგის მოხვნა წვიმის დროს დაუშვებელია. გათვალისწინებული უნდა იქნეს დასათესი კულტურის თავისებურება, ამინდის პირობები.

2. ხვნა უნდა ტარდებოდეს აგროტექნიკურად შესაფერის ვადასა და სიღრმეზე, ჩვეულებრივ არა ნაკლებ 22 სმ სიღრმისა, თხელი ნიადაგების შემთხვევაში მისი ნაყოფიერების სიღრმეზე.

3. ხვნა უნდა ტარდებოდეს უხარვეზოდ, გუთნის ყველა კორპუსი თანაბარი სიგრძისა და სიგანის სწორ კვალს უნდა ავლებდეს. ხვნის დამთავრებისთანავე კვლის თავი და ბოლო უნდა მოიხნას.

4. ხნულის სიღრმე და თხემიანობა თანაბარი უნდა იყოს. ხვნის სიღრმის გადახრა მხოლოდ დასაშვებია 1 სმ –ს ფარგლებში.

  • ნიადაგის დამუშავების სპეციალური წესები

ნიადაგის დამუშავების სპეციალურ წესებს მიეკუთვნება: პლანტაჟი, ფენობრივი მოხვნა, ფრეზვა და სხვა.

პლანტაჟს მიმართავენ ნარგაობისათვის ნიადაგის პირველადი დამუშავების დროს, მაგალითად, ვაზის, ხეხილის, ციტრუსების, თხილის, კივის და სხვა მრავალწლიანი კულტურების პლანტაციის გასაშენებლად.

პლანტაჟის წესით ნიადაგის მოხვნა შეიძლება 40-100 სმ სიღრმეზე. პლანტაჟი საჭიროა რათა შეიქმნას ღრმად გაფხვიერებული ნიადაგის ფენა, რათა ნიადაგის დამუშავების ამ წესმა ხელი შეუწყოს მრავალწლიან კულტურების ფესვთა სისტემას ღრმად, ლაღად განვითარებას, წყლითა და საკვებით უზრუნველყოფას.

პლანტაჟის წესით შეიძლება დამუშავდეს მინდვრის კულტურებისათვის ნიადაგები იმ შემთხვევაში როდესაც ნიადაგი სარეველა მცენარეებით ძლიერ იქნება დასარევლიანებული., ხოლო დანარჩენ შემთხვევაში მინდვრის კულტურებისათვის ასეთი წესით ნიადაგის დამუშავება ეკონომიურად გამართლებული არ არის.

  • ნიადაგის ფენობრივი წესით დამუშავება

ნიადაგის ჰუმუსოვანი ფენის სიმცირის, ან ქვედა ჰორიზონტში მავნე ჩარეცხილი ნივთიერებების შემცველობის შემთხვევაში საპლანტაჟო ხვნა

შეუძლებელია, ამ შემთხვევაში მიმართავენ ნიადაგის ფენობრივ დამუშავებას. ამასთან ნიადაგის წყლის ჟონვადობის გასაძლიერებლად და ეროზიული პროცესების შესამცირებლად მიმართავენ ფენობრივ დამუშავებას მცირე დაქანების ფერდობებზეც.

ფრეზვა. ფრეზებით ნიადაგის გაფხვიერებას ფრეზვას უწოდებენ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ნიადაგი გაფხვიერდეს 20-25 სმ სიღრმეზე.

თუ ფრეზირება ნორმალურად ჩატარდა მაშინ არ არის საჭირო ნიადაგის თესვისწინა დამუშავება სხვა ხერხებით. ფრეზვას ფართოდ იყენებენ კოლხეთის დაბლობზე მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე.

ნიადაგის ზედაპირული დამუშავების წესები და იარაღები

ნიადაგის ზედაპირული დამუშავება მიზნად ისახავს ნიადაგის ქერქის მოსპობას, ხნულის გაფხვიერებას, გატკეპნილი ფენის გაფხვიერებას, სარეველების მოჭრას, თესლის ჩათესვის სიღრმემდე ნიადაგის გაფხვიერებას.

ნიადაგის ზედაპირული გაფხვიერების სიღრმე შეადგენს 10-12 სმ-ს.

ნიადაგის ზედაპირულ დამუშავებაში შედის:

  • აოშვა;
  • კულტივაცია;
  • ფარცხვა;
  • მოშლეიფება;
  • მოტკეპნა;
  • ნაწვერლის აჩეჩვა.

აჩეჩვა

აჩეჩვა მოხვნის წინ, მოსავლის აღებისთანავე ტარდება. აჩეჩვა ტარდება დისკოებიანი იარაღებით. აჩეჩვის შედეგად ხელსაყრელი პირობები ექმნება სარეველა მცენარეთა თესლებს აღმოცენებისათვის.

აჩეჩვის შემდეგ აღმოცენებული სარეველების მოსპობა შეიძლება ნიადაგში ჩახვნით, ან შესაბამისი ჰერბიციდების გამოყენებით.

აოშვა

აოშვის დროს აჩეჩვისგან განსხვავებით ხდება ხნულის გაფხვიერება, ანეულის დროგამოშვებით გაფხვიერება, ხნულში გაჩენილი გამკვრივებული მასის გაფხვიერება, სარეველების მოჭრა.

აოშვის დროს, როცა სარეველები მცირე რაოდენობითაა გამკვრივებული გოროხოვანი ზედაპირის გასაფხვიერებლად გამოიყენება დისკოებიანი ფარცხი. ტანიანი საოშები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ხნულის ზედაპირი დაშლილია და სარეველები მომრავლებულია.

კულტივაცია

კულტივაცია ტარდება გაფხვიერებული ფენის გადმოუბრუნებლად. მისი მიზანია ნიადაგის გაფხვიერება, სარეველების მოჭრა. კულტივაცია ტარდება ხნულში და ნათესების მწკრივთშორისებში.

ხნულის შემთხვევაში კულტივაციის მიზანია 5-15 სმ სიღრმეზე გაფხვიერება ბელტის გადაუბრუნებლად, ხოლო მწკრივთშორისებში კულტივაციის მიზანია ნიადაგის გაფხვიერება და სარეველების მოჭრა, მინერალური სასუქების ჩაკეთება.

ფარცხვა

ფარცხვის შემთხვევაში ბელტის გადაუბრუნებლად ხდება ნიადაგისა და ნათესების გაფხვიერება, ამ შემთხვევაში ნიადაგის გაფხვიერებასთან ერთად იჭრება სარეველები და წყდება ქვედა და ზედა ფენას შორის კაპილარული კავშირი, რაც ამცირებს აორთქლებას.

დაშლეიფება

დაშლეიფების (მოსწორების) დროს ხდება ხნულის ზედაპირის მოსწორება. დაშლეიფებას ახდენენ ადრე გაზაფხულზე დაფარცხვამდე. დაშლეიფებით ხდება ტენის აორთქლების შემცირება. დაშლეიფებას ატარებენ შლეიფ-ფარცხებით.

მოტკეპნა (გაბეკვა)

მოტკეპნის დროს ხდება ნიადაგის გამკვრივება, ბელტის დაშლა და ზედაპირის მოსწორება. მოტკეპნის დროს ხდება თესლისა და ნიადაგის ერთმანეთთან შეკავშირება და იქმნება ხელსაყრელი პირობები თესლის თანაბარი აღმონაცენის მისაღებად.

მოტკეპნას ახდენენ სპეციალური სატკეპნებით. არსებობს სხვადასხვა ტიპის სატკეპნები. ესენია: ცილინდრული გლუვზედაპირიანი, რგოლებიანი, დეზებიანი, ჭდეული საგორავები.

მიწის შემოყრა

მიწის შემოყრას აწარმოებენ ძირითადად სათოხნი კულტურების ნათესებში, რომლის მიზანია სარეველების მოჭრა, ნიადაგის გაფხვიერება, მიწის შემოყრის შედეგად კარტოფილს გამოაქვს დამატებითი წამონაზარდები, რომელზედაც წარმოიქმნება ტუბერები და იზრდება მისი მოსავალი.

მიწის შემოყრის შემთხვევაში სიმინდს გამოაქვს დამატებითი საჰაერო ფესვები, რითაც უკეთ ემაგრება ნიადაგს და იძენს მეტ სიმაგრეს და იცავს წაქცევისგან ქარის დროს.

დისკოებიანი ფარცხები

დისკოებიანი ფარცხები კარგ შედეგს იძლევა გაკორდებული, ყამირი და ნაწვერალის შემთხვევაში. უსტრუქტურო, მძიმე თიხა ნიადაგების დასაფარცხად.

როტაციული ფარცხი

როტაციული ფარცხი წარმოადგენს კულტივატორებსა და ფარცვხებს შორის გარდამავალ იარაღს, იგი საუკეთესო საშუალებაა ნიადაგის ზედაპირის გასაფხვიერებლად.

სოფლის მეურნეობის საფუძვლები, ავტორები: ზაირა ტყებუჩავა; ცოტნე სამადაშვილი; გივი ცაგურიშვილი; ალექსანდრე გათენაძე.

იხილეთ აგრეთვე: ნიადაგის დამუშავების სისტემა, ხვნის სიმწიფე, სიღრმე და წესი

თქვენი რეკლამა