
ფერუანი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, რომლისგანაც სუფრის წითელი, მშრალი ღვინო მიიღება.
წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი.
მიიღება ხალისიანი, კარგი ხარისხის სუფრის წითელი მშრალი ღვინო.
ფერუანი სუსტი ზრდისა და მცირე მოსავლიანია. ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან თითქმის ოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია. მხოლოდ აქა-იქ ემჩნევა თხელი შებუსვა.
მტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სიმწიფეში მუქი წითელია ან შავი. კანი თხელი და მკვრივი აქვს. რბილობი წვნიანია, წვენი – შეუფერავი, გემო სასიამოვნო.
სავეგეტაციო პერიოდი 153 დღეა. მტევნის საშუალო წონა 65 – 100გრამია. სრულ სიმწიფეში ყურძნის წვენის შაქრიანობა აღწევს 20 – 24%-ს, მჟავიანობა 5 – 8 გ/ლ-ს.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA