საზაფხულო სამუშაოები საფუტკრეში

722 Views

გაზაფხულის ბოლო თვე და ზაფხული ძირითადად დაკავშირებულია მთავარი ღალიანობის გამოყენებასთან. ძირითადი ღალის აღების სამუშაოები ადგილმდებარეობის მიხედვით ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავდებიან ღალის დაწყების დროის, ხანგრძლივობისა და ინტენსიურობის მიხედვით.

ამ თავში ძირითადად განხილული იქნება მთავარი ღალიანობის დროს ზოგადად სკების მოცულობის გაფართოება და მომწიფებული თაფლის აღება.

მთავარი ღალიანობა

მეფუტკრის მოქმედება შეიძლება განსხვავებული იყოს იმისდა მიხედვით, თუ როგორი ღალიანობაა მოსალოდნელი, როგორი ტიპის სკები გვაქვს საფუტკრეში, ღალა ერთადერთია, თუ შემდეგ კიდევ სხვა მოსდევს.

ზაფხულის ღალიანობის წინ სკის მოცულობას მკვეთრად ზრდიან 1-2 კორპუსით ან ორი-სამი საკუჭნაოთი; გაზაფხულზე კი სკის მოცულობას მხოლოდ იმდენად ზრდიან, რამდენიც ფუტკარს შეუძლია აითვისოს. ამ დროს კორპუსები ან საკუჭნაოები ძირითადად მშრალი ფიჭით არის დაკომპლექტებული.

მომავალი ღალის ინტენსივობის მიხედვით, ფუტკარი რომ არ გავაცდინოთ, მშრალი ფიჭების საკმაოდ დიდი მარაგია საჭირო – თითო ოჯახზე მინიმუმ ერთი კორპუსი ან ორი საკუჭნაო მაინც. 3-4 კგ ნექტარის შემოტანისას 6 დღეში ნექტრით მთელი დადანის კორპუსი ივსება და შემდეგის დამატებას ითხოვს. ამ დროს ასაშენებელი ხელოვნურფიჭიანი ჩარჩოების ჩადებას შემოტანილი ნექტრის შემცირებისკენ მივყავართ.

ძლიერ ოჯახს ერთი ჩარჩოს ასაშენებლად 1-2 დღე სჭირდება, იმ დროს, როცა 4 კგ-იანი დღიური ღალის დროს ნექტრის განთავსებისათვის საჭირო ფართობი დადანის 3 ჩარჩოს აღემატება. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთავარი ღალის დროს ცვილის დიდი რაოდენობა თაფლის გადაბეჭვდაზე იხარჯება და ფუტკრის ოჯახის ცვილის გამოყოფის რესურსები შეზღუდულია. ფიჭების შენება მთავარ ღალიანობამდე უნდა დავამთავროთ.

ხშირად მეფუტკრეები მშრალ ფიჭას და ხელოვნურფიჭიან ჩარჩოებს თანამიმდევრობით აწყობენ. ერთი მშრალი + ერთი ხელოვნური ფიჭით + მშრალი + ხელოვნური ფიჭით. ასეთ მიმდევრობას, ჯერ ერთი, აღებული თაფლის დაკარგვისკენ მივყავართ, მეორეც, თუ ძლიერი ღალაა, ფუტკარი მშრალ ფიჭებში მეტ თაფლს ასხამს და აფართოებს. შედეგად ახლად აშენებული ფიჭები ძალიან თხელია და იქიდან ძნელდება თაფლის გამოწურვა.

თაფლის გამოწურვა

თაფლის გამოწურვა საკმაოდ საპასუხისმგებლო და შრომატევადი სამუშაოა, განსაკუთრებით დამწყები მეფუტკრისათვის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევარჩიოთ თაფლის ამოღების დრო.

