სავენახე ფართობის შერჩევა
მევენახეობის ყველა ზონაში სავენახე ფართობის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ეკოლოგიური პირობების გავლენა ვაზის მოსავლიანობაზე, მოსავლისა და ღვინომასალის ხარისხზე. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ჰავის პირობებს, ფერდობების დაქანებას, განწყობას მხარეების მიმართ, სიმაღლეს ზღვის დონიდან, ნიადაგისა და ქვენიადაგის თვისებებს და სხვ.
სავენახე ფართობი ჰავის მხრივ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აქტიურ ტემპერატურათა ჯამი არ უნდა იყოს 2200°-ზე ნაკლები;
ბ) ყველაზე უფრო თბილი თვის საშუალო ტემპერატურა 16° -ს-ზე დაბალი;
გ) ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმების მრავალწლიური საშუალო _ 15°-ზე დაბალი იმ ადგილებში, სადაც ჰაერის ტემპერატურა სისტემატურად ეცემა -15°-ს ქვემოთ. ვაზი უნდა აღიზარდოს 100-120 სმ სიმაღლის შტამბზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოზამთრე კვირტების ყინვისგან დაზიანებას.
მზის სხივური ენერგიის მაქსიმალური ათვისების რეგულირება უნდა განხორციელდეს აგროტექნიკური ღონისძიებების კომპლექსის, კვების არის, მწკრივების მიმართულების, ფორმირების სისტემის, შტამბის სიმაღლის, მწვანე ოპერაციებისა და სხვათა მეშვეობით.
თუ ნიადაგის ტემპერატურა ფესვთა სისტემის მთავარი მასის განვითარების ფენაში _ 7°-ს ქვემოთ ეცემა, მოსალოდნელია ყინვებისაგან მისი დაზიანება. ასეთ პირობებში ნიადაგი ზამთრისათვის უნდა იყოს შავადხნული, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაბალი ტემპერატურის უარყოფით გავლენას;
დ) ნალექების ჯამი უნდა შეესაბამებოდეს ვაზის მოთხოვნას წლის განმავლობაში.
ვაზის ტენით უზრუნველყოფის საკითხის დასადგენად უნდა ვისარგებლოთ ჰიდროთერმული კოეფიციენტით, რაც შეადგენს წლიური ნალექებისა და ტემპერატურათა ჯამის შეფარდებას გამრავლებულს 10-ზე, ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მსხმოიარობისთვის იგი არ უნდა იყოს 1,0-ზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო იქნება სავენახე ფართობის მორწყვა.
მთიან ზონაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ექსპოზიციას, სადაც შედარებით ნაკლები სითბოა. ამ ზონაში ვენახები პირველ რიგში უნდა გაშენდეს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობებზე.
სავენახე ფართობის შერჩევის დროს ითვალისწინებენ ფერდობების დაქანებას. საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს 10°-მდე დაქანება. მეტი დაქანების დროს გაძნელებულია დამუშავება და ვენახის მოვლა მექანიზებული წესით. ამ შემთხვევაში ფართობი უნდა შემოწმდეს სპეციალისტების მიერ და ათვისებული იქნას სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ.
ორ გრადუსზე მეტი დახრილობის ფერდობზე ვენახის გაშენების დროს რიგები უნდა გაადგილდეს ფერდობის გარდიგარდმო, რაც გამორიცხავს ნიადაგის ჩამორეცხვას, იწვევს ტენის შეკავებასა და აადვილებს ვენახში სამუშაოთა ჩატარებას. განსხვავებული ექსპოზიციის შემთხვევაში კვარტალების გაადგილება და აქედან გამომდინარე, აქვე ყველა თარგში რიგების მიმართულება უნდა ეთანაწყობებოდეს რელიეფს და ემთხვეოდეს ჰორიზონტალებს.
სავენახე ფართობის გამოყოფის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სიმაღლეს ზღვის დონიდან, რომელიც ძირითადად იწვევს ეკოლოგიური პირობების (ნიადაგისა და კლიმატის) ცვალებადობას, ჩამოთვლილი ფაქტორებიდან მთავარია ჰავა.
ეკოლოგიური პირობების ცვალებადობა უფრო მკვეთრადაა გამოსახული ვერტიკალური მიმართულებით ზღვის დონიდან ყოველი 300 მ-ის შემდეგ, ამის მიხედვით საქართველო შეიძლება დაიყოს 4 ზონად:
1. დაბალბორცვიანი ზონა. იგი ზღვის დონიდან 300 მ სიმაღლეზეა და მოიცავს აფხაზეთის, სამეგრელოს, აჭარისა და იმერეთის დაბლობს, ალაზნის ველის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს და რაჭა-ლეჩხუმის ქვედა მხარეს. ამ ზონაში გავრცელებულია გრძელი ვეგეტაციის საგვიანო ვაზის ჯიშები: ოჯალეში, ამლახუ, კაჭიჭი, ჩხავერი და სხვა.
2. ფერდობების შემაღლებული ზონა. იგი ზღვის დონიდან 301-600 მ სიმაღლეზეა და მოიცავს საქართველოს მევენახეობის ძირითად რაიონებს: კახეთის უმეტეს ნაწილს, შუა და ზემო ქართლს, შუა და ზემო იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის შუა ნაწილს.ამ ზონაში გავრცელებულია საშუალო და საგვიანო სიმწიფის ვაზის ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, ცოლიკოური, ციცქა, უსახელოური, კრახუნა, ალექსანდროული, გორული მწვანე, ჩინური და სხვა.
3. დაბალმთიანი ზონა ზღვის დონიდან 601-900 მ-მდეა და მოიცავს ზემო იმერეთის, ზემო ქართლის, სამხრეთ ოსეთის, რაჭა-ლეჩხუმის და კახეთის შემაღლებულ ნაწილს. ამ ზონაში გავრცელებულია საადრეო და საშუალო პერიოდის სიმწიფის ვაზის ჯიშები: პინო შავი, ალიგოტე, გორული მწვანე, ალექსანდროული, წულუკიძის თეთრა, ხიხვი, შარდონე, შავკაპიტო, საფერავი და სხვა.
4. მთის შუა და მაღალ ზონა, ზღვის დონიდან 901-1200 მ-მდეა და მოიცავს ახალციხის, დმანისის, ხულოსა და ლენტეხის რაიონების ქვემო ნაწილს. ამ რაიონებში შენდება მხოლოდ საადრეო სიმწიფის ჯიშები: პინო შავი, ალიგოტე, შარდონე, გორული მწვანე, შავკაპიტო, სუფრის ყურძნის ჯიშებიდან: ქართული საადრეო, შასლა, და შასლას მომწიფების პერიოდის ვაზის ჯიშები.
სავენახე ადგილისა და ნიადაგების შერჩევა, სავენახე ნიადაგის შერჩევის კრიტერიუმები
„ვაზი არ არის ნიადაგის მიმართ დიდად მოთხოვნი მცენარე. სავენახედ უვარგის ნიადაგს წარმოადგენს: ნოტიო, ცივი, მძიმე თიხა და ჭარბად კირიანი ნიადაგები. ეს უკანასკნელი გასათვალისწინებელია ფილოქსერაგამძლე საძირეების შერჩევისას;
ყველა ის ნიადაგი, რომელთა ზედა ფენის ქვეშ გაუვალი თიხის გრუნტია _ ორშტეინისა და კონგლომერატების ფენებით ან ხასიათდებიან გრუნტის წყლის მაღალი დონით მევენახეობისათვის გამოუყენებელია.
გადამეტებულ ნოტიო ნიადაგებზე მიღებული ღვინო, გარდა დიდი სიმჟავისა, ხშირად უხვი რაოდენობით ცილებსაც შეიცავს, რის გამოც ასეთი ღვინო ძნელი დასამუშავებულია“ (აკად. სოლომონ ჩოლოყაშვილი).
აკად. სოლომონ ჩოლოყაშვილის ამ რეკომენდაციებს არ დაუკარგავთ აქტუალობა და უცვლელად ვათავსებთ ამ წიგნში _ მისი სახელის უკვდავსაყოფად და პატივსაცემად (ნ. ჩ.).
შეუფერებელ ნიადაგებზე გაშენებული ვაზი სუსტად ვითარდება, მისი პროდუქტიულობა მცირდება და ხშირ შემთხვევაში მოსავლიანობაში შესვლამდე იღუპება. ჯიშისთვის დამახასიათებელია პროდუქტიულობა, მისი საექსპლუატაციო პერიოდის ხანგრძლივობა და მიღებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლები უშუალოდ არიან დამოკიდებული ნიადაგის თვისებებზე.
ამიტომ სავენახე ნიადაგების შერჩევას ყოველთვის სათანადო ყურადღება ექცეოდა. განსაკუთრებით კი ფილოქსერაგამძლე ამერიკული საძირეების შემოტანის შემდეგ, რომლებიც გაცილებით მეტად მომთხოვნი არიან ნიადაგური პირობებისადმი, ვიდრე ადგილობრივი და ევროპული ვაზის ჯიშები. ფილოქსერაგამძლე საძირეებს ახასიათებთ: ფესვთა სისტემის სხვადასხვა დახრით განვითარება; დიდი მოთხოვნილება ნიადაგის ფიზიკური და წყლიერი თვისებების მიმართ; მგრძნობელობა კირის მაღალი კონცენტრაცისა და უარყოფითად მოქმედ მარილებზე.
სხვადასხვა თვისებების მქონე ნიადაგებზე გაშენებული ერთი და იგივე ვაზის ჯიში იძლევა მკვეთრად განსხვავებული ხარისხებისა და რაოდენობის პროდუქციას. ყურძნის მაღალი და ხარისხოვანი მოსავლის მისაღებად საუკეთესოდ ითვლება კარგი ფიზიკური, წყლიერი, თბური, აეროვანი, ქიმიური, ბიოლოგიური თვისებების მქონე ჩონჩხიანი და კირის საკმაო რაოდენობის შემცველი ნიადაგები.
სავენახედ ნიადაგების შერჩევის მიზნით აუცილებელია მათი დეტალური გამოკვლევა (1:500, 1:1000, 1:2000 და 1:5000 მასშტაბით). იგი იძლევა სრულ სურათს ნიადაგის თვისებათა შესახებ.
ნიადაგის გამოკვლევა წინ უსწრებს დაპროექტების სამუშაოებს.
ქვემოთ მოცემულია სამრეწველო მევენახეობის განვითარებისათვის პერსპექტიული ნიადაგების მოკლე დახასიათება.
ყავისფერი ნიადაგები _ აღმოსავლეთ საქართველოში სადღეისოდ არსებული ვენახების ქვეშ გამოყენებული ფართობიდან ყავისფერ ნიადაგებზე დაახლოებით 70% მოდის. ამ ნიადაგებზეა გაშენებული საყოველთაოდ აღიარებული პროდუქციის მომცემი ვენახები წინანდალში, გურჯაანში, ტიბაანში, მუკუზანში, თელიანში, მანავში, ახაშენში და სხვა.
ყავისფერი ნიადაგები გავრცელებულია მთისწინების ზონაში, სხვადასხვა ქანობისა და ექსპოზიციის ფერდობებზე, დახრილ ვაკეებზე და შლეიფებზე.
ყავისფერი ნიადაგები ხასიათდებიან: პროფილის გენეზისურ ჰორიზონტების სათანადო დიფერენცირებით, ყავისფერი შეფერვით, მარცვლოვან-კოშტოვანი სტრუქტურით, თიხნარი და მსუბუქი თიხა-მექანიკური შედგენილობით, ხირხატის სხვადასხვა რაოდენობის შემცველობით, კარგი ფიზიკური, თბური, წყლიერი, აეროვანი და ბიოლოგიური თვისებებით, ნახშირმჟავა კალციუმის სიღრმით მატებით, სუსტი მჟავე, ნეიტრალური და ტუტე არეს რეაქციით. ეს თვისებები განაპირობებენ ამ ნიადაგებზე გაშენებული ვენახებიდან მიღებული პროდუქციის განსაკუთრებულ ბუკეტს, ხავერდოვნებას, სინაზეს, ფერსა და სხვა გემურ თვისებებს.
ტიპური, კარბონატული, ყავისფერი ნიადაგების გავრცელების ზონაში ქლოროზოვანი დაავადების შეზღუდვის მიზნით საძირეებად უნდა გამოვიყენოთ ბერლანდიური X რიპარია 420ა. შასლა X ბერლანდიერი 41ბ, ბერლანდიერი X რიპარია 5 ბბ, ფერკალი და რუჯერი _ 140,..
ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები _ ძირითადად წარმოდგენილია ტიპური და დეგრადირებული (გამოტუტული) ქვეტიპების სახით, რომლებიც განვითარებული არიან კირქვებზე და მერგელებზე, ამიტომ ისინი მხოლოდ კირქვებისა და მერგელების გავრცელების რეგიონებში გვხვდებიან და წარმოადგენენ ინტრაზონალურ ნიადაგებს. ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები დიდი რაოდენობითაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში, მცირე რაოდენობით კი აღმოსავლეთ საქართველოში.
ტიპიური ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები ხასიათდებიან: რელიეფური პირობებისა და ნიადაგური საფარის სხვადასხვა სისქით, შავი ან მოშავო შეფერვით, მარცვლოვანი სტრუქტურით, მსუბუქი თიხა და თიხნარი მექანიკური შედგენილობით, ზედაპირიდანვე კარბონატების დიდი შემცველობით, ხირხატის ოდენობის ცვალებადობით, პროფილის ჰუმუსისა და საკვები ელემენტების დიდი შემცველობით, კარგი ფიზიკური წყლიერი, თბური, აეროვანი და ბიოლოგიური თვისებებით, ნეიტრალური და ტუტე არეს რეაქციით. ხოლო დეგრადირებული (გამოტუტული) ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები კი ხასიათდებიან უფრო ღია შეფერვით, მსხვილ მარცვლოვან-გოროხოვანი სტრუქტურით, ზედაფენიდან კირის ჩარეცხვითა და ქვედაფენებში დაგროვებით, ჰუმუსისა და საკვები ელემენტების შედარებითი სიმცირით, სუსტი მჟავე და ნეიტრალური არეს რეაქციით.
ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების თვისებები ხელსაყრელ პირობებს ქმნის ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ისეთი სახელგანთქმული პროდუქციის მისაღებად, როგორიცაა: ხვანჭკარა, ოჯალეში, ტვიში, თეთრა და სხვა.
ამ ტიპის ნიადაგების გავრცელების ზონები რეკომენდებულია ბერლანდიერი X რიპარიას ზემოთ მინიშნებული საძირეები.
რუხი-ყავისფერი (წაბლა) ნიადაგები _ გავრცელებულია ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის, საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლის წყაროსა და ახალციხის რაიონებში. რუხი-ყავისფერი ნიადაგებით დაკავებული ვაკეები აღმოსავლეთ საქართველოში 250-400 მ, ხოლო ზეგნებისა კი 500-700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან.
რუხი-ყავისფერი ნიადაგები ხასიათდებიან: აკუმულაციური ფენების დიდი სისქით, შეფერილობის სხვადასხვაობით, პროფილის გენეზისურ ჰორიზონტებად სუსტი დიფერენცირებით, კოშტოვანი სტრუქტურით, სახნავ ფენაში სტრუქტურის დეფიციტით, სახნავი ქვედა ფენის დაწიდვით. დაწიდული ფენის დანაპრალებით, ხირხატის სხვადასხვა შემცველობით, მძიმე მექანიკური შედგენილობით, ჰუმუსისა და საკვები ელემენტების თანაბარი განაწილებით. ზედაფენებიდანვე ნახშირმჟავა კალციუმის თანაბარი შემცველობით, სარწყავ ნიადაგებში მისი სიღრმის მატებით, ნეიტრალური და სუსტი ტუტე არეს რეაქციით.
რუხი-ყავისფერი ნიადაგების ფიზიკური, ფიზიკურ-ქიმიური, ქიმიური, წყლიერი, თბური, აეროვანი და ბიოლოგიური თვისებები სრულიად შეესაბამება ვაზის ნიადაგური პირობებისადმი მოთხოვნილებას; მათზე გაშენებული ვენახებიდან მიიღება დიდი მოსავალი და კარგი ხარისხის სუფრის ღვინომასალა. ამ ტიპის ნიადაგების გავრცელების ზონაში უნდა გამოვიყენოთ შედარებით ქლოროზგამძლე საძირეები /ბერლანდიერის ჰიბრიდები/.
მდელოს ყავისფერი ნიადაგები _ გავრცელებულია მდელოს ალუვიურ და ყავისფერ ნიადაგებს შორის. მას დიდი მასივები უკავია ახმეტის, თელავის, გურჯაანის რაიონების ტერიტორიაზე მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს, მარნეულის ვაკეზე, დოღლაურის, ტირიფონასა და მუხრან-საგურამოს ვაკეზე, სკრა-ქარელისა და დოეს-გრაკალის მიდამოებში. მდელოს ყავისფერი ნიადაგები განვითარებულია სუსტად დახრილ ვაკეებზე ჭალის ტყეების გამდელოების შედეგად, დელევიურ, პროლუვიურ და ალუვიურ ნაფენებზე.
მდელოს ყავისფერი ნიადაგები ხასიათდებიან პროფილის გენეზისურ ჰორიზონტებად სუსტი დიფერენცირებით, ჰორიზონტების დიდი სისქით, რუხი ან ღია რუხი შეფერვით, გოროხოვანი სტრუქტურით, თიხნარი და თიხა მექანიკური შედგენილობით, შუა ფენების გათიხიანებით, მომკვრივო აგებულებით, სახნავ ფენაში სტრუქტურის დეფიციტით, სახნავ ქვედა ფენის დაწიდვით და მისი დანაპრალებით, ალაგ ხირხატიანობით, ზედა ფენებიდანვე ნახშირმჟავა კალციუმის შემცველობით, დამაკმაყოფილებელი ფიზიკური, წყლიერი, აეროვანი, თბური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებებით, ქვედა ფენების კარგი დრენირებით, გრუნტის წყლების ახლოს დგომით, ნეიტრალური და ტუტე არეს რეაქციით. მდელოს ყავისფერი ნიადაგების გავრცელების ზონაში საძირეებად გამოიყენება ბერლანდიერის ჰიბრიდები, ფერკალი, რუჯერი.
შავმიწა და შავმიწისებური ნიადაგები _ გავრცელებულია კახეთში, ქართლში, მესხეთში. ბარის შავმიწების ზოლი ზღვის დონიდან 500-750 მ-ს ფარგლებშია და განვითარებულია აკუმულაციურ ელემენტებზე. ამ ნიადაგებში ხირხატის შემცველობა იზრდება ფერდობთა დახრილობის მატების მიხედვით.
ეს ნიადაგები ხასიათდებიან: მოშავო შეფერვით, დიდი სისქის ჰუმუსიანი ფენით, პროფილის გენეზისურ ჰორიზონტებად კარგი დიფერენცირებით, მარცვლოვანი სტრუქტურით, თიხა მექანიკური შედგენილობით, ხირხატიანობით, ნახშირმჟავა კალციუმის სიღრმით მატებით, კარგი ფიზიკური წყლიერი, თბური ქიმიური, აეროვანი და ბიოლოგიური თვისებებით, ჰუმუსი და საკვები ელემენტების დიდი შემცველობით, ნეიტრალური და სუსტი ტუტე არეს რეაქციით.
შავმიწისებური ნიადაგები ხასიათდებიან შედარებით ღია შეფერვით. აკუმულაციური ფენის შედარებით მცირე სისქით, მძიმე მექანიკური შედგენილობით, შუა ფენების გათიხიანებით, სახნავ ფენაში სტრუქტურის დეფიციტით, სახნავი ქვედა ფენის ძლიერი დაწიდვითა და დანაპრალებით, ზედაფენებიდან ნახშირმჟავაკალციუმის გამორეცხვითა და ქვედაფენებში დაგროვებით, შავმიწა ნიადაგებთან შედარებით უარესი ფიზიკური, წყლიერი, ქიმიური, აეროვანი და ბიოლოგიური თვისებებით, სუსტი ტუტე და ტუტე არეს რეაქციით.
ეს ნიადაგები დიდი რაოდენობით შეიცავენ ჰუმუსს, საკვები ელემენტების როგორც საერთო, ისე მცენარისათვის შესათვისებელ ფორმებს, უზრუნველყოფენ ვაზის ძლიერ ზრდასა და დიდ მოსავლიანობას.
შავმიწა და შავმიწისებური ნიადაგების გავრცელების ზონაში უნდა გამოვიყენოთ ბერლანდიერი X რიპარია 420 ა, შასლა X ბერლანდიერი 41 ბ და ბერლანდიერი X რიპარია 5 ბბ, ფერკალი, რუჯერუ, როგორც შედარებით ქლოროზგამძლე საძირეები.
ტყის ყომრალი ნიადაგების ქვედა საზღვარს დასავლეთ საქართველოში ეწერი, წითელმიწა და წყვითელმიწა ნიადაგები წარმოადგენენ, ხოლო აღმოსავეთ საქართველოში კი ყავისფერი ნიადაგები.
ტყის ყომრალი ნიადაგები ხასიათდებიან: ყომრალი შეფერვით, პროფილის გენეზისურ ჰორიზონტებად კარგი დიფერენცირებით, მარცვლოვან-კოშტოვანი სტრუქტურით, თიხნარი და თიხა მექანიკური შედგენილობით, ზედაფენებში ჰუმუსისა და საკვები ელემენტების დიდი შემცველობით, სხვადასხვა სისქის ჰუმუსიანი ფენით, შთანთქმის მცირე ტევადობით, ხირხიტის სხვადასხვა შემცველობით, კარგი ფიზიკური, წყლიერი, თბური, აეროვანი და ბიოლოგიური თვისებებით, მჟავე და სუსტად მჟავე არეს რეაქციით.
ამ ნიადაგზე გაშენებული ვენახები გვაძლევენ მაღალი ღირსების სამარკო (ცოლიკოური, ციცქა), ცქრიალა ღვინომასალასა და სუფრის ღვინოებს.
ტყის ყომრალი ნიადაგების გავრცელების ზონაში გამოიყენება ყველა სტანდარტული საძირე.
ალუვიური ნიადაგები _ გავრცელებულია აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში, ალაზნის, ივრის, მტკვრის, დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის, არაგვის, ენგურის, ცხენისწყლის, რიონის, სუფსის, ჭოროხის, აბაშის, კოდორის, ტეხურის, ბზიფისა და სხვა მდინარეების ახალ ტერასებზე. ისინი ძირითადად წარმოდგენილი არიან ალუვიურ-კარბონატული და ალუვიურ-უკარბონატო ნიადაგების სახით და განვითარებულია რიყიან, ქვიშიან და ღორღიან ნაფენებზე.
ალუვიური ნიადაგები ხასიათდებიან: სხვადასხვა შეფერილობით, სისქითა და ხირხატიანობით. შრეობრიობით, გამტვრიანებისადმი დაქვემდებარების, ჰუმუსისა და საკვები ელემენტების შემცველობის დიდი სხვადასხვაობით, აგრონომიულად სრულფასოვანი სტრუქტურის მცირე შემცველობით, მჟავე ნეიტრალური და სუსტი ტუტე არეს რეაქციით, ქვედა ფენების კარგი დრენირებით. ამ ნიადაგების შედგენილობა-თვისებები ძირითადად განპირობებულია იმ მასალის შედგენილობა-თვისებებით, რომელთაც აღნიშნული მდინარეები ლექავდნენ დინების სხვადასხვა ნაწილში.
ალუვიურ ჩონჩხიან ნიადაგებზე გაშენებული ვენახებიდან მიიღება საქვეყნოდ აღიარებული ადგილწარმოშობის სამარკო ღვინოები: ქინძმარაული და ნაფარეული.
აღმოსავლეთ საქართველოს ალუვიურ კარბონატული, სუსტი ტუტე არეს რეაქციის მქონე ნიადაგებზე უნდა გამოვიყენოთ ბერლანდიერის ჰიბრიდები, ხოლო ალუვიურ უკარბონატო ნიადაგებზე კი ყველა სტანდარტული საძირე.
სავენახე ტერიტორიის ორგანიზაცია
ვენახის გაშენების ტექნიკური პროექტის შედგენის დროს პირველ რიგში უნდა გადაწყდეს შემდეგი საკითხები: შედგეს სავენახედ გამოყოფილი ტერიტორიის მთლიანი გეგმა, მიწის რაციონალური გამოყენებისა და სავენახე ფართობის შემდგომი ზრდის პერსპექტივების გათვალისწინებით, აგრეთვე შრომის სწორი ორგანიზაციის
გადაწყვეტისათვის დამუშავდეს წყლისა და ქარისმიერი ეროზიისაგან ნიადაგების დაცვის საკითხი, შეიქმნას მექანიზაციის ფართოდ გამოყენების პირობები.
აღნიშნულის მისაღწევად რელიეფისა და ნიადაგური პირობების გათვალისწინებით ტერიტორია უნდა დაიყოს ტერიტორიულ საწარმოო ერთეულებად, რომელშიც გამოიყოფა კვარტალები და მათში თარგების რაოდენობა, თარგებში კი რიგების მიმართულება; სწორად უნდა გადაწყდეს საგზაო ქსელის, დაცვითი ტყის ზოლებისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა გაადგილების საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, სასუქების, შხამქიმიკატებისა და საწვავსაცხები მასალების შესანახ ნაგებობათა მოსაწყობი ადგილების შერჩევას.
მევენახეობა – აგროტექნოლოგია /რედ. ლევან უჯმაჯურიძე; აკად. ნოდარ ჩხარტიშვილის საერთო რედაქციით/.