შავი ასპინძურა – ჯიში აღწერილია შ. წიქვაძის მიერ 1958 წელს, ხოლო სახელწოდება პროფესორმა მ. რამიშვილმა შეარქვა.
შავი ასპინძურა მესხური წარმოშობის წითელყურძნიანი ჯიშია. გაშენებული იყო ასპინძის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჭალებსა და ძველთაძველ ტერასებზე, მაღლარის სახით.
ვაზის ხნოვანება, აღწერის პერიოდში, 100-150 წლების ფარგლებში მერყეობდა. ზოგიერთი ძირის რადიუსი 70-80 სმ-მდე იყო. ფოთოლი მომცრო ზომისაა, გულისებრი ფორმის, დაუნაკვთავი ან სუსტად დანაკვთული, მუქი-მწვანე ფერის, ქვედა მხარეს სუსტად შებუსული.
მტევანი საშუალო ზომისაა (სიგრძე 16სმ, სიგანე 8-9სმ), კონუსური ფორმის, საშუალოდ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, შავი ფერის, თხელკანიანი, წვნიანი, დაფარული ხშირი ცვილოვანი ფიფქით. ყვავილი ორსქესიანია.
ვაზი ძლიერი ზრდისაა, რქა კარგად მწიფდება. უხვმოსავლიანია (14-17 ტ/ჰა). ჯიში სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის, აგროვებს 19,5%-მდე შაქარს, 9,0-8,0 გ/დმ3 მჟავიანობით. შედარებით საგვიანო პერიოდის საღვინე ჯიშებს მიეკუთვნება, სავეგეტაციო პერიოდი 160-170 დღემდე აღწევს.
ვაზი დიდ გამძლეობას იჩენს ყინვებისა და გვალვების მიმართ და სოკოვანი დაავადებებითაც ნაკლებად ზიანდება.
ფოტო: ასოციაცია „ქართული ღვინო“ (GWA)
შავი ასპინძურა კარგი გემური მაჩვენებლების მქონე სუფრის ღვინოებს იძლეოდა.
თ. კობაიძე, ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი.