კოლოში – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

კოლოში, ვაზის, ჯიში, ხულო

კოლოში წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, გავრცელებულია ხულოს რაიონში.

წარმოშობა – სამეგრელო/გურია

ვაზს სახელწოდება მიღებული აქვს ადგილისგან, რომელსაც „კოლოშონა“ ერქვა (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი). „კოლო“ მეგრულად მწარეს ნიშნავს.

კოლოშის გავრცელების არეალია ხულოს რაიონი.

მიიღება ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო, რომელიც თაფლის ფიჭის გემოთი ღვინდება. ასევე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისა და თითქმის ოვალური ფორმისაა, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა სქლად დაფარული. ყვავილი ორსქესიანია.

მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, საშუალო ან ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო და სიმეტრიული, მუქი ლურჯი შეფერილობის, თითქმის შავი, სქელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი უფრო ხორციანია, ვიდრე წვნიანი, ტკბილი გემოთი.

კოლოში ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 170 – 200 დღეა, მტევნის საშუალო წონა – 195 გრამი, ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.5 – 18 %, ხოლო მჟავიანობა – 9 – 9,5 გ/ლ-ს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

თქვენი რეკლამა