თუ ღალა უცებ წყდება, მაშინ ჯობს, თაფლი ღალის შეწყვეტამდე 1-2 დღით ადრე ან შეწყვეტის შემდეგ ერთი კვირის დაგვიანებით ამოვიღოთ, რადგან ღალის უეცარი შეწყვეტის შემდეგ ფუტკარი გაავებულია და ქურდობის საშიშროებაც მეტია. თუ ღალა ნელ-ნელა მცირდება (მაგ. ნაირბალახი) მაშინ ღალის შემცირებიდან 2-3 დღეში ვიწყებთ თაფლის ამოღებას.

თაფლის ამოღებამდე უნდა შევამოწმოთ მისი სიმწიფე. სიმწიფის მაჩვენებლად გამოდგება თაფლიანი ფიჭების გადაბეჭდვა. საკუჭნაოებში ჩარჩოების უმეტესი ნაწილი გადაბეჭდილი უნდა იყოს, ხოლო კორპუსებში – ბუდის ჩარჩოს 2/3 მაინც. გადაუბეჭდავ უჯრედებში თაფლი თითქმის უჯრის კიდემდე უნდა იყოს ამოსული, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოწურვის შემდეგ შეიძლება ამჟავდეს.

თუ ღალის წინ სკები სწორად იყო გაფართოებული, თაფლიანი ჩარჩოების ამოღება ან თაფლიანი კორპუსების მოხსნა ადვილდება. თაფლის გამოწურვას წინ უსწრებს თაფლიანი ფიჭების ან კორპუსების გათავისუფლება ფუტკრებისაგან. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

ფუტკრებისაგან კორპუსების ან საკუჭნაოების გასათავისუფლებლად ყველაზე უკეთესი ხელსაწყო ფუტკრის გამრეკებია. ჩვენთან ძირითადად პორტერის გამრეკს იცნობენ, თუმცა ზოგიერთი მეფუტკრე უკვე ხმარობს კანადური გამრეკის სხვადასხვა ვარიანტს.

კანადურ გამრეკს ვამონტაჟებთ ჩარჩოს ცენტრში, ხოლო პორტერს ან კონუსურ გამრეკებს – ჩარჩოს კუთხეებში.

გამრეკიანი ჩარჩოს მოთავსებისას უნდა გვახსოვდეს, რომ:

1. თაფლიან კორპუსში ან საკუჭნაოში არ უნდა იყოს ბარტყი;

2. გამრეკიანი ჩარჩოს მოთავსების შემდეგ არ უნდა დაგვრჩეს ჭუჭრუტანები ან ღრიჩოები, რათა უფუტკროდ დარჩენილ კორპუსში ქურდობა და ძარცვა არ გამოვიწვიოთ;

3. თუ სკები მზისგულზე დგანან, გამრეკი უნდა მოვათავსოთ დღის ბოლოს (უფუტკროდ შეიძლება თაფლი და სანთელი ჩამოდნეს).

სხვადასხვა გამრეკს სხვადასხვანაირი ეფექტურობა ახასიათებს. 1-2 საათიდან – 4-5 საათში გამრეკის მოქმედებით კორპუსი ფუტკრისაგან თავისუფლდება. თუ გვეჩქარება, შეიძლება კორპუსში ან საკუჭნაოში რამდენიმეჯერ ჩავაბოლოთ.

ბოლო რამდენიმე წელია წარმატებით ვიყენებთ პორტატულ ხელის მტვერსასრუტებს, რომლებსც ხშირად „ბლოუერებსაც“ ეძახიან და მტვრის, ფოთლების ან ნახერხის შესაგროვებლად იყენებენ.

საკუჭნაოს კორპუსს ან მთელ კორპუსს თაფლიანი ფიჭებით მოვხსნით და წინა გვერდზე ვდგამთ. შემდეგ ვრთავთ ბლოუერს და ჰაერის ნაკადს მივმართავთ ჩარჩოებს შორის. ფუტკარი პირდაპირ სკის წინ იფერთხება ბალახებში ან მიწაზე. ნუ შეგეშინდებათ, თაფლიან ჩარჩოებზე დედა ფუტკარი ან ბუდის ფუტკარი არ არის, ყველა გამოფერთხილი ფუტკარი უკან დაბრუნდება. აქაც კორპუსში ბარტყიანი ჩარჩოები არ უნდა გვქონდეს. თუ ჩარჩოების ცალ-ცალკე ამოღება გვიწევს, უმჯობესია, ამოღებული ჩარჩოებიდან ფუტკარი სკის წინ დავფერთხოთ.

თუ სკა მაღალ სადგამზე გვიდგას, შეიძლება საფრენთან სპეციალურად დამზადებულ ტილოს ნაჭერი შევაბათ და ფუტკარი მასზე დავფერთხოთ. ჩარჩოებიდან პირდაპირ სკაში ჩაფერთხვა ფუტკარს აღიზიანებს, რის გამოც ინესტრება. ეს რომ თავიდან ავიცილო, თაფლიანი ჩარჩოების ამოსაღებად ვიყენებ მეთოდს, რომელიც თაფლის ამოღებასთან ერთად ახალი ოჯახების ფორმირებასაც მოიცავს.

ფუტკრის ოჯახიდან ჩარჩოებით თაფლის ამოღების დროს ყველა თაფლიანი ფიჭა იფერთხება ახალ სკაში, რომელშიც წინასწარ თავსდება ორი-ოთხი მშრალი ფიჭა. ვინაიდან თაფლიან ფიჭებზე დედა ფუტკარი იშვიათად არის, ამიტომ დედის მოძებნაზე ფიჭებიდან ფუტკრის ჩაფერთხვის წინ თავს არ ვიწუხებ, რაც დროის დიდ ეკონომიას იძლევა. ამასთან ერთად ოჯახი, რომლისგანაც თაფლიან ფიჭებს ვიღებთ, თითქმის არ წუხდება (შიგ ფუტკრის ჩაფერთხვით) და ნაკლებად ინესტრება.

ახლად ფორმირებულ სკაში ფუტკარი შეიძლება რამდენიმე სკიდანაც ჩავფერთხოთ, თუ ერთი ოჯახის ფუტკარი არ გვყოფნის, საკმარისი რაოდენობის ფუტკრის ჩაფერთხვის შემდეგ მას ემატება რამდენიმე მცირე თაფლიან-ჭეოიანი ჩარჩო და განაყოფიერებული დედა ფუტკარი გალიით. გალიას გამოსასვლელი ყანდის სქელი საცობით აქვს დაცული.

კარგი იქნება, თუ ერთ ღიაბარტყიან ჩარჩოსაც ჩავუდგამთ. ჩარჩოები მაგრდება ან ივსება სრულ კომპლექტამდე, მგზავრობის დროს რომ არ ილაყლაყოს, ეფარება პოლიეთილენის ფირი, თავსახურავი და იკვრება ღვედით. ასეთნაირად გამზადებული ხელოვნური ნაყარები იდგმება ჩრდილში ღია საფრენით (რათა მოღალე ფუტკარს შეეძლოს უკან დაბრუნება და ნაყარები არ გადახურდეს).

ასე გრძელდება, სანამ არ შეგროვდება ხელოვნური ნაყარების საკმარისი რაოდენობა (ან თაფლიანი კორპუსების ერთ ჯერზე წასაღები რაოდენობა). ასეთნაირად გამზადებული ხელოვნური განაყოფები რამდენიმე საათის შემდეგაც არ არის ფუტკრისგან დაცლილი. ამის შემდეგ პარალონით (გუბკით) იკეტება საფრენები და იტვირთება მანქანაზე.

ხშირად თაფლიანი კორპუსები და ახლად შექმნილი ხელოვნური ნაყარები ერთად მომაქვს საფუტკრიდან სახლში. ახალ ადგილზე გადატანილ ხელოვნურ ნაყარებს ვალაგებ მუდმივ ადგილზე, ვუხსნი საფრენებს. საფრენების გახსნიდან რამდენიმე საათში, ან შემდეგ დღეს ეძლევა 1,5-2,5 კგ ყანდი. ხელოვნური ნაყარები აუცილებელია დამუშავდეს ვაროატოზის საწინააღმდეგოდ შექმნისთანავე, ან უახლოეს 5-6 დღეში.

