ხეხილოვანი კულტურების გაზაფხულის საგვიანო წაყინვები

გაზაფხული, წაყინვები

ხეხილოვანი კულტურების გაზაფხულის საგვიანო წაყინვები, პრევენციისა და დაზიანების შემდგომი ღონისძიებები.

სამწუხაროდ, საქართველოში არცთუ იშვიათად ხდება ხოლმე, რომ გაზაფხულის ხანმოკლე დათბობას (რაც ვეგეტაციის ინტენსიურ დაწყებას იწვევს), მოჰყვება წაყინვები.

საგაზაფხულო საგვიანო წაყინვები ხილის მიმდინარე მოსავალს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, გარდა ამისა, წაყინვების ინტენსივობა და სიხშირე განმსაზღვრელი მალიმიტირებელი ფაქტორია ზოგიერთი ხეხილოვანი კულტურის (გარგარი, ნუში, ბროწეული და სხვ.)

ფართო სამეურნეო გავრცელებისათვის კონკრეტულ რეგიონებში. გაზაფხულის საგვიანო წაყინვები ზოგჯერ აპრილის მიწურულსა და მაისის დამდეგსაც კი ხდება, როდესაც ხეხილოვანი კულტურის უმეტესობა ან ყვავილობის, ან ნასკვის, ან პირველი ყლორტების ზრდის ფაზაშია.

ასეთ დროს წაყინვამ, შესაძლოა, ხილის მოსავლის 80-100% განადგურებაც კი გამოიწვიოს, გამომდინარე აქედან, ფერმერებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ამ ფაქტორს.

წაყინვის პროგნოზირება

წაყინვის პროგნოზირება ხდება ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ან აგრომეტეოსადგურების გაფრთხილების სისტემის გამოყენებით.

საქართველოში ხელმისაწვდომია გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოსამსახურის სპეციალური ვებგვერდი სასოფლო – სამეურნეო წაყინვების გაფრთხილების სისტემა –http://212.175.180.197/GeorgiaFrost/, სადაც შესაძლებელია აღნიშნულ საკითხზე სავარაუდო პროგნოზის მიღება.

გარდა ამისა, თუ აღნიშნული სერვისების მიღება რაიმე მიზეზით შეუძლებელია, ფერმერებმა შესაძლებელია ისარგებლონ შემდეგი არაპირდაპირი ინდიკატორებით: თუ საღამოს 9 საათისთვის ჰაერის ტემპერატურა იკლებს +40C-მდე, შემდეგ დილას წაყინვის რისკის ალბათობა ძალიან მაღალია.

მოსალოდნელი წაყინვის მაჩვენებელია ასევე ცივი, ქარიანი დღის შემდეგ, საღამოს ქარის ჩადგომა და ცის მოწმენდა. ზოგადად, წაყინვა იწყება ღამის 4 საათზე და გრძელდება დილის 9-10 საათამდე.

ხეხილოვან კულტურებს საგაზაფხულო განვითარების სხვადასხვა ფაზაში მნიშვნელოვნად აზიანებს უკვე -2-30C ყინვა, ქვემოთ მოცემულია საორიენტაციო ინფორმაცია წაყინვით გამოწვეული დაზიანებების ალბათობის შესახებ ზოგიერთ ხეხილოვან კულტურაში.

ზოგიერთ ხეხილოვან კულტურაზე, წაყინვით გამოწვეული დაზიანების საორიენტაციო ცხრილი (1 საათზე მეტი პერიოდის წაყინვა).

წაყინვა, გაზაფხული

წაყინვისგან თავის დაცვა

აღნიშნული მიზნით გამოიყენება აქტიური დაცვის საშუალებების ფართო სპექტრი ეფექტიანობის სხვადასხვა ხარისხით.

• კვამლის საფარის შექმნა

ნიადაგიდან სითბოს არეკვლის შეჩერების მიზნით ქმნიან კვამლის საფარს, რისთვისაც მცირე ბაღებში წვავენ სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებას – ნამჯას, თივას, ნახერხს, თივიან ნაკელს.

ამისთვის დაახლოებით 1-1.2 მეტრი დიამეტრის 0.5-0,8 მეტრის დასაბოლებელ ზვინებს წინასწარ ამზადებენ. ჰექტარზე აუცილებელია ასეთი 100-150 დასაბოლებელი წერტილის შექმნა.

დასაბოლებელი ზვინის ქვემოთ დებენ ადვილად აალებად მასალებს – ბურბუშელას, ქაღალდს. ზვინს ზემოდან ფარავენ მიწის თხელი ფენით, რათა ზვინი სწრაფად არ დაიწვას. ასეთი ტიპის დაბოლება საკმაოდ შრომატევადია და ზოგჯერ ნაკლებად ეფექტიანიც.

სამრეწველო ბაღებში იყენებენ სპეციალურ დამცავ დასაბოლებლებს, რომლებიც ქმნიან კვამლის ფარდას. დაახლოებით 10-20 დასაბოლებელი საკმარისია 1 ჰა ბაღის დასაცავად.

კვამლის საფარის შექმნა უნდა დაიწყოს ერთიორი საათით ადრე, მოსალოდნელ წაყინვამდე, და გაგრძელდეს მზის ამოსვლის შემდეგაც 1-1.5 საათის განმავლობაში, რადგან ხეების პირდაპირმა განათებამ შეიძლება გამოიწვიოს მცენარის ქსოვილების სწრაფი გალღობა, რაც ასევე დამღუპველია მოსავლისათვის.

• მორწყვა

ბაღის მორწყვამ მიშვებით ან კვლებში, შესაძლოა, შეამციროს წაყინვით გამოწვეული ზიანი, მორწყვა საჭიროა წაყინვის დადგომამდე და დამთავრდეს 4-6 საათით ადრე, რათა წყალი მთლიანად ჩაიჟონოს მიწაში. არასასურველია წყლის მთლიანი გაყინვა ბაღის ნიადაგის ზედაპირზე.

• წყლის შესხურება

ამჟამად პრაქტიკაში ფართოდ მიღებულია წაყინვის წინ წყლის შესხურება ხის ზემოთ განლაგებული სპრინკლერებით ან სხვა სახის შემასხურებლებით. მაღალი თბოშემცველობის გამო წყალი აჩერებს ტემპერატურის დაცემას 1-1.50C-ით.

ყვავილებსა და ნასკვებზე წარმოქმნილი ყინულის თხელი ფენის შიგნით ტემპერატურა არ ეცემა –2-30C -ის ქვემოთ, რაც კარგად იცავს მოსავალს დაზიანებისგან.

ევროპის სამრეწველო ბაღებში, იქ, სადაც წაყინვის საშიშროება ხშირია, ბაღში ამონტაჟებენ სპეციალურ წყლის მილს სპრინკლერ –შემასხურებლებისთვის. დაწვიმება იწყება +2-30C -ზე და წყდება, როცა ტემპერატურა ისევ დადებით ნიშნულს მიაღწევს.

• ლოკალური თბოღუმელების გამოყენება

მცირე ფართობებზე ამ მიზნით შეაქვთ სპეციალური თბოღუმელები, სადაც საწვავად გამოიყენება ნახშირი, ბუნებრივი აირი, ხის საწვავი ბრიკეტები და სხვ.

1 ჰა-ზე ამონტაჟებენ 80-100 ასეთ ღუმელს. გათბობა იწყება +0.50C ტემპერატურაზე. ეს მეთოდი საკმაოდ რთულია და მას მიმართავენ მხოლოდ ზუსტი აგრომეტეოროლოგიური პროგნოზის საფუძველზე და მცირე ფართობებზე 0,2-1.0 ჰა ბაღებში.

• ბაღის გამათბობელი ღუმელი

წარმოადგენს სტაციონარულ გადასაადგილებელ ბაღის ღუმელს, რომლის მბრუნავ მილში თბილ ჰაერს წარმოქმნის შეკუმშული ბუნებრივი აირის წვა. FrostGuard -ის ტიპის 1 აგრეგატი, საშუალოდ, იცავს 0,5-1,0 ჰა ხეხილის ბაღს წაყინვისგან.

• ტრაქტორზე აგრეგატირებული გამათბობელი

უკანასკნელ პერიოდში არის რამდენიმე მცდელობა, შეიქმნას ტრაქტორზე აგრეგატირებული გამათბობელი (Frostbuster). წაყინვის პერიოდში ტრაქტორი მოძრაობს ბაღში გაუჩერებლად, 4-5 საათის განმავლობაში. 4-5 რიგის გამოტოვებით. გამოიყენება 3-8 ჰა ბაღის დასაცავად.

• ქარის მანქანები

თანამედროვე ინტენსიური ტიპის ბაღებში მიღებულია სპეციალური ქარის მანქანების დამონტაჟება, რომელთა სიმაღლე 10-12 მეტრია, ქარის მანქანები უზრუნველყოფენ 200 მეტრის რადიუსზე ტემპერატურის 2-2.50C -ით აწევას. სიმაღლისა და სიმძლავრის მიხედვით 1 აგრეგატი, საშუალოდ, იცავს 5-12 ჰა ფართობს. ამ მეთოდის უარყოფითი მხარეა სიძვირე და დაფარვის ზონის არათანაბრობა.

• სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით გადაფარებულ ბაღებში წაყინვისას ტემპერატურა 0,5-1,3ºჩ-ით მეტია, ვიდრე თავისუფალ სივრცეში, ამიტომ აღნიშნული მეთოდი -3-40C ტემპერატურაზე კარგად იცავს მოსავალს დაზიანებისგან, თუმცა უფრო დაბალი ტემპერატურებისას აღნიშნული დაცვა საკმარისი არ არის.

• აქტიური დაცვის სხვა მეთოდები

ყოველწლიურად მსოფლიოს აგრობაზარზე გამოდის წაყინვისგან დაცვის ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების ფართო სპექტრი (ბიოდეგრადირებადი ქაფები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ამინომჟავები, ანტიფრიზები და სხვ.), თუმცა სამეცნიერო კვლევებით მათი ეფექტიანობა ბოლომდე დადგენილი არ არის.

წაყინვით გამოწვეული დაზიანების შეფასება

წაყინვით გამოწვეული დაზიანების შეფასება თესლოვან კულტურებზე (ვაშლი, მსხალი, კომში) ხდება ყვავილის ბუტკოს, ნასკვის ან ახალგაზრდა ნაყოფის განივი განაჭრის დათვალიერებით. თუ განაჭერი გაყავისფრებული ან ფერშეცვლილია, ნაყოფი დაზიანებულია, თუ დაზიანება უმნიშვნელოა, თესლოვან კულტურებში შესაძლებელია ნაყოფის შენარჩუნება. თუმცა დათვალიერების დროს ვიზუალურად მწვანე ნასკვებიც განვითარების შემდეგ ფაზაში, შესაძლოა, დაცვივდეს.

გასათვალისწინებელია, რომ წაყინვის რეალური ზარალის შეფასება უმჯობესია წაყინვიდან არაუადრეს 2-3 დღის შემდეგ. საბოლოო ზარალის შეფასება შესაძლებელი იქნება წაყინვიდან მხოლოდ 10-12 დღის შემდეგ.

წაყინვით დაზიანების შეფასება ზოგიერთ კურკოვან კულტურაზე (ბალი, ალუბალი, ქლიავი, ტყემალი) ხდება ყვავილებზე, ნასკვებზე და ნაყოფების ვიზუალური დაკვირვებით – აღნიშნული ნაწილები გამოკვეთილად გამუქებული და გაშავებულია.

ატმისა და ნუშის დაზიანების შეფასება ხდება ყვავილის ბუტკოს, ნასკვის ან ნაყოფის განივი გადანაჭრის დათვალიერებით. თუ აღნიშნული ადგილები გაყვითლებული ან გამუქებულია, ნაყოფი დაზიანებულია.

გასათვალისწინებელია, რომ წაყინვის ინტენსივობა იცვლება ნიადაგიდან დაშორების მიხედვით, ნიადაგთან ახლოს 1,5-2,0 მეტრამდე ტემპერატურა შესაძლებელია 0,8-1,3 გრადუსით ნაკლები იყოს, ამის გამო წაყინვის შეფასებისას აუცილებელია ხეზე ვერტიკალური ზონების გამოყოფა და დაზიანების შეფასება აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით.

დაზიანების შემდგომ გასატარებელი ღონისძიებები

• სხვლა-ფორმირება

დაზიანებული და გაყინული ნაწილების წაყინვის შემდეგ მაშინვე მოცილება უფრო კოსმეტიკური ღონისძიებაა, ვიდრე აგრონომიული.

თესლოვანი და კურკოვანი ხილი განსაკუთრებულ გასხვლას არც მოითხოვს. კაკლოვან და სხვა სუბტროპიკულ კულტურებზე გაყინული ნაწილების მოცილება-გასხვლა უნდა მოხდეს განმეორებითი წაყინვის ალბათობის რისკის შემცირების შემდეგ და ახალი ყლორტების გამოჩენისთანავე, საორიენტაციოდ წაყინვიდან 10-14 დღის შემდეგ. ამ დროს, ძირითადად, ხდება დაზიანებული ყლორტების დამოკლება მწვანე, ჯანსაღ, დაუზიანებელ ნაწილებამდე.

• განოყიერება

სიცივით დაზიანების შემთხვევაში, ძირითადად, ვითარდება ზოგიერთი მაკრო და მიკროელემენტების (კალციუმი, თუთია, მანგანუმი, რკინა, მაგნიუმი და სხვ.) ნაკლებობა.

თუმცა უმჯობესია, დაველოდოთ ახალი ყლორტების ბუნებრივ ზრდას. შესაბამისად, ახალი ნაზარდის (2-3 სმ ზრდა) გამოჩენის შემდეგ, საორიენტაციოდ წაყინვიდან 3- 5 დღის შემდეგ, მიკროელემენტების, ამინომჟავების, ორგანული და მინერალური საკვები ელემენტების გამოყენება შესაბამისი დოზირების (ეტიკეტზე მითითებული დოზების თანახმად) მიხედვით, როგორც ფესვგარეშე, ასევე ნიადაგში შეტანის გზით, სასარგებლო იქნება.

გასათვალისწინებელია, რომ აზოტით გამოკვება შედარებით შემცირებული უნდა იყოს. ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (გიბერელინის მჟავა, ბენზილამინოპურინი და სხვ.) შემცველი პრეპარატების (პრომალინი, პროგიბი, ბუტონი და ა.შ.) წაყინვის შემდეგ 4-10 საათის განმავლობაში გამოყენებამ, ასევე, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეასუსტოს წაყინვის უარყოფითი გავლენა თესლოვან კულტურებზე (ვაშლი, მსხალი).

• მორწყვა

წაყინვის შემდეგ მორწყვა უნდა ჩატარდეს საჭიროების მიხედვით, სტანდარტული მორწყვის დოზის შემცირებული დოზით. წვეთოვანი ირიგაციის გამოყენების შემთხვევაში 20-30 მ³/ჰა, ნაცვლად 40-60 მ³/ჰა-ზე. თუმცა შემდეგი მორწყვები ჩვეულებრივი სქემით უნდა განხორციელდეს.

• წამლობა ფუნგიციდებითა და ინსექტიციდებით

მეცნიერულად ან პრაქტიკული ცდებით არ არის დადასტურებული რაიმე ტიპის ეფექტი რომელიმე ტიპის ფუნგიციდის გამოყენების შემთხვევაში წაყინვის შემდეგ.

წამლობა უნდა ჩატარდეს შესაბამისი სქემითა და პერიოდით, რაც დადგენილია წაყინვის მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ წაყინვის შემდეგ იზრდება ახალგაზრდა ყლორტების დაავადებებითა და მწუწნი მავნებლებით (ბუგრები და სხვ.) დაზიანების ალბათობა. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მათ კონტროლს.

ავტორი: ზვიად ბობოქაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი; ჟურნალი „აგრობაზისი“.

თქვენი რეკლამა