ტალავერი – ვაზის ფორმირება

ტალავერი, ვაზი, გასხვლა, ფორმირება

სატალავრე ნაკვეთი უნდა იყოს: ქარისაგან დაცული, ღრმა ნიადაგიანი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი, სწორი ზედაპირით, სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ოდნავ დახრილი, თავისუფალი ზედაპირული გრუნტის წყლებისაგან. მცირე სისქისა და დაბალნაყოფიერი ნიადაგები სატალავრედ არ გამოდგება.

ვაზის ჯიშებიდან სატალავრედ მიზანშეწონილია გაშენდეს: განჯური, კარაბურნუ, იტალია, ტაიფი, კარდინალი, შავთითა, ხარისთვალა, ნიმრანგი, ქიშმიში, თითა, სუფრის გორულა, თბილისური, მუსკატური რქაწითელი, ცოლიკოური, ალადასტური, ოჯალეში, ჩხავერი, და სხვა 2-3 მეტრის დაცილებით.

ფართობის დროული ათვისების მიზნით შეიძლება ერთ ადგილზე დაირგოს ორი ვაზი. საყრდენის მოწყობა შესაძლებელია ვაზის დარგვამდეც და დარგვის შემდეგაც.

გაშენების პირველ წელს, როცა ვაზი განივითარებს 4-5 ფოთოლს, საჭიროა შეირჩეს კარგი მდებარეობის ერთი ძლიერი ყლორტი, დანარჩენი კი შეეცვლება. ყლორტს რეგულარულად ეცლება ნამხარი და პწკალი. 15-20 სმ-ით გაზრდისთანავე ყლორტი საყრდენზე სისტემატურად უნდა მაგრდებოდეს.

სათანადო მოვლის პირობებში, გაშენების პირველ წელს, ვაზი ივითარებს 3-5 მეტრიან რქას, რომლის შესაბამისადაც კარგად აქვს განვითარებული ფესვთა სისტემა, რითაც მტკიცე საფუძველი იქმნება ტალავერზე ვაზის ფორმირებისა და მსხმოიარობის დაჩქარებისათვის.

ტალავერზე ვაზის ფორმის ჩამოყალიბებამდე (3-4 წელი), ძირითადი მხრების გამოსაყვანად მიმართულებითი აღზრდის მეთოდის გამოყენება აუცილებელია.

პირველი გასხვლის დროს, მხედველობაში ვღებულობთ რქის სიგრძესა და დიამეტრს. თუ რქის სიგრძე 3-4 მეტრია, დიამეტრი 8-10 მმ, ასეთი სიძლიერი ვაზი გაისხვლება გრძლად შტამბის (2-2,5 მ) სიმაღლეზე, საიდანაც ძირითადი მხრების მისაღებად წვერის ორი ყლორტი ურთიერთმოპირდაპირე მხარეზე, ჰორიზონტულად, მიმართულებითი წესით აღიზრდება, შტამბს კვირტები გამოფურჩქვნისთანავე უნდა შეეცვალოს.

0,5 მეტრიანი რქის მქონე ვაზი ორ კვირტზე გაისხვლება, საიდანაც ერთი ყლორტი აღიზრდება მიმართულებითი საყრდენის ბოძებზე.

მეორე გასხვლის დროს, ძირითადი მხრების გამოსაყვანად წინა წელს აღზრდილი ნორმალური განვითარების რქები გაისხვლება გრძლად _ 1,5 მეტრზე. რქის სუსტი განვითარების შემთხვევაში მხრის გამოყვანა თანდათანობით ხდება მუდმივ მხარზე სასხლავი რგოლების მისაღებად 25-30 ან 40 სმ-ის დაცილებით, რგოლებს შორის მანძილი დამოკიდებულია ვაზის ზრდის სიძლიერეზე; ზედა მდებარეობის ყლორტები დამაგრების გარეშე თავისუფლად იზრდება, ხოლო მეორადი მხრების მისაღებად _ 60 სმ-ის დაცილებით. კარგი მდებარეობის ყლორტები ერთ მხარეზე, ჰორიზონტულად მიმართულებითი წესით აღიზრდება.

მესამე გასხვლის დროს, პირველი რიგის ძირითად მხრებზე 25-30 ან 40 სმ-ის დაცილებით მიზნობრივად დატოვებული რქები, სასხლავი რგოლების მისაღებად გაისხვლება 2-3 კვირტზე, ხოლო 60 სმ-ით დაცილებული, წინა წელს. მეორე რიგის მხრების მისაღებად ჰორიზონტულად აღზრდილი რქები გაისხვლება გრძლად 1,5-2 მეტრზე.

კვირტების გამოფურჩქვნის პერიოდში, გრძლად გასხლულ რქებზე 25-30 ან 40 სმ-ის დაცილებით ვტოვებთ ზედა მდებარეობის ყლორტებს, ხოლო დანარჩენი შეეცვლება.

ვაზის ბიოლოგიურ თავისებურებათა გათვალისწინებით, მუდმივ მხარზე 15-20 სმ-ის დაცილებით უნდა შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სასხლავი რგოლები ორკვირტიანი სამამულისა და 4-5 კვირტიანი მოკლე სანაყოფეს დატოვებით, რომლის დროსაც ვაზის შეყელვა აუცილებელი არაა.

სასხლავი რგოლების ამაღლების შემთხვევაში ამონაყრის გამოყენებით პერიოდულად ხდება რგოლების დადაბლება-გაახალგაზრდავება.

მევენახეობა – აგროტექნოლოგია /რედ. ლევან უჯმაჯურიძე; აკად. ნოდარ ჩხარტიშვილის საერთო რედაქციით/.

იხილეთ: ვაზი – დარგვა, ჯიშები, ვენახის გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა