ვაზი – დარგვა, ჯიშები, ვენახის გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

ვაზი, ვენახი, ჯიშები, აგროტექნოლოგია

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

ვაზი მიეკუთვნება ვაზისებრთა ოჯახს. ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, საყრდენს ულვაშებით ანუ პწკალით ემაგრება; აქვს ყავისფერი ქერქი, რომელიც ზოლ-ზოლად სცილდება. შტამბზე განლაგებულია მრავალწლიანი ტოტები (მხრები), ერთწლიანი რქები და ყლორტები.

ფოთლის ყუნწის იღლიაში მოთავსებულია რთული აგებულების კვირტი, რომელიც ძირითადი და შემცვლელი (სათადარიგო) კვირტებისაგან შედგება. მრავალწლიან ღეროზე ვითარდება მძინარე კვირტი.

კულტურულ ვაზის ჯიშებში ყვავილები უმეტესად ორსქესიანია, ახასიათებს სხვადასხვა სიდიდის, ფორმის, დანაკვთულობის ფოთლები; მარცვალი სხვადასხვა შეფერილობის, ფორმის, სიდიდის, კონსისტენციის და გემური თვისებებისაა. მარცვალში წიპწების რაოდენობა მერყეობს 1-4 მდე; ზოგჯერ წიპწას არც შეიცავს (საქიშმიშე ჯიშები).

საქართველოში ვაზის სამრეწველო ნარგავები ზღვის დონიდან 600-700 მეტრამდეა გავრცელებული, თუმცა ზოგიერთ მაღალმთიან რაიონებში იგი 800-1200 მეტრ სიმაღლემდე აღწევს.

სავეგეტაციო პერიოდი წვენის მოძრაობის დაწყებიდან ფოთოლცვენის დამთავრებამდე 200-220 დღეს შეადგენს და განსხვავებულია ჯიშების და ზღვის დონიდან სიმაღლეების მიხედვით.

ვაზის განვითარება წლის პერიოდში იყოფა აქტიურ და მოსვენების ფაზებად. მოსვენების პერიოდში მიმდინარეობს სუნთქვის და აორთქლების პროცესები, საკვები ელემენტების გადანაცვლება ერთწლიანი ნაზარდებიდან მრავალწლიანში, აქედან ფესვებში.

ვაზის განვითარების აქტიური ფაზა მოიცავს:

ა) ვაზის ტირილი (წვენის მოძრაობის დაწყება);
ბ) კვირტის გაფურჩქვნა და ყლორტის განვითარება;
გ) ყვავილობა;
დ) მარცვლის გამონასკვა;
ე) ყურძნის სრული სიმწიფე;
ვ) ფოთოლცვენა.

ვაზი ვითარდება ისეთ ნიადაგებზეც კი, სადაც მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება შეუძლებელია ან მცირე ეფექტის მომცემია: საკმაოდ ან მეტად დაფერდებული ციცაბო ადგილები, ხირხატი და ქვიანი ნიადაგები, სილნარი და სხვა.

ვაზის ზრდა 80C-ზე დაბალ ტემპერატურაზე აღარ მიმდინარეობს. 25-300C -ის იგი ინტენსიურად ვითარდება, ხოლო 400C -ზე მეტი ტემპერატურის პირობებში მისი განვითარება ფერხდება და მწვანე ნაწილების არუჯვის გამო საბოლოოდ ჩერდება. ვაზი ყინვებს 15-180C -მდე იტანს, ზოგიერთი ჯიში კი 300C -მდეც უძლებს.

კულტურის ზოგადი დახასიათება

ვაზი, ყურძენი, სუფრის

ვაზი მეზოფიტ მცენარეთა ჯგუფს ეკუთვნის, მაგრამ გვალვიან ადგილებში, სადაც ნალექის წლიური რაოდენობა 400 მილიმეტრამდეა ვენახის მორწყვა აუცილებელია.

ნაყოფი შეიცავს ქიმიურ შენაერთთა შემდეგ ჯგუფებს: ნახშირწყლებს, პექტინოვან ნივთიერებებს, გლუკოზიდებს, ორგანულ მჟავებსა და მათ მარილებს, მინერალურ ნივთიერებებს, უაზოტო ნივთიერებებს, ფერმენტებს, ვიტამინებს და შაქრებს 16-32 % -მდე. ვაზი სრულ მსხმოიარობაში შედის ზრდა-განვითარების მეოთხე-მეხუთე წელს.

ვაზის რამდენიმე ჯიში

საქართველოს ვაზის მდიდარი გენოფონდი გააჩნია, ლიტერატურული წყაროების მიხედვით დასახელებულია 525-ზე მეტი ვაზის ქართული ჯიში. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ჯიღაურას“ ბაზაზე თავმოყრილია და დაცულია ქართული ვაზის 450 ჯიში.

საქართველოს რეგიონების მიხედვით გამოყოფილია ვაზის ძირითადი სამრეწველო ჯიშების ასორტიმენტი, რომელიც ძირითადად მოიცავს შემდეგ ქართულ და უცხოურ ჯიშებს:

ქართლი – ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპიტო, პინო და ალიგოტე.
იმერეთი – ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე, ძელშავი, ალადასტური, კაპისტონი თეთრი და წითელი, პინო შავი და შარდონე.
რაჭა- ლეჩხუმი – ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელოური, ორბელური ოჯალეში, კაპისტონი წითელი, წულუკიძის თეთრა და ცოლიკოური.
აჭარა – ხოფათური, კლარჯული, ბროლა, ბუტკო, ბათუმურა, საწური.
გურია – ჩხავერი, სხილათუბანი, მტევანდიდი, ალადასტური, ჯანი, ბადაგი, საკმიელა.
სამეგრელო – ოჯალეში, პუმპულა, ჩექობალი.
აფხაზეთი – ჩხავერი, ოჯალეში, კაჭიჭი, ალადასტური, პინო შავი, ცოლიკოური, ავასირხვა, ალიგოტე, კარაბურნი, ცხენის ძუძუ, ქართული საადრეო.
კახეთი – მოიცავს საქართველოს ვენახების 58 % – ს. გავრცელებული სამრეწველო ჯიშებია: საფერავი, რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, კაბერნე სოვინიონი და სხვა.

რქაწითელი

რქაწითელი საქართველოში ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. ყველაზე დიდი ფართობი მას კახეთში უკავია. ტექნიკური ვაზის ჯიშია, რქაწითელის ყურძენი წარმატებით გამოიყენება აგრეთვე სასუფრე ყურძნადაც.

ჯიში ყინვაგამძლეა. ვაზის ძველი ნაწილებიდან წარმოშობილი ყლორტები თითქმის უმოსავლოა. ყვავილი ორსქესიანია. ფოთლები საშუალო ზომის, მომრგვალო, სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ან დიდი ზომის, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური, მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით.

მტევანი საშუალო სიდიდისაა და ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 20-24 % – ს აღწევს, 7-8 გ/ლ -მდე მჟავიანობის შენარჩუნებით.

რქაწითელი საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა. კახეთის მევენახეობის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებისათვის, ხოლო შიდა ქართლის რაიონებში სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში.

ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალოზე უხვმოსავლიანია. ეკოლოგიური პირობებისა და დატვირთვის თავისებურების შესაბამისად, მისი მოსავალი ჰა-ზე მეტად ცვალებადობს და 6-20 ტონას შორის მერყეობს. როგორც წესი, დიდ მოსავალს თან სდევს მიღებული ღვინის დაბალი ხარისხი, ამიტომ მაღალხარისხოვანი რქაწითელის ღვინოების მისაღებად საშუალო საჰექტრო მოსავალი 7-8 ტონას არ უნდა აღემატებოდეს.

საფერავი

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. ძლიერ ყინვაგამძლეა. მიძინებული კვირტებიდან წარმოშობილი ყლორტები მოსავლიანია.

ივ. ჯავახიშვილის განმარტებით საფერავი ეკუთვნის ზოგად ჯიშთა ჯგუფს, თუმცა წარმომავლობით კახური უნდა იყოს. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. ფოთლები დიდია, მომრგვალო, სამფრთიანი. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი, კონუსური. მარცვალი

საშუალო ან დიდი, ოვალური, მუქი ლურჯი ფერისაა და აქვს რბილი კანი, წვნიანი რბილობით. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 20-26% – მდე აღწევს, 7,5 – 8,5 გ/ლ – მდე მჟავიანობით.

კახეთში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ზოგიერთ ადგილებში სიმწიფის პერიოდი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. საკმაოდ უხვმოსავლიანია. საშუალო მოსავალი ჰა-ზე 8-10 ტონაა, ზოგიერთ ნაკვეთზე 12 ტონას აჭარბებს.

ციცქა

ციცქა ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია, საგვიანო სიმწიფის პერიოდით. იმერეთის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან.

ყვავილი ორსქესიანია, მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, კუმსი ან ძლიერი კუმსი აგებულების. მტევნის საშუალო მასა — 180-190 გ. სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა — 19%-20%, მჟავიანობა — 9-12 გ/ლ.

ცოლიკოური

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. იმერეთის გარდა გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში.

ფართობის მიხედვით რქაწითელის შემდეგ მეორე ადგილი უკავია საქართველოში. გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება ევროპული და იმერული ტრადიციული წესით დაყენებული მაღალხარისხიანი სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები.

ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ყურძენი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-9,5 გ/ლ-ს.

ჩინური

ჩინური, იგივე ჩინებული, კასპური, კასპური თეთრი, ატენური – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი ფართოდაა გავრცელებული მთელ ქართლში. მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია.

ჯიში ხასიათდება მცენარეული და ხილის ტონებით. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, გორის მევენახეობის ზონაში (ტანას ხეობა) ყურძენი მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან.

ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-20,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,0-10,0 გ/ლ-ს.

მწვანე კახური

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. ვაზის ძველი ნაწილებიდან წარმოშობილი ყლორტები უმოსავლოა.

ჯიშს ახასიათებს ზომაზე მეტი ყვავილცვენა და ამის შედეგად მტევნის გათხელება. ყვავილცვენის შენელების მიზნით საჭიროა ყვავილობის დაწყების წინ ყლორტზე წვერის წაწყვეტა, რაც ხელს შეუწყობს უხვ გამონასკვას და ნორმალური მოსავლის მიღებას. მტევანი საშუალო სიდიდისაა, განიერ კონუსისებრი ფორმის.

სრულ სიმწიფეში მარცვალი იღებს მწვანე-მოყვითალო შეფერვას. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 20-22 %-მდე აღწევს, 6-7,8 გ/ლ-მდე მჟავიანობით. სიმწიფის მიხედვით საშუალო პერიოდისაა. კახეთის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან.

ვაზი საშუალო ზრდისაა. გავრცელების ძირითად რაიონებში დატვირთვა-ფორმირების შესაბამისად საშუალო მოსავალი ჰა-ზე 5-8 ტონამდეა.

კაბერნე სოვინიონი

ფრანგული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. საქართველოში – კახეთის ზონაში მისგან მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოები მზადდება. ვაზის ძველი ნაწილებიდან განვითარებული ყლორტები მეტწილად მოსავლიანია.

მტევანი საშუალო ზომისაა. საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო სიმსხოსია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სრულ სიმწიფეში მუქი ლურჯია, გარდამავალი შავ ფერში.

სიმწიფის მიხედვით საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა. თავისი გავრცელების ძირითად რაიონებში ყურძენი სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ დეკადაში მწიფდება. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 19-22 %-მდეა, ზოგჯერ 24 %-საც აღწევს. 8,0-9,0 გ/ლ-მდე მჟავიანობის შენარჩუნებით.

ვაზი საშუალოზე ძლიერი ან ძლიერი ზრდისაა და სათანადო მოვლის პირობებში უხვმოსავლიანია. საშუალო საჰექტრო მოსავალი 10-12 ტონაა, ზოგჯერ 15 ტონას აღემატება.

უსახელოური

უსახელოური ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ცაგერის რაიონში, ძირითადად ზუბი_ოყურეშის მიკროუბანში.

მცენარეს ახასიათებს საშუალო და გადახლართული ზრდა, საშუალო მტევნები, საკმაო წვრილმარცვლიანობა (5%, ზოგჯერ კი 15_20%), მარცვლების არათანაბარი სიმსხო და მწიფობა. მგრძნობიარეა საგაზაფხულო წაყინვების მიმართ, სრულ მსხმოიარობაში შედის მე-5 ან მე-6 წელს, ნაკლებად გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ.

საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 6-7 ტ/ჰა. ლეჩხუმში უსახელოურის სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. საშუალოდ, ყურძნის შაქრიანობა – 23_26%, ხოლო მჟავიანობა 6,0_8 გ/ლ-ს შეადგენს.

უსახელოურის ჯიშის ყურძნისგან მზადდება უმაღლესი ხარისხის წითელი ღვინო.

ცალკეულ ჯიშზე უფრო ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ რუბრიკაში მევენახეობა

ადგილი თესლბრუნვაში

ვენახის გაშენებისას გასათვალისწინებელია რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და ვაზი.

ვენახის გაშენებისათვის ხელსაყრელია ისეთი ფართობების შერჩევა, სადაც წინა წლებში ხდებოდა პარკოსანი კულტურების წარმოება. ვენახის გასაშენებლად სუკეთესო წინამორბედად ითვლება სასიდერაციო კულტურების თესვა – ვენახის გაშენებამდე, 2-3 წლის განმავლობაში ითესება: ბარდა, სამყურა, ცერცველა, სოია, ხანჭკოლა და სხვა.

მათი დათესვა საჭიროა სრული მინერალური სასუქების (აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი) ფონზე. სიდერატები უნდა ჩაიხნას ყვავილობის დროს.

ნიადაგის და სავენახე ნაკვეთის შერჩევა

რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (pH). ვაზი ცოცხლობს და ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა დაჭაობებული და დამლაშებული ნიადაგებისა.

სამრეწველო მევენახეობის განვითარებისათვის საუკეთესო ნიადაგებია: ყავისფერი, ნეშომპალა – კარბონატული, რუხი ყავისფერი (წაბლა), მდელოს ყავისფერი, შავმიწა, შავმიწისებრი, ალუვიური ნიადაგები; მაღალი ხარისხის ყურძნის მისაღებად საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან-კარბონატული, ხირხატიანი და ქვიშნარი ნიადაგები.

მევენახეობის ყველა ზონაში სავენახე ფართობის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კლიმატური ფაქტორების გავლენა ვაზის მოსავლიანობაზე, მოსავლის ხარისხზე. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის და ქვენიადაგის თვისებებს, ფერდობების დაქანებას, კარბონატების შემცველობას, ტემპერატურულ რეჟიმს და სხვა.

აქტიურ ტემპერატურათა ჯამი არ უნდა იყოს 22000C – ზე ნაკლები; ყველაზე უფრო თბილი თვის საშუალო ტემპერატურა კი 160C – ზე ნაკლები;

საქართველოში შესაძლებელია სავენახედ გამოყენებული იქნას ვაკე და დაქანებული ფართობები, მაგრამ უმჯობესია ვენახის გაშენებისათვის სამხრეთისკენ და სამხრეთაღმოსავლეთისკენ დაქანებული ფერდობების შერჩევა. განსაკუთრებით ეს ეხება მთიან ზონას, სადაც შედარებით ნაკლები სითბოა. რაც შეეხება ფართობის დაქანებას, ამ შემთხვევაში ოპტიმალურია 10°-მდე დახრილობის ფერდობები.

ტაფობ ადგილებში გაშენებული ვაზი შესაძლოა ადვილად დაზიანდეს დაავადებებით და არახელსაყრელი კლიმატური პირობების ზემოქმედებით, ხოლო 10°-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე ვენახის გაშენება შესაძლებელია დატერასების შემდეგ.

ტერასის სიგანე დამოკიდებულია ფართობის დაქანების კუთხეზე: რაც უფრო მეტადაა დაქანებული ნაკვეთი, მით უფრო ვიწრო ტერასია საჭირო. ტერასის ტიპის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია აგრეთვე ნიადაგის მექანიკური შედგენილობა.

ვენახის გაშენებამდე აუცილებელია სავენახე ნაკვეთის აგროქიმიური და ენტომოლოგიური ანალიზის ჩატარება და მიღებული შედეგების შესაბამისი აგროტექნიკური და ფიტოსანიტარული ღონისძიებების გატარება.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

სავენახედ გამოყოფილი ნაკვეთი, პირველ რიგში, უნდა გაიწმინდოს ბუჩქნარის, ხე მცენარეების და მათი ფესვებებისგან, ასევე დიდი ზომის ქვების და ზოგადად, ნიადაგის დამუშავებაში ხელის შემშლელი ნებისმიერი მცენარეული და არამცენარეული ნარჩენებისგან.

ნიადაგში არ უნდა დარჩეს ფესვები, განსაკუთრებით უნდა გასუფთავდეს ნიადაგი ვაზის ფესვებისგან, რადგან ისინი, სხვა მცენარეულ ფესვებთან ერთად, არა მარტო ხელს უშლიან ნიადაგის დამუშავებას, არამედ შეუძლიათ ლპობის პროცესში გააუარესონ ნიადაგის ფიტოსანიტარული მდგომარეობა.

თუ სავენახე ნაკვეთზე გავრცელებულია სარეველები, მათ მოსასპობად მისაღებია ნაკვეთის დამუშავება ჰერბიციდებითაც. ნავენახარ ფართობზე საჭიროა ვაზის ძირფესვიანად ამოძირკვა, ნაკვეთიდან მისი გატანა და დაწვა. თუ სავენახე ფართობზე გვხვდება უსწორმასწორო ადგილები, ხევები, ორმოები, ბორცვები და სხვა, რაც საგრძნობლად შეუშლის ხელს ნიადაგის შემდგომ დამუშავებას, ხდება ნიადაგის ზედაპირის მოსწორება შესაბამისი ტექნიკით.

გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით უნდა მოხდეს ქარსაფარი ზოლის მოწყობა, სარწყავი ქსელის დაგეგმვა ან სადრენაჟო ქსელის მოწყობა. თუ ნაკვეთში არსებობს წყლის დაგუბების რისკები, აკეთებენ წყლის საწრეტ ქსელებს. თუ ნაკვეთის რომელიმე უბანს, ან მთლიანად ნაკვეთს აქვს ტაფობის ფორმა ანუ ჩაზნექილია შუაში, ასეთ შემთხვევაში იღებენ ღრმა ჭას და წყალსაწრეტ არხებს მიმართულება ეძლევათ ჭისკენ.

ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6,0-დან 8.0-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ ვაზის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის ვაზის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ვენახის გასაშენებელი ადგილის შერჩევის შემდეგ ტარდება ნიადაგის პლანტაჟი, ანუ ნიადაგის ღრმად დამუშავება ნიადაგის ფენათა გადაადგილებით. პლანტაჟის ჩატარების საუკეთესო დროდ ითვლება შემოდგომა. დასავლეთ საქართველოში პლანტაჟის სიღრმე უნდა იყოს 50-60სმ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 60-70სმ. პლანტაჟი ტარდება ვაზის

დარგვამდე 3-5 თვით ადრე. თუ ვაზის გაშენება იგეგმება ნავენახარ ფართობზე, ამ შემთხვევაში აუცილებელია 2-3 წლიანი დაყოვნების პერიოდის დაცვა – თესლბრუნვით რეკომენდირებული კულტურების თესვის ფონზე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელდაავადებების გავრცელების რისკები და გაუმჯობესდეს ნიადაგის ძირითადი აგროსაწარმოო მაჩვენებლები.

ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება

ვაზის დარგვამდე 20-25 დღით ადრე პლანტაჟირებული ნიადაგი უნდა გადაიხნას გარდიგარდმო 25-30 სმ-ის სიღრმეზე და მოსწორდეს შესაბამისი ტექნიკით (ფრეზი, ფარცხი).

ამ ოპერაციის ჩატარებამდე, ნიადაგის პლანტაჟის შემდეგ, აგროქიმიური ანალიზის მონაცემებიდან გამომდინარე, სავენახე ნაკვეთში შეაქვთ გადამწვარი ორგანული სასუქი (ნაკელი, ტოირფნაკელიანი ან ტორფწუნწუხიანი კომპოსტი, ნეშომპალა და სხვა ორგანული წარმომავლობის ბიომასა), ასევე შეაქვთ ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქები და მელიორანტები ნიადაგის ანალიზის შესაბამისად.

მიზანშეწონილია ასევე, ორგანული და მინერალური სასუქების (ფოსფორი და კალიუმი) შესაბამისი დოზებით შეტანა პლანტაჟის დროს, რათა ვაზის ფესვთა სისტემის განვითარების ზონა თავიდანვე უზრუნველყოფილი იქნას საკვები ელემენტების მარაგით ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

სასუქების და მელიორანტების შეტანის და ნიადაგის მოსწორებისა და შემდეგ ნაკვეთი იგეგმება დასარგავად. ამისათვის მწკრივებს შორის დადგენილ მანძილზე (2,1 – 2 – 3 მ) გაიჭიმება მავთული და გაივლება სწორი ხაზი. შემდეგ იგივე ოპერაცია სრულდება საწინაამღდეგო მიმართულებით – რიგში ვაზებს შორის დაგეგმილ მანძილზე (1- 1,25 -2 მ) გაივლება ასეთივე მავთული და მათი გადაკვეთის წერტილში მომზადდება ორმო ნერგის დასარგავად.

ნაკვეთის დაგეგმვა მონიშვნითაც შეიძლება. ამისათვის მწკრივების გასწვრივ თავსა და ბოლოში, მწკრივებს შორის მიღებულ მანძილზე ჩაისობა პალოები, მათზე გაიჭიმება მავთული და ვაზთა შორის მანძილი აღინიშნება ჩხირების ჩასობით.

ვაზის დარგვამდე, ასევე საჭიროა დამუშავდეს ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის საკითხი და შეიქმნას მექანიზაციის ფართოდ გამოყენების პირობები. ამის მისაღწევად, რელიეფისა და ნიადაგური პირობების გათვალისწინებით, ტერიტორია უნდა დაიყოს კვარტლებად, თარგებად, თარგებში კი რიგების მიმართულებად.

ამავდროულად საჭიროა დაიგეგმოს საგზაო ქსელი, ქარსაფარი ტყის ზოლები და სარწყავი სისტემა. სარწყავ რეგიონებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რიგების მიმართულების შერჩევას. რიგების მიმართულება უნდა უზრუნველყოფდეს ტერიტორიის დაცვას ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისაგან, ასევე მექანიზაციის შეუფერხებელ გამოყენებას. ვაკე ადგილებში მწკრივები უმჯობესია განლაგდეს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს მთელი დღის განმავლობაში მცენარეთა კარგ განათებას. თარგთა შორისი და საპლანტაციო გზების სიგანე უნდა იყოს 6 მეტრი, ტრაქტორის მოსაბრუნებელი კი 8 მეტრი.

მევენახეობის პრაქტიკაში მიღებულია ვაზის განლაგების 3 წესი: მწკრივობრივი, კვადრატული და ჭადრაკული.

დაგეგმვის მწკრივობრივი წესი ეწოდება ისეთ წესს, როდესაც მწკრივთაშორისი მანძილი მეტია მწკრივებში ვაზებს შორის მანძილთან შედარებით. კვადრატული წესით დაგეგმვის დროს მანძილები თანაბარია, როგორც მწკრივებს შორის, ისე მწკრივებში-ვაზებს შორის.

ჭადრაკული წესის დროს ცალკეული ვაზი იმყოფება ტოლფერდა სამკუთხედის ცენტრში ან უახლოესი სამი ვაზის ჯგუფი ქმნის ტოლგვერდა სამკუთხედს. აღნიშნულ წესებს შორის ყველაზე მეტი პრაქტიკული გამოყენება აქვს მწკრივობრივად დარგვის წესს. დაგეგმვის ეს წესი შეხამებულია სამუშაოების მექანიზებულად ჩატარებასა და ვაზის სასურველ ფორმირებასთან.

აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შემდეგ ფართობში, ზემოთაღწერილი მეთოდით მონიშნულ ადგილებში იღებენ ორმოებს, რომლის სიღრმე 40-50 სმ-ია, ხოლო სიგანე 30 სმ.

ვენახის გაშენება და მოვლითი სამუშაოები

ვაზის დარგვა შეიძლება, როგორც გაზაფხულზე, ისე შემოდგომით, თუ უკანასკნელ შემთხვევაში საშიშროება არ არის ვაზის ახალდარგული ნერგის დაზიანებისა ყინვების გამო.

გაზაფხულზე ვაზის დარგვა უნა დამთავრდეს კვირტის გაშლამდე. დასავლეთ საქართველოში ვაზის დარგვა უნდა დამთავრდეს 15 მარტამდე, აღმოსავლეთში კი 1 აპრილამდე.

ნერგი. – ვენახის გასაშენებლად გამოყენებული უნდა იყოს პირველი ხარისხის ნერგი, რომლის ძირითადი მაჩვენებლები ასეთია: კარგად განვითარებული, არანაკლებ ორი ძირითადი ფესვი, მათი საღი ნაწილის სიგრძე არანაკლებ 12 სმ, ფესვების განლაგება ქვედა მუხლის გარშემო.

ერთწლიანი მომწიფებული ნაზარდის სიგრძე არანაკლებ 20 სმ და ფუძეში 3-4 კარგად ფორმირებული კვირტი; პირველი მუხლთშორისის შუა ნაწილში ნაზარდის სიმსხო არანაკლებ 5 მმ, ხოლო ორი ნაზარდის შემთხვევაში მათი საერთო დიამეტრი 8 მმ.

ნერგის სიგრძე ქუსლიდან საძირისა და სანამყენეს შეხორცების ადგილზე 26-32 სმ. სანამყენე სრულად უნდა იყოს შეზრდილი საძირესთან, ირგვლივ შეხორცებული, მოღუნვისას მაგარი და მტკიცე, ნერგის ფესვი და ნაზარდი იყოს სუფთა ყოველგვარი სოკოვანი დაავადებებისა და მექანიკური დაზიანებისაგან.

„საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ“ გვავალდებულებს, რომ სამრეწველო ვენახები უნდა გაშენდეს ნამყენი ნერგით. ნამყენი, ეს არის ფილოქსერაგამძლე საძირეზე, ქართული, ევროპული ან სხვა ვაზის ჯიშების სანამყენე მასალის მყნობით მიღებული სარგავი ვაზის ნერგი.

საქართველოში დარაიონებული ათამდე საძირედან, ძირითადად გამოყენებული ფილოქსერაგამძლე საძირეების დასახელება და ზოგადი აღწერა:

ბერლანდიერი X რიპარია 5BB – რეკომენდებულია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, გამძლეობა ნიადაგის კარბონატობის მიმართ – 20 %-მდე.
ბერლანდიერი X რიპარია SO4 – რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, გამძლეობა ნიადაგის კარბონატობის მიმართ – 17 %-მდე.
ბერლანდიერი X რიპარია 420 A – რეკომენდებულია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, ხასიათდება გვალვაგამძლეობით, გამძლეობა ნიადაგის კარბონატობის მიმართ – 20 %-მდე.
რიპარია X რუპესტრის 3309 – რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, ხასიათდება გვალვაგამძლეობით, გამძლეობა ნიადაგის კარბონატობის მიმართ – 11 %-მდე.
ვენახის გაშენება უნდა მოხდეს მხოლოდ ფილოქსერაგამძლე საძირეზე დამყნილი, უვირუსო და ჯიშურად გარანტირებული სარგავი მასალით – ნამყენი ნერგით.

დარგვის წესი

ნერგის დამსხვილებული ფესვები დარგვამდე უნდა შეიკვეცოს 8-12 სმ სიგრძეზე. წვრილი ფესვები კი უნდა მოიჭრას ბაზისთან.

რაც შეეხება ნაზარდს, ის შეიკვეცება 2-3 კვირტზე. ერთწლიან ნამყენ ნერგს აქვს ძირითადად ერთი რქა, ხოლო ორწლიანებს – მეტი. ამ დროს დასატოვებლად უნდა შეირჩეს უკეთესი მდებარეობისა და განვითარების მქონე ნაზარდი. ზოგ შემთხვევებში შესაძლოა, საჭირო გახდეს სარგავი მასალის წყალში დალბობა 8-12 საათის განმავლობაში.

დარგვისას ნერგები მწკრივში ერთ სწორ ხაზზე უნდა განლაგდეს და ორმოში ვერტიკალურად იქნას ჩარგული. დარგვის დროს უნდა მომზადდეს ნიადაგის და სასუქის (ორგანული მასის) ნარევი, 2:1 ან 3:1 შეფარდებით.

საორიენტაციოდ ურევენ ერთმანეთში 5-6 კგ. გადამწვარი ნაკელს, 60 გ. ფოსფორიან და 40 გ. კალიუმიან სასუქებს. რიგ შემთხვევაში, ნიადაგის ნაყოფიერების გათვალისწინებით, მზადდება მხოლოდ ნიადაგის და ორგანული მასის ნარევი, მინერალური სასუქების გარეშე.

ორმოები უნდა იყოს 40-50 სმ სიღმისა და 30 სმ სიგანის. ორმოს სიღრმე 8-10 სმ-ით უნდა აღემატებოდეს ვაზის ნერგის სიგრძეს. დარგვისას ნარევი შეიტანება ორმოს ფსკერზე, შეტანილ მასას ზემოდან უნდა დაეყაროს ე.წ. დამცავი ფენა (ნიადაგის და ორგანული მასის ნარევი) 6-8 სმ სისქეზე, რათა არ მოხდეს ახლად დარგული ნერგის ფესვების კონტაქტი მინერალურ სასუქთან (მათი გამოყენების შემთხვევაში).

ნერგს შუა ადგილზე მოაყრიან ნაკელ ნარევ მიწას და მოტკეპნიან, შემდეგ ორმოს პირამდე შეავსებენ და ხელმეორედ მოტკეპნიან. ბოლოს ნერგს ფხვიერი მიწით უკეთებენ ე.წ. კოკოლას (პატარა მიწაყრილი), რომლის სიმაღლე შემოდგომით დარგვისას უნდა უდრიდეს 10-12სმ-ს, ხოლო გაზაფხულზე დარგვის დროს 6-8სმ.

ნერგის ფორმირებისთვის კალმის ზედა ნაზარდი უნდა გადაიჭრას 2 კვირტის სიმაღლეზე, ხოლო მყნობისას ადგილი 2-3 სანტიმეტრით დაშორდეს ნიადაგის ზედაპირს.

დარგვისთანავე უნდა მოხდეს ნერგის მორწყვა ნელა, რადგან წყალმა მოასწროს ფესვებამდე ჩასვლა. ნერგი უნდა აიკრას ინდივიდუალურ საყრდენზე.

ამ ბოლო დროს ხშირია ვაზის მწვანე ნერგით გაშენება, რაც მკვეთრად ამცირებს ვენახის მსხმოიარობაში შესვლის პერიოდს. ხარისხიანი ნერგი მოსავალს III-IV წელს გვაძლევს, ხოლო მწვანე ნამყენი ნერგი – 1 წლით ადრე.

დარგვის შემდეგ საჭიროა ნარგავის სისტემატური დათვალიერება, კოკოლების შესწორება, ამონაყრებისა და სანამყენედან გამოტანილი ფესვების მოცილება.

გავრცელებული კვების არეები: ვაზის ჯიშების ზრდის ინტენსივობის და მექანიზაციის გამოყენების გათვალისწინებით შესაძლებელია სხვადასხვა კვების არით მათი დარგვა. პრაქტიკაში ძირითადად იყენებენ შემდეგ კვების არეს: მანძილი მწკრივთა შორის 1,5 – 2 – 2,5 მ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 1,2 – 1,5 – 2 მ. შესაბამისად, 1 ჰა-ზე შეგვიძლია დავრგოთ 2000 -3333 – 3500 ძირი ნერგი.

ახალგაშენებული ვენახის მოვლა

გაშენების პირველ წელს პლანტაჟის გავლენით გაადვილებულია ნიადაგის დამუშავება. რეკომენდებულია ჯვარედინი კულტივაციის ჩატარება (მწკრივების გასწვრივ და პერპენდიკულარულად). იგი ამცირებს ხელით დასამუშავებელი მიწის ფართობს და აადვილებს სარეველების წინააღმდეგ ბრძოლას.

ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა გაშენების პირველ წელს ნიადაგის გაფხვიერება. ვეგეტაციის პერიოდში ნიადაგი 3-4-ჯერ ფხვიერდება 10-12 სმ-ის სიღრმეზე. პირველი წლის შემოდგომაზე საჭიროა მოხვნა 18-20 სმ-ის სიღრმეზე და ვაზისათვის მიწის შემოყრა.

ვენახის გაშენების მეორე წელს ადრე გაზაფხულზე, ვენახი უნდა მოიხნას ნაზურგად, ვაზს შემოეცალოს მიწა და მწკრივები გაითოხნოს.

გამორგვა. ახლად გაშენებულ ვენახში თითქმის ყოველთვის წარმოიქმნება მოცდენილი ადგილები. ასეთ შემთხვევაში პირველი წლის შემოდგომაზე, ან მეორე წლის გაზაფხულზე გაცდენილი ადგილები უნდა გამოირგოს იგივე ჯიშის ნერგით.

დანორმება. საჭიროა პირველივე წელს შეირჩეს ორი უკეთესი მდგომარეობისა და განვითარების ყლორტი (დანარჩენი ყლორტები კი უნდა მოსცილდეს). თუკი ეს ღონისძიება ადრეულ ვადებში ჩატარდება, მალევე შემცირდება საკვები ნივთიერებების უსარგებლო ხარჯვა მცენარის გამოუსადეგარ ნაწილებზე. სავეგეტაციო პერიოდში ძირითად ყლორტზე განვითარებული ნამხრევები უნდა მოცილდეს მანამ, სანამ ისინი ნორჩ მდგომარეობაში იმყოფებიან. წლის მანძილზე საჭიროა ამ ოპერაციის 3-4-ჯერ ჩატარება.

საყრდენი სისტემა. ცნობილია ვაზის როგორც საყრდენიანი, ასევე უსაყრდენო ფორმები. საყრდენი საშუალებებებიდან ძირითადად გავრცელებულია ორი მეთოდი: ცალკეული ვაზების დაყენება სარზე და შპალერის მოწყობა.

ვაზის დაყენება სარზე – საქართველოში ზოგიერთ რეგიონებში ძირითადად გამოიყენებოდა ცალკეული ვაზების დაყენება ერთ სარზე.

