წითელი ბუდეშური ადგილობრივი, იშვიათად გავრცელებული, მაგრამ პერსპექტიული ვაზის ჯიშია, იძლევა კარგი ღირსების სასუფრე ყურძენს.
მოსახლეობაში წითელი ბუდეშური ცნობილია აგრეთვე შავი ბუდეშურის სახელწოდებითაც. ამ ორი სახელწოდებით მოხსენებულია იგი მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაშიც (პროფ. ს. ჩოლოყაშვილი), ხოლო უფრო ძველ წყაროებში (ი. ბახტაძე), ჯიში ცნობილია წითელი ბუდეშურის სახელწოდებით.
ამიტომ მიზანშეწონილად ვცანით აგვეწერა ჯიში მისი ძველი სახელწოდებით, თუმცა მისი მარცვლების შეფერვა არც წითელია, არც შავი, არამედ სიმწიფის დასაწყისში ღია ვარდისფერი, ხოლო დასასრულს მუქი ვარდისფერია.
წითელი ბუდეშური ადგილობრივი ვაზის ჯიშია, იგი წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის ადგილობრივი კერიდან. ეკოლოგიურ-გეოგრაფიული კლასიფიკაციის მიხედვით, რომელიც შეიმუშავა პროფ. ა. ნეგრულმა, იგი მიეკუთვნება prol. pontica, subprol. georgica Neg. ჯგუფს.
ძირითადი მორფოლოგიური ნიშნებით წითელი ბუდეშური მკვეთრად განსხვავდება თეთრ ბუდეშურისაგან, იგი მისგან განსხვავებული, დამოუკიდებელი ვაზის ჯიშია. ერთი და იგივე სახელწოდება ბუდეშური მათ ალბათ მიღებული აქვთ მარცვლის ერთნაირი ოვალური ფორმის გამო.
მართლაც, სიტყვა ბუდეშური სულხან-საბა ორბელიანს თავის ლექსიკონში შემდეგნაირად აქვს განმარტებული: ბუდეშური ყურძენის მოგრძო მარცვალი-არის. სხვა მორფოლოგიური ნიშნებით მას საერთო თითქმის არაფერი აქვს თეთრ ბუდეშურთან. ი. ბახტაძეს. წითელი ბუდეშური მოხსენიებული აქვს დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან ერთად, ხოლო აკად. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, იგი მესხეთშიაც ყოფილა გავრცელებული.
მესხეთში (სოფ. გურკელში) თითო-ოროლა მაღლარი ვაზების სახით ახლაც გვხვდება ბუდეშური, მაგრამ იგი თეთრია და არა წითელი. ძველად მესხეთში წითელიც ყოფილა გავრცელებული, მაგრამ ამ მხარის გამაჰმადიანებისა და მკვიდრი მოსახლეობის გადასახლების გამო, წითელმა ბუდეშურმა სხვა მრავალ ჯიშების მსგავსად ჩვენამდე ვერ მოაღწია.
ს. ორბელიანის, ი. ბახტაძის, ივ. ჯავახიშვილის და სხვათა მონაცემების თანახმად წითელი ბუდეშური ადგილობრივ ვაზის ჯიშად უნდა ვიგულვოთ. მასთან იგი საკმაოდ ძველი ჯიში ჩანს, რადგან ჯერ კიდევ XVII საუკუნეში კარგად ცნობილი და გავრცელებული ყოფილა. არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ რამდენიმე საუკუნით უფრო ადრეც იქნებოდა იგი ჩვენში გაშენებული.
ძველად წითელი ბუდეშურის გავრცელების არეალი გაცილებით უფრო ფართო იყო, იგი საქართველოს თითქმის ყველა რაიონში გვხვდებოდა. ი. ბახტაძეს მისი გავრცელება აღნიშნული აქვს შორაპნის ყოფილ მაზრაში, აკად. ივ. ჯავახიშვილს მესხეთში, მოხსენიებული აქვს სულხან-საბა ორბელიანსაც და ასე შემდეგ. მიუხედავად ჯიშის ფართო გავრცელებისა, საფიქრებელია, რომ მას დიდი ფართობი მაინც არ ეჭირა და გვხვდებოდა პატარა ვენახების, უფრო ხშირად რამდენიმე ასეული ძირი საკარმიდამო ნაკვეთებზე.
