თეთრი ბუდეშური-ქართული ვაზის ჯიში

ბუდეშური, ვაზი, მევენახეობა, ჯიში

აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ვაზის ადგილობრივ ჯიშებს შორის ბუდეშური ყურადღებას იპყრობს, როგორც სუფრის ყურძნისა და ორდინარული პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში.

ქართლისა და იმერეთის ზოგ რაიონში იგი ცნობილია აგრეთვე “თეთრი ბუდეშურის” სახელწოდებით, განსხვავებით შავი ანუ წითელი ბუდეშურისაგან, რომლის გავრცელების არეალი ძირითადად კახეთით განისაზღვრება.

მას ეძახიან აგრეთვე ბუდეშურის ყურძენს, ხოლო სპეციალურ ლიტერატურაში (პროფ. ს. ჩოლოყაშვილი, აკად. ივ. ჯავახიშვილი, დოც. ნ. ჩახნაშვილი), მოხსენებულია ბუდეშურის სახელით.

საქართველოს ტერიტორიაზე ბუდეშურის წარმოშობის შესახებ წერილობითი მასალა არ მოიპოვება, მის ირგვლივ მცირეოდენ ცნობებს ვხვდებით XVII საუკუნის მიჯნაზე. ასე მაგ., სულხან-საბა ორბელიანს თავის შესანიშნავ ლექსიკონში მოხსენებული აქვს: `ბუდეშური ყურძენი, მოგრძე მარცუალი~ არისო, რაც მიგვითითებს XVI-XVII საუკუნეში ამ ჯიშის ფართოდ გავრცელებაზე.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბუდეშურის შესახებ მოკლე დახასიათება ან მხოლოდ დასახელება მოცემულია ლ. ჯორჯაძის, გეევსკისა და შარერის, აგრეთვე ფირალოვისა და შავერდოვის შრომებში. უფრო მოგვიანებით, ბუდეშურის ირგვლივ ზოგიერთი ცნობა ენობრივ ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია აკად. ივ. ჯავახიშვილის შრომაში, ხოლო მისი ამპელოგრაფიული დახასიათება მოცემული აქვთ პროფ. ს. ჩოლოყაშვილს მევენახეობის სახელმძღვანელოში და დოც. ნ. ჩახნაშვილს საკავშირო ამპელოგრაფიაში გამოსაქვეყნებლად გადაცემულ მონოგრაფიაში.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ კახეთში, გარე კახეთსა და ქართლის რაიონებში გავრცელებული თეთრი ბუდეშური მორფოლოგიური ნიშნებით ურთიერთისადმი იდენტურია, ხოლო სხვადასხვა ადგილებში ამ ჯიშის ზრდის სხვადასხვა სიძლიერე და ამის შესაბამისად მეტ-ნაკლები მოსავლიანობა, ან მტევნისა და მარცვლის სხვადასხვა სიდიდე ამა თუ იმ რაიონის ეკოლოგიური პირობების თავისებურებიდან გამომდინარეობს.

ასე, მაგალითად,კახეთისა და გარე კახეთის სარწყავ პირობებში, აგრეთვე ღრმა, ღონიერსა და სათანადოდ დამუშავებულ ნიადაგებზე, ბუდეშური ძლიერ იზრდება და მსხვილმარცვლიან დიდ მტევნებს ისხამს, რითაც ზოგიერთ შემთხვევაში თითა ყურძენს ემსგავსება. პ. ყანდურალოვის მიხედვით, ბუდეშური ქართლის პირობებში საშუალოზე ნაკლები, ან სუსტი ზრდით და საშუალო სიდიდის მტევნითა და მარცვლებით ხასიათდება.

გემური თვისებებით იგივე ავტორი ბუდეშურს აკუთვნებს ხარისხოვან სუფრის ყურძნისა და აგრეთვე საუცხოო ღვინომასალის მომცემ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ყურადღებას იპყრობს ჯიშ ბუდეშურის სახელწოდების ენობრივი ანალიზი. ამ მხრივ ფრიად საინტერესოა აკად. ივ. ჯავახიშვილის ნარკვევი, რომლის მიხედვით სახელი ბუდეშური ამ ჯიშის სადაურობის მაუწყებელს უნდა წარმოადგენდეს.

