საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების მიმოხილვა-შასლა თეთრი

შასლა ფართოდ ცნობილი ვაზის ჯიშია. ამ სახელწოდებით მისი მრავალი ფორმაა წარმოდგენილი, რომლებიც მიღებულია ვეგეტატიური სელექციის, შეჯვარების ან თესლების მასობრივი თესვის გზით, როგორც მაგალითად: თეთრი შასლა, ვარდისფერი შასლა, მუსკატისებრი, შასლა გროკულარი, იისფერი შასლა, შასლა # 135, ოხრახუშისებრი და სხვ.

დასახელებული ფორმებიდან ყველაზე მეტი გავრცელებითა და პოპულარობით თეთრი შასლა სარგებლობს, რადგან იგი ადვილად ეგუება ეკოლოგიურ პირობებს, უხვმოსავლიანია და ამავე დროს მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა. ყველა ამ დადებით თვისებათა გამო ფრანგმა მეცნიერმა პიულიამ თეთრი შასლა გამოიყენა საფუძვლად, რომელზედაც ააგო მსფოლიოში გავრცელებული ვაზის ყველა ჯიშის მომწიფების პერიოდები.

ამის მიხედვით ჯიშები, რომელნიც თეთრ შასლაზე ადრე მწიფდება, იწოდება საადრეოდ, ხოლო შასლას მოწევის პერიოდისა _ პირველი პერიოდის ჯიშად, და ყოველი ორი_სამი კვირის დაგვიანებით მწიფობის ჯიშები _ მეორე, მესამე, მეოთხე ჯიშებად. შასლას მეტად მრავალი ვარიაცია, კლონები და სინონიმიკა დამადასტურებელია იმისა, რომ იგი უძველესი წარმოშობისაა.

ზოგიერთი ამპელოგრაფის აზრით შასლა აზიური წარმოშობისაა, ხოლო ზოგიერთი მას ფრანგულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებენ. უახლესი გამოკვლევების მიხედვით, შასლას უძველეს კერად ეგვიპტე უნდა იქნეს მიჩნეული, კერძოდ კაიროს ახლო მდებარე ფაუმის ოაზისი, სადაც ნაპოვნია მისი უძველესი ფორმა, ე.წ. შავმარცვლიანი შასლა.

თავისი მორფოლოგიური ნიშნებით და ბიოლოგიური თვისებებით თეთრი შასლა აღმოსავლურ ეკოლოგიურ_გეოგრაფიულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. თეთრი შასლა მსოფლიოს მევენახეობის თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული. ასე მაგალითად, იგი ფართოდ არის წარმოდგენილი საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგში, იტალიაში, ალჟირში, უნგრეთში, რუმინეთში, თურქეთში და სხვაგან.

საქართველოში თეთრი შასლა XX საუკუნის დასაწყისში იქნა შემოტანილი სხვა ევროპულ ჯიშებთან ერთად და მეტად მცირე ნარგავების სახით გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში. შასლას გავრცელებას ახლა მეტი ყურადღება ექცევა, განსაკუთრებით თბილისის საგარეუბნო ზონაში, სადაც სასუფრე ყურძნის მეურნეობებია ჩამოყალიბებული (დიღმის, სამგორის, ლილოს, ვარკეთილის) და სხვა სუფრის ყურძნის ჯიშებს შორის შასლას როგორც ადრე მწიფობის ჯიშს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

მომავალშიც მის გავრცელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა სამრეწველო ცენტრების სუფრის ყურძნით უზრუნველყოფის მიზნით. თეთრი შასლას მცირეოდენი ნარგაობა წარმოდგენილია აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის რაიონებში, თბილისის ზონაში საკარმიდამო ნაკვეთებზე, თელავის, დიღმის და საქარის ვაზის კოლექციებში.

ბოტანიკური აღწერა

თეთრი შასლა აღწერილია დიღმის სასწავლო მეურნეობის საწარმოო ნაკვეთში (თბილისის გარეუბანი). 1,5X1,5 მ კვების არით, დავაკებულ მცირე სისქის ნიადაგებზე, რომლის ქვენიადაგი წარმოადგენს მდ. მტკვრის მიერ მონატან ქვა_ღორღს. საძირედ გამოყენებულია ბერლანდიერიXრიპარია 5 ბბ. ვაზი დაყენებულია მავთულზე და ფორმირებულია უმთავრესად ორმხრივი ქართული წესით, ვაზის საშუალო დატვირთვა 14_16 კვირტს შეადგენს. ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი შიშველია ან მცირედ დაფარულია მეტად თხელი ბუსუსით და შეფერილია ბრინჯაოსებრ_ ოქროსფრად.

პირველი ახლად გაშლილი და მომდევნო მეორე და მესამე ფოთლები ზედა მხრიდან შიშველია, არეები ძარღვთა შორის შეფერილია ღია ბრინჯაოსფრად ან ოქროსფრად, ხოლო ქვედა მხრიდან უმნიშვნელო შებუსვილია. შემდგომი ფოთლების შებუსვა უმნიშვნელოა. ახალგაზრდა ყლორტი შიშველია და ღია მწვანე, ფუძესთან ზოგ შეთხვევაში ოდნავ მოწითალო ელფერით. შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია, სრული მწიფობის პერიოდში იღებს ღია ჩალისფერს, მოყავისფრო ელფერით. მუხლები უფრო მუქია, მუხლთაშორისის სიგრძე 9_15 სმ აღწევს.

ფოთოლი

ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალოა ან საშუალოზე მომცრო. მისი სიგრძე საშუალოდ 14,6_17,5 სმ, ხოლო სიგანე _ 13,6_16,6 სმ აღწევს. ფორმით მომრგვალოა, ღრმად დანაკვთული და მეტწილად ხუთნაკვთიანია. ფირფიტა ბუნებრივ მდგომარეობაში უფრო ხშირად ღარისებრი ან ძაბრმაგვარ ღარისებრია და ნაპირები ქვემოთ აქვს ჩამოწეული. იშვიათად ბრტყელია, ისევ ჩამოწეული ნაპირებით. მისი ზედაპირი უფრო ხშირად ბადისებრ დანაოჭებული ან ტალღისებრია, ხოლო იშვიათად გლუვი. ზედა მხრიდან სრულიად შიშველია. ქვემო იარუსის ფოთლები ქვედა მხრიდან ძარღვების გასვწრივ მოკლე ბეწვებიანი ბუსუსითაა დაფარული.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად დახურულია და ახასიათებს ვიწრო ელიფსური ნასვრეტი. ნაკვთები ურთიერთთან მიახლოებულია ან ერთმანეთზე საკმაოდ გადადებული. გვხვდება აგრეთვე ღია და ვიწრო ამონაკვეთებიც მახვილი ან წამახვილებული ფუძით.

ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ღიაა და ღრმად ჩაჭრილი. ამონაკვეთის ფუძე ფირფიტის ნახევრამდე აღწევს, ფორმით ჩანგისებრია, მომრგვალო ან მახვილი ფუძით. ზოგჯერ მისი გვერდები პარალელურად მიიმართება, ხოლო ფუძე მახვილი ან წამახვილებული აქვს. გვხვდება აგრეთვე დახურული ამონაკვეთებიც კვერცხისებრი ან ჩანგისებრი ფორმისა და მიახლოებული ან ოდნავ გადიდებული ნაპირებით.

საშუალო სიღრმის ქვედა ამონაკვეთი უფრო ხშირად ღიაა, ფორმით ჩანგისებრი, რომლის ფუძე მახვილია, ხოლო იშვიათად მომრგვალოც გვხვდება. ამონაკვეთის ფუძე ფოთლის ერთ მესამედამდე აღწევს.

ნაკვეთების წვერის კბილები მოგრძო სამკუთხედისებრია მახვილი ან წამახვილებული წვერით. მეორადი კბილები უფრო ხშირად სამკუთხედისებრია მახვილი ან მომრგვალო წვერით. გვხვდება აგრეთვე ცალგვერდამოზნექილი ხერხკბილა და გუმბათისებრი კბილებიც.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,8_1,0 უდრის. ყუნწი შიშველია და ღია მწვანე, მოწითალო ღვინისფერი ზოლებით.ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. ყვავილში ხუთი მტვრიანაა, რომლის შეფარდება ბუტკოსთან 1,5_2 უდრის. ყვავილების რიცხვი ყვავილედში მერყეობს 250_დან 300_მდე.მტევანი. მტევნის ყუნწი საკმაოდ გრძელია, მისი სიგრძე 3,5_7 სმ_მდე აღწევს, რომელიც ზოგჯერ მუხლის ზონაში ივითარებს პწკალს. ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში იგი ხევდება თითქმის მუხლამდე და რქის ფერს ღებულობს. დანარჩენი ნაწილი კლერტით ბალახმაგვარია და ღია მწვანე.

მტევანი საშუალო სიდიდისაა, ზოგჯერ საშუალოზე მცირე მტევანიც გვხვდება. მისი სიგრძე საშუალოდ 11,5_15 სმ, ხოლო სიგანე 9,0_10,5 სმ აღწევს. დიდი მტევნის სიგრძე 17,5 სმ, სიგანე 11,5 სმ უდრის. მტევნის საერთო ფორმა ცილინდრულ კონუსისებრი ან ცილინდრულია, რომელსაც ზოგჯერ ახლავს ფრთა. ახასიათებს საშუალო სიკუმსის ან კუმსი მტევნები, ზოგჯერ თხელი მტევნებიც გვხვდება.

მარცვალი

მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 4,5_6 მმ აღწევს. ბალიში დამეჭეჭებული და მოკლე კონუსისებრია. მარცვალი საშუალო სიდიდისაა. მისი სიგრძე საშუალოდ 14_17 მმ, ხოლო სიგანე 13,6_16,8 მმ აღწევს. ფორმით მრგვალი, შუა წელში განიერია, ბოლო მომრგვალებული და სიმეტრიული აქვს. ფერად_მოთეთრო ღია მწვანეა. ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში მარცვალი მზის მხრიდან იკიდებს მოყავისფრო ჭორფლს და ჩვეულებრივ ოქროსფრად იფერება. მარცვლის კანი საკმაოდ თხელია და ელასტიური. მარცვალი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია. წვენი უფერულია, ნაზი და მეტად სასიამოვნო გემოს რბილობი აქვს.

წიპწა

მარცვალში 1_4 წიპწაა. უფრო ხშირად 2 და 3 წიპწა გვხვდება. წიპწის სიგრძე 4,5_6 მმ, სიგანე 3,5_4 მმ უდრის. იგი ზურგის მხრიდან ყავისფერია, ხოლო მუცლის მხრიდან საკმაოდ ღრმა და ღია ჩალისფერი ღარები ახლავს მოყავისფრო ელფერით. წიპწა მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. ქალაძა შუა წელის ოდნავ ზემოთ არის მოთავსებული. იგი მომრგვალოა და საკმაოდ გამოსახული. თითქმის ცილინდრული ფორმის ნისკარტი წიპწის ფერისაა, რომლის სიგრძე 1,6_1,9 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

ფენოლოგიური დაკვირვებანი თეთრი შასლას ბიოლოგიური განვითრების ფაზებზე წარმოებდა დიღმის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის საწარმოო ნაკვეთზე. ქვემოთ მოყვანილია თელავისა და საქარის საცდელ სადგურებზე ამ ჯიშის ირგვლივ წარმოებულ დაკვირვებათა 5 წლის საშუალო მონაცემები (იხ. ცხრ. 1).

როგორც 1_ლ ცხრილიდან ჩანს, შასლა ყვავილობას უფრო ადრე იწყებს საქარის ზონაში (ზესტაფონი რ_ნი), სადაც ყურძენიც შედარებით ნაადრევად მწიფდება (30.VIII). ამავე ზონაში დრო კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 136 დღეს შეადგენს. დიღმისა და თელავის ზონაში ამ ჯიშის ბიოფაზების მსვლელობაში მცირე სხვაობაა და ყურძენიც თითქმის ერთდროულად მწიფდება (8_9.IX).

ვაზის ზრდა და რქის მომწიფება

ღრმა ღონიერ ნიადაგებზე და აგროტექნიკის მაღალ ფონზე თეთრი შასლა საკმაოდ ძლიერი ზრდით ხასიათდება. ასე მაგ., დიღმის ზონაში ცალკეული რქის სიგრძე სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის 1,5 მ აღემატება. მისი ზრდა_განვითარება მეტად მცირდება მშრალსა და ღარიბ ნიადაგებზე. ყურძნის სრული მწიფობის პერიოდისათვის რქები მასობრივად ასწრებს მომწიფებას და ჯიშის დამახასიათებელ ელფერს იღებს.მოსავლიანობა.

თბილისის საგარეუბნო ზონაში თეთრი შასლა მოსავლის პირველ ნიშანს დარგვიდან მეორე წელს, მნიშვნელოვან მოსავალს მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე წლიდან იძლევა. კარგი მოვლის პირობებში და ღრმა, ღონიერ ნიადაგებზე ჯიში შემცვლელ ანუ დამატებითი კვირტებიდან ივითარებს ყლორტებს, რომლებიც მასობრივად მოსავლიანია. მოსავალს იძლევა აგრეთვე, მაგრამ არა მასობრივად ფარულ ანუ მიძინებულ კვირტებიდან განვითარებული ყლორტებიც, რომლებზეც მეტწილად თითო მტევანი ვითარდება.

დიღმის მევენახეობის ზონაში თეთრი შასლას საწარმოო ნაკვეთები ყოველწლიურად უხვ მოსავალს იძლევა. ქართული ორმხრივი შპალერული წესით ფორმირებისას, როდესაც კვირტების საერთო დატვირთვა ჰექტარზე 70 ათასამდე აღწევს, მოსავალი მერყეობს 90_130 ცენტნერამდე. ერთი ძირი ვაზის მოსავალი ხშირად 2,5_3 კგ აღწევს. ტიპიურ და დიდ მტევნებს, აგრეთვე მსხვილ და ლამაზ მარცვლებს ჯიში ივითარებს სარწყავ, ღრმა ღონიერ ნიადაგებზე და აგროტექნიკის მაღალ ფონზე. ამ შემთხვევაში მტევანი წონით ზოგჯერ 300 გ აღემატება. პირიქით, ვაზის სუსტად ზრდის შემთხვევაში, მას ახასიათებს უბარაქო, მეტად თხელი და წვრილმარცვლიანი მტევნები, რომლებიც სამეურნეო ღირებულებას მოკლებულია.

ქვემოთ მოყვანილია მოსავლიანობის ზოგიერთი მაჩვენებლები დიღმის, თელავისა და საქარის მევენახეობის ზონებიდან (იხ. ცხრ. 3).

დაახლოებით მოსავლიანობის ამგვარი მაჩვენებლებით ხასიათდება თეთრი შასლა საქართველოს რესპუბლიკის გარეშეც. ასე მაგალითად, ოდესის ინსტიტუტის მასალების მიხედვით მოსავლიანი ყლორტები 70,8% აღწევს, ხოლო მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,0_1,2 უდრის. მტევნის საშუალო წონა მერყეობს 100_180 გ_მდე, ხოლო მოსავალი ჰექტარზე 98_108 ცენტნერს შეადგენს. ყირიმის სამხრეთ რაიონებში მისი მოსავლიანობა ცვალებადობს ეკოლოგიური პირობების შესაბამისად  მიხედვით იგი იძლევა 96_123 ცენტნერამდე ყურძენს ჰექტარზე. .

ჯიშს ყვავილცვენა საკმაოდ ახასიათებს, განსაკუთრებით ყვავილობის ფაზაში არასასურველი ამინდების (ხშირი წვიმები, ტემპერატურის რყევადობა, ძლიერი ქარები) მოქმედების შედეგად. ამგვარ პირობებში მას 40_50%_ზე მეტი ყვავილი ცვივა, რაც იწვევს მტევნის გათხელებას. სამაგიეროდ შემდგომ თუ კარგი ამინდი დაუდგა დარჩენილი მარცვლები მსხვილდება და შედეგად მისი სამეურნეო ღირებულებაც მატულობს.

დაწვრილმარცვლიანობა შემჩნეულია ყვავილობის ფაზაში ტემპერატურის დაცემის შედეგად. ამ შემთხვევაში გვირგვინის ფურცლები რჩება ხოლმე ყვავილზე და ხმება, რაც იწვევს მტევანზე მარცვლების მასობრივ დაწვრილებას.ჯიშის გამძლეობა ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ. საქართველოს პირობებში თეთრი შასლა არ იჩენს დიდ მგრძნობიარობას ჭრაქისა და ნაცრის მიმართ და აგროწესებით გათვალისწინებულ ვადებში შეწამლის შედეგად როგორც მწვანე მასა, ისე მოსავალი სავსებით საღი რჩება.

ვაზს დიდ ზიანს აყენებს ფილოქსერა, რის გამოც აუცილებელია მისი დამყნობა სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე საძირეებზე. როგორც ზრდა_განვითარებით, ისე მოსავლიანობით, იგი საუკეთესო შედეგებს იძლევა ბერლანდიერიXრიპარია 5ბბ_ზე დამყნობილი, ამიტომ მისი შემდგომი გავრცელება საქართველოს ყველა რაიონში ძირითადად ამ საძირეზე დამყნობით უნდა წარმოებდეს. დიდ ზიანს აყენებს თეთრ შასლას აგრეთვე აბლაბუდის მკეთებელი ტკიპა.

დიღმის მევენახეობის ზონაში უკანასკნელ წლებში წარმოებული დაკვირვებით დადასტურებულია, რომ იგი მასობრივად ზიანდება აღნიშნული მავნებლით, რომლის მოქმედების შედეგად ხდება ფოთლების დეფორმაცია, სუსტდება ვაზი, კნინდება მისი ვეგეტატიური მასა და მოსავალიც მკვეთრად ეცემა. ეს იმ დროს, როდესაც იმავე ნაკვეთზე ან მის გვერდით გაშენებული სხვა ჯიშის ვაზები (განჯური, ალექსანდრიული მუსკატი, შავთითა და სხვ.) სრულიად არა, ან სულ უმნიშვნელოდ ზიანდება ამ მავნებლისაგან.ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი.

დაკვირვებით დასტურდება, რომ საქართველოში თეთრი შასლა უხვს და მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა ღრმა, ღონიერ და მზით უხვად განათებულ სამხრეთით დაქანებულ ფერდობებზე, ნიადაგისა და ჰაერის ნორმალური ტენიანობის პირობებში.

გვალვიან წელს ხირხატ და მცირე სისქის ნიადაგებზე მისი ზრდა ძალზე შენელებულია და მოსავალიც მცირე და უხარისხოა. არაკონდიციური მოსავალი მიიღება მისგან აგრეთვე დაჩრდილულ ადგილებში.

ზამთრის ყინვების მიმართ ჯიში არ იჩენს დიდ მგრძნობიარობას. დიღმის მევენახეობის ზონაში _ 14_16º ტემპერატურის დროს, თუ ვაზის ვეგეტატიური ნაწილები კარგადაა მომწიფებული, ყინვების მოქმედება მცირეა და მხოლოდ კვირტების ნაწილობრივი დაზიანება აღინიშნება, რაც 5_6% არ აღემატება. დაბალი ტემპერატურის მოქმედება მკვეთრად მჟღავნდება, როდესაც ვეგეტატიური ნაწილები არ არის მომწიფებული, განსაკუთრებით ტკიპას მოქმედების ან უწესო რწყვის გამო. ასეთ პირობებში ვაზის ერთწლიანი ნაწილები მასობრივად ზიანდება.

ჯიშის აგროტექნიკის ზოგიერთი თავისებურებანი

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, თეთრი შასლა საშუალო ზრდით ხასიათდება, ამიტომ დიდი კვების არის მიცემა მისთვის არ წამროადგენს საჭიროებას. საქართველოში, მექანიზაციის პირობებში საკმარისია მიეცეს მას 2X1,25 მ კვების არე, ხოლო ჩვეულებრივ დამუშავების პირობებში _ 1,5X1,5 ან 1,5X1,25 მ. კვების არის შესაბამისად ვაზის დატვირთვა_ფორმირებაც უნდა იქნეს განსაზღვრული. დაკვირვება ცხადყოფს, რომ დიდი დატვირთვის შემთხვევაში პირველ ხანებში მოსავალი მკვეთრად მატულობს, სამაგიეროდ შემდგომ წლებში მცირდება მისი როგორც საერთო, ისე სავეგეტაციო ძალა და ვაზი ნაადრევად გამოდის წყობიდან. როგორც დიღომსა და სამგორში, ისე მისი გავრცელების სხვა რაიონებშიც, თეთრი შასლა საუკეთესო მაჩვენებლებს იძლევა ორმხრივი შპალერული ან თავისუფალი წესით ფორმირებისას ვაზის 16_18 კვირტამდე დატვირთვით.

ამ შემთხვევაში ძლიერდება ვაზის სავეგეტაციო ძალა და მისგან რეგულარულად უხვი მოსავალი მიიღება. სანაყოფე რქაზე ჯიში მოსავლიან ყლორტებს ინვითარებს ბაზისიდან მის მთელ სიგრძეზე. ამიტომ იგი მოსავალს იძლევა როგორც გრძელი (7_12 კვირტი), ისე მოკლე (5 კვირტი) სხვლის შედეგად. მაგრამ პირველ შემთხვევაში ადგილი აქვს სავეგეტაციო ძალის შესუსტებას, რაც იწვევს ვაზის ნაადრევ დაბერებას. ამიტომ უმჯობესია კვირტების განაწილება 2_3 სანაყოფეზე და ამდენივე სამამულეზე, რაც უზრუნველყოფს მის ნორმალურ განვითარებას და ამავე დროს უხვი მოსავლის მიღებას. გარეგნულად ლამაზი აღნაგობის მტევნებისა და მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების მიზნით იგი აუცილებლად ფორმირებული უნდა იქნეს შპალერული წესით.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით თეთრი შასლა ხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან იგი ადრე მწიფდება, უხვმოსავლიანია, ლამაზი მტევნები აქვს, ხოლო მარცვლები საკმაოდ მაღალი გემური თვისებებით ხასიათდება.

აღნიშნულ თვისებებს ჯიში მკვეთრად ამჟღავნებს საქართველოს მევენახეობის ძირითად რაიონებში, რის გამოც სუფრის ყურძნის ჯიშთა შორის ჩვენში მას საპატიო ადგილი უჭირავს და ფართო გავრცელებას პოულობს განსაკუთრებით თბილისის საგარეუბნო ზონაში.

ქვემოთ მოგვყავს თეთრი შასლას ყურძნის მექანიკურ_ქიმიური ანალიზის შედეგები, დიღმის სასწავლო მეურნეობიდან, ხოლო შესადარებლად თელავისა და საქარის საცდელი სადგურების მონაცემები.

ზოგიერთ წლებში, როცა ყურძნის რეპროდუქციის პერიოდში მომეტებული სითბოა შაქრის მატებას აქვს ხოლმე ადგილი და იგი 19%_მდე აღწევს (დიღმის მეურნეობა), ხოლო მჟავიანობა მკვეთრად ეცემა (4,2_4,5‰), რაც პროდუქციას უხალისოს ხდის საჭმელად.

100 მარცვლის საშუალო წონა 205_220 გ უდრის. 100 წიპწის წონა მერყეობს 4,0_დან 4,8 გ_მდე.

ერთწიპწიანი მარცვლები 14%, ორწიპწიანი 40%, სამწიპწიანი 38% და ოთხწიპწიანი _ 8% შეადგენს.

დიღმის სასწავლო მეურნეობაში (თბილისის გარეუბანი) უკანასკნელი სამი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით მარცვლის ყუნწზე მიმაგრების ძალა მერყეობს 228_დან 285 გ_მდე, ხოლო გაჭყლეტისადმი წინააღმდეგობა 756_დან 810 გ_მდე. საქარის საცდელი სადგურის მასალების მიხედვით (ზესტაფონის რ_ნი) ამავე ზონიდან აღებული ნიმუშის მარცვლის მიმაგრების ძალა 258 გ. აღწევს, ხოლო გაჭყლეტისადმი წინააღმდეგობა _ 740 გ. რითაც იგი სავსებით აკმაყოფილებს ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშისადმი წაყენებულ მოთხოვნას.

ვაზზე დატოვებული ყურძენი საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს თავის სამეურნეო თვისებებს. ქ. თბილისი ზონაში ყურძენი სრულიად დაუზიანებლად ოქტომბრის ბოლომდე, ხოლო დაკრეფილი დეკემბრის ბოლომდე ინახება, მაგრამ შეჭკნობის გამო მისი წონა 20%_მდე მცირდება.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ თბილისის საგარეუბნო ზონაში, სადაც ამ ჯიშის ნარგაობა საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი, უმჯობესია რთველი სექტემბრის პირველ დეკადაში ჩატარდეს, რადგან ამ დროისათვის ყურძენი ნორმალურ შაქრიანობა_მჟავიანობასთან ერთად იძენს დამახასიათებელ ლამაზ შეფერვას, მიმზიდველობას, ხოლო პროდუქცია _ ჰარმონიულობას. უფრო ნაადრევად დაკრეფილი ყურძენი ამ თვისებებს მოკლებულია. დასავლეთ საქართველოს პირობებში კი ამ ჯიშისავთის რთველის საუკეთესო ვადად აგვისტოს დამლევი უნდა ჩაითვალოს.

საქართველოში თეთრი შასლას პროდუქცია მხოლოდ ყურძნად გამოიყენება და მომავალშიაც ამ მიმართულებით უნდა იქნეს იგი გამოყენებული. დახარისხების შედეგად მიღებულ არაკონდიციურ ყურძნიდან ღვინომასალა მიიღება, რომელიც რთველის დროულად ჩატარების შემთხვევაში წარმატებით გამოიყენა კონიაკის სპირტის მისაღებად ანდა საკუპაჟე მასალად მასობრივი მოხმარების ღვინოების დასამზადებლად. ნაადრევად დაკრეფილი არაკონდიციური ანარჩენი მასალა სრულიად დაბალხარისხოვან პროდუქციას იძლევა.

როგორც სპეციალური ლიტერატურული წყაროებიდან ირკვევა, თითქმის ამგვარივე თვისებების მატარებელია თეთრი შასლას პროდუქცია საბჭოთა კავშირის მევენახეობის სხვა რაიონებშიაც (უკრაინა, მოლდავეთი, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარე და სხვ.), სადაც სუფრის ყურძნის დახარისხების შედეგად დარჩენილი არაკონდიციური მასალა გამოყენ ებულია ღვინის კუპაჟის, კონიაკის სპირტისა ან ყურძნის წვენის დასამზადებლად.

საბოლოო შეფასება და დარაიონება

თეთრი შასლა თავის გავრცელების ძირითად რაიონებში (თბილისის საგარეუბნო ზონა), სადაც იგი საწარმოო ნაკვეთებით არის წარმოდგენილი, აგრეთვე თელავის (თელავის რ_ნი), მუხრანის (მცხეთის რ_ნი), ხიდისთავის (გორის რ_ნი), საქარის (ზესტაფონის რ_ნი), ქედის (აჭარის რ_ნი) და გუდაუთის (აფხაზეთის ასსრ) კოლექციებში ნორმალური ზრდა_განვითარებით, უხვი მოსავლიანობითა და პროდუქციის საკმაოდ მაღალი ღირსებით ხასიათდება.

თეთრი შასლა პერსპექტიულია აგრეთვე საქართველოს მთიან რაიონებში გასავრცელებლად, სადაც ვაზის აბორიგენული ჯიშები ვერ ასწრებს მომწიფებას, ასეთებია _ თბილისის მთიანი ზონა (წყნეთი, ოქროყანა, შინდისის, კოჯორი და სხვ.), თეთრი წყაროს და დმანისის რაიონები; მესხეთში _ ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონები; სვანეთში _ ლენტეხისა და მესტიის რაიონები; ჩოხატაურის რაიონის მთიანი ზონა (სურების, ხევისწელის), ხულოს რაიონი (აჭარაში) და სხვ.

დამსვენებელთა სუფრის ყურძნის უზრუნველყოფის მიზნით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თეთრი შასლას გავრცელებას საქართველოს საკურორტო ზონებში, განსაკუთრებით აფხაზეთისა და აჭარის რაიონებში, სადაც საწარმოო მასივების სახით ამ ჯიშის გაშენების სრული შესაძლებლობა არსებობს.

ფილოქსერისადმი როგორც მეტად მგრძნობიარე ჯიში, მისი გავრცელება საქართველოს ყველა რაიონში უნდა წარმოებდეს მხოლოდ ნამყენების სახით. საძირედ ფართოდ უნდა იქნეს რეკომენდებული ბერლანდიერიXრიპარია 5ბბ. ფორმირება უნდა ხდებოდეს ორმხრიანი შპალერული წესით, ვაზის 16_18 კვირტით დატვირთვით. თეთრი შასლას განსაკუთრებულ ზიანს აყენებს აბლაბუდიანი ტკიპა, რის გამოც გადამჭრელი ზონები უნდა იქნეს მიღებული ამ მავნებლის საწინააღმდეგოდ (როგორც საზამთრო, ისე საზაფხულო) აგროწესებით გათვალისწინებულ ვადებში.

enoteca.ge

თქვენი რეკლამა