თაფლიანი ფიჭების ამოღების დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ყოველ ოჯახში 4-6 კგ თაფლი მაინც დარჩეს მარაგის სახით.

ასეთი მარაგი აუცილებელია მაშინაც კი, თუ უახლოეს ხანში მოსალოდნელია ახალი ღალიანობა. იმიტომ, რომ: 1. უთაფლოდ დარჩენილი ფუტკარი ცუდი ხარისხის ფუტკრებს ზრდის; 2. უთაფლოდ დარჩენილი ფუტკრები უფრო მეტად არიან მიდრეკილი ქურდობისაკენ.

თაფლის წურვას წინ უსწრებს გადაბეჭდილი ფიჭების გადათლა, რაც საკმარისად მომქანცველია. გადათლას აადვილებს ელექტროდანა, რომელიც ადვილად თავისუფლდება ცვილისა და თაფლისაგან. უკანასკნელ წლებში საზღვარგარეთ გამოჩნდა 5-15 სმ სიგანის სპეციალური დაკბილული, სახელურიანი ცილინდრი (დაახლოებით ისეთი, მღებავები რომ ხმარობენ). მისი ერთ-ორჯერ გატარება (გადაგორება) გადაბეჭდილთაფლიან ჩარჩოზე სრულიად საკმარისია, რათა შემდეგ თაფლი პირდაპირ თაფლის საწურით გამოვწუროთ.

თუ გვაქვს თაფლის რადიალური საწური, ფიჭები რადიუსის გასწვრივ იდგმება; დაახლოებით ერთნაირწონიანი ჩარჩოები დიამეტრულად უნდა ჩადოთ და ატრიალოთ ჯერ დაბალი, შემდეგ მაღალი სიჩქარით.

თუ თაფლის საწური ქორდიალურია (ფიჭები ქორდის გასწვრივ იდგმება), მაშინ ჩადგმული ფიჭები ნელი ტრიალით იცლება ერთი მხარიდან სანახევროდ, შემდეგ ხდება მათი 180°-ით შემობრუნება, რის შემდეგ მეორე მხარე იცლება სრულიად. შემდეგ ისევ ხდება ფიჭების 180°-ით შემობრუნება და პირველი მხარის სრულად დაცლა. ფიჭები რომ არ დაიმტვრეს, ჯობია, ციბრუტი ცოტა მეტხანს ატრიალოთ დაბალი სიჩქარით.

მთაბარობა

მთაბარობა შესაძლებელია შემოდგომამდე და ადრე გაზაფხულიდან ფუტკრისათვის უკეთესი ღალიანი ადგილის შერჩევის მიზნით, მაგრამ ჩვენთან ფუტკრის ოჯახების მთაბარობა ძირითადად ზაფხულში ხდება.

სამთაბაროდ ფუტკრის ოჯახების მოსამზადებლად საჭიროა სკაში ჩარჩოების დამაგრება, რაც, თუ გოფმანის გამყოფიანი ჩარჩოები გვაქვს, დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. თუ ჩარჩოების გვერდითი თამასები 20-25 მმ-იანია, მაშინ ჩარჩოების გასამაგრებლად 16-11 მმ-იანი სიგანის და 7-10 სმ-იანი სიგრძის თამასები უნდა ვიხმაროთ. ასეთი თამასები მგზავრობის დროს რომ არ ჩაცვივდეს, ზედა თავიდან 0,5 სმ-ზე წვრილი 10-15 მმ-იანი ლურსმნით უნდა დავაჭედოთ სკაში ჩადებამდე, ისე რომ თავი რამდენიმე მილიმეტრზე იყოს ამოწეული.

