გორულა (სასუფრე) – თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში

239 Views

გორულა ქართლის თეთრყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. სამეურნეო თვალსაზრისით მიეკუთვნება ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს, ამის დამადასტურებელია: მტევნის გარეგნული სილამაზე, სიდიდე, მოყვანილობა, მარცვლის ფერი, სიმსხო, ხორციანობა და ფრიად კარგი გემო; აგრეთვე ყურძნის შენახვის დიდი უნარი, ტრანსპორტაბელობა, ვაზის ზრდის სიძლიერე და საკმაოდ უხვი მოსავლიანობა.

თავისი თვისებებით დასახელებული ჯიში სამართლიაად იჭერს საპატიო ადგილს საქართველოში გავრცელებულ აბორიგენულ სუფრის ყურძნის ჯიშთა შორის.

ი. ყანდურალოვს, ვ. გეევსკისა და გ. შარერს თავიანთ შრომებში აღნიშნული აქვთ სახელწოდება „გორული“. პროფ. ს. ჩოლოყაშვილს თავის სახელმძღვანელოში ძირითად დასახელებად „გლდანურა“ აქვს მოხსენიებული, ხოლო სინონიმად მითითებული აქვს „გორულა“. დოც. ნ. ჩახნაშვილს კი საკავშირო ამპელოგრაფიაში გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში ძირითად დასახელებად მოხსენიებული აქვს „გორულა“, ხოლო სინონიმად „გლდანურა“.

გორის რაიონში გავრცელებულია ორი სახის გორულა: გორულა მწვანე (საღვინე) და გორულა (სასუფრე). ამ ორი ჯიშის ერთმანეთისაგან გარჩევის მიზნით ამ რაიონის მოსახლეობა პირველს „მწვანე ვაზს“ უწოდებს, ხოლო მეორეს „გორულას“. თბილისისა და მის საგარეუბნო ზონაში იგი ცნობილია „სუფრის გორულას“ სახელწოდებით, ხოლო სოფ. გლდანის მევენახეობის ზონაში – „გლდანურას“ სახელწოდებით.

წერილობითი ცნობები საქართველოს ტერიტორიაზე გორულას წარმოშობის შესახებ არ მოგვეპოვება. ჯიშის სახელწოდება „გორულა“, აგრეთვე ვაზის დამახასიათებელი ბოტანიკურ-აგრობიოლოგიური ნიშან-თვისებები მიგვითითებენ იმაზე, რომ იგი ტიპიური ქართული წარმოშობისაა და ამ ნიშნებით ქართლის ენდუმურ ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ამის დამადასტურებელია მისი მორფოლოგიურ-ბიოლოგიური ნიშნების სახელდობრ – ვაზის ზრდის სიძლიერე.

ახოხების საკმაოდ დიდი უნარი (ქართლის რაიონებში ძირითადად ხეივნადაა გამოყენებული) და ყურძნის დაგვიანებით დამწიფება (მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში), რაც დამახასიათებელია ქართლში გავრცელებულ აბორიგენულ ჯიშებისათვის, ვეგეტატიური ნაწილების სივრცეში განლაგება, ფოთლების მოყვანილობა, დანაკვთულობა, ყვავილის ტიპი, ბუტკოს მოყვანილობა, მტვრიანების რიცხვი ყვავილში (5 და მეტი), აგრეთვე მარცვლის კონსისტენცია და წიპწის აღნაგობა (ფერი, მოყვანილობა).

ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ჯიში ბუნებრივი შერჩევის გზით არის წარმოშობილი, რომელსაც მრავალ საუკუნეთა მანძილზე განუცდია ევოლუცია, შემუშავებულა მასში თვისებები ქართლის ეკოლოგიური პირობების შესაბამისად, ხოლო შემდგომ პერიოდში ადამიანის უშუალო ჩარევით მის ნარგაობაში გამორჩეულა უკეთესი მოდგმა სუფრის ყურძნის ჯიშისათვის დამახასიათებელი ნიშნებით და მომრავლდა იგი ქართლის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ჯიშის სახით.