ივ. ჯავახიშვილი ბუდეშურს მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ჯიშად გულისხმობს და მის სახელს საქართველოს რომელიმე გეოგრაფიულ სახელს უკავშირებს და როგორც ამის ირგვლივ სამართლიანად განმარტავს თვითონვე: მისი კვალის წარხოცილობის გარემოებაც ამ ყურძნის ჯიშის საპატიო ხნიერების გამომჟღავნებელია.

კახეთში არის სოფელი ბუშეტი-ბუშეტური, შესაძლებელია ასოთა გადანაცვლებამ მოგვცა ბუდეშური. მრავალი წლის განმავლობაში ამ ჯიშის ირგვლივ წარმოებული დაკვირვებანი ცხადყოფენ, რომ ჯიშის ბოტანიკურბიოლოგიური ნიშან-თვისებებით ბუდეშური ალაზნის კერის ტიპიური წარმომადგენელია, რომელიც ქართლში ფართოდ გავრცელებულ ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.

ჩვენში სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრამდე ბუდეშური ფართოდ ყოფილა გავრცელებული ქართლის, მესხეთის, გარე კახეთისა და კახეთის რაიონებში; აგრეთვე მის გავრცელებაზე მიგვითითებენ იმერეთშიაც.

უცნობი ავტორის მიხედვით, როგორც ეს მოხსენებული აქვს ივ. ჯავახიშვილს, მესხეთში-საროსა და ხიზაბავრას მიდამოებში გავრცელებული ყოფილა წითელი და თეთრი ბუდეშური. აღნიშნულს ადასტურებს დასახელებულ ადგილებში ჩვენ მიერ ნაპოვნი და ამჟამად შერჩენილი ბუდეშურის მაღლარები, რომელთა ხნოვანება მრავალ ათეული წლით განისაზღვრება და მათი მოსავლიანობა წლის ამინდის ხელშემწყობ პირობებზეა უშუალოდ დამოკიდებული. ქართლშიც ძველ ვენახებში ბუდეშური ხშირად იყო გაშვებული ბაბილოდ ვენახის ირგვლივ დარგულ ხეხილზე.

იმერეთში თეთრი და შავი ბუდეშურის არსებობა მოხსენებული აქვს ილია ბახტაძეს, თუმცა ამ ჯიშების დახასიათებას არ იძლევა.

გადმოცემით, წარსულში ბუდეშურის პროდუქცია გამოყენებული ყოფილა როგორც სუფრის ყურძნად (ადგილობრივ მოსახმარად), ისე საოჯახო ღვინის დასამზადებლად. იგი როგორც შედარებით ადრე მწიფობის ჯიში, ფართოდ ყოფილა გავრცელებული ქართლისა და მესხეთის რაიონებში.

სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მოქმედებამ (განსაკუთრებით ნაცარმა და ფილოქსერამ) მნიშვნელოვნად შეამცირა ბუდეშურის ნარგაობა, ხოლო ზოგიერთ რაიონში იგი სრულიად მოსპო.

ბოტანიკური აღწერა

ბუდეშური აღწერილია გორის რაიონის სოფ. წედისში და შესადარებლად დიღმის მევენახეობის სასწავლო მეურნეობის საკოლექციო ნაკვეთში.

ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი და ახლად გასაშლელი პირველი ფოთოლაკი სქლად არის შებუსვილი მოთეთრო ფერის ბეწვისებრი ბუსუსით, რომლის ნაპირებს გადაჰკრავს ღია მოწითალო ან მოვარდისფრო ელფერი.

ახლადგაშლილი პირველი და მისი მომდევნო მეორე ფოთოლი ორივე მხრიდან სქლად არის დაფარული მოთეთრო-მონაცისფრო ბეწვისებრი ბუსუსით; ფოთლის ნაპირებს ემჩნევა ღია მოვარდისფრო შეფერვა. მომდევნო მესამე, მეოთხე, მეხუთე და შემდგომ ფოთლებზე შებუსვა ზედა მხრიდან თანდათანობით მცირდება და ბოლო ფოთლები თითქმის შიშვლდება. ასევე მცირდება შებუსვა ქვედა მხრიდანაც, თუმცა მცირეოდენი ბუსუსი ქვედა ფოთლებს მაინც გასდევს, უმთავრესად ძარღვების გასწვრივ. ფოთლებს ახასიათებს ღია მწვანე შეფერვა ოდნავ მოწითალო ელფერით. ყლორტი ღია მწვანეა და მომრგვალო, რომელიც ოდნავ შებუსვილია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით.

ერთწლიანი რქა საშუალო სიმსხოსია (8-9 მმ). სრული სიმწიფის პერიოდში იგი იღებს ღია მოყვითალო ფერს მონაცრისფრო ელფერით. ახასიათებს მკრთალი თითქმის შეუმჩნეველი ზოლები. მუხლები უფრო მუქად არის შეფერილი. მუხლთშორისის სიგრძე 7-11 სმ აღწევს.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა. ფორმით მომრგვალოა ან ოდნავ ოვალური. მისი საშუალო სიგრძე 18,5-19,5 სმ, ხოლო სიგანე 18,5-19 სმ აღწევს და ღია მწვანეა.

ფოთლის ყურწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ღია და ღრმად ჩაჭრილია; ფორმით ჩანგისებრია მომრგვალებული ფუძით; გვხვდება აგრეთვე ისევ ღია და განიერი ისრისებრი მახვილი ფუძით. ბუნებრივ მდგომარეობაში ყუნწის ამონაკვეთი ხშირად დახურულია ურთიერთთან მიახლოებული ან საკმაოდ ღრმად გადადებული ნაკვთებით და ვიწრო ან განიერ ელიფსური ნაპრალით. ზედა ამონაკვეთი უფრო ხშირად საკმაოდ ღრმად ჩაჭრილია, გვხვდება აგრეთვე ამონაკვეთები მცირედ ან შესამჩნევად შეჭრილი კუთხით. ამონაკვეთები უმეტეს შემთხვევაში დახურულია განიერი ელიფსური ან მომრგვალო ნახვრეტით. ღია ამონაკვეთების ფორმა უმთავრესად ჩანგისებრია მომრგვალო ან მახვილი ფუძით.

ქვედა ამონაკვეთი უფრო ხშირად მცირედ ჩაჭრილია ან საკმაოდ შეჭრილი კუთხით ხასიათდება. იგი ღიაა და ზოგ შემთხვევაში ფუძეზე განვითარებული აქვს ერთი მარტივი კბილი.

ფოთოლი უმეტესად სამნაკვთიანია; ზოგჯერ გვხვდება ხუთნაკვთიანიც. ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია, ამოზნექილი გვერდებით და მახვილი ან წამახვილებული წვერით; გვხვდება აგრეთვე ისევ სამკუთხედისებრი თანასწორი გვერდებით და მახვილი წვერით. მეორადი კბილები სამკუთხედისებრია ან ხერხკბილა სამკუთხედისებრი ცალმხრივ ამოზნექილი გვერდით და მახვილი წვერით.

ბუნებრივ მდგომარეობაში ფოთოლი ძაბრმაგვარ-ღარისებრია, ან ძაბრმაგვარი, მისი ზედა მხარე გლუვია; ზოგჯერ ბადისებრ-დანაოჭებული. ზედა მხარეზე ბუსუსი სრულებით არ მოიპოვება, ქვედა მხრიდან კი უმნიშვნელო ბუსუსი გასდევს მხოლოდ ძარღვების გასწვრივ.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან უდრის 0,9-1,0. ამრიგად, იგი მთავარ ძარღვზე ოდნავ მოკლეა, ან მისი თანატოლია. ზოგ შემთხვევაში გასდევს უმნიშვნელო ბუსუსი და მოწითალო ღვინისფერია.

ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული მტვრიანებითა და ბუტკოთი. მტვრიანა სიგრძით ბუტკოს თანატოლია, ან მასზე ცოტად გრძელი. მათი რიცხვი ყვავილში მერყეობს 5-დან 7-მდე. უფრო ხშირად 6 ან 5 ცალია. ნასკვი განიერ კონუსისებრია, კარგად განვითარებული სვეტით და ორად გაყოფილი დინგით. ყვავილედში ყვავილების რიცხვი აღწევს 150-350 ცალამდე.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 4-6 სმ; ყურძნის სრული მწიფობის პერიოდისათვის იგი მხოლოდ მიმაგრების ადგილას ხევდება მცირე სიგრძეზე და იღებს რქის ფერს; დანარჩენი ნაწილი ყუნწისა კლერტით ბალახისებრია და მწვანე.

მტევანი საშუალო სიგრძისაა, ფორმით უფრო ხშირად განიერ-კონუსისებრია; გვხვდება განტოტვილი და უფორმო მტევნებიც, აგებულებით საშუალო სიკუმსისაა და კუმსი; გვხვდება აგრეთვე ძლიერ კუმსი და თხელი მტევნებიც, რომელთა სიგრძე 12,5-დან 19-სმ-მდე, ხოლო სიგანე 7,5-დან 12,5 სმ-მდე აღწევს.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 7-9 მმ, იგი მწვანეა. საჯდომი ბალიში უფრო ხშირად ვიწრო კონუსისებრია და დამეჭეჭებული. მარცვალი ყუნწზე საკმაოდ მტკიცედ არის მიმაგრებული. სრული მწიფობის პერიოდში მარცვალი მწვანეა მზის მხრიდან ოდნავ მოყვითალო ელფერით. იგი საშუალო სიდიდისაა და ფორმით ოვალურია ან ოდნავ მოგრძო. შუა წელში უფრო განიერია; ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიული. მისი საშუალო სიგრძე 16-19,5 მმ და სიგანე _ 13-15,5 მმ აღწევს. მარცვლის კანი თხელია და რბილობს ადვილად არ სცილდება. წვნიანია და ხორციანი, ჩვეულებრივზე მეტად ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი ცვილით საკმაოდ დაფარულია.

წიპწა. მარცვალში 1-3 ცალი წიპწაა. უფრო ხშირად გვხვდება 1 და 2 წიპწა, იშვიათად კი 3 ცალი. წიპწის საშუალო სიგრძე 6,5-8 მმ, ხოლო სიგანე 4,5-5,2 მმ აღწევს და ღია ყავისფერია _ მუცლის მხრიდან ღარებში ოდნავ მოყვითალო ნარინჯისებრი ელფერით. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის შუა ნაწილს ცოტა ზემოთ, საკმაოდ გამოსახულია და ფორმით მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია, ნისკარტი ნარინჯისებრი, მცირედ დამეჭეჭებულია და კონუსისებრი ფორმა აქვს. მისი სიგრძე 1,5 მმ-მდე აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა. გორის რაიონის სოფ. წედისის ზონაში ბუდეშურის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 159 დღეს უდრის; დიღმის მევენახეობის სასწავლო მეურნეობაში (თბილისის გარეუბანი) _ 157 დღეს, თელავის ზონაშიაც (კახეთი) მევენახეობა-მეღვინეობის საცდელი სადგურის ბაზაზე, მრავალწლიურ დაკვირვებათა საშუალო მონაცემების მიხედვით იგი 157 დღით განისაზღვრება.

როგორც ცნობილია, ამ მხარის ვაზის ძირითადი ჯიშები (ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი) მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის ასწრებს სრულ სიმწიფეს და არის შემთხვევა, როდესაც შემოდგომაზე ტემპერატურის დაცემის შედეგად ეს ჯიშები მთელ რიგ მიკროუბნებში მომწიფებასაც ვეღარ ასწრებენ, რის გამოც მათგან ამ წლებში დაბალხარისხოვანი ღვინომასალა მიიღება. აქედან გამომდინარე, ცხადია, უაღრესად დიდი მნიშვნელობა უნდა მიეცეს, როგორც ამ მხარისათვის, ისე მსგავსი ეკოლოგიური პირობებისათვის მოკლე ვეგეტაციის მქონე ჯიშების შერჩევას, ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს ბუდეშური.

დაკვირვებათა ადგილების ერთიმეორისაგან ტერიტორიულად მნიშვნელოვნად დაცილების მიუხედავად (წედისი, დიღომი, თელავი), ცალკეულ ბიოფაზების მსვლელობაში ბუდეშურს არ ახასიათებს მკვეთრი სხვაობა და იგი 3-4 დღეს შორის მერყეობს.

ვაზის ზრდა და რქის მომწიფება. ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში და აგროტექნიკის მაღალ ფონზე ბუდეშურს საშუალო ზრდა ახასიათებს. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ცალკეული რქების სიგრძე 1,5 მ უდრის და ამავე დროისათვის ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს ღებულობს.

მოსავლიანობა. მოსავლის პირველ ნიშანს ბუდეშური დარგვიდან მეორე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე-მეხუთე წლიდან იძლევა. ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში და სათანადო მოვლის შემთხვევაში, ბუდეშური უხვი მოსავლიანობით ხასიათდება. ასე მაგალითად, ქართლის მთელ რიგ მიკრორაიონებში მისი მოსავალი ჰექტარზე 150 ცენტნერამდე აღწევს; მსგავს სურათს ვხვდებით აგრეთვე კახეთშიაც. ვაზის ქართული წესით ფორმირებისას, მოსავლიანი ყლორტები საშუალოდ 90-95% აღწევს. რქაზე ხშირად 1 და 2 მტევანია; იშვიათად გვხვდება სამიც. ერთი ძირი ვაზის მოსავალი 3 კგ აღწევს, რაც ჰექტარზე გადაანგარიიშებით შეადგენს 120 ცენტნერს. მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,5 აღწევს.

მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით თელავის ზონაში ბუდეშურის მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,5 შეადგენს, მოსავლიანი ყლორტები ვაზზე შეადგენს 90-95%, სამტევნიანი რქები _ 2%, ორმტევნიანი _ 40%, ხოლო ერთმტევნიანი 52%.

ჯიშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ

დაკვირვებით დადასტურებულია, რომ ბუდეშური სოკოვან ავადმყოფობას ვერ უძლებს. განსაკუთრებით ადვილად ავადდება იგი ნაცრით. ხშირია შემთხვევა, როდესაც ქართლის ძირითადი ჯიშები გორულა მწვანე, ჩინური და სხვა, გოგირდით 2-ჯერ შეფრქვევის შედეგადაც კი სრულიად საღად ინარჩუნებს ყურძენს მაშინ, როდესაც მათ შორის გამორეული ბუდეშურის ძირები იმავე პირობებში მასობრივად ავადდებიან ხოლმე. აქედან გამომდინარე აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ბუდეშურის გოგირდით შეფრქვევა 3-4 ჯერ მაინც. იგი ჭრაქის მიმართაც ვერ იჩენს გამძლეობას, ერთსა და იმავე ეკოლოგიურ პირობებში ბუდეშური უფრო ადვილად ავადდება ამ სოკოთი, ვიდრე გორული მწვანე და ჩინური.

ბუდეშური მეტად ნაკლებად უძლებს ფილოქსერასაც. სწორედ ამით უნდა აიხსნას ქართლისა და კახეთის მთელ რიგ რაიონებში საკუთარ ძირზე არსებული ნარგაობის განადგურება. ამიტომ მისი შემდგომი გავრცელება უნდა წარმოებდეს მხოლოდ ნამყენების სახით, სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერგამძლე ვაზის საძირეებზე.ჯიშის სპეციფიკური თვისებები და მისი გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბუდეშური საშუალო სიძლიერის ზრდის ვაზთა ჯგუფს მიეკუთვნება. ამის მიხედვით იგი თავისი ნორმალური განვითარებისათვის მოითხოვს საშუალო დატვირთვას ორმხრივი შპალერული წესით თითოეულ ძირზე არა უმეტეს 22-24 კვირტის დატოვებით.

ეკოლოგიური პირობების მიმართ დასახელებული ჯიში თითქმის არ ამჟღავნებს მგრძნობიარობას, იგი წარმატებით ვითარდება ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა მლაშე და ჭაობიანისა, აგრეთვე ყველა ექსპოზიციაზე, მაგრამ ხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად ბუდეშური გაშენებული უნდა იქნეს სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ნაკვეთებზე, რომელთა ქვედა ჰორიზონტში კალციუმის კარბონატების საკმაო რაოდენობა და ამავე დროს ქვა-ღორღის ნარევი იქნება.

ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის მისაღებად ბუდეშურის წარმოება მიზანშეწონილია ღრმა, ღონიერ, ტენით უზრუნველყოფილ ნიადაგებზე. ამგვარ პირობებში იგი მეტად უხვი მოსავლიანობით ხასიათდება.

ზამთრის ყინვებს ჯიში საკმაოდ კარგად უძლებს განსაკუთრებით თუ ვაზი კარგად არის განვითარებული და მზვარე ადგილზეა დარგული. ქართლის პირობებში ბუდეშური თითქმის ყველგან სარწყავ ნაკვეთებზეა დარგული, ამიტომ მის გვალვაგამძლეობაზე ცოტა ცნობები არსებობს. სამაგიეროდ საკმაო მდიდარი ცნობები გვაქვს კახეთის რაიონებიდან; ასე მაგ., თელავისა და გურჯაანის ზონებში ურწყავ ნიადაგებზე მინარევის სახით გაშენებული ბუდეშური, რქაწითელის მსგავსად შედარებით დამაკმაყოფილებელი გვალვაგამძლეობით ხასიათდება, რაც ამ ჯიშის ერთ-ერთ დადებით თვისებად უნდა ჩაითვალოს.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება ყურძნის მექანიკური შედგენილობა

სამეურნეო დანიშნულებით ბუდეშური სუფრის ყურძნისა და საღვინე ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც აღნიშნული იყო ღრმა, ღონიერ და ტენიან ნიადაგებზე უხვ მოსავალს იძლევა, მაგრამ ამგვარ პირობებში წვენსაც უხვად აგროვებს. ეს უკანასკნელი კი მარცვლის თხელკანიანობის გამო სრულიად უკარგავს მას სატრანსპორტო ღირებულებას. გარდა ამისა, ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში შაქრის პროცენტულ ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად მცირდება მჟავიანობა, რის გამოც ბუდეშურის ღვინო ნაკლებად ხალისიანი გამოდის.

დიდი მტევნის წონა 350 გ. ხოლო მცირესი 75 გ უდრის. საშუალოდ იგი 190 გრამამდე აღწევს. საშუალო მტევანზე 82-105% მარცვალია. საშუალო მტევანში მარცვალი შეადგენს 96,2%, ხოლო კლერტი _ 3,8%; კანი აღწევს 13,1%, წიპწა _ 2,25%, წვენის გამოსავალი 82,15% უდრის.

100 მარცვალი საშუალოდ 169,5-171,3 გ იწონის, 100 წიპწა 3,95 გ., ერთწიპწიანი მარცვლები 52%, ორწიპწიანი 38%, ხოლო სამწიპწიანი 10% შეადგენს.

თეთრი ბუდეშურის ტრანსპორტაბელობის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს ყუნწზე მარცვლის მიმაგრების ძალასა და მის წინააღმდეგობას გაჭყლეტისადმი. ამის დასადგენად მოგვყავს რამდენიმე წლის საშუალო დამუშავებული მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლის გ. კუტუბიძის მიერ, დიღმის სასწავლო მეურნეობაში, რომლის მიხედვით მარცვლის წინააღმდეგობა ყუნწიდან მოწყვეტისადმი საშუალოდ 206 გ უდრის, ხოლო გაჭყლეტისადმი წინააღმდეგობა _ 945 გრამს. აქედან გამომდინარე თეთრი ბუდეშური შორეულ ტრანსპორტისათვის სრულიად გამოუსადეგარია და გამოიყენება ადგილობრივ მოხმარების სუფრის ყურძნად. თეთრი ბუდეშური როგორც სასუფრე დანიშნულების ჯიში შეფასებული იქნა 6,9 ნიშნით.

ტკბილის ქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით, კახეთში ბუდეშური შაქარს 18-19%-მდე აგროვებს, ხოლო მჟავიანობა მასში მკვეთრად ეცემა ხოლმე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ღვინის ხარისხზე.

ცალკე დაყენებული ბუდეშურის ღვინო არ გამოირჩევა მაღალხარისხოვანი თვისებებით და იგი უფრო ორდინარული თვისებების მატარებელია.

ალკოჰოლი ჩვეულებრივ 8,5-9,3° შორის მერყეობს, შედარებით შემცირებულ ალკოჰოლს თან სდევს დაბალი მჟავიანობა (5,01-6,1‰), რაც ნაკლებ ხალისიანს ხდის ღვინოს. მქროლავი მჟავიანობის სიმცირე (0,67-0,81‰) ეჭვს გარეშეა ღვინის სისაღის მაჩვენებელია. გემური შეფასების შედეგად დასახელებულმა ნიმუშმა შემდეგი შეფასება მიიღო: `ღია ჩალისფერი გამჭვირვალე, მცირე ექსტრაქტიული, მსუბუქი სუფრის ღვინო.

საერთო შეფასება და დარაიონება

მრავალი წლის დაკვირვებანი მიგვითითებს ბუდეშურის პროდუქციის როგორც ყურძნად, ისე სუფრის ღვინოდ გამოყენებაზე. ღვინო ბუდეშურისა, როგორც ნაკლებსხეულიანი და შენახვის მცირე უნარიანი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ადგილობრივ მოსახმარად. სუფრის ყურძნადაც ბუდეშურის გამოყენება მხოლოდ ადგილობრივ უნდა ხდებოდეს, ან ახლომახლო მიკრორაიონებში გატანით, რადგან ყურძენი თხელკანიანობისა და წვნიანობის გამო შენახვის უნარსა და ტრანსპორტაბელობას მოკლებულია. ყურადღებას იპყრობს ბუდეშური, როგორც უხვმოსავლიანი, წვენის უხვგამოსავლიანი და ამავე დროს საკმაოდ ადრე მწიფობის ჯიში.

როგორც ეს ზემოთაც იყო აღნიშნული, ქართლის ძირითად ჯიშებთან შედარებით მისი ყურძენი თითქმის ერთი თვით ადრე მწიფდება. ამ ჯიშის დიდ ნაკლად უნდა ჩაითვალოს ნაცრისა და ფილოქსერისადმი მეტად სუსტი გამძლეობა. ამიტომ ნაცრისაგან დაცვის მიზნით ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული გოგირდით დამატებით შეფრქვევა, ხოლო ფილოქსერისაგან დასაცავად მისი შემდგომი გაშენება უნდა წარმოებდეს მხოლოდ და მხოლოდ ნამყენების სახით. ვფიქრობთ, რომ ბუდეშურის პროდუქცია ჩინურთან და გორულ მწვანესთან კუპაჟში მოგვცემს ხარისხოვან მასალას, როგორც სუფრის, ისე შამპანური ღვინის დასამზადებლად.

ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნისა და ორდინარული ღვინომასალის მისაღებად იგი წარმატებით შეიძლება გავრცელდეს ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, გორის, კასპის, მცხეთის, თბილისის, საგარეჯოს, კაჭრეთის, გურჯაანისა და თელავის რაიონებში.

ფოტო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

თქვენი რეკლამა