შპალერის მოწყობა. ვაზის საყრდენ სისტემებს შორის ყველაზე გავრცელებულია შპალერის მოწყობა. ამ ტიპის საყრდენი სისტემისათვის საჭიროა ბოძები, საყრდენი და მავთული, ცალკეული მწკრივების მიხედვით.

მსხმოიარე ვენახის მოვლა. აუცილებელია, რომ ვენახში ნიადაგის ზედა ფენა მუდმივად იყოს გაფხვიერებულ მდგომარეობაში.

შემოდგომით ნიადაგის დამუშავება შესაძლებელია დაიწყოს მოსავლის აღებისთანავე. პირველად ითოხნება მწკრივები, ხოლო შემდგომ კი მოიხვნება ნაღარად, ვაზის ძირებზე მიწის მიყრით. მოხვნის სიღრმე უნდა იყოს 20 სმ.

ნიადაგი უნდა დამუშავდეს გაზაფხულზეც: ამჯერად 15 სმ-ის სიღრმეზე. გაზაფხულზე ნიადაგის დამუშავება უნდა დაიწყოს ნიადაგის სათანადოდ გაშრობისთანავე. გასათვალისწინებელია, რომ ეს ღონისძიება უნდა დასრულდეს კვირტების გაღვიძებამდე.

დასავლეთ საქართველოს პირობებში ძირითადი მნიშვნელობა აქვს ვენახის ნიადაგის დამუშავებას გაზაფხულზე. შესაბამისად, ამ არეალში ნაკლებად მიზანშეწონილია ნიადაგის დამუშავება შემოდგომით.

ზაფხულში ვენახის ნიადაგი მუშავდება 7-10 სმ-ის სიღრმეზე. ამ ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენს სარეველების შემცირება და ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერება. ის უმთავრესად ტარდება სხვადასხვა ტიპის კულტივატორების გამოყენებით.

გასხვლა. ვენახის გასხვლა შესაძლებელია ჩატარდეს ზამთარში (ფოთლების ჩამოცვენიდან ორი კვირის შემდეგ) და გაზაფხულზე (კვირტების დაბერვამდე). პირველი გასხვლისას, დარგვიდან მეორე წელს ვაზს უტოვებენ ორ, კარგად განვითარებულ ქვედა კვირტს. მეორე გასხვლის დროს შეირჩევა უფრო განვითარებული რქა და გაისხვლება 3-4 კვირტზე.

მესამე წელს, ფორმირების წესის მიხედვით, ვაზის გასხვლა შესაძლებელია შტამბის გამოსაყვანად. ამ დროს არჩევენ კარგად განვითარებულ რქას და სხლავენ შტამბის სიმაღლეზე. იმ შემთხვევაში, თუ მცენარე სუსტია, შტამბს გამოიყვანენ მომდევნო წელს.

შტამბის გამოყვანის დასრულების შემდეგ ტოვებენ ორ რქას, საიდანაც ერთს სხლავენ მოკლედ, 2-3 კვირტზე, რის შედეგადაც მისგან მიიღება სამამულე რქა. მასზე ვითარდება ფორმირების ელემენტები. მეორე რქას გრძლად სხლავენ 8-10 კვირტზე და მისგან ვითარდება სანაყოფე რქა.

გასხვლისას საჭიროა შემდეგი ზოგადი წესების გათვალისწინება:

ყველა ჭრილობა უნდა იყოს გლუვი;
შტამბის დადაბლებას მიმართავენ მხოლოდ უკიდურესს შემთხვევაში;
ჭრილობა შეძლებისდაგვარად ყოველ წელს უნდა იყოს ერთ მხარეს;
სანაყოფე რქა უნდა მდებარეობდეს სამამულე რქაზე მაღლა;
სანაყოფე და სამამულე რქები უნდა მდებარეობდეს ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით და არ უნდა წარმოადგენდეს ერთმანეთის გაგრძელებას.

ყლორტების დანორმება – ზედმეტი ყლორტების შეცლა, რაც წარმოადგენს სხვლის ოპერაციის გაგრძელებას, ყლორტების შეცლა წარმოებს ორ ეტაპად: პირველი – ახალგანვითარებული ყლორტი უნდა შეეცალოს ვაზის შტამბსა და მრავალწლიან ნაწილებს. მეორე – ზედმეტი ყლორტების შეცლა წარმოებს მაშინ, როდესაც შესაძლებელია მოსავლიანი და უმოსავლო ყლორტების გარჩევა . ტყუპი ყლორტებიდან ეცლება ერთ-ერთი. პირველ რიგში უმოსავლო, ხოლო შემდეგ სუსტად განვითარებული ყლორტი.

ყლორტების წვერის წაწყვეტა – ითვალისწინებს უკეთესი პირობების შექმნას ვაზის დაყვავილებისათვის. იგი ყვავილცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებაა, ამიტომ ეს ოპერაცია ისეთ ჯიშებზე უნდა გამოვიყენოთ, რომელთაც ახასიათებს ჭარბი ყვავილცვენა (საფერავი, გორული მწვანე, ცოლიკოური, ოცხანური საფერე და სხვა.). წვერის წაწყვეტისას ყლორტებს უნდა მოცილდეს 3-4 სმ სიგრძის ნორჩი წვერის ნაწილი. ეს სამუშაო ვაზის ყვავილობამდე 3- 4 დღით ადრე უნდა ჩატარდეს.

ნამხრის შეცლა – ვაზის განვითარების სიძლიერის მიხედვით ტარდება 2-3 ჯერ და სრულდება ყლორტების ახვევასთან ერთად. რამდენადაც ადრე შეეცლება ნამხარი, იმდენად ძირითადი ყლორტი უკეთ განვითარდება. ნამხრის გადაზრდის შემთხვევაში მთლიანად შეცლას ჯობს მისი წვერის წაწყვეტა ერთი-ორი ფოთლის დატოვებით.

ცის გახსნა – განათებისა და აერაციის უკეთესი პირობების შექმნისათვის ცის გახსნა წარმოებს ვაზის ზრდის შენელების პერიოდში, ივლისის მეორე ნახევარში. ყლორტები უნდა გადავჭრათ ზედა მავთულიდან 4-5 მუხლის შემდეგ. მისი ნაადრევი ჩატარება ნამხრევებისა და მომავალი წლის კვირტების განვითარებას იწვევს, რაც შემდგომი წლის მოსავალზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

ვენახის განოყიერების სისტემა შედგება: დარგვამდე, რგვის დროს, ახალგაზრდა და მსხმოიარე ვენახის განოყიერებისაგან.

ვენახში შესატანი საკვები ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

აზოტი N-1,9-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე;
ფოსფორი P-0,16-0,25%/მშრალ ნივთიერებაზე;
კალიუმი K- 1,0-1,5%/მშრალ ნივთიერებაზე;
მაგნიუმი Mგ-0,22-0,42%/მშრალ ნივთიერებაზე;
კალციუმი ჩა-1,6-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე.

დარგვამდე განოყიერება

დარგვამდე განოყიერებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსხმოიარე ვაზის ფესვთა სისტემის ძირითადი ნაწილი განთავსებულია ნიადაგის 20-60 სმ ფენაში. შესაბამისად, ნიადაგის ნაყოფიერების უზრუნველსაყოფად საჭიროა მისი ორგანული (ნაკელი და სხვა) და მინერალური (ფოსფორ-კალიუმიან) სასუქებით უზრუნველყოფა.

მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე რეკომენდირებულია პლანტაჟის წინ შეტანილი იქნეს 60-80 ტ ნაკელი, მსუბუქ ნიადაგებზე 90-120 ტ. შავმიწებზე 40 ტ. დანარჩენი ტიპის ნიადაგებზე 60ტ ნაკელი.

ნაკელის და ზოგადად, ორგანული სასუქების ჩასანაცვლებლად იყენებენ სიდერატებს, რომელთა ჩახვნას აწარმოებენ პლანტაჟამდე ერთი წლით ადრე, ხოლო ფოსფორისა და კალიუმის შემცველი მინერალური სასუქების შეტანა ხდება პლანტაჟის დროს. ამ სასუქების შეტანის საორიენტაციო რაოდენობაა: P100-150 კგ/ ჰა.

თუმცა უკეთესია პლანტაჟის წინ ამ ნორმის ორ – სამჯერ გადიდება – 250-300 კგ/ ჰა (მოქმედი ნივთიერება), რათა, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ვაზის ფესვთა სისტემის განვითარების ზონა თავიდანვე უზრუნველყოფილი იქნას საკვები ელემენტების მარაგით ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

უშუალოდ ნერგის დარგვის დროს განოყიერება აღწერილია ნერგის დარგვის წესის ქვეთავში.

ახალგაზრდა ვენახის განოყიერება

თუ პლანტაჟისა და რგვის დროს შეტანილია მინერალური და ორგანული სასუქები, ახალგაზრდა ვაზი განოყიერებას აღარ საჭიროებს. მხოლოდ მესამე – მეოთხე წლიდან იწყება 30- 40 კგ/ჰა(მ.ნ.) აზოტიანი სასუქის გამოყენება.

თუ პლანტაჟის ან დარგვის დროს ორგანული და მინერალური სასუქები არ იქნა შეტანილი, მაშინ ნიადაგში საკვები ელემენტებით ძალზე დაბალი უზრუნველყოფის შემთხვევაში შეიტანება (მ.ნ.) 60-80კგ/ჰა აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველი სასუქები. დაბალი უზრუნველყოფის შემთხვევაში 40-60 კგ/ჰა, საშუალო უზრუნველყოფისას 30-40 კგ. ძალზე მაღალი უზრუნველყოფის შემთხვევაში სასუქი საერთოდ არ შეაქვთ.

მსხმოიარე ვენახის განოყიერება

მსხმოიარე ვენახში სასუქების ნორმები დაზუსტებული უნდა იქნეს ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლების, ტენით უზრუნველყოფის, მცენარის მდგომარეობის, ფოთლებში საკვები ელემენტების შემცველობის, წინა წლის მოსავლის დონის და ხარისხის მიხედვით.

თუ პლანტაჟის დროს შეტანილია ნაკელი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, მსხმოიარობის დასაწყისში რეგულარულად შეაქვთ მხოლოდ აზოტიანი სასუქები.

საორიენტაციო-საშუალო დოზები მსხმოიარე ვენახში, 1 ჰექტარზე, მოქმედ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით შეადგენს: 40-50 ტ ორგანული, 90-180 კგ აზოტიანი, 90-120 კგ ფოსფორიანი და 60-120 კგ კალიუმიანი სასუქი.

ორგანული სასუქების შეტანის პერიოდულობას ადგენენ ნიადაგში ჰუმუსის შემცველობის მიხედვით: დაბალი უზრუნველყოფისას 2-3 წლის შემდეგ, საშუალო – 3-4, მაღალი 4-5 და ძალიან მაღალი უზრუნველყოფისას 5 წლის შემდეგ. ორგანული სასუქებიდან შეაქვთ ნაკელი, ბიოჰუმუსი, ტორფკომპოსტები, შერეული კომპოსტები, ჭაჭა და სხვა ანარჩენები.

აზოტიანი სასუქებიდან ვენახის გასანოყიერებლად გამოიყენება ამონიაკური, ამონიაკურნიტრატული და ამიდური ფორმის სასუქები, ფოსფორიანი სასუქებიდან – წყალში ხსნადი ერთჩანაცვლებული ფოსფატები, კალიუმიანი სასუქებიდან – კონცენტრირებული კალიუმიანი

სასუქები.  ეფექტურია კომბინირებული (NPK) სასუქების გამოყენება. ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების ვაზის კულტურის ქვეშ შეაქვთ შემოდგომაზე გადახვნის (გადაბარვის) წინ 18-22სმ სიღრმეზე. უფრო ეფექტურია მათი სამ წელიწადში ერთხელ შეტანა 40-60სმ სიღრმეზე. ნაკელი, როგორც წესი, შეტანილ უნდა იქნას შემოდგომით. იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ვაზის ფესვთა სისტემა, სასუქების შეტანა და ნიადაგში ჩაკეთება უმჯობესია მოვახდინოთ მწკრივის გამოტოვებით.

აზოტიანი სასუქების 2/3 ნაწილი ნიადაგში შეგვაქვს ადრე გაზაფხულზე, წვენთა მოძრაობის დაწყების წინ, 1/3 ნაწილი კი დამატებითი გამოკვების სახით ყვავილობის წინ ან დამთავრების შემდეგ. წილადობრივი შეტანით მცირდება აზოტის ჩარეცხვითი და აქროლებადი დანაკარგები, იზრდება მისი გამოყენების კოეფიციენტი. მიკროელემენტების დეფიციტის შემთხვევაში ვენახში აუცილებლად უნდა იქნეს შეტანილი მიკროსასუქები.

მიკროსასუქებიდან გამოიყენება ბორის მჟავა, თუთიის სულფატი, მოლიბდენმჟავა ამონიუმი, მანგანუმის შლამი და სპილენძის სულფატი. თუ ვაზს რამდენიმე მიკროელემენტი აკლია, უმჯობესია მათი ერთთდროულად შესხურება. დანახარჯების შემცირების მიზნით, უმჯობესია მიკროსასუქების ხსნარების შესხურება ბორდოს ხსნართან ან სხვა ისეთი პრეპარატების ხსნარებთან ერთად, რომლებიც მიკროელემენტებს უხსნად ფორმაში არ გადაიყვანენ.

მევენახეობაში ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია მაკრო და მიკრო ელემენტების შემცველი ხსნარებით ფესვგარეშე გამოკვების ჩატარება. ამ მიზნით იყენებენ ბორის, თუთიის, მანგანუმის, სპილენძის და სხვა ელემენტების შემცველი ნივთიერებების სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს. პირველ შესხურებას აწარმოებენ ყვავილობის წინ და შემდგომში საჭიროების და მიხედვით რამდენჯერმე იმეორებენ.

ვენახის ტენით უზრუნველყოფა

ვაზი ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია შეთვალებისას და სიმწიფის დასაწყისში. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.
მორწყვა წვეთოვანი სისტემით. ერთი მორწყვის ნორმა: 50-70 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 16-20 -ჯერ.
მორწყვა მოღვარვით, ან კვლებში მიშვებით. ერთი მორწყვის ნორმა: 500-600 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 4-5-ჯერ.

მოსავლის აღება-შენახვა

საღვინე ყურძენი იკრიფება ჯიშობრივი სიწმინდის დაცვით, მთავარ ჯიშში გამორეული სხვა ჯიშის ყურძენი, განსაკუთრებით თეთრ ჯიშში წითელი ჯიშის ნარევი, ცალკე უნდა დაიკრიფოს, წინააღმდეგ შემთხვევიში მოსალოდნელია ღვინის ფერის ან სხვა ორგანოლეპტიკური თვისებების დარღვევა, რაც ტიპობრივობისაგან გადახრას გამოიწვევს, ასევე ცალკე იკრიფება დაზიანებული, ნაკლებად მომწიფებული ყურძენი და იგზავნება ღვინის სარდაფში შესაფერისი დანიშნულებისათვის.

განსაკუთრებულ დამუშავებას საჭიროებს ყურძნის საკრეფი და საზიდი ჭურჭელი. საკრეფი ჭურჭელი – კალათები, ხის ყუთები, გოდრები და ტაგნები გულდასმით უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით და გაუკეთდეს დეზინფექცია მშრალი ორთქლით; ყოველდღიურად მუშაობის დამთავრების შემდეგ კი – ცივი წყლით.

ყურძენი უნდა მოიკრიფოს კარგ ამინდში, დილის 10 საათიდან, როდესაც ვაზს ნამი შეაშრება. ყოვლად დაუშვებელია წვიმიან ამინდში მოკრეფა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტკბილი გამდიდრდება წყლით და ღვინოც შედარებით დაბალალკოჰოლიანი მიიღება.

ძლიერ ცივ ან ცხელ ამინდში, პირველ შემთხვევაში მოსალოდნელია ტკბილის ალკოჰოლოიდური დუღილის გახანგრძლივება, ხოლო მეორე შემთხვევაში ძმარმჟავა ბაქტერიების განვითარება და ღვინის დაავადება შესაბამისი ინფექციით.

მტევნები იკრიფება და ლაგდება 8-16 კგ-იან კალათებში; ყურძნის გადაზიდვა წარმოებს აგრეთვე უტაროდ – თვითმცლელი ავტომანქანით. ამ მიზნით თვითმცლელ ავტომანქანაზე სპეციალურად იყენებენ ლითონის ძარას და მჟავაგამძლე ლაქით ფარავენ. ყურძენი ფრთხილად იყრება მანქანაში და თანაბრად ნაწილდება ძარაზე, შემდეგ გადაეფარება ბრეზენტი, რათა ტრანსპორტირებისას არ დაიმტვეროს, გადასამუშავებელ მარანში ყურძენი იგზავნება ჯიშისა და ნაკვეთის ნომრის აღნიშვნით. მაღალი ღირსების საღი ღვინის მისაღებად მოკრეფილი ყურძენი 1-2 საათის განმავლობაში უნდა გადამუშავდეს.

რთველის ვადის დადგენა. სხვადასხვა ტიპის ხარისხოვანი ღვინოების დაყენების საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს რთველის დროულ დაწყებას. ნაადრევად დაკრეფილი ყურძენი არასასიამოვნოა, მაღალმჟავიან, დაბალალკოჰოლიან და შედარებით მცირე სხეულის მქონე ღვინოს იძლევა. ასეთი ღვინო მოკლებულია გამძლეობის უნარს და ნაკლებად ტრანსპორტაბელურია.

არასასურველია აგრეთვე დაგვიანებული რთველი, მით უმეტეს თუ ყურძენი განკუთვნილია ევროპული ტიპის სუფრის ღვინის ან შამპანური ღვინომასალის დასამზადებლად. გადამწიფებული ყურძნისაგან დაბალმჟავიანი, ძელგი, უსიცოცხლო სუფრის ღვინო დგება.

რთველის დაწყების დრო ღვინის ტიპის მიხედვით უნდა განისაზღვროს, ამისათვის საჭიროა ტექნიკური სიმწიფის დადგენა; შამპანური ღვინომასალისათვის ყურძენი ტექნიკურ სიმწიფეში შესვლისთანავე იკრიფება; სასუფრე ღვინისათვის კი ოდნავ გადამწიფებული შეიძლება.

ყურძნის სიმწიფის განსაზღვრა თვალთახედვით და ქიმიური მეთოდით წარმოებს; უფრო ზუსტია ქიმიური მეთოდი, საანალიზო ნიმუშს ასე იღებენ: ნაკვეთის სიდიდის მიხედვით მეხუთე, მეათე ან მეოცე რიგიდან და ვაზის მტევნის ზედა, შუა და ქვედა ნაწილიდან, მზისა და ჩრდილის მხრიდან იკრიფება 1-2 კგ ყურძენი, შემდეგ იწურება მცირე ტევადობის ლაბორატორიულ წნეხში, მიღებული ტკბილი  ისხმება მინის ჭურჭელში, ეს უკანასკნელი თავსდება გრილ ადგილას ნახევარი საათის განმავლობაში. დაწმენდილ ტკბილს ფრთხილად მოხსნიან ლექიდან და სინჯავენ შაქრიანობასა და მჟავიანობას.

ღვინის ხარისხი დიდად არის დამოკიდებული ყურძნის წვენის გლიკოაციდომეტრიულ კოეფიციენტზე, სასუფრე ღვინისთვის იგი უდრის 3, შამპანურისათვის – 2, ბუნებრივად ნახევრად მოტკბო ღვინოებისათვის – 3.5, ბუნებრივად ცქრიალა ღვინოებისათვის – 2.2 და ა.შ.

აქედან გამომდინარე, შამპანურ ღვინო მასალის დასამზადებლად შესაფერისი ჯიშები უნდა დაიკრიფოს 17-19% შაქრიანობისა და 8-11გრ/ლ მჟავიანობის დროს; ევროპული ტიპის ღვინოების დასამზადებლად 19-21% და 6-7 გრ/ლ, სადესერტო ღვინოების დასამზადებლად 22-26% და 5-6 გრ/ლ; ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოებისათვის 22-24% და 5-6 გრ/ლ და ა.შ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, რთველი დროულად უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მოკლე დროში დამთავრდეს, რომ გარანტირებული იქნეს ტიპობრიობისა და ქიმიურ კომპონენტთა ოდენობითი მაჩვენებლების დაცვა.

შემდგენლები:

ლევან შავაძე – სოფლის მეურნეობის მაგისტრი;
როზა ლორთქიფანიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
ნინო კელენჯერიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ნოდარ ბერიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
შოთა ლამპარაძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

თქვენი რეკლამა