გორულას ჯიშის აბორიგენობაზე სახელწოდების ენობრივი ანალიზის საფუძველზე მიგვითითებს აგრეთვე მხცოვანი მეცნიერი აკად. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიურ ისტორიაში, რომელიც ამ ჯიშის აბორიგენობის ერთ-ერთ მთავარ პირობად ასახელებს სადაურობის მაუწყებელ სახელს და ამ მოსაზრებით, „გორულას“ თავისი წარმოშობით აკუთვნებს ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს (გორი და აქედან „გორული“).

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრამდე გორულა გავრცელებული ყოფილა ძირითადად შიდა ქართლის ტერიტორიაზე, სახელდობრ: ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის, დუშეთის, ზნაურისა და თბილისის გარეუბნის რაიონებში. ვაზები ფორმირებული ყოფილა, როგორც დაბლარად სარზე დაყრდნობით, ისე დაბალი ხეივნების სახით.

ხეივნებად უმთავრესად გავრცელებული იყო იგი საკარმიდამო ნაკვეთებზე ეზოების გასალამაზებლად და დასაჩრდილებლად, აგრეთვე ქ. თბილისის ბაღებსა და მის საგარეუბნო ზონაში (ორთაჭალა, დიდუბე, ვერის ბაღები, დიღომი, ავჭალა, გლდანი).

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელების შემდეგ მისი ნარგაობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ძველი ნარგაობიდან გორულა ძირითადად შერჩენილია თბილისის ბაღებსა და მის გარეუბანში (დიღომი, ავჭალა), ხოლო დაბლარად, მინარევის სახით, გავრცელებულია ისევ გორის, კასპისა და მცხეთის რაიონებში.

ბოტანიკური აღწერა

გორულა აღწერილია მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გორის ექსპერიმენტულ ბაზაზე, სოფ. ხიდისთავში და შესადარებლად დიღმის სასწავლო მეურნეობის საკოლექციო ნაკვეთზე.

ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი ღია მწვანეა, ოდნავ მოყვითალო ელფერით და უხვად შებუსვილია თეთრი ფერის ბეწვისებრი ბუსუსით. გასაშლელი ფოთოლაკების ნაპირები კი წითელი ღვინისფერია.

ახლად გაშლილი პირველი და მისი მომდევნო მეორე ფოთოლი ზედა მხრიდან ღია მწვანეა – მოყვითალო ელფერით, ხოლო ნაპირები ზემოდან წითელი ღვინისფრად არის შეფერილი; პირველი ძლიერ, ხოლო მეორე კი საკმაოდ მოფენილია თეთრი ფერის ბეწვისებრი ბუსუსით. მომდევნო მესამე და მეოთხე ფოთლები ზედა მხრიდან მცირედ არის შებუსვილი. მესამე ღია მწვანე ფოთოლს ზედა მხრიდან მთელ ფირფიტაზე ემჩნევა მოწითალო-მოიისფრო ელფერი.

ასეთივე შეფერვა ახასიათებს მეოთხე ფოთოლსაც. ქვედა მხრიდან მათ მეტად მცირე შებუსვა ახასიათებს, შემდგომ მეხუთე და მეექვსე ფოთლებზე ზედა მხრიდან შებუსვა უმნიშვნელოა და მომწვანო-მოყვითალო შეფერვას ოდნავ მოწითალო ელფერი გადაჰკრავს, ქვედა მხრიდან კი ემჩნევა მეტად უმნიშვნელო შებუსვა, ისიც ძარღვების გასწვრივ, რაც შემდგომ უფრო ხნოვან ფოთლებზე მთლიანად ქრება.

ახალგაზრდა ყლორტი მუქი მწვანეა, ცალი მხრიდან ზოგჯერ გასდევს მოიისფრო ელფერი. იგი უმნიშვნელოდ დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა მცირედ მატულობს ყლორტის წვერისაკენ.

ერთწლიანი რქა. საშუალო სიმსხოსია (8-10 მმ) და სრული მწიფობის პერიოდში გაჰყვება მუქი ყავისფერი წვრილი სიგრძივი ზოლები. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთშორისის სიგრძე 8-13 სმ აღწევს.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული საშუალო სიდიდის ფოთოლი მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. მისი საშუალო სიგრძე აღწევს 15,0-18,5 სმ და სიგანე – 14,6-18,3. იგი მეტწილად ხუთნაკვთიანია.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა და ხშირად ჩანგისებრი ან თაღისებრია. ზოგჯერ ფუძეზე უვითარდება ერთი მარტივი კბილი. იშვიათ შემთხვევაში ყუნწის ამონაკვეთი დახურულია ელიფსური ნახვრეტით და ურთიერთზე მიახლოებული ან საკმაოდ ღრმად გადადებული ნაკვთებით.

ზედა ამონაკვეთი ღია და ღრმად ჩაჭრილია, ფორმით ჩანგისებრია პარალელური გვერდებით და მახვილი ფუძით. ზოგჯერ კი საკმაოდ ჩაჭრილია და ახასიათებს ვიწრო ნახვრეტი და მახვილი ფუძე. გვხვდება დახურული ამონაკვეთებიც განიერი ელიფსური ნახვრეტით.

ქვედა ამონაკვეთი უფრო ხშირად ზეზეურია და ღია; ან ჩანგისებრია პარალელური გვერდებით და მახვილი ფუძით. ზოგჯერ ამონაკვეთი ჩაჭრილ კუთხესა ქმნის.

ფოთოლი მასობრივად ხუთნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის ბლაგვ კუთხეს, იშვიათად სწორს.

ნაკვთების წვერის კბილები წესიერ-სამკუთხედისებრია მახვილი ან მომრგვალებული წვერით; გვხვდება აგრეთვე ისევ სამკუთხედისებრი ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით.

მეორადი კბილებიც უფრო ხშირად წესიერ-სამკუთხედისებრია მახვილი ან მომრგვალო წვერით; ზოგჯერ ხერხკბილისებრია ცალგვერდამოზნექილი და მახვილი წვერით.

ფოთლის ზედაპირი უფრო ხშირად ბადისებრ არის დანაოჭებული, ზოგჯერ წვრილ-ბუშტისებრია. ბუნებრივ მდგომარეობაში ფოთოლი ძაბრმაგვარია, იშვიათად ძაბრმაგვარ-ღარისებრი მოყვანილობაც ახასიათებს; ღია მწვანე ოდნავ მოყვითალო ელფერით, ზედა მხრიდან იგი შიშველია, ხოლო ქვევიდან ოდნავ შებუსვილია, ისიც ძარღვების გასწვრივ. ბუსუსი მონაცრისფროა და ბეწვისებრი.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან აღწევს 0,7-0,9, იგი შიშველია და მოწითალო ღვინისფერია. მთავარი ძარღვები, განსაკუთრებით ყუნწის ამონაკვეთთან ახლოს, მოწითალო ღვინისფერია. უფრო ინტენსიური შეფერვა ახასიათებს ძარღვებს ფოთლის ზედა მხარეზე.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია ნორმალურად განვითარებული მტვრიანებითა და ბუტკოთი. მტვრიანები საკმაოდ გრძელია ბუტკოზე და ყვავილის გაშლისას ნორმალურად იხრებიან. ბუტკო მოგრძო მსხლისებრი მოყვანილობისაა. ყვავილში მასობრივად 5 მტვრიანაა, იშვიათად გვხვდება 4 ან 6, ყვავილედში ყვავილების რიცხვი 270-650 აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 4-6,5 სმ უდრის, ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში იგი ხევდება მუხლის თითქმის შუა ნაწილამდე და იღებს რქის დამახასიათებელ შეფერვას. ყუნწის დანარჩენი ნაწილი კლერტით ბალახისებრია და ღია მომწვანო ფერისაა – ოდნავ მოყვითალო ელფერით; მზის მხრიდან მკვეთრად გამოსახული წითელი ღვინისფერია.

მტევნის საერთო ფორმა ცილინდრულია; ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსისებრი და იშვიათად ფრთიანი. აგებულებით საშუალო სიკუმსისაა და ზოგჯერ ძლიერ კუმსი; გვხვდება თხელი მტევნებიც, მაგრამ ამგვარი აღნაგობის მტევნები არატიპიურია ამ ჯიშისათვის. მტევნის სიგრძე 11,5-19 სმ და სიგანე 7-10,5 სმ უდრის.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 5,5-7,5 მმ-ია, იგი მწვანეა. საჯდომი ბალიში განიერ-კონუსისებრია და დამეჭეჭებული. მარცვალი საჯდომ ბალიშზე მტკიცედ არის მიმაგრებული.

მარცვალი ღია მწვანეა და სრული მწიფობის პერიოდში იღებს მოყვითალო მეტად ლამაზ შეფერვას. კანზე მას მრავლად უვითარდება მუქი მოყავისფრო, წვრილი წერტილისებრი ლაქები. იგი საშულო ან საშუალოზე დიდია და ფორმით ოდნავ ოვალური. მისი საშუალო სიგრძე აღწევს 15,6-20,5 მმ და სიგანე 14-19,1 მმ. შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. ზოგ მარცვალს ასიმეტრულობა ახასიათებს, თუმცა ეს ჯიშურ თვისებად არ ჩაითვლება. ოდნავ უხეში და სქელი კანი აქვს. უფრო ხორციანია და ნაკლებწვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვლის კანზე ფიფქი უხვად არის მოფენილი.

წიპწა. მარცვალში 1-3 წიპწა არის. იშვიათ შემთხვევაში გვხვდება 4, უფრო ხშირად მასში ერთი წიპწაა, წიპწის საშუალო სიგრძე 5,5-7 მმ. ხოლო სიგანე 3,5-5,2 მმ უდრის, ღია ყავისფერია მოვარდისფრო ელფერით. მუცლის მხრიდან ღარები კარგად აქვს გამოსახული და იგი მოყვითალო ჩალისფერია. ქალაძა მცირედ არის ჩაზნექილი და უფრო ხშირად ოვალურია. იგი მოთავსებულია ზურგის შუა ნაწილის ცოტა ზემოთ. ნისკარტის ფუძე ღია მოყვითალოა, ხოლო წვერი მუქი მოჟანგისფრო-ყავისფერია, მისი სიგრძე 1,7-2 მმ-მდე აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

გორის რაიონის სოფ. ხიდისთავის ზონაში, გორულას სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 166-170 დღემდე გრძელდება; თბილისის გარეუბნის სოფ. დიღმის ზონაშიაც ეს ხანგრძლიობა 171 დღეს არ აღემატება.

ზემოთ დასახელებულ ზონებში ამ ჯიშზე ჩატარებული ფენოლოგიურ დაკვირვებათა სამი წლის საშუალო მონაცემები ცხადყოფს ბიოფაზების დაწყების სხვაობას სოფ. ხიდისთავისა და სოფ. დიღმის ზონებში და ეს ბუნებრივიცაა, რადგან დასახელებული სოფლები თავიანთი კლიმატური პირობების თავისებურებით ურთიეთრისაგან საკმაოდ განსხვავდებიან.

ასე მაგალითად, სოფ. ხიდისთავის ზონაში გაზაფხულის შედარებით გვიან დაწყებასთან დაკავშირებით კვირტის გაშლა საშუალოდ 18-22 აპრილიდან იწყება, ხოლო დიღომში 15-17 აპრილიდან. ასეთივე განსხვავებაა ყვავილობის დაწყების ფაზაშიაც; ხიდისთავში იგი იწყება 6-10 ივნისიდან, ხოლო დიღომში 2-4 ივნისს.

ყურძნის შეთვალებაც თითქმის ერთი კვირით ადრე იწყება დიღომში, ხოლო ყურძნის მასობრივ მწიფობაში დიდი განსხვავება არ შეიმჩნევა და იგი მხოლოდ 3-4 დღის სხვაობით განისაზღვრება. დრო კი კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ მომწიფებამდე ორივე ზონაში თითქმის თანაბარია (168 დღე). მხოლოდ ზოგ შემთხვევაში შესამჩნევია დიღმის ზონაში ვეგეტაციის გახანგრძლივება ერთი კვირით ხიდისთავთან შედარებით, რაც უეჭველად შემოდგომაზე სითბოს გახანგრძლივებით უნდა იყოს გამოწვეული.

ვაზის ზრდა და რქის მომწიფება. ვეგეტატიური ნაწილების ზრდა-განვითარებით გორულა მიეკუთვნება საშუალოზე ძლიერი ზრდის ვაზის ჯიშთა ჯგუფს, ხოლო სათანადო ხელშემწყობ პირობებში და აგროტექნიკის მაღალ ფონზე იგი ძლიერ ზრდა-განვითარებას აღწევს.

განსაკუთრებით დიდი დატვირთვის შემთხვევაში, ხეივანზე ან კორდონისებრი წესით ფორმირებისას, მიუხედავად კვირტების სიმრავლისა, იგი ივითარებს საკმაოდ მძლავრ რქებს, რომელთა სიგრძე ვეგეტაციის დასასრულისათვის ხშირად 2-2,5 მეტრამდე იზრდება ხოლმე. ყურძნის მასობრივი მწიფობის დროისათვის ვაზის რქები აღწევს სრულ მომწიფებას და იღებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს.

მოსავლიანობა. მოსავლის პირველ ნიშნებს გორულა იძლევა უფრო ხშირად დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავლიანობას იწყებს მეოთხე-მეხუთე წლიდან.

ქართული ორმხრივი წესით ფორმირებისას (ორი სანაყოფე და ორი სამამულე) ჯიში ხასიათდება საშუალოზე დიდი მოსავლიანობით. ერთ რქაზე უფრო ხშირად ვითარდება ერთი მტევანი; გვხვდება ორიც, მხოლოდ არათანაბარი სიდიდის. მოსავლიანობის კოეფიციენტი 0,75-1,1 აღწევს. მტევნის საშუალო წონა 206-215 გრამია, ხოლო ერთი ძირის საშუალო მოსავალი (20-24 კვირტით დატვირთვის შემთხვევაში) 2,5-3 კილოგრამამდე აღწევს. მოსავლიანი ყლორტები ვაზზე საშუალოდ 74,5-84%-მდე აღწევს.

ხეივნისებური წესით ფორმირების შემთხვევაში მატულობს, როგორც ვაზის ზრდა-განვითარება, ისე მოსავალი და ცალკეული მტევნების სიდიდეც. ხშირია შემთხვევა, როცა დიღმის და გლდანის ზონებში (თბილისის გარეუბანი) ერთი ძირი ხეივნად ფორმირებული ვაზი (50 კვირტამდე დატვირთვით) 10-12 კგ-მდე ყურძენს იძლევა და მტევნის საშუალო წონა 250 გ აღემატება, ხოლო ცალკეული მტევნები 500 გ-მდეც კი აღწევს. ასეთივე სურათია ქ. თბილისის ზონაშიაც.

ყვავილცვენა ამ ჯიშს მცირედ ახასიათებს. წვრილი მარცვლების რაოდენობა მტევანში 4-5%-მდე აღწევს.

ჯიშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ. აღმოსავლეთ საქართველოში გორულა სოკოვან ავადმყოფობათ საკმაოდ კარგად უძლებს მაშინაც კი, როდესაც ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ წამლობას შაბიამნითა და გოგირდით სრულებით არ აწარმოებენ (თბილისის საგარეუბნო ზონა). მიუხედავად ამისა ვაზის ვეგეტატიური მასა და მოსავალიც მცირედ ავადდება.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ დასავლეთ საქართველოს ტენიან პირობებში, სადაც იგი საკოლექციო ნაკვეთებზეა გაშენებული ნაცრის მიმართ, უფრო მგრძნობიარეა, ხოლო შედარებით უკეთ უძლებს ჭრაქს. მიუხედავად ამისა მისი შეწამვლა ყველა პირობებში სავალდებულო წესად უნდა იქნეს მიჩნეული, ხოლო შეწამვლის რაოდენობა სხვადასხვა პირობების შესაბამისად შეიძლება ცვალებადობდეს.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გორულას ძველი ნარგაობა აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში (თბილისის, მცხეთის, კასპის, გორის) ძირითადად საკუთარ ძირზეა და ხეივნების სახითაა წარმოდგენილი, რომელთა ხნოვანება 60-100 წ. და მეტით განისაზღვრება. მიუხედავად ამისა ვაზები ნორმალური ზრდა-განვითარებით და მოსავლიანობით ხასიათდება.

აღნიშნული მდგომარეობა ნებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ეს ჯიში არ უნდა იჩენდეს დიდ მგრძნობიარობას ფილოქსერის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელი იქნებოდა მსგავსად მთელი რიგი აბორიგენული ჯიშებისა, გორულას დაკნინება და ნაადრევი დაღუპვა. ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი შემდგომ შესწავლას საჭიროებს.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში (მცხეთის, თბილისის, კასპის, გორის) სუფრის გორულა არ იჩენს მგრძნობიარობას ეკოლოგიური პირობების მიმართ. დაკვირვებით დადასტურებულია, რომ იგი დაუბრკოლებლად ვითარდება, როგორც ხეობათა დაბლობ ზოლში, ისე შემაღლებულ ადგილებზე და სხვადასხვა ექსპოზიციის ნაკვეთებზე. მაგრამ პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით უკეთეს შედეგს იძლევა სამხრეთით დახრილ შემაღლებულ ადგილებზე და ღრმა ღონიერ ნიადაგებზე.

ამგვარ პირობებში გორულა გამოირჩევა, როგორც ნორმალური ზრდა-განვითარებით, ისე საკმაოდ უხვი მოსავლით და რაც მთავარია პროდუქციის საუცხოვო გემოთი (დიღომი, გლდანი – თბილისის რ-ნი; ვაზიანი – მცხეთის რ-ნი; ხიდისთავი, წედისი – გორის რ-ნი).

გორულას ყურძნის მცირეოდენ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მარცვლის კანი უხეში აქვს, რაც შეიძლება კიდევ მეტად გაიზარდოს ქარების დროს.

ზამთრის ყინვების მიმართ გორულა მსგავსად გორულა მწვანესი გამძლეა. ძლიერი ყინვების მოქმედებით კი იგი მასობრივად ზიანდება, მაგრამ მაღალი აგროტექნიკის ფონზე და ამის შედეგად ვეგეტატიური ნაწილების პლასტიკური ნივთიერებით გამდიდრების შემთხვევაში ვაზის ნაწილების ყინვაგამძლეობაც მნიშვნელოვნად იზრდება.

ყინვისადმი გამძლეობის მეტ უნარს იჩენს აგრეთვე ეს ჯიში შემაღლებულ ადგილებზე და ნაკლებტენიან პირობებში. ერთსა და იმავე ეკოლოგიურ პირობებში სუფრის გორულამ ხიდისთავისა და წედისის ზონებში (გორის რ-ნი) 1948/49 წწ. გამოავლინა ზამთრის ყინვისადმი უფრო მეტი გამძლეობა ვიდრე ჩინურმა, ქართლის თითამ და საფერავმა.

ჯიშის სპეციფიკური თვისებები. გორულას სპეციფიკური ნიშნებიდან საყურადღებოა გასხვლა-ფორმირების საკითხი. მრავალი წლის მანძილზე წარმოებული დაკვირვება ცხადყოფს, რომ ქართული ცალმხრივი ფორმა, რაც გულისხმობს ვაზის დატვირთვას 8-12 კვირტით, ამ ჯიშისათვის მიუღებელია, რადგან ამგვარი მკაცრი სხვლის შედეგად ფერხდება ვაზის საერთო ზრდა-განვითარება და მოსავალიც მცირდება.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, დიდი დატვირთვის ფორმა, ე.წ. „ხეივნისებური“ ამ ჯიშისათვის პერსპექტიულ ფორმად უნდა ჩაითვალოს, რადგან ძლიერდება ვაზის საერთო ძალა და მკვეთრად დიდდება მოსავალი, პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებით. ამის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად მოგვეპოვება თბილისში და მის საგარეუბნო ზონაში.

აქედან გამომდინარე, საკარმიდამო ნაკვეთებზე, აგრეთვე მეურნეობათა სატრანსპორტო გზების გასაფორმებლად წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გორულას ხეივნისებური წესით ფორმირება. ამ ჯიშით გაშენებულ საწარმოო ხასიათის ვენახებში კი აგმოყენებული უნდა იქნეს ორმხრივი კორდონი, თითოეულ მხარზე ორ-ორი საფორმო რგოლით და მრავალსაკავებლიანი ფორმა ძირზე, ვაზის განვითარების შესაბამისად 3-5 სანაყოფე რგოლის დატოვებით (საერთო დატვირთვა 36-40 კვირტით). გასხვლის აღნიშნული ფორმები მაღალი აგროტექნიკის ფონზე უზრუნველყოფს ვაზის ნორმალურ ზრდა-განვითარებას, უხვი მოსავლის მიღებას პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებით.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით გორულა ადგილობრივი მოხმარების მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.

ამის დამადასტურებელია მტევნისა და მარცვლის გარეგნული სილამაზე, მარცვლის ფერი, რბილობის სიმკვრივე და ტკბილი-მომჟავო გემო, ყურძნის ტრანსპორტაბელობა და შუნახვის კარგი უნარი; აგრეთვე ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარება და სათანადო მოვლისა და ფორმირების შემთხვევაში უხვი მოსავლიანობა.

საქართველოს ვაზის აბორიგენული ასორტიმენტიდან გორულა განსაკუთრებით გამოირჩევა ყურძნის შენახვის კარგი უნარით. ამ ჯიშის ყურძენს როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც ინახავენ სპეციალურ ყუთებში ნახერხის ფენებში. ამ მიზნით არჩევენ ტექნიკურ სიმწიფეში შესულ საღ და თხელ მტევნებს. აცლიან მას მოუმწიფებელ, დაზიანებულ და წვრილ მარცვლებს; კუმს მტევნებს ათხელებენ და ამგვარად გამზადებულ მასალას მზეზე აშრობენ.

პარალელურად ამზადებენ ყურძნის ჩასაწყობ ყუთებს და ნახერხს. იღებენ რბილი ხის ნახერხს, რომელსაც ხანგრძლივად აშრობენ. გაცრილი ნახერხის ფენებში აწყობენ ყურძენს თითო ფენად. ფენებში ნახერხის სისქე 2-3 სმ უდრის.

საბოლოოდ ყუთებს ნახერხით ავსებენ, ტკეპნიან, უკეთებენ სახურავს და ინახავენ შედარებით დაბალ ტემპერატურულ პირობებში მთელი ზამთრის განმავლობაში. ამ წესით შენახული ყურძენი ინარჩუნებს თავის ფერს, სისაღეს, გემოს და ხშირად გვიან გაზაფხულზე გამოაქვთ ხოლმე გასაყიდად. ყურძენი თავისი გარეგნობით და გემოთი ახლად დაკრეფილს მოგვაგონებს.

ამრიგად, საქართველოს თეთრყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის გორულა უაღრესად პერსპექტიულია, როგორც ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიში.

გორულას მტევნის საშუალო წონა 210,5 გ აღწევს; მარცვლების რაოდენობა მტევანზე მერყეობს 68-დან 72-მდე (საშუალოდ – 70 ცალი). მტევნის შედგენილობა ასეთია: კლერტი შეადგენს 4,6-5,4%, კანი – 18,6-19,1%, წიპწა – 3,0-3,2%, ხოლო წვენის გამოსავალი მერყეობს 72-73,3%-მდე (საშუალოდ 72,7%). 100 მარცვლის საშუალო წონა 289 გ უდრის, ხოლო 100 წიპწისა – 3,25 გრამს.

სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით სუფრის გორულა რამდენიმე დღით ადრე მწიფდება; ყურძნის სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა 18,15-19,3% არ აღემატება, ხოლო საერთო მჟავიანობა 5,6-6,1‰-მდე აღწევს.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ყურძნის დაგვიანებით დაკრეფა იწვევს მასში შაქრის 1,5-2%-ით გადიდებას, მაგრამ სამაგიეროდ მჟავიანობა ეცემა, რაც პროდუქციის ღირსებას მნიშვნელოვნად ამცირებს (ყურძენი ბლანტე და უხალისო საჭმელი ხდება). აქედან გამომდინარე ამ ჯიშისათვის 18-19%-მდე შაქრის შეცულობა სავსებით ნორმალურად უნდა ჩაითვალოს და ამის შესაბამისად რთველიც დაუბრკოლებლივ ჩატარდეს ოქტომბრის პირველ დეკადაში.

გ. კუტუბიძის მონაცემებით, გორულას მარცვლის წინააღმდეგობა გაჭყლეტის მიმართ საშუალოდ 1240 გრამია, ხოლო წინააღმდეგობა მოწყვეტის მიმართ 270 გრამი.

გორულას პროდუქციის ღვინოდ გამოყენება მიზანშეუწონელია, რადგან მისგან ცალკე დაყენებული ღვინო ხასიათდება ნაკლები ჰარმონიულობით, დაბალი მჟავიანობით, ალკოჰოლისა და სიმჟავის არასასურველი შეფარდებით და შენახვის ნაკლებუნარიანობით. დასაშვებია მისი კუპაჟი სხვა ადგილობრივ საღვინე ჯიშებთან ორდინარული ტიპის ღვინის დასამზადებლად.

საერთო შეფასება და დარაიონება

საქართველოს თეთრყურძნიან ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის გორულა დიდი ყურადღების ღირსია, როგორც მაღლხარისხოვანი პროდუქციის მომცემი სასუფრე ყურძნის ჯიში.

გორულა, სუფრის, ვაზი, ვენახიგანსაკუთრებით პერსპექტიულია გორის, კასპის, მცხეთის, დუშეთის რაიონებისა და ქ. თბილისისა და მისი საგარეუბნო ზონისათვის. ვინაიდან საკმაოდ დიდ მოსავალთან ერთად იგი იძლევა მაღალხარისხოვან, შენახვის უნარიან და ტრანსპორტაბელურ პროდუქციას.

მევენახეობის შემდგომ განვითარებას თბილისის ზონაში საფუძვლად უნდა დაედოს სუფრის ყურძნის სხვა ჯიშებთან ერთად (განჯური, შასლა) გორულას მასობრივი გაშენება, მხოლოდ ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერგამძლე საძირეებზე.

მოსავლის გადიდების მიზნით მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული მეურნეობათა სატრანსპორტო გზებზე და მეურნეთა საკარმიდამო ნაკვეთებზე გორულას ხეივნისებური წესით ფორმირება, ხოლო დიდ მასივებზე ორმხრივი კორდონისებური წესით დაყენება, თითოეულ მხარზე ორ-ორი საფორმო რგოლის შექმნით.

ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული აგრეთვე ვაზების მრავალსაკავებლიანი ფორმირება 3-4 საფორმო რგოლის მიცემით, მხოლოდ აუცილებელია ვაზების დიდი დატვირთვისას ყველა სახის სამუშაო პროცესების დროულად და მაღალხარისხოვნად ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დასუსტება-დაკნინებას ექნება ადგილი და მოსავალი უბარაქო და უხარისხო მიიღება.

საქართველოს ამპელოგრაფია. რედაქცია „აგროკავკასია“.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB