მესხური შავი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია სუფრის მშრალი ღვინის დასამზადებლად.
წარმოშობა: მესხეთი.
გამოსადეგია სუფრის მშრალი და არომატული ღვინის დასამზადებლად.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს მთავარი ძარღვები სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, აგებულებით საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, მუქი წითელი. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი საშუალოდ წვნიანია, მომჟავო-მოტკბო გემოთი, წვენი შეუფერავია.
მესხური შავი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 161-164 დღეა. სრულ სიმწიფეში 15-20 ოქტომბერს შედის. მტევნის საშუალო წონა 80 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 13.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20%-ს, ხოლო მჟავიანობა – 12.5 გ/ლ-ს.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.