ეს გარემოება იმით აიხსნება, რომ ძველად სასუფრე ყურძნის ჯიშებს ჩვენში სამრეწველო გავრცელება არ ჰქონდა, რომლებსაც ავრცელებდნენ ძირების განსაზღვრული რაოდენობით საჭმელად და სუფრის დასამშვენებლად. აქედან წარმოდგა სასუფრე ყურძნის საერთო სახელწოდება სათვალიო და საგობე.
მეორე მხრივ, საქართველოს თითქმის ყველა მხარეში ზოგიერთი საწარმოო ვაზის ჯიში ხშირად ცვლიდა სასუფრე ყურძენს და თავისუფლად ეწეოდა და ახლაც ეწევა მის მაგივრობას. აღმოსავლეთ საქართველოში სასუფრე ყურძნის მაგივრობას ეწეოდა რქაწითელი, ჩინური, მწვანე, ხოლო დასავლეთ საქართველოში კრახუნა, კამური თეთრი, ალადასტური და სხვ.
ხანგრძლივი შედარებითი შესწავლის შედეგად წითელი ბუდეშური ჩვენ მიერ გამოვლინებულია, როგორც შედარებით მაღალი ღირსების სასუფრე ყურძნის ჯიში. აღმოსავლეთ საქართველოს სასუფრე ყურძნის ჯიშებიდან იგი საგრძნობლად გამოირჩევა მტევნების ლამაზი გარეგნული შეხედულებით და სასიამოვნო გემოთი. ჯიში ჩვენ მიერ შესწავლილია და გამრავლებულია წარმოების პირობებში დასანერგად.
კახეთის ჰავის პირობებში წითელი ბუდეშური თავისი საუცხოვო გემოთი საგრძნობლად გამოირჩევა ქართლის თითას, გორულას, კახეთის ცხენისძუძუსა და სირგულასაგან, რომლებიც საუკეთესოებად ითვლებიან აღმოსავლეთ საქართველოს სასუფრე ვაზის ჯიშების ასორტიმენტში.
ბოტანიკური აღწერა
ახალგაზრდა ყლორტი. მოზარდი 15-20 სმ სიგრძის ყლორტების გვირგვინი და პირველი ორი, ჯერ კიდევ გაუშლელი, ფოთოლაკი შებუსვილია სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით და მორუხო თეთრი ფერი აქვს, მოვარდისფრო არშიით გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. ქვემოთ მდებარე ფოთლები (მეოთხედან დაწყებული) კარგავს ზედა მხრიდან ბუსუსს და იღებს მოყვითალო-მწვანე ფერს მოვარდისფრო იერით, ხოლო ქვედა მხრიდან ინარჩუნებს ბუსუსს და მასთან დაკავშირებულ მორუხო-თეთრ ფერს.
ერთწლიანი რქა. შემოდგომით ყურძნის სრული სიმწიფის დროისათვის ერთწლიანი რქების ფერი მოყვითალო-წითელია და მოვარდისფრო იერი ახლავს. მუხლთშორისების სიგრძე 10-12 სმ უდრის, მუხლები კარგად გამოსახულია და უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე მუხლთშორისები. მუხლთშორისების გასწვრივ ზოლები კარგად ემჩნევა.
ფოთოლი. რქის შუა ნაწილის ფოთლები (9-12) საშუალოზე დიდია (22X20 სმ). ფორმით მომრგვალო, ან ოდნავ ოვალურია. უფრო ხშირად ფოთლები სამნაკვთიანია (სამყურიანი), იშვიათად ხუთნაკვთიანი, ძლიერ იშვიათად ოდნავ დანაკვთულია ან თითქმის დაუნაკვთავი ფოთლებიც გვხვდება. ფოთლის ზედაპირი სწორია, იშვიათად იგი მიხრილ-მოხრილია. შუა ნაკვთის კუთხე ხშირად ბლაგვია.
ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმისაა, ფორმით ჩანგისმაგვარია. იშვიათად შეჭრილკუთხისებრი, ზეზეურია. ზოგჯერ ზედა ამონაკვეთები დახურულია. აქვს კვერცხისებრი თვალი მომრგვალო ფუძით, იშვიათად ფუძე ცალკბილიანია. ქვედა ამონაკვეთები, როგორც წესი, ზეზეურია, უფრო ნაკლებად განვითარებული, ხშირად ღიაა და ლანცეტის ან შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმა აქვს, იშვიათად გვხვდება ჩანგისებრი ფორმის ვიწროყელიანი შეჭრილკუხთიანი ამონაკვეთები.
ყუნწის ამონაკვეთი ხშირად ღია თაღისებრი ან კვადრატული ფორმისაა, მომრგვალო ფუძით, იშვიათად იგი ჩანგისებრია წამახვილებული ან მომრგვალო ფუძით. ყუნწის სწორი თაღისებრი ამონაკვეთები ჯიშისათვის დამახასიათებელია.
ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება სამკუთხედისებრი მახვილწვერიანი, იშვიათად მომრგვალებულწვერიანი კბილებით. გვერდითი კბილები სამკუთხედისებრია, გამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით ან ცალმხრივ ამოზნექილგვერდიანია.
ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა სუსტია, იგი შედგება იშვიათი აბლაბუდისებრი ბეწვებისაგან და თხელი ჯაგრისებრი ბუსუსისაგან. ფოთლის ყუნწი მუქი ღვინისფერია, ალაგ-ალაგ მწვანეა, იგი უბუსუსოა ან ახლავს ოდნავ შესამჩნევი ბუსუსი. ყუნწის სიგრძე უდრის ფოთლის შუა ძარღვის სიგრძეს, ან ოდნავ მასზე მეტია.
ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია, მტვრიანები სწორმდგომია. ყვავილში ხუთი, იშვიათად ექვსი მტვრიანაა. მტვრიანების ძაფების სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,25 უდრის. იშვიათად ეს შეფარდება 1,50 აღწევს. ბუტკო მსხლისებრი ან სუროსებრი ფორმისაა. კარგად გამოსახული სვეტით და დინგით.
მტევანი. მტევნები საშუალო (18X10 სმ) სიდიდისაა, რომელთა სიგრძე მერყეობს 14-დან 22 სმ-მდე, ხოლო სიგანე 8-დან 13 სმ-მდე. უფრო ხშირად მტევნები კონუსისებრი ფორმისა და თხელი ან საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად მხრიანია, მხრების სიგრძე ძირითად მტევნის სიდიდის ერთ მესამედს, ხან ნახევარს აღწევს. წვრილი მარცვლების რაოდენობა მტევანში უმნიშვნელოა, ცალკეულ წლების მიხედვით იგი 5-10% აღწევს. მარცვლების რიცხვი მტევანში ცვალებადობს 60-დან 200-მდე. კარგად განვითარებულ, 515 გ-იან მტევანში 185 მარცვალია, რომელთაგან 100 მარცვალი მსხვილია, ხოლო 85 საშუალო და საშუალოზე მცირე ზომისაა.
მტევნის ყუნწი 5-7 სმ სიგრძისაა, ხშირად ბალახისებრია, შუა ადგილიდან ფუძისაკენ იგი ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვლის ყუნწის სიგრძე მერყეობს: 0,6-დან 0,9 სმ-მდე, მისი ბალიში ვიწრო კონუსისებრი, ხორკლიანია, ან იშვიათად განიერი კონუსისებრია.
მარცვალი. მარცვლები საშუალოზე უფრო მსხვილია, მათი სიგრძე მერყეობს საშუალოდ 1,6-დან 2,0 სმ-მდე, ხოლო განი 1,25-დან 1,65 სმ-მდე, რაც საშუალოდ 1,75X1,45 სმ შეადგენს. მარცვალი ოვალურია, იშვიათად მოგრძო, ხშირად სიმეტრიულია, შუაში განიერია და ბოლო მომრგვალებული. მარცვალი ვარდისფერია, არათანაბარი სიმწიფის გამო ხშირად ჭრელია, ხოლო გადამწიფებისას მუქი ვარდისფერია ან თითქმის შავია.
კანი თხელი აქვს, იგი ძნელად შორდება მარცვლის რბილობს, რბილობი ოდნავ მკვრივია, ხოლო წვენი უფერული. მარცვალი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. მარცვალს სასიამოვნო ჰარმონიული გემო აქვს და ზომიერი სიხალისე. ჯიშური არომატი საკმაოდ გამოსახულია, ჯიში ადვილად გამოირჩევა სხვა სასუფრე ყურძნის ჯიშებიდან მარცვლის ნაზი გემოთი. მარცვლები საკმაო მჭიდროდ სხედან ყუნწზე.
წიპწა. წიპწების რაოდენობა მარცვალში ცვალებადობს 1-დან 4-მდე, საშუალოდ ერთ მარცვალზე ორი წიპწა მოდის. წიპწის სხეული მომრგვალო-ოვალურია, წაბლისფერია მოწითალო იერით, ნისკარტი ნარინჯისფერი აქვს. წიპწის სიგრძე 7 მმ, ხოლო განი 4 მმ უდრის, ნისკარტის სიგრძე 2,0 მმ. ქალაძა წიპწის ზედა ნაწილში მდებარეობს, იგი ოვალური ფორმისაა და შუაში ჩაზნექილია.
ღარტაფი ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ საკმაო ღრმა და განიერია, ხოლო ნისკარტისაკენ იგი ვიწროა. წიპწის მუცლის მხარე ქედიანია, მუცლის ღარები საკმაოდ ღრმაა, პარალელურად მიემართებიან ნისკარტისაკენ და მის დასაწყისში ქრებიან. მათი ფუძე (ძირი) ნარინჯისფერია. ნისკარტი ვიწრო-კონუსისებრია და ხორკლიანი, წვერი წაკვეთილი აქვს.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა. დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდისა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა სოფ. კურდღელაურში ქ. თელავიდან 4 კილომეტრის დაშორებით.
აღნიშნული ადგილის პირობებში სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა შემდეგი თავისებურებით ხასიათდებოდა: სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე წლის მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად მერყეობდა 127-დან 159- დღემდე.
ვეგეტაციის ფაზების დადგომის ვადები საგრძნობლად მერყეობს ცალკეული წლების მეტეოროლოგიურ პირობებში. დაკვირვებამ ცხადყო, რომ სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა დიდადაა დამოკიდებული საწყისი ფაზის დადგომის ვადაზე. რაც უფრო ადრე დაიწყება კვირტის გაშლა მით უფრო გრძელია სავეგეტაციო პერიოდი და შებრუნებით, რაც უფრო გვიან იწყება იგი, მით უფრო მოკლეა სავეგეტაციო პერიოდი და ამის შესაბამისად, ნაკლებია აქტიური ტემმპერატურის ჯამით.
კახეთის ჰავის პირობებში წითელი ბუდეშურის ერთწლიანი რქები ყურძნის სრული სიმწიფის დროისათვის თავისუფლად აღწევს მომწიფებას და კარგად შემოსული და გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს. უფრო მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მქონე რაიონებშიაც ბუდეშურის რქები ასწრებს მომწიფებას. მაგალითად, ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე სოფ. სხვილისში (ახალციხის რ-ნი), მისმა ერთწლიანმა რქებმა კარგად მოასწრეს მომწიფება. ასევე კარგად ასწრებს რქები მომწიფებას თბილისის მახლობლად სოფ. წყნეთის აგარაკზე.
წითელი ბუდეშურის ზრდის სიძლიერე ჰავისა და ნიადაგური პირობების შესაბამისად ცვალებადობს. ზრდა-განვითარების თანაბარ პირობებში, კახური საწარმოო ვაზის ჯიშებთან შედარებით, წითელი ბუდეშურის ზრდა თელავისა და ვაზისუბნის საკოლექციო ნაკვეთებზე საშუალო, ან უფრო ხშირად საშუალოზე ძლიერია.
მოსავლიანობა. წითელი ბუდეშური, მსგავსად სხვა ქართული ვაზის ჯიშებისა, ადრე იწყებს პირველსა და სრულ მოსავლიანობას, მისი ნამყენები დარგვიდან მესამე წელს იძლევა პირველ მოსავალს, ხოლო მეოთხე და მეხუთე წლიდან იწყებს სრულ მოსავლიანობას.
თელავისა და ვაზისუბნის საკოლექციო და სარეპროდუქციო ნაკვეთებზე წარმოებული დაკვირვებებისა და აღრიცხვების მიხედვით წითელი ბუდეშური საშუალოზე უხვმოსავლიანი ვაზის ჯიშია. მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი ცვალებადობს საშუალოდ 0,70-დან 2,0-მდე. ხოლო მტევნის საშუალო წონა 120-დან 250 გ-მდე. მსხმოიარობის საშუალო კოეფიციენტად შეიძლება მივიღოთ 1,2, ხოლო მტევნის საშუალო წონად 150 გ. საშუალოდ ვაზზე 16-20 რქის დატოვების შეთმხვევაში ერთი ძირის მოსავლიანობა შეადგენს 2800-3600 გ. ანუ ჰექტარზე გადაყვანით 92,4-დან 168,0 ცენტნერამდე.
ჯიშის მსხმოიარობის უფრო დეტალური დახასიათებისათვივს ჩატარდა ნეკზე და საკავებელზე განვითარებული მოსავლიანი და უმოსავლო რქების, აგრეთვე ცალკეული რქების მოსავლის აღრიცხვა. აღრიცხვების შედეგად გამოირკვა, რომ უნაყოფო რქების რაოდენობა ვაზზე საშუალოდ 15-25% აღწევს. ერთმტევრიანი როები შეადგენს 58%, ორმტევნიანები 40%, ხოლო სამმტევნიანები 2,0%.
ე. მირიანაშვილის აღრიცხვის თანახმად წითელი ბუდეშურის მოსავლიანობა 20-22 კვირტით დატვირთვისას 160 ცენტნერს უდრის, ვაზის დატვირთვის 36-40 კვირტამდე გადიდებით _ ორმხრივი მოკლე კორდონის შემთხვევაში იგი 178 ცენტნერამდე იზრდება, ხოლო მრავალსაკავებლიანი ფორმის დროს _ 193 ცენტნერამდე.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დატვირთვის 20-22-დან 36-40 კვირტამდე გადიდებით შემცირდა განვითარებული ყლორტების პროცენტი, მოსავლიანობის კოეფიციენტი და მტევნის საშუალო წონა. საგრძნობლად შემცირდა აგრეთვე რქის პროდუქტიულობაც, თუმცა მოსავალმა ძირზე იმატა. დატვირთვა 20-22 კვირტით ჯიშისათვის ნორმალურად უნდა ჩაითვალოს.
მტევნების ძლიერ სიმეჩხრის შემთხვევაში საჭიროა ყვავილობის დაწყებამდე ან დაწყებისთანავე მოზარდი ყლორტების წვეროების წაწყვეტა დაყვავილების უნარის გასადიდებლად და გამონასკვული მარცვლების უკეთ გასავითარებლად.
სოკოვან ავადმყოფობათა და ზამთრის ყინვებისადმი გამძლეობა
წითელი ბუდეშურის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ დამაკმაყოფილებელია. ასე, მაგალითად, ვაზისუბნის და თელავის საკოლექციო ნაკვეთებზე ჩატარებული აღრიცხვების მიხედვით ჭრაქის მიმართ მისი გამძლეობა სხვა ჯიშებთან შედარებით საშუალოა, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალოზე უკეთესი. შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება ყურძნის ჭიის მიმართაც.
ზამთრის ყინვების მიმართ წითელი ბუდეშური საშუალო გამძლეა. ასე, მაგალითად, ზამთარში, როცა ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი ვაზისუბანში _ 16°-მდე დაეცა და მასთან ვაზის რქები დაიჭირხლა, მოყინული კვირტების რაოდენობამ 12% მიაღწია, მაშინ როდესაც რქაწითელი მხოლოდ 4,3%-ით დაზიანდა, ხოლო სხვა ჯიშების (მხარგრძელის, ჟღიისა და სხვ.) დაზიანებული კვირტების რაოდენობა 20% აღწევდა. თელავის და ვაზისუბნის პირობებში, სადაც ვენახები არ ირწყვებოდა, წითელი ბუდეშური გვალვის მიმართ საშუალო გამძლეობით ხასიათდებოდა, ხანგრძლივი გვალვების შემთხვევაშიაც კი იგი კახეთის სხვა ჯიშებზე უფრო მეტად არ ზიანდება.
ტექნოლოგიური დახასიათება
მტევნის და მარცვლების გარეგნული შეხედულება, მექანიკური შედგენილობა და წვენის ქიმიური შემცველობა გარკვეულად მიგვითითებს წითელი ბუდეშურის სასუფრე ყურძნად გამოყენების მიზანშეწონილობაზე.
ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა. წითელი ბუდეშური სხვა სასუფრე ვაზის ჯიშებთან შედარებით, მაღალი შაქრიანობით ხასიათდება, მაგრამ სასფრე ღვინისათვის მისი შაქრიანობა, უფრო სწორად შაქრიანობის შეფარდება მჟავიანობასთან, არ არის დამაკმაყოფილებელი, განსაკუთრებით, ხარისხოვანი სასუფრე ღვინის მისაღებად.
წითელი ბუდეშურის შაქრიანობა მერყეობს 16-დან 19%-მდე, ხოლო მჟავიანობა 4-დან 6,8‰-მდე.
აღნიშნული შაქრიანობა 16-19% სავსებით დამაკმაყოფილებელია სასუფრე ყურძნისათვის, რადგან ამ ჯგუფის სასუფრე ჯიშების მომეტებული ნაწილის შაქრიანობა საშუალოდ 15-17% არ აღემატება. საჭიროების შემთხვევაში რთველის რამდენიმე დღით უფრო გვიან ჩატარებით შესაძლებელია მისი შაქრიანობის გადიდება, მაგრამ მას მოსდევს მჟავიანობის დაცემა, რაც ცუდად მოქმედებს ყურძნის გემურ თვისებებზე _ ამცირებს მის სიხალისეს, რაც სასუფრე ყურძნისათვის არ არის სასურველი.ყურძნის გამოყენება და პროდუქციის დახასიათება. წითელი ბუდეშურის მოსავალს იყენებენ ძირითადად ადგილობრივ სასუფრე ყურძნად.
მისი თხელი ან საშუალო სიმკვრივის მტევნების ლამაზი გარეგნული შეხედულება, მარცვლების ოვალური ფორმა, ვარდისფერი შეფერვა, ჰარმონიული გემო აღმოსავლეთ საქართველოს სასუფრე ყურძნის ჯიშებს შორის მას პირველ ადგილზე აყენებს. მეტიც შეიძლება ითქვას, იგი გაცილებით უკეთესია დასავლეთ ევროპის მთელ რიგ სასუფრე ყურძნის ჯიშებზე და მხოლოდ რამდენიმე ჯიშს თუ ჩამოუვარდება სამეურნეო ნიშან-თვისებათა ჯამით.
წითელი ბუდეშური, როგორც სასუფრე ყურძენი, ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით.
მტევანი. კარგად განვითარებული მტევნები საშუალოზე დიდი ზომისაა, მათი სიგრძე 20 სმ, ხოლო განი 12 სმ უდრის. ლამაზი გარეგნული შეხედულების თხელი მტევნები, საშუალოზე მსხვილი ოვალური ფორმის მუქი ვარდისფერი მარცვლები მას მიმზიდველს ხდის.
მარცვალი. მარცვლების უმეტესობა საშუალოზე მსხვილია, მათი სიგრძე 1,75 სმ, ხოლო განი 1,35 სმ უდრის. ფორმით ოვალურია, იშვიათად გვხვდება აგრეთვე მოგრძო მარცვლებიც.
სრულიად მწიფე მარცვლები მუქი ვარდისფერია, მტევანში უმნიშვნელო წვრილმარცვლიანობას და მარცვლების არათანაბარ სიმწიფეს ერთგვარი სიჭრელე შეაქვს მის შეფერვაში, ხოლო თხელი ცვილისებრი ფიფქი თავისებურ სინაზეს აძლევს მარცვლების შეფერვას. კანი თხელი აქვს, იგი ადვილად არ შორდება რბილობს, რბილობი წვნიანი, ოდნავ მკვრივი ან საშუალო სიმკვრივისაა, წიპწა ადვილად ეცლება რბილობს. მარცვალში საშუალოდ 2 წიპწაა.
გემო. ბუდეშურის მარცვლებს მეტად სასიამოვნო, ჰარმონიული გემო აქვს. სადეგუსტაციო კომისიის სხდომებზე იგი მუდამ მაღალ შეფასებას იღებდა და მომხმარებელთა ვიწრო წრეში დიდი მოწონებით სარგებლობს. წვენის შაქრიანობა მერყეობს 16%-დან 20%-მდე, ხოლო მჟავიანობა 4‰-დან 7‰-მდე. მარცვალს ნაზი სასიამოვნო არომატი აქვს, იგი მკვეთრად არ არის გამოსახული. მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ჯიში ადვილად გამოიცნო.
ტრანსპორტის ამტანობა. გადაზიდვის ატანის შესაფასებლად გარდა მიღებულ უშუალო შედეგებისა, საგულისხმოა აგრეთვე მონაცემები მარცვლის მოწყვეტისა და გაჭყლეტვის წინააღმდეგობაზე.
ჩატარებული დაკვირვების მიხედვით მარცვლების წინააღმდეგობა მოწყვეტაზე ცალკეულ მარცვლებისათვის მერყეობდა 180-დან 300 გ-მდე და საშუალოდ 50 მარცვლისათვის უდრიდა 240-250 გ, ხოლო გაჭყლეტვის მიმართ წინააღმდეგობა მერყეობდა 700-დან 1040 გ-მდე და საშუალოდ უდრიდა 760-880 გრამს.
მტევნები, როცა იგი ასხმულია ჯაგნებად სვიაზე ან თოკზე, ან როცა ყურძენი აჭრილია ჩხების სახით და მოთავსებულია მარანში საკმაოდ დიდხანს, კარგად ინახება. ასე, მაგალითად, ამ წესით წითელი ბუდეშურის ყურძენი თავისუფლად ინახება მეორე წლის გაზაფხულამდე, ზოგიერთ წლებში კი მაისამდეც კი. წითელი ბუდეშურის მტევნების შენახვის უნარიანობა ოდნავ უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ცნობილი სასუფრე ჯიშისა _ თითა განჯურისა. მაგალითად, როცა ყურძენი თაროებზე დალაგებული ინახებოდა წითელმა ბუდეშურმა 44 დღის შენახვის მანძილზე წყლის აორთქლების გამო წონის 34,1% დაკარგა, ხოლო დამპალ მარცვლების გამოცლის გამო 17,1%-სულ 51,2%, შენახვის იმავე პირობებში განჯურმა თითამ 33 დღის განმავლობაში დაკარგა წყლის აორთქლებაზე 33,5%, ხოლო მარცვლების დალპობის გამო 19,7% _ სულ 53,2%. ამ მონაცემების მიხედვით წითელი ბუდეშური შედარებით უკეთ შენახვის უნარიანობით გამოირჩევა.
წითელი ბუდეშური პერსპექტიული სასუფრე ყურძნის ჯიშია, თავისი გემური თვისებებით, მტევნისა და მარცვლების სიდიდით იგი უახლოვდება კახეთში თალავრების სახით გავრცელებულ ჯიშს _ განჯურ თითას. ამ ორი ჯიშის შედარება-დაპირისპირებიდან ირკვევა, რომ განჯურის უპირატესობა მდგომარეობს ტრანსპორტის უკეთ ამტანობაში და წვენის ოდნავ მეტ შაქრიანობაში, დანარჩენი მაჩვენებლებით წითელი ბუდეშური მას არ ჩამოუვარდება. ასე, მაგალითად, წითელი ბუდეშური ვენახების გაშენების ჩვეულებრივი წესის დროს _ დაბლარად შპალერზე გაცილებით უფრო მეტი მოსავლიანობით, შედარებით უფრო ადრე მწიფობით, ნაკლები წვრილმარცვლიანობით, წვენის მეტი გამოსავლიანობითა და მაგარი ანარჩენების (კლერტი, კანი, წიპწა) ნაკლები გამოსავლით ხასიათდება. ყველა ამასთან წითელი ბუდეშური უფრო სასიამოვნოა საჭმელად და მარცვლების სიდამპლეც მას ნაკლებად აზიანებს.
წითელი ბუდეშური გამოცდილი იყო აგრეთვე სუფრის ღვინის დასამზადებლად, როგრც კახური, ისე ევროპული წესით, მაგრამ მისი ღვინო მაღალი ღირსების არ გამოდგა. ჭაჭაზე დაყენებული იგი ღია ვარდისფერია, არომატი სუსტად აქვს გამოსახული, ნაკლებშინაარსიანი, მცირე სხეულიანი ორდინარული ღვინოა. გამოსადეგია კუპაჟისათვის და ზედმეტად სხეულიანი კახური ტიპის ღვინოების გასაუმჯობესებლად ან მეორე გადაღების შემდეგ სარეალიზაციოდ.
წითელი ბუდეშურის ღვინო ალკოჰოლს და სიმჟავეს დიდი რაოდენობით არ შეიცავს, მასთან იგი მცირე სხეულიანია, რის გამოც იგი დასაძველებლად ან ხანგრძლივ შესანახად არ გამოდგება. ამიტომ იგი გამოყენებული უნდა იქნეს ახალგაზრდობის ასაკში, მისი მეორე გადაღებისთანავე.
საერთო შეფასება და რაიონირება
წითელი ბუდეშური ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ პერსპექტიული ჯიშია, იგი იძლევა მაღალი ღირსების სასუფრე ყურძენს, რომელსაც ლამაზი გარეგნული შეხედულება და ნაზი, სასიამოვნო გემო აქვს.
ფოტო: ასოციაცია „ქართული ღვინო“ (GWA)
ჯიშს შემდეგი დადებითი თვისებები ახასიათებს: ყურძენი ადრე მწიფდება, ვაზი შედარებით კარგად უძლებს სოკოვან ავადმყოფობას, საშუალოზე უხვმოსავლიანია; მტევნები და მარცვლები ლამაზი გარეგნული შეხედულებისაა და ნაზი სასიამოვნო გემო აქვს, მაგარი ნარჩენები (კლერტი, კანი, წიპწა) მცირე რაოდენობით ახლავს და ყურძენი კარგად ინახება.
ჯიშის უარყოფითი თვისებები: ყურძნის არასაკმაო ტრანსპორტამტანობა, მარცვლების არათანაბარი ზომა და სიმწიფე.
ვენახების დროული და კარგი მოვლა-დამუშავებით და ჯიშისათვის შესაფერი აგროღონისძიებების გამომუშავებით საგრძნობლად შეიძლება გადიდდეს მისი მოსავლიანობა. ცუდი ტრანსპორტამტანობა თანამედროვე პირობებში _ გადაზიდვის საშუალებების გაუმჯობესების გამო ნაკლებად ყურადსაღებია. წვნიანი რბილობი და ნაზი გემო, პირიქით, დადებითად უნდა ჩაითვალოს სასუფრე ყურძნისათვის, რადგან ტრანსპორტის ამტან ჯიშებს სქელი კანი და მკვრივი, საჭმელად ნაკლებ სასიამოვნო, რბილობი აქვს. არათანაბარი ზომა დ სიმწიფე მარცვლებისა წითელ ბუდეშურს მკვეთრად არა აქვს გამოსახული.
ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.
იხილეთ აგრეთვე: სუფრის ყურძენი – დარგვა, ვენახის გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია