მაჭყვატური – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

საღვინე, ვაზის, ჯიში

მაჭყვატური წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

სინ. მაჭყვადური, მაჭყვადინა.

წარმოშობა: სამეგრელო.

გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ჰარმონიული, სასიამოვნო გემოსი და ალკოჰოლის ნორმალური შემცველობისაა.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ფორმისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია.

მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი შეფერილობის. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო სასიამოვნო-ტკბილი, წვენი შეუფერავი.

მაჭყვატური საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 170 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის.

მტევნის წონა საშუალოდ 150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-21%-ს, ხოლი მჟავიანობა –  8-9 გ/ლ-ს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

კრედო ბანკი