ტაბიძისეული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, ჯიში გამოყვანილია მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დიმიტრი ტაბიძის მიერ.
გავრცელებულია შერეული სახით ყვარლის მუნიციპალიტეტის ვენახებში. სელექციურად სუფთა ნარგაობის სახით დაცულია ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე.
გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ხასიათდება მინდვრის ყვავილების არომატებით.
ტაბიძისეული საშუალო ზრდისაა. ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალოზე ხშირი შებუსვით.
მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. სრულ სიმწიფეში მოყვითალო – ქარვისფერია. კანი საშუალო სისქისაა, რბილობი საშუალო სიმკვრივის, სასიამოვნო გემოთი.
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 155 – 161 დღეს. სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. მტევნის წონა მერყეობს 200 – 370 გრამამდე. ყურძნის წვენის შაქრიანობა აღწევს 22 – 23.5%-ს, მჟავიანობა 6.9 – 7.7გ/ლ.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA