ახმეტური შავი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, მისი სინონიმები: ახმეტურა და ახმეტის წითელი.
წარმოშობა: კახეთი
მიიღება ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო. გამოიყენება აგრეთვე საკუპაჟე მასალად.
ახმეტური შავი საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარების და საშუალო მოსავლიანი ვაზის ჯიშია; ახალშენი ნარგაობის სახით , მცირე ფართობზე გაშენებულია ახმეტის მუნიციპალიტეტში.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომისაა, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელ აბლაბუდისებურად.
მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური, საშუალო სიმკვრივის. გვხვდება აგრეთვე თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისა და ოდნავ ოვალური ფორმის, მოლურჯო-შავი ფერის. კანი მკვრივი აქვს, რბილობი რბილი და წვნიანი.
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 165 დღეა. მტევნის წონა 165-200 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19% – ს, მჟავიანობა 7-8 გ/ლ – ს.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე: ვაზის ზოგიერთი მცირედ გავრცელებული კახური ჯიში