მეორე გზაა დაკლაკნილი მავთულის და დაკბილული თუნუქის გამოყენება. ჩარჩოს ზედა თამასის სიგანეზე დაკბილული თუნუქი წინასწარ ეჭედება კორპუსის წინა და უკანა გვერდებს, ხოლო შესაბამისი ბიჯით დაკლაკნილი მავთული მაგრდება კორპუსის ქვედა კიდეზე. ჩარჩოების დამაგრების შემდეგ უნდა ვიზრუნოთ გზაში ფუტკრის აერაციაზე. ამისათვის ზაფხულში აუცილებელია ერთი საკუჭნაო ზედ გადაკრული სამთაბარო ბადით.

ბადე შეიძლება იყოს მეტალის, პლასტმასის ან კაპრონის ქსოვილის, იმისდა მიხედვით, თუ რა გირჩევნიათ. სკები, აღჭურვილია 4-6 სმ სიმაღლის ფსკერით, რომლის 1/3-1/2 ბადით არის შეცვლილი. ეს, თუ დიდი სიცხე არ არის, ზაფხულში საკმარისია გასანიავებლად. ფსკერზე განიავება რომ უკეთესი იყოს, ავტომანქანის წინა ბორტის ძირში დატოვებულია 2-3 სმ-იანი ღრეჩო. თუ ძალიან ცხელა, ხოლო ოჯახებში ბევრი ფუტკარი და გადაბეჭდილი ბარტყია, შეიძლება მთელი ბუდის კორპუსი დავამატოთ, რომელშიც ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული 4-6 მშრალფიჭიანი ჩარჩო იქნება ჩადებული.

ჩარჩოებმა რომ არ იმოძრაოს, ისინი ზედა თამასებით სკას უნდა მივაჭედოთ (30-35 მმ-იანი ლურსმებით). სკის კორპუსმა და ფსკერმა რომ არ იმოძრაოს, სკა 20-30 მმ-იანი კაპრონის ლენტით და სპეციალური 8 მმ-იანი სამარჯვით უნდა შეკრათ. სკის საფრენებისა და ღრეჩოების დასაგმანავად უმჯობესია გამოიყენოთ 2-3 სმ-ის სისქის პარალონის 2 სმ-იანი ზოლები. ასეთი ზოლები ადვილად და ყოველგვარი ხმაურის გარეშე გმანავენ ნებისმიერი ფორმისა და სიგრძის საფრენებს და ღიობებს. დაგმანვა უნდა მოხდეს მანქანაზე დადების წინ, ხოლო ჩარჩოების დამაგრება და კორპუსების შეკვრა – წინა დღეებში.

ზაფხულში ხშირად საფრენზე გამოშლილია ფუტკარი, რომელიც ფრთების ინტენსიური ქნევით სკას ანიავებს. სკაში მათ შესარეკად, ჩვეულებრივ, საბოლებელს ხმარობენ, რომელიც არც ისე ეფექტურია. ამ დროს საბოლებელს გაცილებით სჯობია ხელის პულვერიზატორით წყლის მისხმა.

ასეთი ფუტკრის ოჯახებისთვის აუცილებელია ცარიელი საკუჭნაოს დამატება მაინც, რომლის ზემოთ სავენტილაციო ბადე იქნება გადაჭიმული; წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფუტკრი დაიღუპოს კიდეც. საფრენდაგმანული ფუტკარი ძლიერ ღიზიანდება, რაც აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას მის ორგანიზმში. ფუტკრის ჩიჩახვში არსებული თაფლის მოხმარების (დაწვის) დროს ტრაქეებიდან გამოიყოფა წყალი.

აღგზნებული ფუტკრის მასა ისეთი რაოდენობის წყალს გამოყოფს, რომ სკის სივრცე გაჯერებული წყლის ორთქლით ივსება და ტრაქეებიდან გამოყოფილი წყალი აღარ ორთქლდება. შედეგად ფუტკრის მთელი ცოცხალი მასა იხრჩობა, რადგან ტრაქეები წყლით აქვთ სავსე, ხოლო აღგზნებული კი ყველა ფუტკარი იყო. შედეგად ვიღებთ დასველებულ და დაღუპულ ფუტკრის ოჯახს.

ავტორი: თეიმურაზ ღოღობერიძე

იხილეთ: სამრეწველო მეფუტკრეობა

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB